ექსპორტის ზრდისა და იმპორტის შემცირების ტენდენციას სპეციალისტებიც და პოლიტიკოსებიც ოპტიმისტურად უყურებენ. მათი აზრით, ეს მხოლოდ დასაწყისია და საშემოდგომოდ ექსპორტის ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი იქნება. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემას უქმნიდა ეკონომიკას, საბოლოოდ გამოსწორდება.
ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 2013 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებში შეინიშნება მკვეთრად დადებითი ტენდენცია, როგორც მთლიანობაში, ასევე ექსპორტის თვალსაზრისითაც.
აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, პროგრესი აშკარად შესამჩნევია, მაგრამ გაუმჯობესებაც სჭირდება.
“სასურველია, უფრო მეტი ტემპით გაიზარდოს ექსპორტის მოცულობა და მთლიანობაში, უარყოფითი სალდო შემცირდეს. ეს გაცილებით ეფექტურად მიიღწევა, თუ სახელმწიფო ექსპორტის ხელშეწყობას პრიორიტეტად დაისახავს და ამ მიმართულებით მუშაობას გააძლიერებს. რაც შეეხება იმპორტს, ნავთობპროდუქტები მოწინავე პოზიციას იკავებენ და ეს ბუნებრივი მომენტია.
ლიდერთა შორის ნავთობპროდუქტები ყოველთვის იქნება, რადგან ეს პროდუქცია საქართველოში არ იწარმოება. ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ იმპორტის მოცულობა იმ სასაქონლო ჯგუფში, რის წარმოებაც ქვეყნის შიგნით შეგვიძლია. განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმისა და მრეწველობის”, - აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ საშემოდგომო პერიოდში ქვეყანა საიმპორტო მაჩვენებლებს შეამცირებს.
2013 წლის პირველი 4 თვის მონაცემების მიხედვით, ექსპორტი 785 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 2220 მლნ აშშ დოლარს (8 პროცენტით ნაკლები).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2013 წლის იანვარ-აპრილში კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტები რჩება, რომლის საიმპორტო მაჩვენებელი 247 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 214 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 10 პროცენტი იყო. მესამე ადგილზეა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი 117 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა და 202 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთელი ექსპორტის 26 პროცენტი. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 88 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 11 პროცენტს. მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 41 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 5 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თემურ მაისურაძის აზრით, ექსპორტის ზრდა, ძირითადად, სწორედ რეექსპორტის “დამსახურებაა”, თუმცა ამაში თავისი წვლილი ადგილობრივმა პროდუქციამაც შეიტანა. იმპორტის მაჩვენებლის კლება კი გამოიწვია სამშენებლო მასალების იმპორტის შემცირებამ, რადგან ქვეყანაში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მშენებლობები შეფერხდა.
“თუ სამშენებლო სექტორი გააქტიურდება, მასალებზე მოთხოვნა გაიზრდება და კარგი იქნება, თუ აქ წარმოებული სამშენებლო მასალით შევძლებთ შემოტანილი პროდუქციის ჩანაცვლებას. ექსპორტის ზრდის მიზეზია ისიც, რომ გაღრმავდა ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ თურქეთთან, აზერბაიჯანთან - იმიტომ, რომ ბიზნესი მონოპოლიებისაგან გათავისუფლდა და მოქალაქეებს მიეცათ საშუალება, თვითონვე გაიტანონ საკუთარი პროდუქცია. რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს, ექსპორტის ზრდაზე ის ცოტა მოგვიანებით იმოქმედებს, როცა პროდუქცია ინტენსიურად შევა.
დიდი იმედი გვაქვს, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა ქვეყანაში და ასეთ ზიანს გვაყენებდა, გამოსწორდება და უკეთესობისაკენ შეიცვლება. ჩემი აზრით, 2013 წლის შემოდგომაზე ექსპორტის ზრდა გაცილებით უფრო თვალსაჩინო იქნება. ექსპორტის ზრდის ტენდენცია უკვე არსებობს, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეგვეძლება თქმა, რომ ეს პროცესი კანონზომიერია”, - აცხადებს თემურ მაისურაძე.