„გასარკვევია ვის ინტერესებში იყო SICPA-ს შემოყვანა და ფინანსური ნაკადების მოხსნა“

„გასარკვევია ვის ინტერესებში იყო SICPA-ს შემოყვანა და ფინანსური ნაკადების მოხსნა“

2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად N996 ბრძანება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები.

აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება:

ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში

და

ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში.

ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SICPA, რომელსაც ამავე ხელშეკრულების მიხედვით, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი მომსახურების საფასურს უხდის.

საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება/სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 1 იანვრიდან. ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების ამოქმედება უკვე 2-ჯერ გადაიდო, თუმცა ეს საკითხი ამჟამადაც დღის წესრიგში დგას, რაც არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების შეშფოთებას იწვევს.

უალკოჰოლო სასმელების მარკირების თემასთან დაკავშირებით for.ge ეკონომიკის ექსპერტს, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, უალკოჰოლო სასმელების მარკირების შესახებ გადაწყვეტილება წინა ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული და მას როგორც მინერალური წყლების მწარმოებლები, ასევე ეკონომიკის ექსპერტები თავიდანვე გაუმართლებლად მიიჩნევდნენ, მაგრამ ახლა რა უშლის ახალ ხელისუფლებას, რომ ეს ბრძანება გააუქმოს?

- ცოტა ბუნდოვანია, რას ელოდებიან ამ ბრძანების გადავადების მიმართულებით, თუმცა აქ ერთი მომენტიც არის გასათვალისწინებელი. კერძოდ, ამ შვეიცარულ კომპანიასთან კონტრაქტია გაფორმებული და მისი პირდაპირ მოშლა, შესაძლოა, საჯარიმო სანქციებს უკავშირდებოდეს. ამდენად, რაღაც კომპრომისულ ვარიანტზე წასვლა არის საჭირო, რადგან ძველი ხელისუფლების პირობებში არის ეს ხელშეკრულება გაფორმებული და მისი არშესრულების შემთხვევაში მთავრობას და ბიუჯეტს, შესაძლოა, გარკვეული ვალდებულებები დაეკისროს.

პირდაპირ გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება აბსურდულია, რადგან რომელიღაც კერძო კომპანიამ უნდა გაუკეთოს მარკირება უალკოჰოლო სასმელებს, რომლებიც არცერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის დაბეგვრის რეჟიმს არ ექვემდებარებიან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის დროში გადავადება ამ საკითხების მოგვარებას უკავშირდება და მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. აქვე ჩემს პოზიციას გეტყვით - მე არანაირად არ მივესალმები ამ მარკირების შემოღებას, რადგან ეს გაართულებს მინერალური წყლების კომპანიების ოპერირებას შიდა ბაზარზეც და გარე ბარზებზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ცნობილია, თავად უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებს მარკირების წინააღმდეგ რამდენიმე არგუმენტი აქვთ. თქვენ ამბობთ, რომ მარკირების წინააღმდეგი ხართ და იქნებ განგვიმარტოთ, რატომ?

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისი დატვირთვით და შინაარსით, ეს აქციზია და არც ერთ ქვეყანაში მინერალური წყლების და წყლების წარმოების ინდუსტრია აქციზით დაბეგვრის ობიექტი არ არის. ეს არის ძალიან მგრძნობიარე, ელასტიური სფერო, სადაც მსგავსი ტიპის ჩარევები ყოველთვის გარკვეულ ცვლილებებს იწვევს, ბაზარზე მოთხოვნის და გაყიდვების შემცირებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საექსპორტო ბაზარი, სადაც ფასის მცირედი ცვლილებაც კი (რაც მარკირების შემოღების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება), ამ კომპანიების კონკურენტუნარიანობას შეამცირებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს ამ რეგულაციის აუცილებლობა არ არსებობს და ის არ უნდა იქნეს შემოღებული.

თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ბაზარზე პროდუქციის ფალსიფიცირება ხდება, ამას თვითონ მწარმოებლები მოაგვარებენ, რადგან მათ აქვთ საამისო ბერკეტები და თვითონ უკეთესად გააკეთებენ ამას, ვიდრე სახელმწიფო. ხოლო, თუ რომელიმე კომპანიის მიმართ არსებობს ეჭვი, რომ ის ფალსიფიკაციას ეწევა და პროდუქციას არ აღრიცხავს, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს ამ კომპანიის მიმართ სხვა ბერკეტების გამოყენება შეუძლია. ამიტომ, მარკირების აუცილებლობა რეალურად არ დგას.

წინა ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი იყო სწორედ ის, რომ მარკირება ფალსიფიკაციას შეამცირებდა. რეალურად თუ არის დაფიქსირებული არაალკოჰოლური წყლების ფალსიფიკაციის ისეთი შემთხვევები, რომელთა გამოც საჭირო გახდებოდა ფალსიფიკაციასთან ბრძოლა?

- მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მიღებული ეს გადაწყვეტილება იწვევს გონივრულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო რომელიღაც კონკრეტულ პირზე გათვლილი, რომელსაც მშვენიერი ბიზნესი უნდა ეკეთებინა. შვეიცარული კომპანია, რომელმაც მარკირება უნდა განახორციელოს, ოფშორშია რეგისტრირებული. როგორც აღმოჩნდა, მას ძირითად შვეიცარულ კომპანიასთან კავშირი არ აქვს. ამასთანავე, ამ კომპანიისთვის ეს საკმაოდ კარგი ბიზნესია, რადგან მას ყოველთვიურად სოლიდური თანხა უნდა შეუვიდეს ამ ინდუსტრიიდან. ამიტომ, როგორც ამ კომპანიის, ასევე ამ გადაწყვეტილების მიმართ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ბუნებრივია, ეს არ უნდა იქნას დაშვებული, თუნდაც ამ მიზეზის გამო. ბიუჯეტს ამით არანაირი ფისკალური ეფექტი არ აქვს.

ასევე არსებობს არგუმენტი, რომ ამ მარკირების შემოღება საქართველოს კონსტიტუციასაც ეწინააღმდეგება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უნდა არსებობდეს ხუთი ტიპის გადასახადი, ხოლო ეს პრაქტიკულად მეექვსე გადასახადად მიიჩნევა.

- მოდით ასე ვთქვათ, აქციზური გადასახადით დღეს მინერალური და უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრია არ იბეგრება. ამ გადასახადის შემოღებით კი ჩვენ პრაქტიკულად მივდივართ იქითკენ, რომ ეს არის აქციზი. ამასთანავე, ეს გადასახადი თავად აქციზის არსსაც ეწინააღმდეგება, რადგან აქციზით იბეგრება პროდუქცია, რომელსაც აქვს მავნე ზემოქმედება და სახელმწიფოს ამ ზემოქმედების შემცირება სურს. ბუნებრივია, მინერალური წყლები და უალკოჰოლო სასმელები ამ კატეგორიაში არ შედიან. მეორე არის ფუფუნების საგნები და, რა თქმა უნდა, მინერალური წყლები და უალკოჰოლო სასმელები არც ფუფუნების საგნებია. ამდენად, აქციზის კონტექსტშიც კი არ ჯდება ეს გადასახადი. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ასეთი გადასახადის შემოღება ყველანაირად გაუმართლებელია.

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები აცხადებენ, რომ მარკირების ამოქმედების შემთხვევაში გაიზრდება მათი პროდუქციის თვითღირებულება და შესაბამისად, საბაზრო ფასიც, რასაც თავისთავაც მოჰყვება პროდუქციის რეალიზაციის მოცულობის შემცირება. აისახება თუ არა ეს პროცესი ამ კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან გადასახადებზე, ანუ საბიუჯეტო შემოსავლებზე?

- რა თქმა უნდა, აისახება, რადგან თუ კომპანიების კონკურენტუნარიანობა და გაყიდვები შემცირდება, ეს აისახება წარმოების მოცულობაზე, დასაქმებაზე და მთლიანობაში, გაყიდვებიდან ბიუჯეტში შემავალ თანხებზე. შეიძლება ეს არ იყოს კატასტროფული ციფრი და დიდი დანაკლისი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ უნდა გავურთულოთ საქმე ამ ინდუსტრიაში მოქმედ კომპანიებს. უბრალოდ, ამის საჭიროება არ დგას, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ისინი უცხოელ მწარმოებლებთან არიან კონკურენციაში. უნდა იყოს ხელის შეწყობის პოლიტიკა და არა პირიქით, - რეგულაციების დამძიმება და გართულება.

რაც შეეხება შვეიცარიულ კომპანიას SICPA, მის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი და როგორც თქვენც აღნიშნეთ, მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. არის თუ არა ეს საფუძველი იმისა, რომ ახალმა ხელისუფლებამ მარკირებასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გადახედვა მოახდინოს?

- რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ბუნდოვანება და ეს ბუნდოვანება უფრო გაცხადებული უნდა იყოს. SICPA აკეთებს აქციზური საქონლის ელექტრონულ მარკირებას და ამ ელექტრონულ მარკირებასთან უნდა მიბმულიყო მინერალური წყლები, რომლებიც აქამდე არანაირ აქციზურ მარკირებას არ ექვემდებარებოდა. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ეს გადაწყვეტილება იწვევდა საკმაოდ ბევრ ბუნდოვანებას, მაგალითად, ვის ინტერესებში იყო ამ კომპანიის შემოყვანა, ამ სფეროდან გარკვეული ფინანსური ნაკადების მოხსნა და ა.შ. ბუნებრივია, მთავრობას აქვს ბერკეტი იმისთვის, რომ ამ კომპანიის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, საზოგადოებასაც გააცნოს და თქვას, საერთოდ, რამდენად არის ასეთი ტიპის ქმედებების განხორციელების საჭიროება.

შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის საფუძველი გახდეს?

- რა თქმა უნდა, ფინანსთა მინისტრს შეუძლია ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან ეს მის უფლება-მოსილებებში შედის. უბრალოდ, გააჩნია, რა ვალდებულებებს წარმოშობს ამ გადაწყვეტილების შეცვლა. მე მგონი ეს არის მთავარი და, ალბათ, ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ საკითხის გაჭიანურების მიზეზი ესეც არის.

რა შეუძლიათ გააკეთონ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს, რათა საკუთარი უფლებები დაიცვან?

- როგორც ვიცი, მათ აქვთ ასოციაცია, რომელიც საკმაოდ კოორდინირებულად მუშაობს და, ალბათ, ეს მიმართულება სწორია, რადგან ისინი ერთობლივად უნდა გამოვიდნენ ამ ინდუსტრიის ინტერესების დასაცავად. უნდა იყოს აქტიური კომუნიკაცია სამინისტროსთან, მედიასთან და თუ შესაძლებელია, ამ შევიცარიულ კომპანიასთანაც.