„არაპოლიტიკურ აქციაზე ხალხი მივა, მაგრამ პოლიტიკურ აქციაზე, სადაც ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვენ, რიგგარეშე არჩევნებს და ა.შ. ხალხი არ მივა“

„არაპოლიტიკურ აქციაზე ხალხი მივა, მაგრამ პოლიტიკურ აქციაზე, სადაც ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვენ, რიგგარეშე არჩევნებს და ა.შ. ხალხი არ მივა“

სამოქალაქო აქციად და პროტესტად შეფუთული პოლიტიკური მიზნები, რომლის განხორციელებასაც ოპოზიცია და კერძოდ „ნაციონალური მოძრაობა“ 24 ივნისს აპირებს - როგორც აღმოჩნდა, მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ 20 ივნისს ჩატარებული აქცია, სადაც არც თუ ცოტა ადამიანი მივიდა, გარკვეული ტესტი იყო იმისთვის, რომ 24 ივისს, როცა ევროკავშირი ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს, აქცია პოლიტიკურ სახეს მიიღებს.

გაჩნდება პოლიტიკური მოთხოვნები და ვითომ ეროვნული სახალხო მოძრაობის სახელით პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. ამით კი, სავარაუდოდ, დასავლეთს აჩვენებენ, რომ ქვეყანაში პროცესების სათავეში ხალხია და არა პოლიტიკოსები, რაც მათი მხრიდან „ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერების მიზეზი გახდება. ისინი ხელისუფლებას მოსთხოვენ, რომ ქვეყნის მართვის სადავეები დათმონ. თუმცა ანალიტიკოსები for.ge-სთან ვარაუდობენ, რომ როგორც კი აქციის ირგვლივ პოლიტიკური მდგენელი გაჩნდება, ხალხი მისგან დისტანცირებას დაიწყებს. ამიტომ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, თუკი კვლავ ამ გზას დაადგება. ასევე მათთვის უცნობია, რას უპირებენ „ოცნების“ ამომრჩეველს.

„სირცხვილია“ კი 24 ივნისს მორიგ აქციას აანონსებს და ახალ სახალხო მოძრაობას აფუძნებს - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე „შინ ევროპისკენ“ მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა. მან აქციის მონაწილეების წინაშე „ქართველი ხალხის მანიფესტის“ ტექსტი წაიკითხა

„2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა!

ამიტომ 24 ივნისს თქვენ წინაშე წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი.

ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე.

ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება“, - წერია მანიფესტში.

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კი რუსთაველზე მისულებს წერილით, პატიმარმა ექს-პრეზიდენტმა მიმართა. მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებსა და საკუთარი პარტიის წევრებს საპროტესტო აქციების გაგრძელებას, ტექნიკური მთავრობის შექმნასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დიდი ალბათობით, 24 ივნისს ეს აქცია პოლიტიკურ სახეს მიიღებს, რადგანაც შარლ მიშელის განცხადებით უკვე გადაწყვეტილია, რომ მოლდოვას და უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსს აძლევენ, ხოლო საქრთველოს ჯერჯერობით ისევ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამიტომაც თუკი რაღაცა პატარა იმედი მაინც არსებობდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, ესეც გაქრა. შესაბამისად, ოპოზიციას ხელთ კარგი კოზრი ეძლევა, რათა 20 ივნისს სამოქალაქო აქცია პოლიტიკურში გადაზარდონ.

„რთული გამოსაცნობი არაა, რომ 24 ივნისს აქციას ოპოზიცია უხელმძღვანელებს და იქ პოლიტკური მოთხოვნებიც გაჟღერდება. ვნახეთ უკვე სააკაშვილის მოთხოვენები ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ, ასევე ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების და პერმანენტული აქციების გამართვა. თუმცა აქ მეორე კითხვა ჩნდება - რას უშვრებიან „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს? ყოველ შემთხვევაში, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ უნდათ „ოცნება“ საერთოდ პოლიტიკური ველიდან გაიყვანონ. იმედოვნებენ, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაადებენ, მისი ნეიტრალიზება მოხდება, ეს ავტომატურად „ოცნების“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დაშლას გამოიწვევს, როგორც ეს მაგალითად „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხვევაში მოხდა. უბრალოდ, მათ განცახდებებში მკაფიო გეგმა ვერ ამოვიკითხე დეოლიგარქიზაციას როგორ აპირებენ, რანაირად უნდა მოხდეს ეს, რადგან ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის? სამართლებრივად დამტკიცება უნდა მოხდეს, ივანიშვილი თავის რესურსებს სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვაზე როგორ იყენებს ზეგავლენის მიზნით. დეოლიგარქიის პროცესი როგორ წარმოუდგენიათ ვერ გავიგე“, - ამბობს ანჯაფარიძე.

თუმცა მსგავსი აქციების დროს, როგორც კი ასპარეზზე ოპოზიცია და კერძოდ „ნაციოანლური მოძრაობა“ ჩნდება, მოსახლეობა მაშინვე მისგან დისტანცირებას იწყებს. ხომ არ იყო 20 ივნისის აქცია ერთგვარი ფანდი, რომლის შედეგადაც აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკოსები კულისებს მიღმა დააყენეს და აქცია დატესტეს? ანჯაფარიძე ამბობს, რომ აქცია პოლიტიკურ მოთხოვნებს ვერ გაექცევა და დიდი ალბათობით, სწორედ ამის გამო ვითომ ახალი ეროვნული სახალხო მოძრაობას აფუძნებენ, რომლის უკანაც სწორედ ამოფარებას პოლიტიკოსები აპირებენ - ის სახეები, რომელთა დანახვაც საზოგადოებას ასე აშფოთებს და ნებისმიერი ხალხმრავალი აქცია იშლება.

„უკანა ფლანგზე რაც არ უნად მალონ „ნაციონალები“ თუ სხვა მარგინალიზებული პოლიტიკური ძალები, თუნდაც ის ეროვნული სახლახო მოძრაობა და აღმასრულებელი საბჭო, რომელშიც ნებისმიერი საზოგადოების სახე უნდა იყოს, ასე მგონია, რომ უნდათ ეს მოძრაობა როგორც პოლიტიკოსებით, ასევე არაპოლიტიკოსებით გააჯერონ, რომლებიც ფაქტობრივად პოლიტიზირებულები არიან. უმეტესობა მათგანს პარტიული აქტივისტებისგან ის ასხვავებთ, რომ პარტიის მანდატი ჯიბეში არ უდევთ. მათ უნდათ, რომ ამ ახალი სახალხო მოძრაობის სოუსით, რაღაცა პოლიტიკური წინააღმდეგობის მოძრაობა წამოიწყონ. პოლიტიკოსები წინა პლანზე არ ჩანდნენ, მაგრამ ჩართულები იყვნენ და პროცესებს მართავდნენ.

თუ ვინმე ეტყვით, რომ ეს პოლიტიკური აქციაა, არა ბატონო ეტყვიან, რომ იქ საზოგადობისთვის ცნობილი სახეები და ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ამით უნდათ ხალხი მიიტყუონ, რადგან სხვაგვარად მათი გამოჩენისთანავე აქცია განწირული იქნება. მათ ევროპაში და ამერიკაში ამ მოძრაობის ისე წარმოდგენა სურთ, თითქოს პროცესებს სათავეში არა პოლიტიკოსები, არამედ ხალხი უდგას. იქიდან კი ხელისუფლბაზე ზეწოლა გაძლიერდეს და „ოცნება“ ხელისუფლებას ჩამოაშორონ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მიმართვის ძირითადი შინაარსი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ხალხმა ხელისუფლებას უნდა ჩამოაშოროს. შესაბამისად ოპოზიცია ეცდება, რომ ეს ვითომ სახალხო ეროვნული მოძრაობა დასავლეთში კარგად გაყიდოს, როგორც ეს ხავერდოვანი რევოლუციების დროს სხვადასხვა ქვეყნებში ხდება. ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ იმ რესურსით, რაც მათ 20 ივნისს მიიყვანეს, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რაღაცა ცვლილებები მოახდინონ. თუმცა არც ისეთი კრიტიკული რაოდენობა იყო მისული იმისთვის, რომ ეს ცვლილება მოხდეს. ანჯაფარიძე ამბობს, რომ საუბარი სადღაც ორმოცდაათიათას ადამიანზეა, რომელიც ამომრჩევლის 1% თუ იქნება.

„აქციის მონაწილეებს ეყოთ გონიერება და მისი რადიკალიზება არ დაიწყეს. აქცია შედარებით მშვიდობიანად დაამთავრეს. არადა გვახსოვს პოლიტიკოსებისგან და ვითომ ნეიტრალური ანალიტიკოსებისგან რა სახის განცხადებებიც კეთდებოდა. ისინი მოუწოდებდნენ, რომ აქცია არ დასრულებულიყო და მას პერმანენტული სახე მიეღო. თუმცა მიხვდნენ, რომ თუკი აქციას რადიკალიზაციის მიმართულებით წაიყვანდნენ, მათ ხალხიც შემოეცლებოდათ. ამიტომაც 24 ივნისი საკრალური რიცხვია, რომ ხალხი ისევ მოიყვანონ. მეეჭვება, რომ ხალხი კვლავ გამოვიდეს, როცა, უნდათ თუ არა, წინა პლანზე პოლიტიკოსები გამოვლენ“,-ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ როდესაც სწორად გეგმავ აქციას და ხალხს გასაგებად ეუბნები რის გამო გამოვიდნენ ქუჩაში, ხალხი გამოდის. ხოლო როცა საქმეში უკვე პოლიტიკოსები ერთვებიან, ხალხი მისგან დისტანცირებას ახდენს. ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ 24 ივნისს დაანონსებული აქცია, სადაც, დიდი ალბათობით, საქმეში უკვე პოლიტიკური აქტორები ჩაერთვებიან, ოპოზიციისთვის ისევ კრახი იქნება. ამის მიზეზად კი ის იმ ფაქტორს ასახელებს, რომ ხალხი პერმანენტული აქციებისთვის და საპროტესტო მუხტისთვის მზად არ არის. თუმცა ხელისუფლების მიმართ 20 ივნისს გაგზავნილი სიგნალი, სადაც არც თუ ცოტა ხალხი მივიდა, საყურადღებოა.

„20 ივნისს აქციაზე მისულმა ხალხმა, როგორც ევროპას, ასევე ჩვენს ხელსიუფლებას მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა. ქართველ ხალხს ევროპა არა მხოლოდ გამოკითხვის დროს სურს, არამედ თუკი საჭირო გახდება, მისთვის ქუჩაშიც გამოვა. ეს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, საყურადღებო მესიჯია. შესაძლოა იქ ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ იყო და ის არ იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, მაგრამ იქ მისული ხალხი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ანუ მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ რაღაცა სწორად ვერ გააკეთა. ეს კი სახიფათოა, რადგანაც, თუკი მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს სურს, ისინი გარეთ გამოვლენ.

თუმცა, ოპოზიცია თუ ისევ შეცდომას არ დაუშვებს, რეალური შედეგი ამ აქციამ შესაძლოა იგივე ოპოზიციას მოუტანოს. იმის თქმა, რომ 24 ივნისს თუ სტატუსს არ მოგვცემენ პერმანენტულ აქციებს დავიწყებთო, არასწორია. ნუ ფატქია, რომ არ მოგვცემენ. ახლა სასწაულს არავინ უნდა ველოდოთ. თუ პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და ამას პოლიტიკური მდგენელი ექნება და ვფიქრობ ასეც იქნება, - სააკაშვილის განცხადება უკვე ვნახეთ, სადაც რიგგარეშე არჩევნებს და აქციებს ითხოვს, - ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აქციები რამდენიმე დღე იქნება, მაგრამ შემდეგ ისე დასრულდება, როგორც ეს ადრე დასრულებულა. ამიტომ, სწორად არ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე პერმანენტული აქციები ჩატარდეს. დღეს ამას ოპოზიცია ვერ შეძლებს, ამისთვის არც ოპოზიცია და არც ხალხი მზად არ არის. ასეთ ერთჯერად არაპოლიტიკურ აქციაზე ხალხი მივა, მაგრამ პოლიტიკურ აქციაზე, სადაც ხელისუფლების ცვლილებას მოითხოვენ, რიგგარეშე არჩევნებს და ა.შ. ხალხი არ მივა. ამის მიზეზი კი მარტივია, ხალხი ვერ იჯერებს, რომ ოპოზიცია „ოცნებაზე“ უკეთესი იქნება. ამის გამოცდილება უკვე აქვთ, ამიტომ ეს შიში ისევ არსებობს და ოპოზიციამ უნდა იფრთხილოს“, - აცახდებს ძაბირაძე.

amo " 24 ივნისს თქვენ წინაშე წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი." ?? დიღმელაშვილო, სხვა დროა ხალხის დაბოლება არ გამოვა. რომელი ხალხი? ახალი მოძრაობა განა არ არის საჭირო, მაგრამ მის შექმნას ბიძგი, აუცილებელი საჭიროება სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. მარტო ვიწრო ინტერესებით ეს ვერ მოხდება.
2 წლის უკან
დემეტრე - ჩემი შტაბეჭდილებით, უმეტესობამ, არ იცის რა უნდა!
2 წლის უკან