შესაძლოა თუ არა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ ეს ფაქტი ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ასაგორებლად გამოიყენოს? რა სახის გზავნილი შესაძლოა საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ და როგორ შეფუთავენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დასავლელი პარტნიორებისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის? მოახდინა თუ არა ხელისუფლებამ სასამართლოზე გავლენა და რაში დასჭირდა ახლა „ოცნებას“ გვარამიას დაკავება? ამ და სხვა კითხვებზე for.ge-ს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ესაუბრა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება დასავლელ პარტნიორებში გააჩენს თუ არა გარკვეულ კითხვის ნიშნებს და გავლენას ხომ არ მოახდენს ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?
- კი ბატონო, სიმართლე გითხრათ, მის დასაკავებლად სათანადო დრო არ შეირჩა. ახლა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსზე კითხვარი არის გაგზავნილი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამადიდებელი ლუპით აკვირდებიან. ევროპელებს ძნელია აუხსნა, რომ ამ ადამიანმა საქართველოში კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და პატიმრობა ამისთვის აქვს მისჯილი და არა იმიტომ რომ, ოპოზიციური მედიის დირექტორია. თქვენ იცით, რომ ევროპაში ძირითადად, ამ აღქმებით ხელმძღვანელობენ, სამწუხაროდ. მით უმეტეს ჩვენი სასამართლოს მიმართ მათ პრეტენზიები აქვთ და მოგვიწოდებენ რაღაცნაირად შევცვალოთ და რეფორმირება გავუკეთოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებასთან დასავლელი პარტნიორებისგან უსიამოვნო საუბარი, ფაქტია, შედგება. როდესაც ღარიბაშვილი ბრიუსელში ჩავა, გარკვეული კითხვები იქნება. მაინც და მაინც არ მგონია იქ გვარამიას თემა მთავარი იყოს, მაგრამ კითხვა დაისმება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანმა კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, მედიის წარმომადგენელმა გარკვეული ინდულგენცია რატომ უნდა მიიღოს?! თუ ამ ლოგიკით ვიმოქმედებთ, მაშინ სამართლებრივ სახელმწიფოზე პრეტენზია არ გვექნება, რადგან კონსტიტუციას დავარღვევთ. კანონის წინაშე ყველა თანაბარია. რა თქმა უნდა, ამ საქმის დეტალებს არ ვიცნობ და კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, თუმცა განსასჯელის სკამზე გვარამიას ნაცვლად სხვა პიროვნება ყოფილიყო, მასზე ხომ ამხელა აჟიოტაჟი არ ატყდებოდა.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ აქტიურობას, ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შემუშავებას აანონსებს. არის გვარამიას დაკავება ის თემა, რომლითაც ოპოზიცია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტს ააგორებს?
- რაღაცა აქციები იქნება, მაგრამ საზოგადოების ფართო ფენებში, ალბათ, ამას დიდი რეზონანსი არ მოჰყვება, თუ არ ჩავთვლით ინტელიგენციის გარკვეულ წრეს, ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანებს და ენჯეოებს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის ნიკა გვარამია დამნაშავეა. იმ სასჯელზეც კი, რაც მას მიუსაჯეს, ხალხი კითხულობს - მხოლოდ ამისთვის რატომ, სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილიო! როგორც, მაგალითად, სააკაშვილთან დაკავშირებით ე.წ. პიჯაკების საქმეზე კითხვები გაჩნდა - ნუთუ მარტო ესაა მისი დანაშაულიო? ამიტომ არ მგონია, რომ ნიკა გვარამიას გარშემო დიდი საპროტესტო ტალღა აზვირთდეს.
გამორიცხავთ, რომ ოპოზიციამ ამ თემის სულ სხვა მესიჯებით შეფუთვა სცადოს და ხალხს უთხრას, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევას აპირებს და გვარამიას დაკავება ამ კონტექსტს მიაბან? ამით საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას კიდევ შეძლებენ?
- კი ბატონო, ოპოზიციამ შესაძლოა, გვარამიას დაკავება მოსახლეობის არაპოლიტიზირებულ ნაწილში ისე გაასაღოს, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა, პროევროპული ორიენტაციიდან გადაუხვია და რუსეთისკენ მიდის. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ეს თემა ძალიან სენსიტიურია, შესაძლოა, ამ განწყობაზე ზემოქმედებით, ხალხის ქუჩაში გამოყვანა სცადონ - საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველო საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის. თუმცა ესეც ოპოზიციისთვის სამაშველო რგოლი ვერ აღმოჩნდება. საზოგადოება ამაზე არ წამოეგება.
ოპოზიციაში გაჩნდა ასეთი ვერსიაც, რომ შესაძლოა, გვარამიას დაკავება გამიზნული იყოს კონკრეტულად იმისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩავარდეს. ამის მსურველად კი ბიძინა ივანიშვილს ასახელებენ.
- მაშინ კითხვა ასე დავსვათ - რა ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ამბავი მასზე გადატყდეს? ამას შესაძლოა, ისევ ივანიშვილისთვის ცუდი შედეგები მოჰყვეს. თუკი ოპოზიციის ლოგიკას გავყვებით, რას იგებს ივანიშვილი ამით? კარგი, დავუშვათ, გვარამიაზეა ნაწყენი, რადგან ის მას ლანძღავს და არაერთი შეურაცხყოფა მიუყენებია, ხომ იცის, რომ მის დაკავებაში თუ ჩაერია, ეს მას უფრო ნეგატიურ შედეგს მოუტანს? თავის თავს და აქტივებს ასეთ ხიფათში რატომ ჩააგდებს არ მესმის. მით უმეტეს უკრაინაში ომის ფონზე, ეს მას რაში სჭირდება? გამოდის, რომ ივანიშვილი მდინარის წინააღმდეგ მცურავი ადამიანია. ეს კი მის ხასიათს არ ჰგავს და ასეთ პრიმიტიულ გათვლებს არ აკეთებს.
მეორე ვერსიაც არსებობს, რომ ივანიშვილს გვარამია ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო სავაჭრო თემად სჭირდება. თუ ისევ ამ ლოგიკას გავყვებით, ივანიშვილს ხომ ხელში მასზე დიდი ფიგურა მიხეილ სააკაშვილი ჰყავს? გვარამიას გამო საქმეს ასე გაიფუჭებს?
- ვინ არის ნიკა გვარამია, რომ მის გამო ივანიშვილმა ამხელა გათვლები გააკეთოს?! მით უმეტეს, როგორც აღვნიშნეთ, მას უფრო უკეთესი კოზირი მიხეილ სააკაშვილის სახით აქვს. თუ ვინმესთან რამეზე ვაჭრობა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ხელთ არ ჰყავს? თუ ამ ვერსიას განვავითარებთ, ამის ფონზე გვარამია არაფერია. ის სააკაშვილის ერთი ჩვეულებრივი საჭურველთმტვირთავია. ამ ვერსიის უკან რაიმე სერიოზულ არგუმენტაციას ვერ ვხედავ.
უკვე გამოითქვა ვერსია, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს. როგორ ფიქრობთ, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება და შესაძლებელია პრეზიდენტმა პოლიტიკური პროცესის განმუხვტა ისევ საკუთარ თავზე აიღოს, როგორც ეს უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების შემთხვევაში მოხდა?
- არ ვიცი, ახლა ქალბატონი პრეზიდენტის ხასიათს ნამდვილად ვერ ჩავწვდები და ზუსტად ვერ გავაკეთებ პროგნოზს რას იზამს. ვიცი, რომ მას გვარამიას მიმართვის გარეშეც შეუძლია შეწყალების აქტს ხელი მოაწეროს. თუ ეს მოხდება, მაშინ სიტუაცია თავისთავად განიმუხტება, როგორც ეს უგულავასა და ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა. გვახსოვს ეს ჩვენი პარტნიორების მინიშნება და თხოვნა იყო. თუ ეს მოხდება, მაშინ, როგორც იტყვიან, მგლებიც დანაყრებულები იქნებიან და ცხვრებიც გადარჩენილი. ნიკა გვარამია ციხიდან გამოვა, როგორც შეწყალებული კრიმინალი. მას ადვოკატობის უფლება უკვე აღარ ექნება. გარდა ამისა, მისი რენომე და რეპუტაცია განადგურებული იქნება. ამით სიტუაცია განიმუხტება. „ოცნებას“ რა ურჩევნია, გვარამია ციხეში ჰყავდეს, დასავლეთმა მუდმივად ეს ახსენოს, თუ შეწყალებით, როგორც კრიმინალი ისე გამოუშვას?!