რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალოს, რომელიც უკვე მესამე დღეა რუსთავის ციხეში იმყოფება და მისთვის მისჯილი 3 წელის და 6 თვის ათვლა დაიწყო? ვრცელდება გარკვეული ინფორმაცია, თითქოს ზურაბიშვილი მის შეწყალებას აპირებს და ამით იტყვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განმუხვტა მოხდება, თუმცა ზუსტად ჯერჯერობით არავინ იცის პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
ანალიტიკოსები for.ge-სთან მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას ასე ადვილად არ მიიღებს და ეს დასავლეთიდან წამოსულ რეაქციებზე იქნება დამოკიდებული. მათ არა აქვთ მოლოდინი, რომ ზურაბიშვილზე გავლენას ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური ვითარება მოახდენს, რადგანაც ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას გამო ოპოზიცია ვერანაირი სახის საპროტესტო მუხტის აგორებას ვერ შეძლებს. სააკაშვილს, რომელსაც ნახევარ მილიონიანი ამომრჩეველი ჰყავს, მისმა დაკვებამ ეს ტალღა ვერ გამოიწვია და გვარამიას ფიგურა მით უმეტეს ამას ვერ შეძლებს.
სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების შესაძლებლობას ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, თუმცა ასეთი მოლოდინი არ აქვთ მმართველ გუნდში, სადაც სალომე ზურაბიშვილის მისამართით ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელ არაერთ განცხადებას იხსენებენ.
„ქართული ოცნების“ თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა ის არ უნდა შეიწყალოს.
მისი თქმით, თუ ზურაბიშვილი გვარამიას შეიწყალებს, „გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს“.
„გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ პირდაპირ ბილწსიტყვაობით და როდესაც ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ძალიან მარტივად იქნებოდა ჩემთვის, როგორც უბრალოდ მოქალაქისთვის ამის ნიშანი და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილსიტყვაობა და ამის გატარება, უბრალოდ, არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშვლება სახელმწიფო ინსტიტუტები. ის, ვინც ბილწისტყვაობს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, არ შეიძლება გახდეს შეწყალების საგანი“, - თქვა კობახიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუკი დასავლეთიდან გარკვეული აქტიურობა იქნება, როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავას და ნიკა რურუას შეწყალების შემთხვევაში მოხდა. მისი აზრით, მასზე ზეგავლენას შიდა პოლიტიკური პროცესები ნაკლებად მოახდენს და არც არსებობს იმის მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიას გამო ხალხი ქუჩაში გამოვა და პოლიტიკურად აქტიური პროცესები დაიწყება.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებული იქნება არა იმაზე, რას იტყვის „ოცნება“ ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული დასავლეთიდან წამოსულ რეაქციებზე იქნება. „ოცნებამ“, ალბათ, ეს იცოდა და ამას დიდი ანალიტიკური გათვლა არ სჭირდებოდა. დასავლეთს ახლა გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე გვარამიაა და მისი დაპატიმრება. მეორე, ალბათ, იქნება რჩევა, რომ სამართლებრივად ყველა პროცედურის გამოყენება მოხდეს და სამივე ინსტანციის სასამართლო ჯერ საქართველოში გაიაროს, შემდეგ კი საქმე სტრასბურგში წავიდეს.
ამიტომ მგონია, რომ პრეზიდენტი გვარამიასთან დაკავშირებით ასე სასწრაფო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუ დასავლეთი მხოლოდ განცახდებებისკენ წავა და ამ მიმართულებით მეთოდური მუშაობა არ წავა, მაშინ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი იქნება. პოლიტიკური ვითარება მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში მაინც არ შეიცვლება. ოპოზიციამ რაღაცა აქცია დააანონსა, მაგრამ რისი იმედი აქვთ, არ ვიცი. ალბათ, რუსთაველზე გასეირნება მოენატრათ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
რაც შეეხება ოპოზიციის ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილმა გვარამიას დასჯა პირადი შურისძიების მოტივით გადაწყვიტა და ამას ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან აკავშირებენ, ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ეს სრულიად უარგუმენტო და ლოგიკას მოკლებული ბრალდებებია.
„არ ჩანს ივანიშვილი ისეთი მეწვრილმანე კაცი, რომ ნიკა გვარამია პირადი შეურაცხყოფების გამო დაეპატიმრებინა. ამას გამოკიდებოდა და ახლა მით უმეტეს ევროინტეგრაციის პროცესისთვის დაემთხვია. მეორე მხარე კი ისაა, რომ სააკაშვილსა და გვარამიას შორის კოლოსარული სხვაობაა. სააკაშვილი აგერ არ ჰყავს, თუ რამისთვის გამოყენება უნდა, ან ვინმეს დაშანტაჟებას აპირებს?! გვარამია ვინაა, რა სახის პოლიტიკური ფიგურაა, რომ ივანიშვილისთვის რამე ღირებულებას წარმოადგენდეს?! სააკაშვილს მილიონნახევარი მხარდამჭერი ჰყავს და გვარამიას, ალბათ, კაცნახევარი. ამიტომ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა, როცა ამბობენ, რომ ივანიშვილმა ის კოზირად გამოიყენა და რაღაცაში სავაჭროდ გამოიყენებს. მეორეც - თუ დასავლეთს გვარამიასთან დაკავშირებით რამის თქმა უნდა, პრემიერი ბრიუსელში არაა, ადგებიან და ეტყვიან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუ სააკაშვილს დაკავებამ ხალში არანაირი სახის პროტესტი არ გამოიწვია, გვარამიას დაპატიმრებამ რატომ უნდა გამოიწვიოს? ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურაც ამდენი წუწუნით და თავის მობეზრებით ხალხის თვალში უფერულდება. ამიტომ ივანიშვილს უკვე არც გვარამია და არც სააკაშვილი მოწინააღმდეგეებად, ალბათ, აღარც მიაჩნია. ხალხის თვალში ისინი იმდენად უფერული პოლიტიკური ფიგურები არიან, რომ პირიქით, ივანიშვილს ბოლო დროს, ალბათ, ნერვებსაც ვეღარ უშლიდნენ.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მსგავს გადაწყვეტილებას მხოლოდ დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. სხვაგვარად, არგუმენტი მას არ ექნება და გვარამია რატომ უნდა შეიწყლოს? საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გვარამიას დაკავების გამო პოლიტიკური პროცესები რადიკალურად არ შეიცვლება. ხოლო არც იმას ელის, რომ დასავლეთიდან ამის გამო განსაკუთრებული კრიტიკა წამოვიდეს.
„პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუ დასავლეთიდან მძაფრი რეაქცია არ იქნება, ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ზურაბიშვილმა ოქრუაშვილის, უგულავას და რურუას შეწყალების დროს განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესების განსამუხტად ქვეყნისთვის ასე იყო უკეთესი. ახლა დასავლეთსაც თავისი ათასი პრობლემა აქვს და საქართველოს შიდა საქმეებში, მით უმეტეს ერთი პატიმრის გამო არ ჩაერევა. თანაც ვხედავთ, უკრაინა, მოლოდვა და საქართველო ახლა დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნებია, ამიტომ აქ ანტიდასავლურ განწყობების გაღვივებას მოერიდებიან. ყველამ კარგად იცის, გვარამია ხალხში რა ავტორიტეტითაც სარგებლობს და მის გამო, არ მოგნია ხელისუფლებაზე რაიმე სახის ზეწოლა მოხდეს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ივანიშვილი არ არის იმ დონის და გათვლების მქონე პიროვნება, რომ გვარამია ვინმეს დასაშანტაჟებლად გამოიყენოს. მით უმეტეს „ოცნების“ ხელისუფლებამ და თავად ივანიშვილმაც ევროკავშირში ქვეყნის გაწვერიანებისთვის არა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. ქვეყანამ ამისთვის ბევრი რეფორმა და გზა განვლო. ახლა კი ივანიშვილი იმ დონის გამოუცდელი ფიგურა არაა, რომ გვარამიას დაკავებით ეს ყველაფერი წყალში ჩაყაროს. მით უმეტეს იცის, რომ ეს მასაც და ქვეყანასაც ცუდად შეიძლება შემოუბრუნდეს.
„გვარამია არ არის იმ დონის ფიგურა, რომელზეც ამხელა ფსონი და გათვლები უნდა გაკეთდეს. ივანიშვილს მის მიმართ შურისძიება რომ ჰქონოდა განზარხული, უფრო მძიმე საქმეზე, თუნდაც გადატრიალების მცდელობისთვისაც დააკავებდნენ. ივანიშვილი არ არის იმ დონის პიროვნება, რომ მსგავს ადამიანებზე ამხელა ფსონს ჩავიდეს. მეორეც, თუკი ევროკავშირი მოლდოვას და უკრაინას წევრი კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, საქართველო რატომ უნდა გამოტოვოს, გვარამიას დაკავების გამო? ამ ყველაფერს როცა ოპოზიცია ლაპარაკობს, ცოტა ლოგიკა ხომ უნდა მიაყოლონ“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.