„პატრიარქის ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - ეს განცხადება ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა, რომელმაც ასევე თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, საზოგადოება და მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მადლიერები უნდა იყვნენ.
„თქვენ ყველამ იცით, რომ პატრიარქი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. არ არის აუცილებელი, რომ ამ საუბრის ყველა დეტალი ვიცოდეთ - შედეგი იყო ის, რომ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში და მადლიერი უნდა იყოს ყველა, ოჯახის წევრიც და საზოგადოებაც. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, რამდენადაც შესაძლებელია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, არ უნდა შეხვედროდა? ოჯახის წევრებს რატომ უნდა შეხვედროდა? ამიტომ არ უნდოდათ შეხვედრა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო?“, - აღნიშნა მან.
ამის ფონზე, გაჩნდა ეჭვი, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაძლებელია საპატრიარქოს თუ პატრიარქის დახმარებით მოხდეს. თანაც, ისიც აღსანიშნავია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ოჯახი, სააკაშვილები პატრიარქთან შეხვედრასაც ითხოვენ, თუმცა საპატრიარქოსგან რაიმე კონკრეტული პასუხი ოჯახს ამ ეტაპზე არ მიუღია.
მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისაც უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, რადგან ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამასთან, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ლოცულობენ და დარწმუნებულია, რომ „ღმერთი ლოცვებს შეისმენს“.
„ჩემი პირადი პოზიცია ის არის, რომ მე ხშირად დავდივარ მასთან (მიხეილ სააკაშვილთან), ხშირად ვუსრულებ საიდუმლოებებს, რაც არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა, დანიშნულება და რაც შემიძლია ვაკეთებ. ჩვენ ვლოცულობთ მისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვას შეისმენს.
რაც შეეხება სამედიცინო დასკვნებს და პოლიტიკურ შეფასებებს, ეს არ არის ჩემი საქმე. ციხიდან რომ გამოვედი, განვაცხადე, რომ ყოველი შეხვედრის შემდეგ მეჩვენება შეცვლილი, გამხდარი, დასუსტებული და მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ეს ზოგადი შეფასებაა თვალით და უშულო კონტაქტით და მგონია, რომ ამის გამო მოხდა სწორედ....
ჩვენს ხელისუფლებასაც უნდა დავუფასოთ აუცილებლად, რთულ მდგომარეობაში არიან და არ არის ადვილი გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოში. მგონი, მადლიერები უნდა ვიყოთ ამის გამო“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ განცხადებების გათვალისწინებით, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ, შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა იგეგმებოდეს, თუნდაც საპატრიარქოს შუამავლობით. მეტრეველის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ვერ ძლებს საპატიმროში და ცდილობს ციხეს თავი დააღწიოს. ამასთან, ეს თემა მოსაბეზრებელი გახდა.
„ეჭვი მეპარება ამ ინფორმაციის სიზუსტეში, რასაც მეუფე აჟღერებს. არაერთხელ ითქვა პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც, ასევე იუსტიციის მინისტრმაც თქვა, რომ არ არსებობს მსგავსი პრეცენდენტი და საქართველოს კანონდებლობა არ ითვალისიწინებს პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანას. როგორც ვხედავ, არავინ გეგმავს მის საზღვარგარეთ გაშვებას, გათავისუფლებას. ენას ძვალი არ აქვს, რაც უნდათ ის ილაპარაკონ, მათ შორის სასულიერო პირებმაც, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერებიც არიან. ძალიან მიკვირს, სასულიერო პირი იყო და სააკაშვილის მიმართ დადებითად იყო განწყობილი.
არასერიოზული მგონია საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილი და მისი რამდენიმე ასეული თანამოაზრე გააგრძელებს მუდმივად ლაპარაკს. არაფერი ხდება, უბრალოდ, ადამიანი ვერ ძლებს ციხეში, ვერ ეგუება ციხეს და ყველანაირი გზით ცდილობს, რომ თავი დააღწიოს. მითი, ნარატივი, რაც არსებობდა, რომ თითქოს სააკაშვილი ჩამოვა და აქ პოლიტიკურ ამინდს შეცვლის, ეს მცდარი აღმოჩნდა. ის არ არის დღეს არანაირი ფაქტორი, არ აქვს როლი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რომ რაიმე სერიოზული ცვლილება გამოიწვიოს. ის არ ელოდა ქართველი ხალხის მხრიდან ასეთ დახვედრას და ახლა ცდილობს ნებისმიერი გზით გაექცეს მართლმსაჯულებას. მას იმის იმედი უკვე დაკარგული აქვს, რომ რაიმეს შეცვლის, ახლა უნდა რომ გაიქცეს, რადგან ციხეში ვერ ძლებს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-არგადაყვანის საკითხი „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა. პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენოს. მისი თქმით, თავად ხელისუფლებაშიც არსებობს მოსაზრება, რომ თუკი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ის შეიძლება ქვეყნის გარეთ გაიყვანონ.
„აღნიშნულის შესაძლებლობა არსებობს, რაზეც „ქართული ოცნების“ წევრები უკვე საუბრობენ. თუ სიტუაცია გართულდა, არის შესაძლებლობა, რომ სააკაშვილი გადაიყვანონ რომელიმე უცხოურ კლინიკაში სამკურნალოდ. ამაზე მანამდე არ იყო საუბარი, თუმცა ბოლო დროს ამის შესახებ რამდენიმე კომენტარი გაკეთდა.
ეს საკითხი „ქართულ ოცნებას“ შეიძლება სჭირდებოდეს პოლიტიკური ვაჭრობისთვის ოპოზიციასთან, საზღვარგარეთ სააკაშვილის გადაყვანა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი სააკაშვილი შეწყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას. თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არსებობს მოსაზრება, რომ მოხდეს პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მისი პოლიტიკური საქმიანობიდან ჩამოშორების სანაცვლოდ“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.