ჩვენ გვქონდა და ალბათ, მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
წამყვანმა ირაკლი ქადაგიშვილის დაუსვა კითხვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილში აქცენტირებულად არის ნათქვამი, მოწოდებაა გაკეთებული საქართველოსო ხელისუფლების მიმართ, მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ და ფიქრობთ, რომ ეს ურთიერთობები რადიკალურად გადასახედია? რაზეც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უნდა დამთავრდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული ისეთი განცხადებები, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობას აუარესებს.
„ჩვენ გვქონდა და ალბათ მომავალშიც გვექნება მცდელობა, რომ ის ნარატივი, რაც უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოდის, შეიცვალოს, რომ დამთავრდეს ასეთი განცხადებები. მე ხალხს და სახელმწიფოებს შორის არ ვამბობ, პოლიტიკურ ქმედებებზე მაქვს ლაპარაკი, ტორპედირებას ნუ გააკეთებენ. არესტოვიჩნს ვგულისხმობ, პოდოლიაკს ვგულისხმობ, არახამიას ვგულისხმობ, უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ვგულისხმობ, იმ ადამიანებს, ვინც წარმოადგენს უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ომში უკრაინის პოზიციას გამოხატავს.
ეს ადამიანები არიან, ვინც მათ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ახმოვანებენ, ომის და პოლიტიკის დღევანდელ ვითარებას. ესენი არ არიან რაღა უბრალოდ მრჩევლები, რომელთაც არაფერი მოეკითხებათ. რუსეთის ფედერაციასთან როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ეს ადამიანები იქ იყვნენ წამყვანი ფიგურები“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც სახელმწიფო მდივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს გამოუგზავნა.
წერილში ენტონი ბლინკენი მოუწოდეს, საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე.
„აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამავდროულად, როდესაც მთელი მსოფლიო ეხმაურება რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციას, მის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებზე", - ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წერილში, რომელიც მან 22 აპრილს საქართველოს ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაუგზავნა.