ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის შემდეგ პრეზიდენტი საპატრიარქოს უპირისპირდება. საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრა მოითხვა. როგორც ირკვევა, შეხვედრის მიზეზი პრეზიდენტის მხრიდან პირადი ხასიათის თხოვნა იყო. თუმცა პატრიარქისა და პრეზიდენტის შეხვედრა ვერ შედგა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ „პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა“. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება.
დეკანოზის ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან მისი შეხვედრა პირადი ხასიათის თხოვნა იყო. რას ითხოვდა უწმინდესისგან, ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა ლექსიკას უწუნებს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს და წერს, რომ „ანდრია ჯაღმაიძემ უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი“.
„პატრიარქთან შეხვედრა პრეზიდენტის პირადი ხასიათის თხოვნა იყო. პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს. პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება, რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!
ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულმა სტატუსის პათოსმა გააკვირვა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომლის განცხადებით მის კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა.
„საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული. მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა. პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი - დიახ, იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად, პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი“, - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
რა თხოვნით აპირებდა სალომე ზურაბიშვილი უწმინდესთან შეხვედრას, ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზურაბიშვილი არაფერს წერს, გარდა იმისა, რომ პატრიარქის სურვილის გარეშე პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას, არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს შეხვედრა.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, პრეზიდენტის ბოლო ბრიფინგის შემდეგ, როგორც ჩანს, გაუჩნდა გარკვეული პრობლემები და მოისურვა პატრიარქთან შეხვერდა, რომ ეს პრობლემები გადაეწყვიტა. მისი თქმით, შეიძლება პატრიაქრისაგან დაცვას ელოდება.
„კერძოდ იმისა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და სახელმწიფოს სიმბოლო სხვანაირი მოპყრობაა საჭირო. არ ვიცი, ეს ჩემი ვარაუდებია, მაგრამ როდესაც შენი ბრიფინგის მერე იცი მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების რეაქცია, და ამ დროს ითხოვ პატრიარქთან ასე სასწრაფო წესით შეხვედრას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ ამ შეხვედრას ითხოვ შენი გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
არ ვიცი პრეზიდენტი ვისი მეშვეობით ცდილობდა პატრიარქთან დალაპარაკებას, მაგრამ პატრიარქს აქვს თავისი დღის წესრიგი და გეგმები. ის, რომ პრეზიდენტმა უცებ მოისურვა ასე ექსტრაორდინალური წესით უწმინდესთან შეხვედრა, მაშინ, როდესაც არაფერი ექსტრაორდინალური ქვეყანაში არ ხდება... არ ვიცი ეს რა პროცესია, ისიც არ ვიცი პრეზიდენტს რა უნდოდა პატრიარქისგან. თქვა, რომ პირად საკითხზე სურდა შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რაღაცა პირადი საკითხის მოგვარება უნდოდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, მოვისმინეთ იმ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც აბსოლუტური ნულოვანი რეიტინგით მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი მხარდაჭერისა და მოსაზრებების გამო ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია. მისი თქმით, თავად იჭრის იმ ტოტს, რასაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რომელიც ამომრჩეველმა სრულფასოვნად გაამართლა, მაგრამ როგორც ყოფილმა, ისე ამჟამინდელმა პრეზიდენტმაც, უბრალოდ, უღალატა.
„ძალიან კარგი იქნება, თუკი ჩვენი ტელევიზიების არქივებში მოიძებნება თბილისის სტადიონზე დიდი ოპოზიციური შეკრება, რომელიც უცნობმა 2009 წლის 26 მაისში გამართა, როდესაც სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა გაავსო დინამო სტადიონი. შემდეგ, დინამოზე შეკრებილი ადამიანები წავიდნენ სამებაში პატრიარქთან შესახვედრად, მათ შორის იყო სალომე ზურაბიშვილიც. მაგრამ ყველაზე მაგრად მახსენდება ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ ზურაბიშვილის კომენტარი და ეს იყო აბსოლუტუტად სამარცხვინო კომენტარი - „ან აქ რა გვინდოდა, ან რისთვის მოვედით, ან რა შედეგი მოჰყვა ჩვენს აქ მოსვლას?“. კარგი იქნება, თუკი ამ კადრებს მოიძიებს ვინმე და ხელახლა დაგვანახებს, პატრიარქთან შეხვედრებს რა ფასი აქვს სალომე ზურაბიშვილისთვის, მით უმეტეს ტაძარში შესვლას“, - ამბობს ქართველიშვილი.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, პრეზიდენტის განცხადება არაფრით განსხვავდება რადიკალური ოპოზიციის განცხადებებისაგან. მისი თქმით, პრეზიდენტს არ ესმის ამ ქვეყნის ისტორიის, წარსულის, აწმყოსი და მომავლის.
„ზოგადად, მას არ ესმის ქართველობის და საქართველოსი. არ ვიცი, რას აპირებს, სად აპირებს მისვლას, ვის შეხვდება კიდევ ქალბატონი სალომე, მაგრამ ვერ გადაფარავს იმ თავის მოსაზრებებს და განცხადებებს, რომელიც ყველამ მოვისმინეთ. ზუსტად ის შემთხვევა იყო, როდესაც სჯობდა, რომ ხმა არ ამოეღო და საკუთარი თავის მიმართ ამომრჩევლის პატივისცემა შეენარჩუნებინა, ვიდრე ხმა ამოეღო და საერთოდ გაეფანტა ამ ამომრჩევლის პატივიცემა და კეთილგანწყობის რაღაცა ელემენტები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.