რა ბედი ეწევათ „აზოვსტალში“ ჩარჩენილ მებრძოლებს და გაწირა თუ არა ისინი უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ?

რა ბედი ეწევათ „აზოვსტალში“ ჩარჩენილ მებრძოლებს და გაწირა თუ არა ისინი უკრაინის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ?

„აზოვსტალში“ გამაგრებული აზოვის პოლკი კვლავ შველას ითხოვს. რუსებმა თითქმის უკვე ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწიეს და მებრძოლებს ყოველ ერთ საათში ერთხელ თავს ესხმიან. ქარხნის ბუნკერებში 600-მდე დაჭრილი მებრძოლია, რომელთა მგდომარეობა მძიმეა. პოლკის ხელმძღვანელობა, გარკვეულწილად, გულისწყრომას უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე გამოთქვამს და ამბობს, რომ კიევმა შეუძლებელი უნდა გააკეთოს. უფორ მეტიც, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენკსის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მას და მის ოჯახს აზოვის პოლკის მებრძოლების ოჯახის წევრები ემუქრებიან. სიტუაცია იმდენად კრიტიკულია, რომ აზოვის პოლკის მებრძოლების ნათესავები დახმარებას  თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს სთხოვენ. მათ ბრიფინგი გამართეს და პრეზიდეტნს პირადად მიმართეს. სთხოვენ, რომ სამოქალაქო გემის მეშვეობით ზღვიდან, მისი უშუალო ჩართულობით, მებრძოლების ქარხნიდან ევაკუაცია მოხდეს.

უკრაინა კი „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაჭრილი სამხედროების გამოყვანის სანაცვლოდ რუსეთს ტყვეების გადაცემას სთავაზობს. უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ამბობს, რომ მოსკოვიდან ამ საკითხზე პასუხი ჯერჯერობით არ არის და მოლაპარაკება მიმდინარეობს.

კიევში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია და, რომ რუსეთი სამხედროების მესამე ქვეყანაში გადაყვანაზეც უარს აცხადებს.

მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები კი დახმარებისთვის ასევე ილონ მასკს მიმართავენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა „ტვიტერზე“ „ტესლას“ დამფუძნებელ მილიარდერს სთხოვს დაეხმაროს მებრძოლებს „აზოვსტალიდან“ მესამე ქვეყანაში გასვლაში.

„სიენენთან“ საუბრისას კი აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ამბობს, რომ ქარხანა, სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ უკვე დატოვა, თუმცა დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია. პალამარის განცხადებით, მარიუპოლში მისი 600 მებრძოლი მძიმედ დაიჭრა, კიევმა „აზოვის“ მეომრების გადასარჩენად შეუძლებელი უნდა შეძლოს.

„ხელისუფლებას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შეიძლებოდა ჩვენ ალყაში აღმოვჩენილიყავით და უნდა მიეღოთ ყველა საჭირო ზომა ლოგისტიკური დერეფნის შესაქმნელად,​ მომარაგებისთვის. ჩვენ არ მიგვიღია მითითება გასვლაზე, იყო და რჩება მხოლოდ ერთი ბრძანება: დაცვის გაგრძელება და ჩვენ ვაგრძელებთ დაცვას. ეს არის უაღრესად რთული და მძიმე ვითარება“, - განაცხადა პალამარმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადებით კი, ბოლო ორი დღეა ის და მისი ოჯახი სიცოცხლის მოსპობის მუქარებს იღებენ ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ „აზოველების“ ახლობლები არიან. არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინა იბრძოლებს „აზოვსტალიდან“ ყველა მებრძოლის გამოყვანისთვის.

„მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა მუქარებს ვიღებთ იმ პირებისგან, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ მოკლავენ ჩემს ცოლს, მე და ჩვენს შვილებს, რადგან ჩვენ კიევში ვსხედვართ და უარს ვამბობთ „აზოვზე“. „აზოვის“ მებრძოლების გარდა, ადგილზე არიან მესაზღვრეები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, ეროვნული გვარდია - ამ ჯარისკაცების ნათესავები მე და სხვებს მსგავსს არაფერს გვწერენ. მე მესმის „აზოველების“ მწუხარე ნათესავებისა და ცოლების, მაგრამ ვინც მათ ურჩევს, მუქარები მისწერონ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოციალურ ქსელებში, გირჩევთ გონს მოეგოთ და დაფიქრდეთ, ეს რას გამოიწვევს.

ბლოკირებულ ქალაქში ნათესავი და მეგობრები ჰყავს პრეზიდენტის მთელ ადმინისტრაციასაც. ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ყველა მებრძოლისთვის, მაშინაც კი თუ ეს მებრძოლი მეტყვის, რომ მესვრის მე, ჩემს მეუღლესა და ჩემს შვილებს, მე მაინც ვიბრძოლებ მისთვის, რომ აქ ცოცხალი დაბრუნდეს, რადგან ხალხის მუქარა და სასოწარკვეთა ცალკე საკითხია და სხვა თემაა მებრძოლების გამოყვანა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა „აზოვსტალში“ გამაგრებული აზოვის პოლკის გამოყვანა წარმოუდგენელია, რადგან მისი სამხედრო გზით განბლოკვა უკვე დაგვიანებულია, ხოლო რუსებმა თითქმის ქარხნის ტერიტორიაზე შეაღწიეს და რამდენიმე ბუნკერიც აიღეს. ამიტომ იქ მყოფი ჯარისკაცების ბედი, სამწუხაროდ, განწირულია. მათი სიცოცხლე მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ დერეფანზეა დამოკიდებული, რომელიც რუსებმა თურქებს უნდა გაუხსნან და ჯარისკაცების გაყვანა ამ ფორმით მოხდეს, რაზეც წარმოუდგენელია, პუტინი დათანხმდეს.

„ჯერჯერობით ძალინ რთულია ზუსტად ვისაუბროთ იმაზე, მარიუპოლში მყოფი აზოვის პოლკის გადასარჩენად რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა. თუმცა რასაც თვალს ვადევნებ, აქ დაშვებული იყო, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური სახის შეცდომები. ხერსონის აღების შემდეგ და განსაკუთრებით უკვე დონეცკის მიმართულებით, რუსებმა ალყის გაკეთება დაიწყეს. უკრაინის სამხედრო გენერალიტეტი უნდა მიმხვდარიყო, რომ მათი შეიარაღებული ძალების რაღაცა ნაწილი ამ მიმართულებით გადაესროლათ და რუსებისთვის მარიუპოლზე რკალის გაკეთების საშუალება არ მიეცათ. მარიუპოლის მიმართულებით ისეთივე სერიოზული თავდაცვითი სისტემის შექმნა მომხადრიყო, როგორიც ოდესის მიმართულებით მოხდა, როცა ნიკოლაევის მიმართულებით უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა წინმსწრები ტაქტიკის გამოყენებით რუსების შეჩერება შეძლეს. ამავე დროს, გარკვეულწილად, ოდესის თავდაცვა ზღვიდანაც შეძლეს. ამის შემდეგ რუსებმა საზღვაო დესანტის გადასხმაზე ხელი აიღეს, პირიქით - უკრაინელები აქ შეტევაზეც კი გადავიდნენ. ზუსტად ასეთი ტაქტიკა მარიუპოლთანაც რომ შემუშავებულიყო, რუსები ალყის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ და შესაძლოა, მარიუპოლი დღეს ასეთ მძიმე სიტუაციაში არ ყოფილიყო. „აზოვსტალში“ გამაგრებულ მებრძოლებს რამე ღვთიური სასწაული თუ უშველით, თორემ ისინი, ფატქობრივად, განწირულები არიან“,-ამბობს მაისაია.

მისივე თქმით, მარიუპოლი რუსების მიერ უკვე ათვისებულია და ბრძოლები ქარხანაში მიდის. რაც შეეხება პოლიტიკურ ნებას, მაისაია ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის მათთვის უკან დახევის ბრძანება შეეძლო მიეცა, როცა დაინახა, რომ სიტუაცია სავალალო იყო. მართალია, მათ ბოლოს ვერტფრენებით გამოყვანა სცადეს, მაგრამ ვერ მოხერხდა, თუ ჯარისკაცები არ გაყვნენ, უცნობია. მაისაია ამბობს, რომ „აზოვსტალის“ ქარხანას უკრაინისთვის ძალიან დიდი დატვირთვა აქვს და იქ მყოფ აზოვის პოლკს ძალიან დიდი მისია აქვს დაკისრებული. ამიტომაც, როგორც ჩანს, უკრაინის პოლიტიკურ თუ სამხედრო ხელმძღვანელობას იმედი ჰქონდა, რომ ისინი 5 თვე მაინც გაუძლებდნენ.

„ახლა ქარხანაში მყოფი ჯარისკაცების მომარაგება იარაღით, ტყვია-წამლით, საკვებით, წამლებით შეუძლებელია. ეს ხალხი ასე ღვთის ანაბარად არის დარჩენილი. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, წარმოუდგენელია, რადგან უკრაინულმა ჯარმა 100 კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროს იმისთვის, რომ მარიუპოლამდე მიაღწიოს. ანუ მთელი ეს ალყა ამ მანძილზე უნდა გაარღვიოს, თანაც ისე, რომ ცა დაცული ბოლომდე არ არის. ეს ჯარი რუსებისთვის ცოცხალი სამიზნე იქნება და იქამდე ვერც მიაღწევენ. აქ საარმიო და საავიაციო ძლიერი მუხტი უნდა შეიქმნას, უკრაინას კი ამის საშუალება არ აქვს. თუ დასავლეთიდან მიწოდებულმა იარაღმა ჩაუსწრო და რუსების შევიწროვება შორ მანძილზე მსროლელი ზალპური ცეცხლით შეძლეს, კიდევ რაღაცა შანსები არსებობს. საავიაციო და საზღვაო კუთხით, უკრაინას ამის გაკეთება, ამ ეტაპზე, არ შეუძლია.

ამ პოლკს ჰქონდა მისია, რომ რუსული ჯარების მაქსიმალური კოცენტრაცია მარიუპოლთან მოეხდინათ. გათვლა იყო იმაზე, რომ „აზვოსტალი“ კარგად დაცული ტერიტორია იყო. ქარხნის ბეტონის კედლები ბირთვულ აფეთქებასაც კი უძლებს. კარგი ციტადელი იყო იმისთვის, რომ რუსების ჯარი 5 თვე მაინც ქარხანასთან გაჩერებულიყო. მერე, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ომიც დასრულდებოდა, ან რაღაცა გარდატეხა მოხდებოდა. სამწუხაროდ, ომი რუსებმაც იციან. მათ უკრაინელების ჩანაფიქრი კარგად ამოიცნეს და ქარხანაში შეღწევა უფრო სწრაფად შეძლეს. მათ სწორი სამხედრო ტაქტიკით ქალაქის სრული ბლოკირება მოახდინეს და ეს ხალხი იქ გამოამწყვდიეს. ამიტომ ამ ყველაფერს შემდეგ შეფასება მოჰყვება - ვინ, სად და რატომ დაუშვა შეცდომა“, - ამბობს მაისაია.

საქართველოს შეიარაღებეული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ „აზოვსტალში“ დარჩენილი უკრაინელი სამხედროები ჩვენი დროის გმირები არიან, გენერალი for.ge-სთან ამბობს, რომ მათი წინააღმდეგობის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რესურსი დარჩათ - მიწისქვეშა ბრძოლა იმდენად რთულია, კიდევ დიდხანს შეუძლიათ იქ ყოფნა, გააჩნია, მარაგი სადამდე ეყოფათ.

გენერალი ამბობს, რომ ახლა ჯერჯერობით ზედმეტია იმაზე საუბარი, რა უნდა გაკეთებულიყო და რა არ გაკეთდა. უკრაინის, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო ხელმძღვანელობა ყველა ხელთარსებულ რესურსს იყენებს იმისთვის, რომ ისინი ცოცხლები გადარჩნენ.

„აზოვსტალის“ მცველებისთვის ახლა უმძიმესი ტვირთია ის 600 დაჭრილი, რომლებიც უმძიმეს დღეში არიან. რაც ვიდეო კადრებით ვიხილეთ, ჭრილობები ცელოფანის პარკებითა და წებოვანი ლენტებით აქვთ გადახვეული. ამას ემატება ისიც, რომ დახურულ სივრცეში, მზის სხივების გარეშე, ბაქტერიები უფრო სწრაფად ვრცელდება და ჭრილობებიც რთულდება. მარიუპოლის დაცვა საომარი ხელოვნების ქრესტომათიებში შევა, როგორც წარმოუდგენელი ვაჟკაცობისა და სიმამაცის სიმბოლო.

ეს ადამაინები უკვე შემდგარი გმირები არიან და რომც დანებდნენ, რაც გამორიცხულია, მაინც გმირებად დარჩებიან. არ მიმაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ან გენერალიტეტმა არ გააკეთეს არაფერი, რათა ისინი ამ ალყისგან დაეხსნათ. მათი გამოყვანის ბევრი მცდელობა იყო, როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური გზებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწიეს. სიტუაცია ძალიან რთულია და „აზოვსტალის“ სამხედრო გზით დებლოკირება უკვე შეუძლებელია.

ახლა ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. თუ რაღაც დიდი გარდატეხა მოხდება და უკრაინა ისეთ კონტრშეტევაზე გადავა, მარიუპოლამდე რამდენიმეშრიან ალყას გაარღვევს და დერეფანს გააკეთებს, რომ 1200-ზე მეტი „აზოველი“, მათ შორის დაჭრილები გამოიყვანოს, სასწაული იქნება. ომში სასწაულებიც ხდება. ამიტომ არ მინდა, რომ ეს ადამიანები უკვე განწირულებლად ჩაითვალონ“, - აცხადებს კაპანაძე.