„U2“-ის სოლისტი, ბონო მსოფლიოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„U2“-ის სოლისტი, ბონო მსოფლიოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირება კონკრეტული რეგიონის ფარგლებს თანდათან სცილდება და, დიდი ალბათობით, სრულიად ევროპულ კონტინენტს მოედება. რუსეთი იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას საბრძოლო იარაღითა და ტექნიკით ამარაგებს, დაუფარავად ემუქრება. კი იძახიან ბირთვულ შეიარაღებას არ გამოვიყენებთო, მაგრამ პუტინისა და მისი გენერლების თავში რა ახალი გეგმები წარმოიშვება არავინ იცის.

რუსეთის „მტერი“ სახელმწიფოების რიგებს ფინეთი და შვედეთიც შეუერთდნენ. მტერიც არის და მტერიც. ეს ორი სკანდინავიური ქვეყანა ნატოში სწრაფ გაწევრიანებას ლამობს. ამ ფაქტორს რუსეთი კატეგორიულად არ დაუშვებს და არის მოლოდინი, რომ ევროპაში რამდენიმე ახალი საომარი მოქმედების კერა წარმოიშვას.

რას მოიმოქმედებს პუტინი? ფაქტია, „ნატო“ უშუალოდ სანკტ-პეტერბურგის სიახლოვეს „დაუბანაკდება“. ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, უკრაინაში ომი „ნატოს“ გამო დაიწყო. ამ დროს ალიანსი უშუალოდ საზღვართან მიუვიდა და რამდენიმე უცხოელი სამხედრო ექსპერტის მტკიცებით, ფინეთს ძლიერი მოქმედების რაკეტებით დაბომბავს. არ არის გამორიცხული, ახალ „ნატოელ მეზობელს“ ბირთვული იარაღითაც შეუტიოს.

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ფინეთი, ხოლო შემდეგ შვედეთი, წლების განმავლობაში აღიარებული ნეიტრალიტეტის დარღვევას აპირებდნენ, ოფიციალური კრემლიდან დაუფარავი მუქარა-გაფრთხილებები წამოვიდა.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იქნება ეს გაფართოების პროცესი მომავალში გამოხატული, რამდენად მიუახლოვდება ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს. ნატოს გაფართოება და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მიახლოება ჩვენს საზღვრებთან არ ხდის მსოფლიოს და რაც მთავარია, ჩვენს ევრაზიის კონტინენტს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს, ეს ცალსახაა“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

„კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა და ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ნათელია, რომ შედეგებს ყველა გამონაკლისების გარეშე იგრძნობს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რადგან გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ჩვენ, რა თქმა უნდა, მას ვიღებთ“, - ამბიბს სერგეი ლავროვი.

უფრო „აგრესიული“ გახლდათ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი დიმიტრი მედვედევი: – „ნატო“-ს ქვეყნების მიერ იარაღების მიწოდება, ჯარისკაცების გადამზადება დასავლური ტექნოლოგიების გამოსაყენებლად, დაქირავებული ჯარისკაცების განლაგება და მოკავშირეთა წვრთნების ჩატარება ჩვენს საზღვრებთან ზრდის „ნატო“-სა და რუსეთს შორის პირდაპირი და ღია ომის ალბათობას. მსგავს კონფლიქტს ყოველთვის ახლავს ბირთვულ ომში გადაზრდის საფრთხე“.

რუსული კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი „ნატო“-ს წევრ ქვეყნებს განადგურებას რამდენიმე წუთში უწინასწარმეტყველებს. ანჯელინა ჯოლის „მეგობარი“ როგოზინი პირდაპირ აცხადებს, რომ, თუკი ბირთვული ომი იქნება, რუსეთს „ნატო“-ს ქვეყნების გასანადგურებლად სულ ნახევარი საათი დასჭირდება.

რუსეთის მუქარის ფონზე დიდი ბრიტანეთი შვედეთისა და ფინეთის დაცვის გარანტორად გამოდის. ბორის ჯონსონის განცხადებით, ნებისმიერი სახის თავდასხმის შემთხვევაში მისი ქვეყანა უშუალოდ ჩაებმება ამ ორი ქვეყნის დაცვის პროცესში, სანამ ფინეთი და შვედეთი „ნატოში“ შევლენ და მათი უსაფრთხოების ალიანსის მიერ არაა დაცული. თავდაპირველად ფინეთ-რუსეთის 1300 კილომეტრიან საზღვარს ჯერ ბრიტანელები და შემდგომ მთელი „ნატო“ დაიცავს. ასე რომ, უახლოეს მომავალში საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდებით. ეყოფა კი პუტინს „გამბედაობა“ ლამისაა მთელ მსოფლიოს დაუპირისპირდეს? გაყვება მას რუსი ხალხი ახალ და ახალ საომარ ავანტიურებში? ალბათ, ამას დრო გვიჩვენებს.

ამ დაძაბულ და არაპროგნოზირებულ საერთაშორისო პოლიტიკურ-საომარ ფონზე უკრაინა არ ნებდება და რუსულ დრაკონთან ბრძოლას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ ქვეყანამ მნიშვნელოვანი მორალური გამარჯვება მოიპოვა, როდესაც „ევროვიზიის“ კონკურსზე ჯგუფმა „Kalush Orchestra“ პირველი ადგილი დაიკავა. ცნობილი გახდა, რომ ამ მუსიკალურ ფესტივალს მომავალ წელს უკრაინა უმასპინძლებს და აკი განაცხადა კიდეც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აღდგენილ, გალამაზებულ და გათავისუფლებულ მარიუპოლში ჩავატარებთო.

როგორ იქნებოდა უკრაინელთა ეს წარმატება რუსეთში შეუმჩნევლად „გაეტარებინათ“. დმიტრი პესკოვი ფინეთისა და შვედეთის „პრობლემებით“ იყო დაკავებული, ამიტომ „კალუშის“ ევროპული წარმატება კრემლის ორმა „დამტყმელმა“ ძალამ - მარგარიტა სიმონიანმა და თინა კანდელაკმა „აღნიშნეს“.

„ევროვიზიამ“ დაამტკიცა, რომ „ფეიკის“ კულტურა უსაზღვროა. „ფეიკი“ „ევროვიზია“, რა იქნება შემდეგი? ბარემ ზელენსკისაც „ოსკარი“ მიეცით!!! ველოდები, როდის დაიჩოქებს ევროპა და ამერიკა უკრაინის წინაშე“, – დაწერა თინა კანდელაკმა.

„სამაგიეროდ, მომავალ წელს „ევროვიზია“ რუსეთში ჩატარდება“. - ეს უკვე მარგარიტა სიმონიანია.

სამაგიეროდ, ქალბატონი მარგარიტა ქართული წარმოშობის მომღერლის, გრიგორი ლეპსის დონბასში ვიზიტზე ქების სიტყვებს არ იშურებს: - „გრიგორი ლეპსი დონბასშია, ჩამოვიდა, რომ ბიჭებს გვერდით დაუდგეს, ჩვენი კაცური კაცი“.

თავის მხრივ, ლეპსმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, როგორ მიემგზავრება დონბასისკენ: „ჩვენ ჩამოვედით, რათა მხარი დავუჭიროთ ბიჭებს. იმედია, ჩვენი მუსიკით ცოტა გავამხიარულებთ და დავავიწყებთ ამ უბედურებას, შევალთ და მოვინახულებთ საავადმყოფოებს. აუცილებლად დავურიგებ დაჭრილებს ჩემს ალბომებსა და ცოტა ფულს“, - ამბობს ლეპსი ვიდეო მიმართვაში.

როდესაც ლეპსი დონბასში რუსი მეომრების მხარდასაჭერად იმყოფებოდა, პოპულარული ჯგუფი „U2“-ის სოლისტი, ბონო უკრაინაში ჩავიდა და კიევის მეტროსადგურში, რომელიც ამჟამად ბომბსაფარად გამოიყენება, უკრაინულ ჯგუფ, „Antitelas“-თან ერთად სიმღერა „Stand by Ukraine“ შეასრულა. ლეგენდარული ირლანდიური როკ-ჯგუფის ლიდერის გამოჩენა ყველასათვის მოულოდნელი იყო. აღსანიშნავია, რომ ბონო პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირადად მოიწვია.

„უკრაინელი ხალხი იბრძვის არამარტო საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც თავისუფლება გვიყვარს“, - განაცხადა მუსიკოსმა და მსოფლიოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

უკრაინის დასახმარებლად დაირაზმა ისრაელში, იძულებით ემიგრაციაში მყოფი მაქსიმ გალკინიც, რომელმაც უახლოეს დღეებში ამ ქვეყანაში კონცერტები დააანონსა.

უკრაინული მედიის ცნობით, გალკინი თელ-ავივსა და ჰაიფაში რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს. ბილეთების გაყიდვით გამომუშავებული თანხას იმ უკრაინელ ლტოლვილებს გადაურიცხავს, რომლებიც ომის გამო იძულებულნი გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ.

„იმის გამო, რომ ბილეთები უკვე გაიყიდა უკვე გამოცხადებულ კონცერტებზე, ასევე ადრე დადგმულ დამატებით კონცერტებზე, მაყურებლის თხოვნით, ვაცხადებ კიდევ ორ კონცერტს ტურის ორგანიზატორთან შეთანხმებით. მესამე კონცერტს თელ-ავივში 13 ივნისს და მეორე დამატებით კონცერტს ჰაიფაში 15 ივნისს. მე გადავწყვიტე გადამერიცხა მიღებული თანხა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად. ვფიქრობ, ვინც უკვე იყიდა ბილეთები, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერთად გავაკეთებთ კარგ საქმეს“, - განაცხადა მაქსიმ გალკინმა.

გალკინზე ჩამოვარდა სიტყვა და რუსეთის „პირველ არხზე“ მის ადრინდელ გადაცემას „დღეს საღამოს“ ამჯერად ქართველი ბალერონი, ნიკოლოზ ცისკარიძე გაუძღვება. პირველი გადაცემა, რომელიც ცისკარიძემ წაიყვანა, ეთერში 9 მაისს გავიდა, როდესაც რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ზეიმობდა.