360-მილიონიანი დემონტაჟი

360-მილიონიანი დემონტაჟი

360-მილიონიანი პარლამენტის შენობა, შესაძლოა, დემონტაჟს დაექვემდებაროს. ყოველ შემთხვევაში, თანხობრივი თვალსაზრისით  ეს უზარმაზარი პროექტი უხარისხოდ, კანონდარღვევით და ვალებით არის წამოჭიმული. დეპუტატები ყველდღიურად უამრავ პრობლემას აწყდებიან.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ქუთაისში მდებარე პარლამენტის მშენებლობისათვის სახსრების მოპოვებისა და თანხის მიზნობრიობაზე გამოქვეყნებულ ანგარიშს, შემაშფოთებელს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე.  დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში უნებართვოდ აშენდა პარლამენტის შენობა, რომელზეც დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„ეს თანხა ზოგი კრედიტის სახით არის აღებული, ზოგიერთი კი საერთოდ გაუგებარია საიდან შემოვიდა. რაც ყველაზე მთავარია ამ შენობაზე ნებართვები საერთოდ არ არის აღებული. პარლამენტის შენობაზე, როცა ასეთი რაიმე ხდებოდა, უკვე გასაგებია რა ხდებოდა სხვა მშენებლობებზე, როგორ ხდებოდა ქვეყნის მართვა და მენეჯმენტი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ვერ გიპასუხებთ, ეს სერიოზული დაფიქრების საგანია და რაღაც გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, მაგრამ საგანგაშოა ის, რომ პარლამენტის გვერდზე, მთავრობის შენობაზე დაიდო დასკვნა, რომ შენობა არ რის მყარი და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი, ან შეიძლება საერთოდ დემონტაჟი მოხდეს.

პარლამენტის შენობაზე ჯერჯერობით ვერ წერენ, რომ ეს არის მდგრადი შენობა, მაგრამ ვერც იმას წერენ, რომ შენობას საფრთხე ემუქრება და გასამაგრებელი სამუშაოებია ჩასატარებელი“, - განაცხადა საგანელიძემ.

კიდევ ერთი დეპუტატის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, დასკვნაში ის დადასტურდება, რა ინფორმაციაც პარლამენტს გააჩნდა - თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.

„ეს შენობა ჩაუბარებელია და მშენებლობისთვის არ არსებობს პროექტი. დღემდე ვერ მოახერხა მშენებელმა ორგანიზაციამ საექსპერტო ბიუროდან დასკვნის მოტანა, რომ შენობა მდგრადია. აქ ვინც ვართ ყოველდღე რისკის ქვეშ ვართ“, - დასძინა ტყემალაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისში, პარლამენტის სასახლის მშენებლობისთვის სახსრების მოპოვების, ხარჯების მიზნობრიობისა და კანონიერების აუდიტი განახორციელა.  დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქუთაისში, პარლამენტის სასახლის მშენებლობა განხორციელებულია ნებართვის გარეშე.

ასევე არ ჩატარებულა მე-5 კლასის შენობა-ნაგებობისთვის განსაზღვრული სავალდებულო საექსპერტო შეფასება შემდეგი მიმართულებით: საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება, ფუძეების, საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციების საექპერტო შეფასება, დოკუმენტების პროექტების ტექნოლოგიური ნაწილების საექსპერტო შეფასება.

2011 წლის 28 თებერვლამდე მშენებლობას აფინანსებდა ქუთაისის მერია, ხოლო შემდეგ შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიურო”, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას უზრუნველყოფს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის მშენებლობის სამუშაოების დასაფინანსებლად მთავრობის განკარგულებებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისის მერიას ტრანსფერის სახით გამოეყო 73 757 930 ლარი. აქედან, მშენებლობისთვის დაიხარჯა - 66 845 813 ლარი, პროექტირებისთვის - 6 442 089 ლარი.

შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიუროს” კაპიტალის გაზრდის მიზნით, პრეზიდენტის განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან 209 720 ლარი გამოეყო. გარდა ამისა, ბიურომ ფული ისესხა “ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან” 15 მილიონი დოლარი და 13,5 მილიონი ლარი, წლიური 11%-ანი განაკვეთით. კორპორაციამ აღნიშნული სესხი გასცა 2012 წლის 16 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოშვებული 250 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციებით მოზიდული სახსრებიდან. არადა, ობლიგაციებიდან შემოსული ფული ნამახვანის ჰესის მშენებლობის პირველ ეტაპს უნდა მოხმარებოდა.

ასევე, 2011 წლის 24 თებერვალს “სახელმწიფო მომსახურების ბიურომ” ფინანსთა სამინისტროსგან მიიღო 17,697 მლნ ლარის სესხი - წლიური 2%-იანი განაკვეთით, ანუ ბიურომ, ძირითად თანხასთან ერთად, მხოლოდ პროცენტის სახით 2011 წლის დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს 249 ათასი ლარი გადაუხადა. პარლამენტის შენობის მშენელობისთვის დაიხარჯა სახელმწიფოს მიერ ქონების რეალიზაციიდან შემოსული სახსრებიც.

პარლამენტის მშენებლობის ერთ-ერთ ზედამხედველს, დეპუტატ აკაკი ბობოხიძეს უკვირს - რა მნიშვნელობა აქვს, შენობა აშენებულია ლონდოლის ბირჟის აქციებით თუ რომელიმე სხვა ფულით.

“ლაპარაკი თუ იმაზეა, რომ იურიდიული მექანიზმები არ იყო მოწესრიგებული, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამასაც თავისი გამართლება აქვს. ჩვენ გვსურდა, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობისთვის შენობა დაგვეხვედრებინა. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ფული გაფლანგული და მითვისებული, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება ელიტარულ კორუფციაზე საუბრობდა, არსად არის წარდგენილი, რომ ვინმემ ფული სახლში წაიღო”, - აღნიშნა ბობოხიძემ.

ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე კი ამტკიცებს, რომ პარლამენტის ასაშენებლად თითოეული თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა.

„დოკუმენტებს არ გავცნობივარ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული ლარი, თეთრი და ცენტი, რაც გამოიყო მშნებელობისთვის მიზნობრივად დაიხარჯა და რამე სახის დარღვევებს არ ჰქონია ადგილი”, - ამტკიცებს თევდორაძე.