„ორივე აქციას აქვს იმის რისკი, რომ საჩვენებლად შთამბეჭდავი რიცხვი ვერ შეაგროვონ და, შეიძლება ამ აქციების არჩატარება ჯობდეს“

„ორივე აქციას აქვს იმის რისკი, რომ საჩვენებლად შთამბეჭდავი რიცხვი ვერ შეაგროვონ და, შეიძლება ამ აქციების არჩატარება ჯობდეს“

საზოგადოებრივ და  პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი, საკმაოდ „საჭირბოროტო“ საკითხი წამოიჭრა: შეკრება თუ ერთგვარი აქცია როდის უნდა გაიმართოს - 16 თუ 20 ივნისს? თითქოს ქვეყანაში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არ არსებობდეს - ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც საქართველო ევროკავშირისგან პასუხს ელოდება, მივიღებთ თუ არა წევრი კანდიდატის სტატუსს.

20 ივნისის აქცია ეკუთვნის მოძრაობა „სირცხვილიას“, ხოლო 16 ივნისის შეკრების ინიციატივით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. პრეზიდენტი საზოგადოებას სთავაზობს 16 ივნისს შეკრებას, რომ ევროპამ ქართველი ხალხის ერთობა დაინახოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 16 ივნისს უნდა შეიკრიბოს ყველა, როგორც რიგითი მოქალაქე იმის ნიშნად, რომ „ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“.

„ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ? პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან - ერთიანობა! სხვა გამოსავალი ჩვენ არა გვაქვს და ამიტომ ასევე გთავაზობთ და ასევე დეჟავუ მაქვს, არა იპოდრომზე მოსვლას, არამედ 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე. მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე, იქ არც სიტყვები იქნება, არც განცხადებები, არც პლაკატები, თუ ვინმეს სიმღერა უნდა, შეუძლია იმღეროს, დანარჩენი იქნება მხოლოდ დგომა, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის ევროპა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუკი არც ერთი აქცია არ გაიმართება, სანამ ევროკავშირის პასუხი ცნობილი არ გახდება. მისი თქმით, ამ აქციებზე შესაძლოა ვერ შეიკრიბოს ის რაოდენობა, რაც დასავლეთისთვის თვალშისაცემი იქნება.

„აქციების მოწყობა არც ისეთი მარტივი რამ გახლავთ. ვხედავთ, რომ აქციებს ვერ აბამენ თავს ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციები შეიძლება იყოს დიდი, ან მცირე. აქცია უნდა ეხმიანებოდეს ადამიანის სურვილებს და ისინი უნდა თვლიდნენ, რომ აქციაზე მათი გამოსვლა აუცილებელია მიზნის მისაღწევად. ასევე, იყოს ნდობა იმის მიმართ, ვინც აკეთებს აქციას, სხვა შემთხვევაში, აქცია შეიძლება აღმოჩნდეს სუსტი, რადგან ხალხის რაოდენობა არ იყოს შთამბეჭდავი. 

ვფიქრობ, 20 ივნისის აქცია კიდევ უარეს დღეში იქნება, პრეზიდენტს უფრო ენდობა მოსახლეობა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 20 ივნისის აქციის დირიჟორი „ნაციონალური მოძრაობაა“. თუმცა, ორივე შემთხვევაში ორივე აქციას აქვს იმის რისკი, რომ საჩვენებლად შთამბეჭდავი რიცხვი ვერ შეაგროვონ და ვინმეს დარჩეს შთაბეჭდილება, თითქოს ქართველებს არ აქვთ მიდრეკილება ევროპისკენ. ამ რისკის ფონზე, შეიძლება ამ აქციების არჩატარება ჯობდეს. კვლევებით ვიცით, რომ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ ორიენტაციას, მაგრამ ქუჩაში გამსვლელი არის თუ არა ეს პროცენტი, არ ვიცით. ისიც არ ვიცით, რა მოხდება იმ აქციაზე“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან. 

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ 20 ივნისს შეკრება აუცილებელია. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 16 ივნისის მდუმარე აქცია დიდი მნიშვნელობის არ იქნება.

„20 ივნისს ადამიანთა უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი და საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რომ ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება მშვიდობიანი მიტინგის დარბევას და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს აქცია აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მით უმეტეს, იქ იქნება კონკრეტული მოწოდებები.

მდუმარე აქცია და უბრალოდ, 16 ივნისს შეკრება, ეს არაფერია. ნებისმიერი გამვლელი გაივლის, იზიარებს თუ არა ევროპულ ღირებულებებს. საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ევროპულ ღირებულებებს არ იზიარებს, მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, პოლიტიკოსებს - თავისთავად, განსაკუთრებით, მმართველ პარტიას ეხება ეს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ 16 ივნისის ღონისძიებას შეუერთდნენ. მან ასევე 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა“.

„ჩვენ ყველანი რომ მივალთ ევროპის მოედანზე 16 ივნისს, 7 საათზე, ერთი საათით, მეტი არ არის საჭირო და არ შეგაწუხებთ, იქ მინდა, რომ მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, რომ მოვიდეს ჩვენთან ერთად და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, რომ შემოგვიერთდნენ. ვთხოვთ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ყველას, ვისაც ევროპელობა აქვს გაცხადებული მიზნად, რომ მოვიდეს და გადავდოთ ყველა სხვა ლოზუნგი და ყველა სხვა დაპირისპირება, ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცავებს, რომ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები იქნას მიღებული, რათა ექსცესები გამოირიცხოს. 

მივმართავ ასევე 20 ივნისის ორგანიზატორებს, რომ თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის და გახლეჩის. ამავდროულად, ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრაციის უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა, თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

trampi საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
2 წლის უკან