სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესი და პირობები იცვლება. ამიერიდან იმპორტის ნებართვის აღება ბევრ ისეთ პროდუქტს დაჭირდება, რომელიც აქამდე ნებართვის გარეშე შემოდიოდა ქვეყანაში.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციაში იგულისხმება ყველა სახის ცხოველი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი და ნედლეული, ცხოველთა საკვები, საკვებდანამატები, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატები. ფიტოსანიტარიულ კონტროლს ექვემდებარება მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მასალა და ობიექტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საკარანტინო ორგანიზმების გავრცელება.
ამიერიდან თევზეულის, ხორცპროდუქტების, კონსერვების შემომტანებმა წინასაიმპორტო ნებართვები უნდა აიღონ. ნებართვის ღირებულება იგვე რჩება - 50 ლარი. აქამდე აღნიშნულ პროდუქტებზე ნებართვები საჭირო არ იყო. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა დაცული იქნება გადამდები დაავადებებისგან. ახალი შეზღუდვა 10 ივნისიდან არის ძალაში.
საქართველოს მთავრობამ საქართველოში ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტთანდა ტრანზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31დეკემბრის N426-ე და N429-ე, აგრეთვე 2012 წლის 7 მარტის N90-ე დადგენილებებში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების თანახმად, შეიცვალა შემოსავლების სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესი, პირობები და სანებართვო მოწმობების ფორმები. ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას დაემატა პროდუქციის ჯგუფები, რომელზეც უნდა გაიცეს იმპორტის ნებართვა,
ექსპერტი ეკონომიკის დარგში პაატა კოღუაშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივას მიესალმება და აღნიშნავს, რომ კონტროლის გამკაცრება იმპორტირებულ პროდუქციაზე დიდი ხნის წინ უნდა დაწყებულიყო.
„ქართული ბაზარი იმპორტის თვალსაზრისით უკონტროლოა. უამრავი შეუმოწმებელი პროდუქცია შემოდის, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ეს პრობლემა საქართველოში უკვე მრავალი წელია არსებობს და მთავრობის ეს დადგენილება მისასალმებელია. პირველ რიგში, ადამიანური ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“, - ამბობს პაატა კოღუაშვილი.
მისი თქმით, იმპორტის ნებართვის აღების წესის ცვლილება ეკონომიკური თვალსაზრისით არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს:
„საქართველოში გარკვეული პროდუქცია დეფიციტურია, შესაბამისად, მათი იმპორტირება აუცილებელია. ნებართვის გაცემის პროცედურა პროდუქციის ფასზე არანაირ გავლენას არ მოახდენს და არც იმპორტის რაოდენობა შეიცვლება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი და წინა პლანზე დასაყენებელია ადამიანური ფაქტორი და სწორედ ეს უნდა იქნას გათვალისწინებული“, - აცხადებს ექსპერტი.
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე და ტრანზიტზე ნებართვა გაიცემა 1 თვის ვადით, ხოლო ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისათვის ნებართვა გაიცემა მაქსიმუმ 6 თვის ვადით.