უცხოელი ბანკირები და ანალიტიკოსები რეიტინგებით და საკუთარი ხისტი მოსაზრებებით გვიტევენ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მსგავსად კიდევ ერთი გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3 პროცენტი იქნება. გარდა ამისა, მათ არც საივესტიციო ფონდებისა სწამთ.
ამ პროგნოზს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch აკეთებს. აქამდე იგი 5,5%–იან ზრდას ელოდებოდა. Fitch-ზე ადრე საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი Standard and poor's–მა შეამცირა წლის პროგნოზი 3,5 პროცენტით განსაზღვრა.
არადა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დაახლოებით ამ მაჩვენებელზე ქვეყანა უკვე გასულია. პირველი 4 თვის ეკონომიკურმა ზრდამ 2,4% შეადგინა. განსაკუთრებით წარმატებული იყო აპრილი, როდესაც ეკონომიკა 4,1%-ით გაიზარდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დარწმუნებულნი არიან, რომ აკრეფილი ტემპი შენარჩუნდება, ამიტომ მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საკუთარ პროგნოზებს გადახედავენ. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა კვლავინდებურად 6%-ან ზრდას ელოდება.
თუმცა, სარეიტინგო სააგენტოების შეფასებები არაფერია იმ აზრებთან შედარებით, რასაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოფილი დირექტორი აფრქვევს. პოლ ჰენრი ფორესტიერის აზრით, საქართველოს ახალი მთავრობისგან ბიზნესის მიმართ არსებული გზავნილები დამაბნეველია.
ფორესტიერი, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევრობანკის დირექტორი იყო და მისია ცოტა ხნის წინათ დაასრულა, ამბობს, რომ საქართველოში ბიზნეს–გარემო კარგია, მაგრამ კომუნიკაცია ნაკლებია. მისი თქმით, არსებული და წინა მთავრობა მოწოდებული იყო, რომ კარგი ბიზნეს გარემო ყოფილიყო, თუმცა, მესიჯები, რომლებსაც მთავრობა გზავნის, დამაბნეველია და რიგ შემთხვევაში, არარეალისტური.
ფორესტიერის სამი საინვესტიციო ფონდის შესახებაც საუბრობს. მისი აზრით, ამ ფონდების ამოქმედება უტოპიურია. ამასთან, ეკონომიკის შემცირება მთავრობის ცვლილების გამო არ მომხდარა: „პროცესი ოქტომბრის არჩევნებამდე დაიწყო, რადგან ხალხს აინტერესებდა რა მოხდებოდა, აკვირდებოდა სიტუაციას, რამაც შეყოვნება და შედეგად ეკონომიკის შემცირება გამოიწვია“.
არადა, ამ დროს, საქართველოს მთავრობაში ყველაზე მეტად სწორედ ფონდებისა ეიმედებათ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, თანაინვესტირების ფონდის მოცულობამ, შესაძლოა, არა 3 მილიარდს, არამედ 5 მილიარდ დოლარსაც კი მიაღწიოს და გადააჭარბოს.
„თანაინვესტირების 3 მილიარდიან ფონდზე როცა განვაცხადე, იმდენი მსურველი გაჩნდა, რომ შეიძლება 5 მილიარდს გადააჭარბოს. ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი დამატებითი მუხტი იქნება. ეს ჩემი იდეა იყო.
ბიზნესმენი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რაც ასეთი ტიპის ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თუ რა სჭირდება. ჩვენ არც განსაკუთრებული პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობით არ გამოვირჩევით, ამიტომ ნებისმიერი ინვესტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მისი ადგილობრივი პარტნიორი.
ფონდი ამ თანხით ნებისმიერ ინვესტორს პარტნიორობას 25-დან 75%-მდე სთავაზობს. ეს ინვესტორის გადაწყვეტილებას ძალიან აიოლებს და ამარტივებს. ეს აუცილებლად იმუშავებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ხმა გავიდა და უკვე ძალიან კარგი რეაქციებია. ეს დამატებით მასტიმულირებელი იქნება“, - აცხადებდა ივანიშვილი და აღნიშნა, რომ გარდა ამისა, რამდენიმე დღეში კიდევ ორი ფონდი დაფუძნდება.