„პოლიტიკური ღამურა“, რომლის მიკიბულ-მოკიბული ხელისუფლებისთვისაც გაუგებარია და ოპოზიციისთვისაც

„პოლიტიკური ღამურა“, რომლის მიკიბულ-მოკიბული ხელისუფლებისთვისაც გაუგებარია და ოპოზიციისთვისაც

ვის ესაუბრებოდა 14 ივნისს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ქართველ ხალხს, ევროპას თუ ბიძინა ივანიშვილს? ვინ იყო მისი მთავარი ადრესატი? ოპოზიციას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად გამოვიდა. ანალიტიკოსთა ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილის ბრალდებები ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. რაც შეეხება მმართველ ძალას, ზურაბიშვილის ბრალდებებს არ იზიარებს, რადგან მიაჩნია, რომ ის ზუსტად იმ რიტორიკით საუბრობს, როგორიც რადიკალურ ოპოზიციას, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს. უმრავლესობა თვლის, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნის ევროპულ ინტერესს უფრო დააზიანებს, ვიდრე რამეში წაადგება. ბრალდების ისრების ხელისუფლებაზე გადატანა კი არ გამოვა - „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. მათი აზრით, პრეზიდენტის განცხადებებში ბევრი უზუსტობა და ფაქტების შეუსაბამობა იყო.

სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანის სასახლიდან გააკრიტკა ყველა - ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. 30-წუთიან ბრიფინგზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის რეზოლუციას რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი უწოდა. ისაუბრა იმ შეცდომებზეც, რომელიც ამ პროცესში მმართველმა ძალამ დაუშვა. პარალელურად, მოუწოდა ოპოზიციას შეწყვიტოს ევროპარლამენტარებისთვის დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება, „ქართულ ოცნებას“ კი ურჩია თავი შეიკავოს ანტიევროპული რიტორიკისგან.

ერთადერთი საკითხი, რაშიც „ქართული ოცნება“ ქვეყნის პრეზიდენტს ეთანხმება, რეზოლუციის შეფასებაა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის შესახებ ჩანაწერს დაუსაბუთებელი უწოდება, სხვა მხრივ, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესები არასწორად გააანალიზა.

მმართველ გუნდში პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას თქვეს, რომ ზურაბიშვილის გზავნილები შეიცავდა უზუსტობებს და შეუსაბამო აქცენტებს. „ქართულ ოცნებაში“ დაასახელეს ის ქმედებებიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და საპარლამენტო დელეგაციამ ევროინტეგრაციის გზაზე განახორციელეს.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში 9 ივნისს იმყოფებოდა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. სწორედ საქართველოში დაბრუნებისა და ამ შეხვედრის შემდეგ ჩანიშნა პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი ათონელის სასახლეში, საიდანაც ხელისუფლება და ოპოზიცია გააკრიტიკა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცდილობს ნეიტრალური იყოს. ანლიტიკოსი ფიქრობს, რომ დიდი ხანია მან ეს პროცესი უკვე დაიწყო და განსაკუთრებით ეს თებერვლის თვეში გამოჩნდა, როცა მას ევროპაში ვიზიტები ჰქონდა და შემდეგ ამ ვიზიტების გაგრძელების უფლება აღარ მისცეს. ამის გამო კი მას მთავრობასთან და კერძოდ „ოცნებასთან“ ურთიერთობა დაეძაბა. ამის საბოოლო ფინალი კი საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი იყო, რასაც ძაბირაძე მიესალმება და მიიჩნევს, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, სჯობს ორივე მხარემ, ხელისუფლებამაც და პრეზიდენტმაც გაარკვიონ ვის რა კომპეტენცია აკისრია.

„ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს დაპირისპირება ხელისუფლებასთან ახლა არ დაწყებულა. პრეზიდენტი უკვე დიდი ხანია „ოცნებისგან“ დისტანცირებას ცდილობს. ამას კი მას შემდეგ აკეთებს, რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან ოფიციალურად წავიდა. როგორც ჩანს, ის ფიქრობს, რომ აქვს შანსი დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდეს. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, გარკვეული როლი შეასრულოს. როგორ აკეთებს ამას და გამოსდის თუ არა, ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ხაზს ნელ-ნელა კიდევ უფრო ავითარებს. მისი ბრიფინგიც ამის გაგრძელება იყო. გასაგებია, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ვერ იქნებოდა, რადგან ის არანაირი სახელმწიფოებრივ თანამდებობას არ იკავებს. მას არანაირი განცახდება არ გაუკეთებია, რომელზეც შეიძლება ზურაბიშვილს რეაგირება მოეხდინა. შესაძლოა და არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი და ზურაბიშვილი ერთ თამაშს თამაშობენ და ამაში გარკვეული ლოგიკა შესაძლოა დავინახოთ. არც ის არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ეს მისი განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ბევრი ვერსია შეიძლება განვიხილოთ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, პრეზიდენტი, როგორც მოსალოდნელი იყო, 2 ცეცხლშუა აღმოჩნდა. ის დარტყმის ობიექტი გახდა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ხოლო ამას გამოიყენებს ივანიშვილი, ღარიბაშვილი თუ ოპოზიცია, ეს უკვე დამოკიდებული იმაზეა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი როგორ განვითარდება.

„შესაძლებელია ივანიშვილმა ეს პროცესები და რამდენად გასაკვირიც არ უდა იყოს, პრეზიდენტი გამოიყენოს იმისთვის, რომ ორივე ირაკლი ხელისუფლებიდან ჩახსნას. თუმცა ის ვერსია, რომ ზურაბიშვილმა მთავრობა დაითხოვოს, ლოგიკას მოკლებულია. ჯერ ერთი, რომ ის ამას პოლიტიკურად ვერ გაბედავს და მეორეც, ამის რესურსი კონსტიტუციის მიხედვით არ აქვს. საქმე იმაშია, რომ თუკი 24 ივნისს ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭა, მაშინ ზურაბიშვილს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მთავრობას უჩივლოს კონსტიტუციის დარღვევის მიზეზით, ვინაიდან კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს გაცხადებული გზა ევროკავშირია. თუმცა ამასაც დამტკიცება უნდა, რას გულისმხობს. ღარიბაშვილს არ გაუკეთებია და მოუმოქმედებია ისეთი რამ, რის სააფუძველზეც ეს ბრალდება გამყარებული იქნება. მთავრობამ წევრი კანდიდატის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსო და გაგზავნა. ასევე ოფიცილური ვიზიტები განახორციელა ბრიუსელში და შეძლებისდაგვარად მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენა. უბრალოდ, რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ბოლოს ევროპარლამენტარების მიმართ კრიტიკის სახით გაჩნდა, ვერ იქნება არგუმენტი იმის, რომ ღარიბაშვილმა კანონი უგულებელყო. ამიტომ ეს ცრუ მოლოდინია და კონსტიტუციაში სწორად არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს მთავრობა დაითხოვოს“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე თქმით, გაჩნდა კითხვა, ვის ესაუბრებოდა რეალურად პრეზიდენტი სალმე ზურაბიშვილი და რამდენად სწორი იყო მისი რიტორიკა. ძაბირაძე ამბობს, რომ ის ელაპარაკებოდა ევროპას და ქართველ ხალხს. ამით კი პრეზიდენტი ევროპელებს ეუბნება, რომ ქვეყანაში და ხელისუფლებაში არსებობს ფიგურა, რომელიც სრულიად სხვანაირად ფიქრობს და ის ცდილობს პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებას. ასევე ესაუბრება ხალხს, რომელსაც უხსნის, რომ პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორებულები არ უნდა იყვნენ და მათი და მათი შვილების მომავალი მხოლოდ პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი პოლიტიკურ ღამურად იქცეს, რომელიც არც ერთ და არც მეორე ბანაკს არ მიეკუთვნება. არც პროსახელისუფლებო და არც პროოპოზიციური ფიგურა არ აღმოჩნდეს. რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას იმაზე, რომ მათ ევროპარლამენტარებთან სიტუაცია ვერ დაალაგეს, ლოგიკას მოკლებული არ არის, რადგან უკვე 10 წელია ხელისუფლებაში არიან და ამ ხალხთან ერთიდაიგივე პრობლემა არსებობს. საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი რომელიმე ევროპარლამენტარზე ხელსიუფლებას ეჭვი აქვს, რომ ჩვენს ოპოზიციასთან გარიგებულია და მათთან ერთად მოქმედებს, მაშინ ამის დამამტკიცებული საბუთი უნდა დადონ. სხვაგვარად ბრალდებების ისარი ხელისუფლებაზე გადადის.

„თუმცა არის თუ არა ეს შენიშვნები პრეზიდენტის გასაკეთებელი, ეს არ ვიცი. ცოტა უფრო განსხვავებული რანგის ფიგურაა პრეზიდენტი და ოპოზიცია რომ აკეთებს ასეთ განცახდებას, გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტის რიტორიკა ვერ გავიგე. თუკი ზურაბიშვილი ასეთ შენიშვნას ხელისუფლების მისამართით აყენებს, მაშინ მოაყოლოს რა არის საჭირო ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. პრეზიდენტი იმ დონის ფიგურაა, რომელიც უნდა აკრიტიკებდეს ამა თუ იმ მხარეს, არამედ გამოსავალს და მოქმედების ფორმულას სთავაზობდეს. ასევე ამბობდეს თავად რა გააკეთა ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. კრიტიკა ადვილია, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც გამოსავლის პოვნაში უნდა ემხმარებოდეს. ეს დახმარება რომ ვერ დავინახე, გული ამაზე დამწყდა.

რაც შეეხება ოპოზიციის იმ ვერსიას, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაზე გაბრაზებულია, რადგან ის რეზოლუციის ტექსტში მოხვდა და ამისთვის ზურაბიშვილს იყენებს, ცოტა ლოგიკას მოკლებული მეჩვენება. ამ ფორმულას თუ გავყვებით, მაშინ ის ცდილობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოიყვანოს? აბა, სხვაგვარად ხელისუფლებაში „ოცნების“ წასვლის შემდეგ სხვა ძალა არ ჩანს, რომ ძალაუფლება ჩაიბაროს. რეიტინგის მიხედვით ისაა მეორე პოლიტიკური ძალა. ამან კი ქვეყანაში რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს კარგად ვიცით“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხვდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით როგორი არასწორი ინტერპრეტაცია გამოიყენა - მან ის სააკაშვილსა და გვარამიასთან ერთად მოიხსენია, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება სწორად გამოიწვია. ეს მის პოლიტიკურ მოქნილობაზე მიუთითებს, რაც მისასალმებელია. ასევე კარგია, როცა ეს „ოცნებამაც“ დაუფასა და მისმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დადებით კონტექსტში შეაფასა.

 

 

დემეტრე - გუშინ ჯაღმაიძის უწყინარ განმარტებაზე პრეზიდენტის კომენტარი აშკარად მეტყველებს, რომ იგი ხიბლშია ჩავარდნილი, ამპარტავნობა ჭამს და ავიწყდება, უფალს შენობით რომ მიმართავს ადამიანი...
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვისაც ევროპული ფასეულობები გხიბლავთ, ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ოცნებობთ ყველანი პოლიტიკური ღამურები ხართ! ქალბატონი სალომე არ არის ღამურა, თავის სამშობლო საფრანგეთს ანუ ევროკავშირს ემსახურება! ის არის ევროპელი, ქართული ფესვებით!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უფრო თანამედროვე მწერლებს თავი დავანებოთ, გავიხსენოთ შექსპირის მეფე ლირი და ბალზაკის მამა გორიო. იქ რა ფასეულობებზე არის საუბარი გაიხსენეთ! მოგწონთ ის ფასეულობები?! არა და სწორედ ევროპული ფასეულობებია!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ადამიანს თუ ის ნამდვილად ადამიანია თავისი შრომით, მწველი მზით სახედაღარული, ხელებ დაკოჟრებული დედა უნდა უყვარდეს! მის სახელს უნდა იფიცებდეს! მოწონებით შეიძლება ლამაზი ტეილორ სვიფტი და კარმრნ ელექტრაც მოსწონდეს, ბაზარი არაა, მაგრამ დედა ეს სულ სხვა კატეგორიაა! ასევე უნდა იყოს სამშობლო ერთადერთი და განუმეორებელი, თავისი ავ კარგით და ფასეულობებით. განა ამის განსჯა უნდა გვჭირდებოდეს?!
2 წლის უკან
trampi საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
2 წლის უკან