სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, საიდან მოდის ვარაუდები, რომ შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები შეეხოს. პრეზიდენტის განმარტებით, ევროპაში და აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არც ერთ შეხვედრაზე არ დასმულა ეს საკითხი. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, გასული წლის ბოლო (ბერმუდას მონაკვეთი) დაგვირგვინდა 5-კვირიანი საჯარო მოსმენით, სადაც რამდენიმე ელემენტმა იჩინა თავი: „პირველი, ეს რა თქმა უნდა, იყო მთელი გუნდის სინქრონული მუშაობა და მეორე, ბიძინა ივანიშვილის მოწმის როლში უზადო გამოსვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოწმის ჩვენებას. ბატონი ივანიშვილი ეცადა ფაქტების საკუთარი აღქმა მაქსიმალური სიმართლითა და გულახდილობით მიეტანა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი მომენტი, რამაც განაპირობა წარმატება, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც საშუალება მისცა იურიდიულ გუნდს, რომ გარკვეული სამართლებრივი კარკასი მოერგო და მოსამართლეს გამოეტანა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ უკვე 29 მარტს.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან პრაქტიკულად, ყველა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა ბერმუდას პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა. ჩვენ ვედავებოდით საბანკო ჯგუფის ისეთ სტრუქტურას, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია. ჩვენ ძალიან რევოლუციული და გაბედული სარჩელი ჩამოვაყალიბეთ და მოხარული ვარ, რომ მოსამართლემ სწორად შეისმინა და მანაც გაბედული ნაბიჯი გადადგა თავისი მხრიდან“, - აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
მისი თქმით, ამა წლის მარტიდან მოყოლებული, აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები, რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში, საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით.
„ასევე, დროში უცნაურად ემთხვევა ბატონი ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებულ გართულებას, მაშინ, როდესაც ის მარტის დასაწყისში უნდა ყოფილიყო თბილისში, რეალურად მისი ჩამოყვანა შუა აპრილში მოხდა, თუმცა ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა ბატონი ივანიშვილის მიერ იურიდიული გზებით მოგვარდა.
ბატონი ივანიშვილის პოზიციაა, რომ „კრედიტ სუისთან“ ყველა უთანხმოება ასევე სამართლებრივი გზებით უნდა გადაიჭრას და ამ მიზნით პროგრესიც უკვე თვალშისაცემია. ბერმუდაზე საბანკო ჯგუფთან მიღწეული წარმატების შესახებ საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია; აგრეთვე, წარმატების ყველა პირობა არსებობს ამა წლის სექტემბერში სინგაპურში გასამართ პროცესთან დაკავშირებითაც. თუმცა, ბერმუდასა და სინგაპურში პროცესების პარალელურად, თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა“, - განმარტა ვიქტორ ყიფიანმა.
მეტიც, ადვოკატის განმარტებით, დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა, ხოლო ბატონი ივანიშვილის წარმომადგენლებისგან საბანკო ჯგუფის ტრასტზე გასული ბოლოდროინდელი კორესპონდენცია რამდენიმე კვირა პასუხგაუცემელი იყო. მეტიც, ტრასტთან მიმართებაში უთანხმოება დღემდე არ არის აღმოფხვრილი. სწორედ რომ ტრასტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა ბატონი ივანიშვილის „კრედიტ სუისის“ ტრასტის მიმართ უკვე მორიგი, ამჯერად გერნსის იურისდიქციაში, სარჩელის შეტანა.
გადარიცხვების საკითხზე შექმნილ გარკვეულ სირთულეებზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს პრემიერ-მინისტრი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილი თუ საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის.
„მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებთან დაკავშირებით და სხვა აქტივობასთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები. ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი არის ცნობილი. თუ დამატებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩათვლის საჭიროდ, შეიძლება, პრესკონფერენციებიც გაიმართოს.
ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და ადვოკატების მხრიდან გაჟღერდა, რომელიც უკავშირდებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ. მე ამ თემებში, დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებისთვის ყველა კითხვაზე გაეცა უკვე დამატებითი პასუხები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარი შედგა ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება, რადგან საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ნახატებსა და ვერტმფრენს, სადაც იყო ასევე შეფერხება. ამასთან, კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილი დაბრკოლების კონტექსტში მმართველი პარტიიდან აშშ არავის უხსენებია.
„ამერიკა არავის უხსენებია, შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. მმართველი პარტია ამერიკას არ ახსენებს და ოპოზიცია ახსენებს. ვინ აწარმოებს ანტიამერიკულ კამპანიას, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ. ჩვენ ერთ მხარეს ვნახეთ მაგალითად, ხოფერიას განცხადება, რომელიც პირდაპირ რომელიღაც ქვეყანას ადანაშაულებს რაღაცაში.
მეორე მხარეს ვნახეთ უსუფაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, თურმე არაფერი ხდება, როცა ერთი დღის მაგივრად, თვენახევარი გრძელდება რაღაც საბანკო გადარიცხვა და თურმე ჩვეულებრივი მოვლენაა. ხოფერიას შეუძლია, ჰქონდეს თავისი აზრი, უსუფაშვილს თავისი. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე, ვერც ერთსა და ვერც მეორეს ვერ გავიზიარებ. ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ჩემი პოზიცია, მაგრამ ყველას შეუძლია, გამოხატოს თავის აზრი. კითხვები არის ლეგიტიმური, რატომ შეიძლება საბანკო სისტემა ან კონკრეტული საცავი ანგრევდეს საკუთარ რეპუტაციას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.