„დისკრედიტირებული ოპოზიცია საპროტესტო მუხტის აგორებას ვერ შეძლებს“

„დისკრედიტირებული ოპოზიცია საპროტესტო მუხტის აგორებას ვერ შეძლებს“

ევროკომისიის დასკვნა, რის საფუძველზეც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს და საქართველომ ვერა, ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. ოპოზიციამ მთელი პასუხისმგებლობა უკვე ხელისუფლებაზე გადაიტანა და ასევე დაიმუქრა, რომ 20 ივნისს ის ქართველი ხალხისგან საპასუხო რეაქციას მიიღებს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ თემით ოპოზიციამ ქვეყანაში საპროტესტო მუხტის აგორება შეძლოს და 2019 წლის მსგავსად  20 ივნისის აქცია ქვეყანაში მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდეს?

ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ 20 ივნისს ხალხის ქუჩაში გამოყვანას ოპოზიცია ნამდვილად შეძლებს, მაგრამ როგორც კი ისინი ამ გულწრფელი მანიფესტაციის დესტრუქციული ინტერესების გამოყენებას შეეცდებიან, ხალხი მაშინვე შემოეფანტებათ. ამიტომ ისინი ხელსიფლებას მოუწოდებენ, საზოგადოებას გასაგებად აუხსნან, რომ ამ გადაწყვეტილებიდან აპოკალიფსური სურათი არ უნდა დახატონ და თუკი ქვეყანა ამ რეკომენდაციებს მალე შეასრულებს, კანდიდატის სტატუსი შესაძლოა მოლდოვასა და უკრაინაზე ადრეც კი მივიღოთ.

და მაინც, რა დამსახურებით მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - ევროკომისიის დასკვნამდე, მინიშნებები იმის შესახებ, რომ კიევი და კიშინიოვი სტატუსს მიიღებდნენ, ევროპელმა ლიდერებმაც გააკეთეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი ეს ინფორმაცია რამდენიმე გამოცემასთან საუბრისას, ფაქტობრივად, დაადასტურა. ემანუელ მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ ევროპა კარს უკრაინას ომის გამო, მოლდოვას კი გეოგრაფიული მდებარეობის გამო უღებს.

პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს შემთხვევაშიც გეოგრაფია და გეოპოლიტიკა ახსენა და განაცხადა, რომ საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის განსხვავებულ მდგომარეობაში სწორედ ამ ფაქტორების გამო აღმოჩნდა. საფრანგეთის ლიდერის პროგნოზები გამართლდა, რაც ქართული ოპოზიციისთვის დამატებითი არგუმენტი აღმოჩნდა ხელისუფლების კრიტიკისთვის. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველო ბრიუსელისთვის სწორედ გეოგრაფიული მდებარეობისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებული ინტერესის საგანს.

უკრაინაში მიმდინარე ომი რომ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ამაზე თბილისში მმართველი გუნდიც საუბრობს. „ქართულ ოცნებაში“ დღეს ისევ განმარტეს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით საქართველო ყველა პარამეტრით წინაა.

გადაწყვეტილების მიღების დროს რომ ომი გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა იყოს, ამაზე მთავრობის ბოლო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა.

საომარი მდგომაროება რომ ევროკომისიის დასკვნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ გადაწყვეტილებისთვის ეს ერთადერთი მიზეზი ვერ იქნებოდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ერთად ევროპელმა პოლიტიკოსებმა ქვეყნების მზაობაც შეაფასეს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც საფრანგეთის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღების წინ მიუთითებდა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად განსხვავებული მდებარეობაა. მმართველ გუნდში საქართველოს მდებარეობაზე მინიშნება საფრთხის შემცველად აღიქვეს. „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ ქვეყნის საგარეო მიმართულებას მხოლოდ გეოგრაფია არ განაპირობებს.

კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 1 კვირაში მიიღებს. ევროკავშირის სამიტი 23-24 ივნისს გაიმართება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილში ევროკავშირის გადაწყვეტილება პროტესტს გამოიწვევს და აქციაზეც გამოვლენ. მოსახლეობას ჰქონდა იმედი და განწყობა, რომ მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, საქართველო ამ სტატუს მიიღებდა. თუმცა ოპოზიციის სათავეში, მელიას, ბოკერიას, უგულავას სახით ისეთი პოლიტიკური ფიგურები დგანან, რომ მოსახლეობაში და ახალგაზრების თვალში ისინი არც თუ კარგად გამოიყურებიან. მათი დიდი ნაწილი არ მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები ევროპული ღირებულებების მატარებლები არიან.

„დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც არანაირი სოციალური თუ პოლიტიკური კაპიტალის მქონე ლიდერი აღარ დარჩა, ამ თემით საპროტესტო მუხტის აგორებას ვერ შეძლებს. სააკაშვილზე ხომ საუბარი აღარ არის, მისი პოლიტიკური რეიტინგი იმდენად დაეცა, რომ მის გარშემო რაიმე გაერთიანებაზე საუბარი უკვე ზედმეტია. ამიტომ არ მგონია, რომ ამ თემის გარშემო ამ გაკოტრებულმა ოპოზიციამ საზოგადოების კონსოლიდაცია შეძლოს. ან ქვეყანში ამ გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკურად რაიმე რადიკალურად შეიცვალოს. საპროტესტო აქციებზე მოსახლეობის მომართვას ნაკლებად ველი. კი ბატონო, 20 ივნისს აქციაზე ხალხი მივა, მაგრამ მაინც მეეჭვება, რომ ოპოზიციის ამ შემადგენლობას ხალხი გაყვეს.

ახლა ქუჩაში რომ გავიდეთ და შემთხვევით 10 ან 15 კაცი გავაჩეროთ, დავუსვათ ელემენტარული კითხვა ევროკავშირზე - მაგალითად, რამდენი ქვეყანაა ევროკავშირში გაერთიანებული, ამაზე ზუსტ პასუხს ვერც ერთი გაგვცემს. ევროპული პერსპექტივა რას ნიშნავს ჩვენი ქვეეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის. ხალხს თავში ჩაუდეს, რომ ევროპაში უნდა მიგვიღონ და იმის იქით არავინ იკვლევს, რა არის ეს ევროპული პერსპექტივა. ამიტომ, ყველა ამას, როგორც ქვეყნის მარცხს, ისე იღებს. მოსახლეობის ნაწილში გარკვეულ კითხვებს დაბადებს - რატომ ჩამოვრჩით და რატომ გავხდით „აუტსაიდერები“. თუმცა ამ გულისწყრომის ასე ქუჩაში საპორტესტო მუხტით გადმოტანას ნაკლებად ველი“, - ამბობს ანჯაფარიძე.

მისვე თქმით, მელანი არ იყო ჯერ შემშრალი ევროკომისიის განცახდებიდან, რომ ოპოზიციონრები უკვე ტელევიზიით გამოდიოდნენ და აპოკალიფსურ სურათს ხატავდნენ. ხალხს ეუბნებიან, რომ საქართველო კიდევ 15 წელი სტატუსს ვეღარ მიიღებს. მათ რომ დავუჯეროთ, ქვეყანა მართლა ჩამოიქცა. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კრიტიკული აზროვნებით ვერ დაიკვეხნის, ასეთ შემოგდებულ ინფორმაციას ადვილად ყლაპავს.

„ოპოზიცია თუკი აქციას დესტრუქციული გზით წაიყვანს, არ მგონია, რომ ჩვენმა ხალხმა, რომელმაც 20 ივნისი და სხვა ბევრი კატაკლიზმები გამოიარა, ასე ადვილად ამ რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს აჰყვეს - განსაკუთრებით ამ სახეებს, რომლებიც ხალხის თვალში უკვე მარგინალიზებული პოლიტიკური ფიგურები არიან. ელენე ხოშტარიას ამბავი ავიღოთ, ადამიანი, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის მედროშე იყო, თურმე ოკუპანტი ქვეყნიდან მილიონებს იღებს და ამით არანაირ მორალურ უხერხულობას არ განიცდის“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ამ თემის ირგვლივ ქუჩაში გარკვეული რაოდენობის აქტივს ნამდვილად გამოიყვანს. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გამოვა ის ხალხი, რომლებიც ევროინტეგრაციის მომხრე რეალურად არის. მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პოლიტიკურ სპექტრს განეკუთვნება. თუმცა ანალიტიკოსი ელის, რომ აქციაზე ისევ მოძველებულ ფირფიტას დაატრიალებენ, სადაც ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ხელისუფლების ჩამოგდებას და მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვენ. ეს კი ჩვენს საზოგადოებას ძალიან აფრთხობს და ამის გამო ოპოზიცია ვერ შეძლებს ამ მუხტის პოლიტიკური კაპიტალის სახით გამოყენებას.

„რომელ აქციაზეც ნაცები ჩნდებიან, იქ უკვე პოლიტიკური აქტივობა და სოლიდარობა საგრძნობლად ეცემა. ეს არაერთხელ გვინახია. თუ აქციის ორგანიზატორები ნამდვილად სოლიდარობის აქციის ჩატარებას აპირებენ, რაშიც მე პირადად ეჭვი მეპარება, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ იქ ისევ დესტრუქციული გზავნილები დაიწყება, რომ ხელისუფლება ჩამოვაგდოთ, პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ და ა.შ. მაშინვე მხარდამჭერების რაოდენობას დაკარგავენ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მთავარია ყველაფერი კანონიერების ფარგლებში მოხდეს.

ის, რომ რუსეთთან ნაცოპოზიციას ფინანსურად მჭიდრო კავშირები აქვს, ეს უკვე ყოველთვიურად დასტურდება. პროევროპული ლოზუნგებით, სააკაშვილის პოლიტიკური პარტიის რეინკარნაცია ვერ მოხდება. ხელისუფლება წესრიგს დაიცავს და არ მოხდება არანაირი შტურმის მცდელობა ადმინისტრაციულ შენობებზე. ასევე ნაცაქტივისტებზე საზოგადოების გულისწყრომის ფიზიკურ ანგარიშსწორებად გამოხატვა. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც ხალხში სააკაშვილის დესტრუქცული პარტია სიძულვილით სარგებლობს. ამიტომ ოპოზიციას ტყუილად უხარია, რომ ამ თემით მოსახლეობის სპეკულირებას შეძლებს“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, სამწუხარო ისაა, რომ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში ევროკავშირის მისამართით გულისწყრომა გამოიწვიოს. ანალიტიკოსის თქმით, მაკრონის განცახდება, რომ უკრაინაში რადგან ომია, მათ სტატუსს ამიტომ ანიჭებენ, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ჩვენი მოსახლეობა წლების განმავლობაში სწორედ ევროპული სწრაფვის და ღირებულებების გამო სისხლს ღვრიდა. ბოლო 30 წლის ორი ომი გამოვიარეთ და ქართველი ჯარისკაცები არა ერთ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას იღებდნენ.

ევროპული კვლევის ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს, რომ ერთმანეთზე გადაბრალება და თითის გაშვერა არაფერს არ შველის. ყველამ თავისი გასაკეთებლი საქმე უნდა გააკეთოს, იქნება ეს ოპოზიცია, ხელისუფლება თუ სამოქალაქო სექტორი. გოგოლაშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი.

„ოპოზიიცის მხრიდან დაწყებული რიტორიკა, რომ ქვეყანამ ევროპული პერსპექტივა დაკარგა, წმინდა პოლიტიკურია. მე რომ დამსვათ რომელიმე პოლიტიკოსთან, მასთან დებატებში ვერ შევალ. პოლიტიკოსს აქვს მიზანი, რომ პოლიტიკური ოპონენტები გააშავოს და დაამარცხოს. ამაში არანაირი ზომა არ არსებობს. ჩვენი მიზანი და ვალდებულებაა, რომ ინფორმაცია საზოგადოებას ობიექტურად მივაწოდოთ. ჩვენ, პრინციპში, სასიხარული ამბავი გვაქვს. უბრალოდ, მოლდოვას და უკრაინას უფრო მეტად სასიხარულო. ეს ინფორმაცია საზოგადეობას უნდა მივაწოდოთ და შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ.

კი ბატონო, რა თქმა უნდა, ვიღაცები ამ თემის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის შეეცდებიან, თუმცა სკეპტიციზმის საფუძველი არ გვაქვს. გინდა არ გინდა, საქართველომ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია. ეს ნაბიჯი ძალიან დიდია, რადგანაც ევროპული პერსპექტივა შესაძლოა ძალიან დიდი ხანი ვერ ან საერთოდ არ მიგვეღო. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის დისკრედიტაციას პრორუსული ძალები მოინდომებენ. დაიწყება რიტორიკა, რომ ევროპას არ ვუნდივართ. ამ ყველაფერს კი ნორმალური ანალიზი უნდა დაუპირისპირდეს, რეალისტური ანალიზია საჭირო. კი ბატონო, მეტის მიღწევა შეგვეძლო, შეცდომებია დაშვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი მდგომარეობა და პერსპექტივა მივიღეთ. შური იმის გამო, რომ ვიღაცას ჩვენზე მეტი მისცეს, არ შეიძლება, ეს უბრალოდ არაქრისტიანულიც არის. ლატარიაში ზოგი 1000 ლარს იგებს ზოგი კიდევ 5000-ს, ჩვენი სიტუაციაც ასეა. ჩვენ ჯერ უფრო ცოტა მოვიგეთ“, - ამბობს გოგოლაშვილი.

ლაზი საბოლოო გდაწყვეტილება ჯერ არ არსებობს, მაგრამ აქამდე ჩემი პროგნოზები სიტყვა სიტყვით მართლდება. მაკრონმა "მიაგნო" იმ არგუმენტს, რაც ყოველთვის იყო ევროპასთან კავშირის ხელშემშლელი. ფაქტია, ოსმალებმა ჩამოგვაჭრეს ევროპას. უკრაინის კორუმპირობულობა ომმა გადაფარა, მოლდოვას სნგ-ს წევრობა, მათმა დასმულმა პრეზიდენტმა. ჩვენ არც ერთი გვინდა და არც მეორე. ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობას მაინც ვერაფერი გადაფარავს. ვერც გეოგრაფიას შევცლით და ვერც მეზობლებს. ასე რომ, სანამ თურქეთს არ მიიღებენ ევროკავშირში, ჩვენ სულ ღია პერსპექტივა გვექნება. კანდიდატის სტატუსი შეიძლება მანამდეც მოგვცენ, მაგრამ წევრობა, მხოლოდ თურქეთის შემდეგ. თუ რა თქმა უნდა, მანამდე, თავად მსოფლიო წესრიგი მთლიანად არ შეიცვალა.
2 წლის უკან
trampi ჩოხელების საგვარეულო
6 დღე ·
ასეთი წერილი მისწერა გოდერძიმ 2025 წლის საქართველოს მომავალს
* * *
აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. – რა იმედით?
– ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.
ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.
კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო – რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?
განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!
ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების “დიდი” წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს…
მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.
ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!
თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: – აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: – მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!
მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: – ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, “ჟუვაჩკა” მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.
რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის “ჟუვაჩკა”, ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:
– მე სულაც არ მშია, მამიკო!
ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.
იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: – ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.
გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!
ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:
– აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?
ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.
მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.
მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:
– ეს ქალაქი ვისია?
– ჩემ და ჩემი ძმისია!
– კიდევ, კიდევ ვისია?
– ჩემი შვილებისია!
– კიდევ, კიდევ ვისია?
– ჩემი ძმიშვილისია!
– კიდევ, კიდევ ვისია?
– ჩემი მძახლებისია!
– კიდევ, კიდევ ვისია?
– ჩემი კლანებისია!
– საქართველო ვისია?
– ალაგ-ალაგ სხვისია,
დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!
ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს “ქალაქობანას” თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი “მოქალაქეები” საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.
ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.
სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.
მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: – აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!
ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!
გოდერძი ჩოხელი, 2000 წ.
2 წლის უკან
leviko შევქმნათ ჩვენი კავკასიური კავშირი უფა აჯობებს
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პაპავ, ჩოხელი ხომ მაგარია და უმაგრესი, შენც მაგარი ხარ ჩემო მეგობარო!
2 წლის უკან