ვლადიმერ პუტინი პეტრე პირველთან აიგივებს თავს. ის ამტკიცებს, რომ პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა და პირადად მასაც ერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება.
„არაფერი შეცვლილა. პეტრე პირველის ჩრდილოეთის ომი 21 წელი გრძელდებოდა, ვითომდა ეომებოდა შვედეთს და რაღაცის მიტაცებას ცდილობდა. არაფერიც, ის კი არ იტაცებდა, არამედ აბრუნებდა ტერიტორიებს“, - ამბობს პუტინი თავისი ფავორიტი „ცარის“ და იმპერატორის შესახებ.
უკრაინელები პუტინს პასუხობენ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკის თქმით, პუტინის აღიარება მიწების მიტაცების შესახებ და საკუთარი თავის შედარება პეტრე პირველთან ამტკიცებს, რომ მათ მხოლოდ ქვეყნის სისხლიანი დაპყრობა სურთ.
რატომ ცდილობს პუტინი პეტრე პირველთან გაიგივებას და როგორ შევა ის რუსეთის ისტორიაში?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განმარტებით, რით დასრულდება უკრაინაში ომი, რთული სათქმელია, თუმცა ჯერჯერობით რაც ჩანს, ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდაა.
„ხანდახან მგონია, მთელი დასავლეთი და ამერიკა რაღაცნაირად რუსეთის საქმეს უფრო აკეთებს, რუსეთს უფრო უკვალავს გზას ახალი პერსპექტივებისკენ, ვიდრე უკრაინას. იმავე სანქციებით, რომელიც რუსეთს დაუწესეს, ვინ იხეირა? მე მგონი, რუსეთმა იხეირა და დასავლეთი აღმოჩნდა სანქციების ქვეშ. უკრაინის ომთან დაკავშირებით კი რა მოხდა? მთელი რესურსები, რაც უკრაინელებს გააჩნდათ - პურის ყანების მიწები, ნახშირი, რკინა, თუ სხვა, ყველაფერი ეს რუსეთის ხელში გადავიდა. პურის მარცვლის 15% შეჰქონდა უკრაინას მსოფლიო ბაზარზე და აქედან 8% რუსეთის მიერ კონტროლირებადია“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.
მისივე განმარტებით, ვინ პროვოცირებს და ვინ ეუბნება უკრაინას, იომეთო? იარაღს აძლევენ უკრაინას იმის მაგივრად, რომ ომში არ ჩართულიყო და მოლაპარაკების გზით მოეგვარებინა ეს პრობლემები. ნანა კაკაბაძის აზრით, ერთია, რასაც ჩვენი ლიბერალური მედია გვარწმუნებს, თითქოს უკრაინას მოგებული აქვს ომი და მეორეა რეალობა, რომელიც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება და მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად ღირდა ეს ომი უკრაინისთვის ან რუსეთისთვის. ყოფილი დისიდენტის აზრით, გაუგებარია, როგორ უნდა იყოს ღირებული ეს ომი რუსეთისთვის, როცა უკრაინელები და რუსები მაინც ერთი ხალხია, ერთი სისხლი აქვთ. აქედან გამომდინარე, პუტინს პეტრე პირველობა ვერ გამოუვა, პეტრე პირველმა შეუქმნა იმპერია რუსეთს და ქართველის დამსახურება მანდაც უდიდესი იყო, პეტრე პირველის წარმომავლობიდან გამომდინარე. მეორე იმპერია რუსებს კიდევ სტალინმა შეუქმნა, რასაც დღეს მსოფლიო ვერაფერს უხერხებს.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ პუტინს ქართველების ლანძღვა-გინებასა და პეტრე პირველთან შედარებას ურჩევნია, ისტორია კარგად გაიაზროს, ასე სჯობს მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის. კერძოდ, პუტინმა უნდა გაიაზროს საქართველოს როლი რა იყო რუსეთის სახელმწიფოებრიობისათვის და იმ იმპერიული მისწრაფებებისთვის, რომელიც რუსებს ჰქონდათ და აქვთ დღემდე. აქედან გამომდინარე, საქართველოს კი არ უნდა ერჩოდნენ, რომელმაც მათ სახელმწიფო შეუქმნა და მიწებს კი არ უნდა ართმევდნენ, არამედ სულ სხვა პოლიტიკა უნდა განახორციელონ ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ნანა კაკაბაძის თქმით, ისედაც რამდენ ქვეყანას აქვს ჩვენი მიწები მიტაცებული და 21-ე საუკუნეში კიდევ მიწების მიტაცება გვაკლდა? რატომღაც ყველას ჩვენი მიწის დაპყრობა და ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა მოსწონს. ფაქტია, ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, რომ ყველას უნდა ჩვენი ქვეყნის დამორჩილება.
„ერთადერთი, ჩვენ ვართ, ვისაც მონობა არ გვინდა. ვიომებთ ჩვენი ქვეყნისთვის და არა დასავლეთის ინტერესებისთვის, ჩვენი გვაქვს საომარი და ვიომებთ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით, არა ისე, რომ ვიღაცამ უკრაინასავით შეგვალეწოს რუსეთს, ისედაც დაკარგული ტერიტორიები კიდევ დაგვაკარგინოს და გაგვჟლიტოს, როგორც ერი. ვინც ამ თეორიას ავითარებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, ჩვენი დაუძინებელი მტერია. სწორედ ამ ხალხს უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა და ავუხსნათ, რომ საქართველო თვითონ გადაწყვეტს, როდის იომოს და არ იომოს დაკვეთით“, - მიიჩნევს ნანა კაკაბაძე.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, პეტრე პირველის 21-წლიანი ომი პუტინმა იმიტომ გაიხსენა, რომ ძალიან კარგად ხვდება, უკრაინაში ომი ორ-სამ თვეში არ დასრულდება. პუტინი საკუთარ ხალხს ამზადებს იმისთვის, რომ ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდებათ უკრაინასთან, რადგან წარმატებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ.
„იმედი მაქვს, რუსები უკრაინაში წარმატებას ვერც მიაღწევენ. რეალურად, ეს ომი რუსეთს ევროპასთან აშორებს, პეტრე პირველი კი ცდილობდა, ფანჯარა გაეჭრა ევროპისკენ, იგი რუსეთის ევროპიზაციას ცდილობდა, რამდენად წარმატებით გამოუვიდა და რამდენად მიაღწია ამას, ეს სხვა თემაა, მაგრამ ცდილობდა მაინც. პუტინი კი ევროპისგან მოწყვეტასა და გამიჯვნას ცდილობს. ეს კი ნიშნავს, რომ არ შეიძლება ამ ორი პერსონის ერთმანეთთან გაიგივება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.