რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ მოლაპარაკებების პროცესი აღდგება და მოდერატორი იქნება ვოლოდიმერ ზელენსკი. თავის მხრივ, რუსული მხარე ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ პროგრესირებს იმ მოტივით, რომ უკრაინელ მომლაპარაკებლებს სრულიად არ აქვთ სურვილი, რომ ეს პროცესი გააგრძელონ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ კიევი მოლაპარაკებების პროცესიდან პრაქტიკულად გასულია.
„მოლაპარაკებები არ გრძელდება. უკრაინა, ფაქტობრივად, გავიდა მოლაპარაკებების პროცესიდან. კიევმა არ უპასუხა რუსეთის მიერ შეთავაზებულ მოლაპარაკების პროექტს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოეყო იარაღის შესაძენად, კონფლიქტს აჭიანურებს“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ.
უკრაინული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებაზე ამ ეტაპზე უარს ამბობს იმ მოტივით, რომ რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის პარლამენტს საომარი მდგომარეობის გახანგრძლივება შესთავაზა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე საომარი მდგომარეობა ორჯერ გახანგრძლივდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. მისი თქმით, რუსები იწყებენ საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს ხერსონის რაიონში, ზაპორიჟიაში, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ. მისი თქმით, გაჭიანურებული ომი გლობალურ სასურსათო კრიზისს შექმნის.
„გაჭიანურებული ომი ქმნის გლობალური სასურსათო კრიზისს, ისევე როგორც კიდევ ერთი მიგრაციული კრიზისის რისკს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გახანგრძლივების უფლებას.
ამიტომ ვართ ძალიან დაინტერესებული, მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით. ჩვენ გვჭირდება ტანკები, ჯავშანტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემები (MLRS, მძიმე არტილერია, თვითმფრინავი, რაკეტები). ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, - აღნიშნა ოლექსი რეზნიკოვმა.
უკრაინის ტერიტორიაზე უცანურ ომს ვაკვირდებით, სადაც ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს, ამ უცნაურობებს მატებს ისიც, რომ პრაქტიკულად, შეჩერებულია მოლაპარაკების პროცესი. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოცემული მომენტისთვის ძალთა ბალანსი თითქმის თანაბარია. რუსულ მხარეს უპირატესობა აქვს რაოდენობაში, უკრაინულ მხარეს კი, შეიარაღების ხარისხში.
„ალბათ, ბევრი ანალიტიკოსი გაიმეორებს თქვენს პოზიციას, რომელიც კითხვაში არის ასახული, რომ მხარეების მიერ მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია, ამ მხრივ მართლა უცნაური ომია. მოცემული მომენტისთვის ძალთა ბალანსი თითქმის თანაბარია. თან ისეთი გათანაბარებაა, რომ რუსულ მხარეს რაოდენობაში აქვს უპირატესობა და უკრაინულ მხარეს შეიარაღების ხარისხში. რა თქმა უნდა, გათანაბრების სიტუაცია შექმნა იმან, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილები, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან კარგად იბრძვიან. სამხედრო და ომის კულტურით, მათ შორის შეიარაღების უპირატესობით, უკრაინა ჯობნის რუსეთს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ასეთი ბალანსის პირობებში ლაპარაკი დაზავებაზე ძნელია. იმ შემხთხვევაში, თუკი რუსეთი ომს შეწყვეტს, პუტინს პასუხს მოსთხოვს მისი მოსახლეობა, ამომრჩეველი, რომლებიც პუტინზე არანაკლებ აგრესიითაა განწყობილი უკრაინის მიმართ.
„ანალოგიური პრეტენზია ექნებათ უკრაინელებს ზელენსკის მიმართ. ის, რომ რუსეთი წინ ვერ მიიწევს, ეს ორივე მხარისთვის სირთულეა. ამ ეტაპზე გამოდის, რომ საომარი მოქმედებები, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან იყო უაზრო. ამ ეტაპზე გაჩერება არც ერთს არ აწყობს, მით უმეტეს არ აწყობს გაჩერება აშშ-ს. ევროპაზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ევროპის პოლიტიკა მაინც ამერიკული დირიჟორობით იგება - ამ შემთხვევაში მით უმეტეს.
არ აწყობს იმიტომ, რომ აშშ-მა დაიქადნა, რომ ეკონომიკური სანქციებით დაშლის რუსეთს. ჯერ ეკონომიკური სანქციები არც ამოქმედებულა, ამიტომაც არ აწყობს ამერიკას ომის დასრულება. მას სჭირდება, რომ სანქციების მექანიზმი ამუშავდეს მთელი სისრულით. ჯერჯერობით რუსეთი არსებობს თავისი რესურსებით. ელოდებიან, რომ შემოდგომაზე ეს რესურსი დაუმთავრდება და მერე უკვე ყველასთვის საგრძნობი გახდება სანქციები. აი, ამას ელოდება აშშ. ბაიდენის თემა არაა მარტო უკრაინა, მისი თემა არის რუსეთის კრიზისის გაღრმავება იმისთვის, რომ რუსეთი ამოაგდოს ძლიერი ქვეყნების შემადგენლობიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთი ემზადება ხანგრძლივი გაჭიანურებული ომისთვის, რომ ძალა მოიკრიბოს. მისი თქმით, ახლა აიღებს ოპერატიულ პაუზას, ვინაიდან ის ძალები, რომელიც მობილიზებული ჰყავდა, ფაქტობრივად, უკვე შეყვანილი ჰყავს ბრძოლაში და შესაბამისად, დამატებითი სჭირდება მობილიზაცია, რაც მოითხოვს დროს და მომზადებას.
„შესაბამისად, ეს პერიოდი მას სჭირდება იმისათვის, რომ იყოს დაცვაში, მოემზადოს ხანგრძლივი ომისთვის, ვინაიდან შეტევის პოტენციალი უკვე ამოწურული აქვს. თვის ბოლომდე მისი მოქმედება და აქცენტი გაკეთებული იქნება იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავოს. ლუგანსკში გავიდეს ბოლომდე და დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ უკრაინული დაჯგუფება - სევეროდონეცის მიმართულება, სადღაც 12 ათასი კაცი მოაქციოს ალყაში, ეს არის რუსეთის ყველაზე მთავარი ამოცანა. სხვა მიმართულებაზე მას წარმატება არ გააჩნია.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, პირველი და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პუტინმა ისე შეყო თავი ამ ომში, რომ მოლაპარაკების მანევრისთვის ადგილი არ დაიტოვა. რაზე უნდა ელაპარაკოს უკრაინელებს? ჯარს გაიყვანს, ტერიტორიებს დაუთმობს, ყირიმიდან გავა, თუ ლუგანსკის და დონეცკს დატოვებს? ეს იქნება პუტინის პოლიტიკური და არ არის გამორიცხული ფიზიკური მკვლელობა. საინტერესოა, რა უნდა დათმონ უკრაინელებმა? როგორც კი დათმობაზე დაიწყებს ზელენსკი საუბარს, ეს მისი პოლიტიკური სიკვდილი იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.
მისი თქმით, დასაწყისში იყო პერიოდი, როდესაც რაღაცა შეხების წერტილების მოძებნა შეიძლებოდა, მაგრამ იმდენად ღრმად შევიდა რუსეთი, რომ არც უკრაინას დაუტოვა მანევრის საშუალება და არც თვითონ დაიტოვა.
„როცა იწყება დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები, ყოველთვის არის მედიატორი. ანუ, მესამე მხარე უნდა იყოს, რომელიც შეძლებს დაპირისპირებული მხარეების შეხვედრების ორგანიზებას. 2008 წელს ასეთი იყო სარკოზი. რაღაცა პერიოდი ერდოღანმა თავის თავზე აიღო ვალდებულება, რომ მედიატორი ყოფილიყო, დღეს-დღეისობით ასეთი არავინ ჩანს. ანუ, მოლაპარაკების სივრცე არ არის. კიდევ ერთხელ - რა არის ისეთი, რაც უკრაინამ უნდა დათმოს, არ მესმის. უკვე იმდენი მსხვერპლი ნახა უკრაინამ და ამ დროს, სამხედრო კუთხით ძლიერდება, გარკვეული წარმატებაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დათმობს თავისი წარმატების შესაძლებლობას და არ დათმობს თავის ტერიტორიებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძემ.