„სირცხვილია“ რევოლუციის რეპეტიციისთვის ემზადება

„სირცხვილია“ რევოლუციის რეპეტიციისთვის ემზადება

20 ივნისს, 20:00 საათზე პარლამენტთან, „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია იმართება, რომელიც მოძრაობის შეფასებით, ქვეყნის მიერ არჩეული გზის, ევროპული ორიენტაციის სურვილის ქონის დასტური იქნება. მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისის აქციაზე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და წარმომადგენლებს იწვევს. მათი განცხადებით, „სირცხვილია“ იმედს გამოთქვამს, რომ 20 ივნისს, პარლამენტთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივლენ.

აღნიშნულ მოწვევას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომელმაც თქვა, რომ ის მიესალმება, ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას.

„მინდა, გითხრათ, რომ მივესალმები ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. რაც შეეხება ჩემს ყოფნას აქციებზე, ეს არ არის ჩემი ჩვევა, ან ვიტყოდი ჩემი როლი, რომ მონაწილეობა მივიღო აქციებში. გამონაკლისი იყო გუშინ, რადგან პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩემი ფიზიკური ყოფნისა ასეთ ღონისძიებებზე, ყველანაირად მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ასეთ ფუნდამენტურ არჩევანს“, – განაცხადა ჰარცელმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია აანონსებს პოლარიზაციას და 20 ივნისი უნდა იყოს რეპეტიცია პოლარიზაციის. მისი თქმით, ისინი მზად არიან ევროკავშირის დოკუმენტის გარშემო დასხდნენ ნებისმიერთან და ნებისმიერი რეფორმა განიხილონ, ოღონდ ამის წინაპირობა არის პოლარიზაციის შემცირება. 

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ქვეყანა რიგ პრიორიტეტებს მოაგვარებს. ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუ ეს აქცია ისეთივე ფორმატის იქნება, როგორიც 16 ივნისს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ჩატარებული აქცია, ეს ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. თუმცა, მისი შეფასებით, თუკი ეს შეკრება პოლიტიკურ სახეს მიიღებს, ეს კარგს არაფერს მოიტანს. 

„წინასწარ რამის თქმა ძალიან ძნელია. თუ ეს აქციაც მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მეთაურებისთვის, რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, მაშინ ეს შეკრება ნორმალურია. თუ ამ აქციაზე ისევ უნდა დაიწყოს ის, რომ ხელისუფლებამ რაღაც არ გააკეთა, ანუ თუკი ისევ ხელისუფლების კრიტიკა იქნება და ამას მიებმება თხოვნა, მაშინ ეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია. ამიტომ, მნიშვნელოვანია რეალურად რა იქნება, ვინ გამოვა, ვინ წაიყვანს ამ აქციას. 

კიდევ ერთი ძირითადი - აქცია უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იმისკენ, რომ ჩვენს პარტნიორების სახელმწიფოთა მეთაურებს ეთხოვოს მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. ამ აქციაზე სხვა რამის გაჟღერებით, ეს იქნება პოლიტიკური შემადგენელი და არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებიც მიიღებენ ამაში მონაწილეობას, რომ იყვნენ დარწმუნებული, ამ აქციის ძირითადი ხაზი იქნება თხოვნა პარტნიორებისადმი, მაგრამ თუ ჩნდება რამე სხვა, იწყება ხელისუფლების კრიტიკა, მაშინ ისინი ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 

ჩვენ გვჭირდება ხალხის პოზიცია, მიუხედავად მათი კუთვნილებისა. ეს არის მნიშვნელოვანი და თუ ამას წარმოაჩენს ეს აქცია, კარგია, მაგრამ თუ ისევ პოლიტიკური და პარტიული იქნება, როგორც აქამდე იყო, ეს გახდება ერთი ჩვეულებრივი, პარტიული აქცია და არც არაფრის მომტანი არ იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი აღნიშნავს, რომ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციას ებრძვიან. როგორც მან For.ge-სთან საუბარში თქვა, ამ აქციის ინიციატორები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირეები. 

„20 ივნისის აქცია არის იმ ადამიანების შეკრება, რომლებიც ებრძვიან დასავლეთს. ძალიან ნათელი ლუსტრაცია მოხდა ელენე ხოშტარიასი. ვიცით, რომ ეს ადამიანები რეალურად არის რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც არაფერი საერთო არ გააჩნია ევროპულ ღირებულებებთან. ეს არის ხელისუფლებაში დაბრუნების მანიით შეპყრობილი „ნაციონალური მოძრაობის“ და რამდენიმე მისი სატელიტი მევახშის აქცია“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან. 

20 ივნისს დაანონსებულ ქციას გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს და 20 ივნისი სწორედ „თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია“.

„ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ, თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ. 20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

amo აბა შეხედეთ, ამას რომ კაცი ყურს ათხოვებს ნორმალურია?
2 წლის უკან
დემეტრე -...და მერე ვინ არის ნორმალური ამათი მრევლიდან?! იმიტომაც არიან უმცირესობაში.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli amo, დემეტრე! მთლად მასეც არ არის საქმე, საკმაოდ გონიერი ხალხია. თუნდაც ის რად ღირს ასე მიგნებული, ზედ გამოჭრილი სახელი რომ დაირქვეს - სირცხვილია! დიახ ესენი საქართველოს სირცხვილია!
2 წლის უკან