ერთ კვირაში ღვინო წყლის გზას დაადგება

ერთ კვირაში ღვინო წყლის გზას დაადგება

ქართულ მინერალურ წყალს რამდენიმე დღეში ღვინოც გაჰყვება. სავარაუდოდ, 2 კვირაში კი ქართული ნაწარმი რუსეთის მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ რუსი მომხმარებლები დიდი ინტერესით ელიან ძველ, ნაცნობ პროდუქციას. პირველი ეფექტისთვის ქართული კომპანიებიც დიდი მონდომებით ემზადებიან.

ქართული ღვინო რუსეთისკენ მომავალ კვირას დაიძვრება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის თქმით, დასრულდა ყველა საჭირო პროცედურული ღონისძიება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების კუთხით. ამ კვირიდან დაიწყო აქციზური მარკების გაცემა და უკვე გამოგზავნილია საქართველოში აქციზური მარკები. დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე დაწყებულია პირველი პარტიების გამზადება და ღვინის ჩამოსხმა რუსეთში გასაგზავნად.

„მომავალ კვირას ყველას გეპატიჟებით იმ საწარმოებში, სადაც პირველი საექსპორტო პარტიები მზადდება რუსეთში გასაგზავნად. იმედი მაქვს, დღე-დღეზე დაიწყება მომართვა ღვინის ეროვნულ სააგენტოში კომპანიების მხრიდან, რომლებსაც აქციზური მარკები მიღებული აქვთ და ექსპორტისთვის მზად არიან. მე უკვე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ აქციზები ფიზიკურად მიღებულია და იქით კვირას, რუსეთში ქართული პროდუქტი დაიძვრება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ათამდე კომპანიას აქვს აქციზურ მარკაზე განაცხადი შეტანილი, ფიზიკურად კი 2 კომპანიას აქვს მიღებული აქციზური მარკები. დავითაშვილის ინფორმაციით, ასევე ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე მოხვდება ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან. რაც შეეხება ღვინის რაოდენობას, ქართულ საწარმოებს პირველ ეტაპზე, დაახლოებით, მილიონი ბოთლის შეკვეთა აქვთ მიღებული, თუმცა ეს რიცხვი გაიზრდება.

ქართული ღვინის კომპანიის “თბილღვინოს” პროდუქცია რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, უახლოეს კვირეებში გამოჩნდება. კომპანიის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ კომპანია “როპოდტრებნადზორისგან” რეგისტრაციის დადასტურებას ელოდება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მათ უკვე ჰყავთ პარტნიორები რუსეთში. ამ ეტაპზე “თბილღვინო” რუსეთში 100 ათასი ღვინის ბოთლის შეტანას აპირებს.

კიდევ ერთი კომპანია “თელავის ღვინის მარანი” აცხადებს, რომ ისინი სააქციზო მარკების მოლოდინში არიან. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომ კომპანიის პროდუქციამ შემოწმება წარმატებით გაიარა. “თელავის ღვინის მარანი” რუსეთში მილიონი ბოთლი ღვინის გაყიდვას აპირებს.

ქართული ღვინო რომ რუსეთის მაღაზიებში ივნისიდან გამოჩნდება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინიც ადასტურებს. “ინტერპერსნიუსის” ინფორმაციით, კარასინმა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა.

“მთავარი ის არის, რომ მინერალური წყალი უკვე შემოდის რუსეთში და გამოჩნდა კიდეც ჩვენს მაღაზიებში. ღვინოს რაც შეეხება, ჩვენ, ალბათ, რუსეთის მაღაზიების თაროებზე მას ივნისში ვიხილავთ, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს 7 მწარმოებელზეა გაცემული”, - განაცხადა კარასინმა.