უკრაინა-რუსეთს შორის ომი 79 დღეა მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში, აზოვის ბატალიონი მარიუპოლშია ბლოკირებული. იქ მყოფი სამხედროების ოჯახის წევრები ვიდეომიმართვას ავრცელებენ და ამბობენ, რომ აზოვის ბატალიონი საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო უკრაინის ხელისუფლება მათ დასახსნელად არაფერს აკეთებს.
მათ საპასუხოდ ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მას და მის ოჯახს ემუქრებიან პირები, რომელბიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ნათესავებად წარადგენენ.
რატომ არ ან ვერ გამოჰყავს უკრაინის ხელისუფლებას აზოვის ბატალიონი, რატომ მიატოვეს და შეიძლებოდა თუ არა თავიდანვე მათი გამოყვანა, for.ge-ს ამ კითხვებს სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე პასუხობს.
აზოვის ბატალიონის წევრები ვიდეომიმართვაში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობამ ისინი მიატოვა. რატომ გრძნობენ ბატალიონის წევრები მთავრობისგან თავს მიტოვებულად?
- დეტალებში ვერ შევალ, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ აზოვის ბატალიონი უკრაინის სამხედრო ხელისუფლების მხრიდან მიტოვებულია. პირველ რიგში, პრეზიდენტ ზელენსკის და თავდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კიევს არ შესწევდა დახმარების უნარი. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მარიუპოლი ბლოკირებული იქნა. ფაქტობრივად, ორი თვეა ბლოკადაში მყოფი აზოვის ბატალიონის წინააღმდეგობა გრძელდება. რა თქმა უნდა, გვერდიდან შეიძლება საკუთარი მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ სრული ანალიზისთვის საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ, თუ რატომ მოხდა ასე. ასეთ მდგომარეობაში არა მხოლოდ მარიუპოლი აღმოჩნდა, არამედ მთლიანად სამხრეთის მიმართულება. შეფასება, ალბათ, უფრო ომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. კონფლიქტის დასრულების შემდეგ მეტი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი. უკრაინის ხელისუფლებისთვის, ალბათ, ცნობილი უნდა იყოს, თუ რამ გამოიწვია მარიუპოლოს ასე სწრაფი ბლოკირება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ცნობილია არესტოვიჩის ცინიკური განცხადებები მარიუპოლთან დაკავშირებით, ბლოკირებული რეგიონის ფონზე ასეთ განცხადებებს რატომ აკეთებდა?
- გვახსოვს არესტოვიჩის განცხადება მარიუპოლთან დაკავშირებით, რომ მარიუპოლამდე საკმაოდ დიდი მანძილია. თუ არ ვცდები, მან დაასახელა 120 კმ - ეს არის მანძილი უკრაინის დაჯგუფებებსა და მარიუპოლს შორის, რომელთა შორის უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალები იყო შემოსული. მან თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან შეუძლებელია მარიუპოლისთვის დახმარების გაწევა. თუმცა, არესტოვიჩს ამ განცხადების გაკეთება გამოუვიდა ძალიან ცივად, ზერელედ, თითქოს მეცხრეხარისხოვან თემაზე საუბრობდა.
მის ამ განცხადებას მოჰყვა აზოვის ბატალიონის ოჯახის წევრების განცხადებები, რომ ისინი იმყოფებიან ძალიან რთულ ვითარებაში, რაზეც არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მას ემუქრებიან...
- არესტოვიჩის განცხადებას ცინიკურიც და ცივსისხლიანიც კი შეიძლება ვუწოდოთ. ვნახეთ, როგორი სახით საუბრობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ბრძოლისუნარიან და ბლოკადაში აღმოჩენილ ბატალიონზე. ეს აღმოჩნდა არამარტო აზოველებისთვის, არამედ სხვებისთვისაც გამაღიზიანებელი. მას აზოველებისთვის თანადგომაც არ გამოუთქვამს. ამიტომაც არის დღეს არესტოვიჩი სამიზნე და არა პრეზიდენტი ზელენსკი. შეიძლება არესტოვიჩი იგონებს კიდეც და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს მუქარების შესახებ. არ ვიცი, შესაძლოა, ამ ინფორმაციის გავრცელებით საფრთხეების აცილების პრევენციას ცდილობს. ფაქტია, არესტოვიჩმა აზოველებთან მიმართებაში გულგრილი განცხადება გააკეთა. სჯობდა, ამ ფორმით არ გაეკეთებინა, უკეთესი იქნებოდა ამ თემაზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ესაუბრათ. რადგან არესტოვიჩმა გადაწყვიტა საუბარი, მისი ტონი სხვა უნდა ყოფილიყო - მეტი თანაგრძნობა, მეტი გამხნევება, მეტად დაიმედება, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ბლოკადის გარღვევა და მათი გადარჩენა და ა.შ.
თქვენ ახსენეთ, რომ ომის დაწყებიდან მარიუპოლის ბლოკირება ძალიან მალე მოხდა. შეეძლო თუ არა უკრაინის ხელისუფლებას, რომ აზოვის ბატალიონი თავიდანვე გამოეყვანა?
- ეს ის დეტალებია, რომელზეც ჩვენ საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვს. ზედაპირზე რაც ჩანს, არის ის, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე, დონბასის მიმართულებით, გაცილებით სერიოზულად იყო გამაგრებული საბრძოლო მოქმედებების რაიონი, ამიტომ რუსეთი ერთ თვეზე მეტია ვერ არღვევს და 100%-ით ვერ აღადგინა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების საზღვრები. არის ასეთი მაგალითად, ქალაქი სევერადონეცკი, რომელთანაც გაყინულია რუსეთის ჯარები და წინ ვერ მიდიან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინელები აღმოსავლეთში სერიოზულად იყვნენ მომზადებულები, ხოლო სამხრეთში არა. ამავე დროს ვცდილობ, რომ ვიდრე ქვეყანა ომში იმყოფება, ნაკლოვანებებზე არ ვისაუბრო. უკრაინა მეგობარი სახელმწიფო რომ არ იყოს, შეიძლებოდა ღიად საუბარი. რა თქმა უნდა, სამხედროებს ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ომის დამთავრებამდე ყველაფერზე ღიად საუბარს რაიმე სარგებელი მოჰქონდეს. პირველ კვირებთან შედარებით, ახლა რუსეთის წინსვლა ძალიან ნელი ტემპებით შეინიშნება. ზოგან პირიქით, უკუაგდეს, მაგალითად - ხარკოვთან. თუკი ომის დაწყებისას დღე-ღამეში 10-15 კმ-ით მიიწევდნენ წინ, დღეს ფაქტობრივად, გაყინულები არიან. ამავე დროს ვნახეთ, რომ ორივე მხარემ მიიღო ძალიან სერიოზული დანაკარგი. ომის დაწყების პირველივე დღეებში ვამბობდი, რომ უკრაინას ესაჭიროებოდა მძიმე ტექნიკა. როდესაც ცის ჩაკეტვაზე მუდმივად იყო საუბარი, იმ პეროიდში ვსაუბრობდი, რომ ცის ჩაკეტვა კი არა, მთავარია რაც შეიძლება მალე მიიღონ მძიმე ტექნიკა. ცა თავად უკრაინამ უნდა ჩაკეტოს, სხვა ქვეყნები ვერ ჩაუკეტავენ. მძიმე ტექნიკის გადაცემა დროში გვიანდება. ვფიქრობ, ეს დახმარება დროული რომ ყოფილიყო, გაცილებით უკეთესი სიტუაცია იქნებოდა. სხვათა შორის, ბრძოლის ველზე, უკრაინელები არანაკლებ მებრძოლები და მამაცები არიან, ვიდრე რუსები. ამავე დროს, მათ მხარეს ის უპირატესობაა, რომ საკუთარ მიწას იცავენ, კლასიკური ომია. თუ ბირთვულ იარაღს გამოვრიცხავთ, უკრაინა რუსეთისთვის, შესაძლოა, მეორე ფინეთი აღმოჩნდეს. საერთოდ, ომის დაწყების წინ ვამბობდი, რომ რუსეთს ფართომასშტაბიანი შეტევისთვის საკმარისი ძალები არ ჰქონდა თავმოყრილი. სოცქსელში დავწერე, რომ მე-2 მსოფლიო ომის დროს, უკრაინის ფრონტზე გერმანიამ 1,1 მილიონი ჯარისკაცი გამოიყვანა. რუსეთმა 5-ჯერ ნაკლები. თუკი უკრაინა დროულ და ეფექტიან დახმარებებს მიიღებს, რუსეთს ძალიან უნდა გაუჭირდებს და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება. ვხედავთ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროები გააფთრებულები იბრძვიან. თუმცა, უკრაინისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება საჰაერო სივრცეში რუსეთის უპირატესობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
შეიძლება უკრაინის მთავრობამ მარიუპოლის ბლოკადიდან აზოვის ბატალიონი მალევე არ გამოიყვანა, რადგან ეს იქნებოდა პირდაპირ ამ რეგიონის გადაცემა რუსეთისთვის და ეს არ სურდა, სწორედ ამიტომ მოუწია შეეტოვებინა აზოველები რუსებისთვის?
- რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება იმ მხრივ, რომ რომელიმე ქალაქიდან გახვიდე და მტერს დაუტოვო. ეს ყველასთვის მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ უნდა შეხედო სხვადასხვა კუთხით და უნდა შეაფასო რომელი უფრო მძიმე იქნება შენთვის - ქალაქი ბლოკადაში აღმოჩნდეს შენს ერთ-ერთ ბრძოლისუნარიან მებრძოლებთან ერთად, თუ პირიქით, გამოიყვანო, გაასწორო ფრონტის ხაზი და შემდეგ მოახდინო ქალაქის აღება. ამ საკითხზე გარედან შეფასება რთულია. ეს უკრაინის ხელისუფლების პრეროგატივაა, რადგან მეტ ინფორმაციას ფლობენ, უკეთესად ხედავდნენ სურათს და მათ თავისი ჩანაფიქრი ჰქონდა. ომის შემდეგ მოხდება ამ დეტალების ანალიზი. ჩემი შეფასებით, უკრაინა სამხრეთით და ჩრდილოეთით, საინჟინრო თვალსაზრისით, გაცილებით ცუდად იყო მომზადებული, ვიდრე დონბასში. ამიტომ, ეს უკრაინის მთავრობის საფიქრალია. შესაძლოა, ასეც იყო ჩაფიქრებული და უკრაინის ხელისუფლება ამას აფასებს, როგორც სწორ და აუცილებელ ნაბიჯს, რათა იქ მომხდარიყო რუსეთის ჯარების შებოჭვა. დავაკვირდეთ როგორ განვითარდება საომარი მოქმედებები და წარმატებები ვუსურვოთ უკრაინელ ხალხს ამ უთანასწორო და უკრაინის მხრიდან სამართლიან ომში.