რუსეთს ლუგარის ლაბორიტარია „აღელვებს“, მაგრამ კითხვაც არ დასმულა - რა ხდება ეშერის ლაბორატორიაში?

რუსეთს ლუგარის ლაბორიტარია „აღელვებს“, მაგრამ კითხვაც არ დასმულა - რა ხდება ეშერის ლაბორატორიაში?

უკრაინასთან ომის პარალელურად რუსეთი საქართველოსთვისაც იცლის. სამიზნე ისევ ლუგარის ლაბორატორია არის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის საქმიანობასთან დაკავშირებით მოსკოვის შიშებზე საუბრობს და ვაშინგტონისგან სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის შესახებ პასუხს მოითხოვს.

საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ამბობს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში გეგმავს აამოქმედოს შესაბამისი მექანიზმი ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს კონვენციის მონაწილე ქვეყნებთან დებულებების შესასრულებლად, ასევე თანამშრომლობაზე ნებისმიერი გამოძიების ჩასატარებლად კონვენციის ვალდებულებების შესაძლო დარღვევებზე.

კითხვაზე - არის თუ არა ცნობილი ყოფილ საბჭოთა კავშირის რომელ ქვეყნებში აწარმოებენ ბიოლოგიურ სამუშაოებს? - ზახაროვამ განაცხადა, რომ არაერთხელ გამახვილდა ყურადღება საქართველოში საქმიანობაზე ლუგარის სახელობის ცენტრთან დაკავშირებით, სადაც, მისი განცხადებით, მუდმივად არის გაშლილი ამერიკა-საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო. მისივე თქმით, ამ ბიოობიექტის ბაზაზე ტარდება კვლევები მწერების გამოყენებით, როგორც განსაკუთრებულად საშიშ ბიოლოგიურ აგენტებსა და ინფექციების გამავრცელებლებზე.

„პოსტსაბჭოთა სივრცეში შესრულებულ სამუშაოებზე აშშ აშკარა მიზეზებით დუმილს ამჯობინებს და არ იძლევა ინფორმაციას ნდობის გაზრდის ფარგლებში. იმის მტკიცება, რომ პენტაგონის და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების აქტივობა ფოკუსირებულია განსაკუთრებულად ჯანდაცვის საკითხებზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. ცხადია, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ მოითხოვს ამერიკელი სამხედროების მონაწილეობას. მეტიც, ამერიკის მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განმარტებები, რომ ამერიკა აგროვებს ბიომასალებს და აწარმოებს მონიტორინგს ეპიდვითარებაზე, მხოლოდ აძლიერებს და ამყარებს ჩვენ შეშფოთებას კონვენციის დაცვის კონტექსტში, მათ შორის, უკრაინაში აღმოჩენილი ფაქტების გათვალისწინებით. თავის მხრივ, რუსეთის საქმიანობა სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში ატარებს მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს და სრულად შეესაბამება კონვენციის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს“ , - აცხადებს მარია ზახაროვა.

როგორც ცნობილია, 2011 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გახსნის დღიდან, რუსეთის მედია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, ლაბორატორიაში ქიმიური, ბიოლოგიური იარაღი და საშიში ვირუსების შტამები იქმნება. მოსკოვთან დაკავშირებული აქტორები და რუსეთის ოფიციალური უწყებები შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე საუბრობენ. 2018 წლის ბოლოს ლაბორატორია დაათვალიერა 17 ქვეყნის წარმომადგენელმა ექსპერტმა, მათ დასკვნაში წერია, რომ ლაბორატორია მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო, მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

2020 წლის 3 სექტემბერს კი, შსს-მ ლუგარის ლაბორატორიასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ განაცხადა. უწყების ცნობით, 1 სექტემბერს ცდილობდნენ სამედიცინო შინაარსის, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოპოვებას, მათ შორის, თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიიდან.

მიუხედავად იმისა, რომ შსს დღემდე არ ასახელებს ქვეყანას, საიდანაც განხორციელდა კიბერშეტევა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ივარაუდა, რომ შეტევა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა. ასევე, კიბერშეტევასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში რუსეთი ახსენა საქართველოს პრეზიდენტმაც, სალომე ზურაბიშვილმა. აღნიშნულ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკვე წლებია გრძელდება თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც მეტწილად საინფორმაციო ომის ხასიათს ატარებს.

მოუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთის სამიზნეა, არაფერს ამბობენ ეშერის ლაბორატორიაზე, რომელიც დახურული სისტემაა და მთლიანად რუსეთის სამხედრო დაზვერვა აკონტროლებს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ ღია წყაროებში გაკეთებული მონაცემების ანალიზით მას განსხვავებული პროფილი აქვს და მისი მეშვეობით, გარკვეულწილად, მიწისქვეშა პროცესების კონტროლი და მართვა ხორციელდება, მიზანშეწონილობის შემთხვევაში კი შესაძლებელია, ხელოვნური მიწისძვრების ინსპირირება.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ორივე ლაბორატორია ერთმანეთისგან გასხვავდება, ეშერის ლაბორატორია, რომელიც იურიდიულად ჩვენს ტერიტორიაზეა განთავსებული, ექვემდებარება ჩვენდამი მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მისი ფუნქციონირება საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, განსხვავებით ლუგარის ლაბორატორიისგან, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ზახაროვას განცხადებას, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ ძალიან მძიმე ვითარებაა ზოგადად საქართველოში, რაზეც მეტყველებს პრემიერის განცხადებაც, რომ პოლიტიკური დაზვერვის მიმართულებით, სავარაუდოდ, ისეთი მოთხოვნებია საქართველოსთან მიმართებაში წაყენებული, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის მიუღებელია. მისი თქმით, ამის პარალელურად დაწყებულია მცოცავი ანექსიის გააქტიურების პროცესი რუსეთის მხრიდან, ასევე ლუგარის ლაბორატორიის მისამართით სადაზვერვო ხასიათის პროპაგანდისტული საქმიანობა.

„ეს სამი მოვლენა ერთად უნდა იყოს განხილული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს კვლავ უცხო სახელმწიფოს მხრიდან აქტიური სადაზვერო ზეგავლენის ობიექტად კვლავ რჩება. თუ განვიხილავთ იმ გარემოებას, რომ ლუგარის ლაბორატორია ეს არის სტრატეგიული თანამშრომლობის ნაყოფი აშშ-თან დაკავშირებით და ის არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით სამეცნიერო-ტექნიკური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებით, ვფიქრობ, რომ გარკვეული საზრუნავი აღნიშნული ლაბორატორიის საწინააღმდეგოდ რუსეთის ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს ექსპერტი.

როგორც კუხალაშვილი აცხადებს, ზოგადად, ლუგარის ლაბორატოორის დატვირთვა განსაკუთრებულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში და ამ ლაბორატორიის არსებობით ჩვენ მნიშვნელოვანი საფრთხეების განმკლავება შეგვიძლია, აქიდან გამომდინარე აღნიშნული ლაბორატორია მიუღებელია რუსეთის ფედერაციისათვის.

„ყველაფერი ის, რაც საქართველოში განვითარებულია და ეროვნული უსაფრთხოების სიმყარეს უწყობს ხელს, მიუღებელია რუსეთის ფედერაციისათვის და ის იბრძვის იმისათვის, რომ რეალურად, ჯერ მოამზადოს საზოგადოებრივი აზრი და შემდეგ უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავიდეს, რომ ჩვენ აღნიშნული ცენტრი არ გვქონდეს. შესაბამისად, ვერ ვუმკლავდებოდეთ მათ შორის პანდემიის საფრთხეებს, რომელიც მოსალოდნელია და ამის მაგალითი ჩვენ გვქონდა უახლესი პერიოდის წინ გამოხატული „კოვიდ19“ პანდემიის სახით“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ზახაროვას განცხადება რუსულ მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობის გამყარებისთვის გაკეთებული ერთ-ერთი სვლაა. უკრაინაში მიმდინარე ომისა და დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთს სჭირდება ანტიამერიკული რიტორიკა და ამის გასამყარებლად ისევ შემოაგდეს ლუგარის ლაბორატორიის თემა.

„ამ შემთხვევაში, საქართველოს თემა შედეგიანი არ იქნება საერთაშორისო ასპარეზზე. არც ერთ ქვეყანას არ ექნება რეაქცია იმაზე, რომც რამე სერიოზული ხდებოდეს ლუგარის ლაბორატორიაში როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური მიმართულებით. მსოფლიოს ამგვარი ლაბორატორიები უამრავი აქვს. მაგრამ, თუკი ქართული მხარე გადაწყვეტს პროპაგანდისტულ ბრძოლას რუსეთთან, შეიძლება იყოს გარკვეული თემები, რომლებიც გამოდგება ამ ბრძოლაში, კერძოდ, რა ფუნქცია აქვს და რა პრობლემებს წყვეტს ცნობილი ეშერის ლაბორატორია აფხაზეთში. ჩვენ ხომ არასოდეს დაგვიყენებია ეს საკითხი? ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ საერთოდ, აფხაზეთის დატოვების ერთ-ერთი მოტივი ეშერის ლაბორატორია იყო. რა დგას ამის უკან, მანდ უკვე რუსეთია პასუხისმგებელი და სავარაუდოა, რომ პასუხისმგებელია არა მხოლოდ საქართველოს წინაშე, არამედ მსოფლიოს წინაშე. იმიტომ, რომ შეიძლება ეშერის ლაბორატორიაში ისეთი პროცესები მზადდება, რომელიც მსოფლიოსთვის არის სახიფათო.

ასე რომ, დუელი შეიძლება გაიმართოს, მაგრამ მეორე მხრივ ღირს თუ არა, ეს სხვა საკითხია იმიტომ, რომ ავად თუ კარგად, აფხაზეთის მიმართულებით, ჯერჯერობით გართულებები ნაკლებია და იქნებ უფრო უპრიანია, რომ დავტოვოთ ეს მიმართულება ისე, როგორც არის და ნაკლები მნიშვნელობა მივანიჭოთ ზახაროვას კომენტარებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ზახაროვას განცხადება არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი ქმედება, რადგან რუსები კარგად მუშაობენ საკუთარ აუდიტორიაზე, ვიდრე გარე აუდიტორიაზე და წარმატებას აღწევენ ამ მიმართულებით.

„მაგალითად, 60-70%-იანი მხარდაჭერა აქვს პუტინს უკრაინაში განხორციელებული არასამრთლიანი ომის გამო, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ვფიქრობ, ეს არის შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული. საკუთარი მოსახლეობა უნდა დაარწმუნონ იმ არაერალურ ფაქტებში, რომელსაც თვითონ აკეთებენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

ეშერის ლაბორატორია ეკუთვნის რუსეთის გენერალური შტაბის მე-12 მთავარ სამმართველოს, სადაც მუშაობენ მასობრივი განადგურების მიმართულებით და ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურაა, რომელსაც ოფიციალურად ევალება ბიოლოგიური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიურ შეიარაღებაზე მუშაობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

Aburjga Tasmanieli ეშერის ლაბორატორიაში რა ხდება რუსეთს რატომ უნდა აღელვებდეს, როცა ძალიან კარგად იცის რაც ხდება, ანუ არაფერიც რომ არ ხდება!
2 წლის უკან