დევნილთა განსახლება და გამოსახლება

დევნილთა განსახლება და გამოსახლება

საქართველოს მთავრობა 2013 წლის ბოლომდე 1500-2000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, თუმცა პარალელურად თვითნებურად დაკავებული ობიექტებიდან დევნილების გამოსახლებას გეგმავს. უახლოეს მომავალში დევნილთა შემწეობის ზრდაც იგეგმება.

ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა მინისტრმა, დავით დარახველიძის ინფორმაციით, პირველი წელი შედარებით რთული იქნება, თუმცა უკვე 2014 წელს ბინას უკვე 9 ათასამდე დევნილი მიიღებს.

დასახული გეგმის მიხედვით, საქართველოს მთავრობა 4 წლის განმავლობაში 40 000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას გეგმავს. პირველ ეტაპზე საცხოვრებელ სახლს ის დევნილები მიიღებენ, რომელთა ზოგადი მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო პირობები მძიმეა.

როგორც დარახველიძე აცხადებს, ამ დროისთვის ახალ მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტის შემუშავება მიმდინარეობს და მისი დასრულებისთანავე სამშენებლო კომპანიებისთვის ტენდერი გამოცხადდება, რომლის გამარჯვებულიც ტენდერის გამოცხადებიდან ერთ თვეში გამოვლინდება.

ამ პროცესის პარალელურად, მთავრობა თვითნებურად დაკავებული ობიექტებიდან დევნილების გამოსახლებას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო შენობებში ადამიანთა ჯგუფების უკანონოდ შეჭრის ფაქტებმა. 2012 წლის სექტემბრის მეორე ნახევრიდან დღემდე მათ უკვე ათეულობით ობიექტი დაიკავეს.

„ისინი ასევე უკანონოდ მოითხოვენ ამ ობიექტებში ელექტროენერგიისა და წყლის შეყვანას, თუმცა კანონისდამრღვევთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე ვერ მოხდება. ლტოლვილთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტრომ თხოვნით მომართა ეკონომიკის სამინისტროს, თბილისში, ღოღობერიძის ქ.N3-ში მდებარე სახელმწიფო ქონების მისთვის გადაცემის თაობაზე, რათა იქ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახებისათვის საკუთრების უფლებით ფართების გადაცემა, თუმცა აღნიშნულ ქონებაში ამჟამად უკანონოდ შეჭრილი პირები იმყოფებიან. სწორედ დევნილებისთვის ბინების გადაცემის მიზნით იგეგმება თვითნებურად დაკავებული ობიექტების გამოთავისუფლება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე გარკვეულ პირთა ჯგუფი უკანონოდაა შეჭრილი მთაწმინდაზე, იაშვილის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო ობიექტშიც.

„ხელისუფლება მათ მიმართაც გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას. აქვე გვსურს მივმართოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რათა ჩაერთონ ამ პროცესში და მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დაეხმარონ ამ ადამიანებს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ყველა პირს მოუწოდებს, საკუთარი ნებით დატოვონ თვითნებურად მითვისებული ფართები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ პრობლემის დარეგულირების მიზნით კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დევნილთა საცხოვრებელი პირობების მოწესრიგების მიზნით, სამინისტრომ უკვე მოამზადა ცვლილება, რომელიც დევნილთა შემწეობის ზრდას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე მინისტრი, ზრდის რაოდენობის კონკრეტულ მაჩვენებელს ვერ ასახელებს. არასამთავრობო ორაგანიზაციები კი დევნილთა 28-ლარიანი შემწეობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას მოითხოვენ.