მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას სრულიად მსოფლიო განსაკუთრებული დაძაბულობით ელოდებოდა. ყველას აინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. წინასწარი ინფორმაციით „ვლადიმიროვიჩი“ უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებდა და ქვეყანაში სრულ მობილიზაციასაც იწვევდა.
მოლოდინი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. რუსეთის პირველმა პირმა „კაპიტალისტური“ დასავლეთი სასტიკად გააკრიტიკა და უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ წაქეზებაზე ბრალი დასდო. პუტინის მტკიცებით, ომის გაჩაღება მას არ სურდა, მაგრამ დასავლეთმა და უკრაინამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს.
„გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება. რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ, მაგრამ ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ...
კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა, ბირთვული იარაღი „მიეღოთ“ და ნატომ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შესწავლა და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. ყველაფერი მიგვანიშნებდა, რომ საჭიროა ბრძოლა“.
საინტერესოა, რომ ამჯერად დასავლეთის მიმართ ბირთვული მუქარის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს, არც წინასწარ დაანონსებული ოფიციალური ომიც გამოუცხადებია.
პუტინი რუსეთის ისტორიაში, ალბათ, მეტ-ნაკლებად ერკვევა. ეცოდინება პირველი მსოფლიო ომის დროს მიმდინარე მოვლენებიც, როდესაც ფრონტიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცების დიდმა ნაწილმა მხარი ულიანოვ-ლენინის პარტიას დაუჭირა და რუსეთის ბოლშევიკურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღო. ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, რუსეთის ამჟამინდელ მმართველს ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამეორების ეშინია. მაშინაც ფრონტზე რუსეთი ვერ იმარჯვებდა და ხალხის დიდი ნაწილი იმდროინდელ მმართველ ძალას აუმხედრდა. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც.
გაუქმდა წინასწარ ფართოდ დაანონსებული საჰაერო „პარადი“, რომელშიც 77 თვითმფრინავს უნდა მიეღო მონაწილეობა. მათ შორის უნდა ყოფილიყო პუტინის სპეციალური თვითმფრინავი, „განკითხვის დღის“ სახელით მონათლული „II-80Maxdome“, საიდანაც პუტინს შეუძლია რუსეთის ფედერაციის გაკონტროლება ბირთვული საფრთხის შემთხვევაში. საჰაერო აღლუმის გაუქმების ოფიციალურ მიზეზად ამინდი დასახელდა. არაოფიციალურად კი რამდენიმე ვერსია გაჟღერდა.
სამხედრო ექსპერტ ოლეგ ჟდანოვის მტკიცებით, მოსკოვში სამხედრო აღლუმის საჰაერო ნაწილის გაუქმების მიზეზი ამინდი კი არა, პოლიტიკა იყო და პუტინმა ეს დასავლეთის ზეწოლით გააკეთა.
„ვფიქრობ, რომ აღლუმის საჰაერო ნაწილი დასავლეთის მხრიდან პუტინისთვის წაყენებული ულტიმატუმის გამო გაუქმდა. პუტინმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თემის აგორება დაიწყო და ის გააფრთხილეს, რომ განიხილება მისი პირადი ლიკვიდაციის საკითხი. ასევე, საუბარია სანქციებზე მის უშუალო გარემოცვაზე. შეხედეთ, როგორ ერთხმად დაიწყეს რუსმა ჩინოვნიკებმა საუბარი იმაზე, რომ ისინი ბირთვული იარაღის გამოყენებას არც არასოდეს გეგმავდნენ“.
განსხვავებული ვერსია გააჩნდა უკრაინულ მხარეს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ განაცხადა, რომ რუსული ოპოზიციის ინფორმაციით, რეალური მიზეზი არა ამინდი, არამედ ზოგიერთ ქალაქში რუსული თვითმფრინავებისა და უკრაინული პორტატული საზენიტო-სარაკეტო სისტემების „შეხვედრის“ რისკი გახდა.
იმ დროს, როდესაც მოსკოვი ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავდა, გმირი ქალაქი ოდესა დაუნდობლად იბომბებოდა. რუსული რაკეტების იერიშს თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც შეესწრო, რომელიც 9 მაისს ოდესაში იმყოფებოდა. ამ დროს პუტინი ყვავილებით ამკობდა გმირი ქალაქების (მათ შორის ოდესისა და კიევის) მემორიალებს.
9 მაისს, პუტინის გამოსვლას ერთ-ერთი პირველი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი გამოეხმაურა. პუტინმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზებს შორის დაასახელა ის, რომ ნატო-ს ალიანსი რუსეთის საზღვრებს გარს აკრავს. უოლესმა პუტინის ეს პრეტენზიები უარყო და განაცხადა, რომ ნატო რუსეთის სახმელეთო საზღვრის 6%-ს შეადგენს, რაც გარშემორტყმულს არ ნიშნავს.
„მე ვფიქრობ, რომ მას სჯერა იმის, რისიც უნდა, რომ დაიჯეროს. გამოსვლაში სასოწარკვეთა გამოსჭვიოდა. მაგრამ ნება მომეცით, კატეგორიულად დავაფიქსირო: ნატო, დიდი ბრიტანეთი, აღმოსავლეთ ევროპა არ გეგმავს რუსეთში შეჭრას და ამას არც არასდროს გააკეთებს“, - თქვა მან.
პუტინს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მილოცვა გამოუგზავნა, სადაც მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა რუს ხალხს მტრული ძალების მხრიდან პოლიტიკური და სამხედრო საფრთხისა და შანტაჟის აღმოფხვრის საქმეში.
როგორ იქნებოდა რომ 9 მაისის ზეიმი ლუკაშენკოს გარეშე ჩატარებულიყო. მართალია „ბატკა“ მოსკოვში მიწვეული არ გახლდათ, მაგრამ საკუთარი გზავნილი მაინც გააგზავნა: „ახლა უკვე აღარავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ მთელი დასავლეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, ჩვენ კი გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთს მხარს ვუჭერთ. გონს მოდით! ბელარუსს არ აქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, მხარი არ დაუჭიროს რუსეთს. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით, ჩვენ ყოველთვის ერთიანები ვიყავით. და რაც არ უნდა გააკეთოთ, რა ისრებიც არ უნდა ისროლოთ ჩვენი მიმართულებით, არ გამოგივათ ჩვენი გახლეჩა და დაშორება“.
9 მაისი „აღნიშნეს“ პოლონეთშიც. ვარშავაში რუსეთის ელჩს ანატოლი ანტონოვს წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც ის წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.
დმიტრი პესკოვს, ალბათ, არ ეცალა, ამიტომ პოლონური ინციდენტის შესახებ კომენტარი მარია ზახაროვამ გააკეთა. „ნეონაციზმის თაყვანისმცემლებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი სახე და ეს სახე სისხლიანია - მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების დანგრევა, საფლავების შეურაცხყოფა და ახლა, ყველა ღირსეული ადამიანისთვის წმინდა დღეს, გვირგვინით შემკობის ცერემონიის ჩაშლა ადასტურებს, რომ დასავლეთი ფაშიზმის რეინკარნაციის კურსს ატარებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ“.
სრულიად რუსეთს 9 მაისის ზეიმი თავად თინა კანდელაკმაც მიულოცა: - „ამერიკელები და ბრიტანელები ვერასდროს დაამარცხებენ რუსეთს. ჩვენ ვართ ერთადერთი იმპერია მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნება: შეწყვიტე იყო ქართველი, სომეხი, ებრაელი, ქურთი, ტაჯიკი ან ნებისმიერი სხვა იმისთვის, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი. რუსეთი ამბობს „იყავი ის, რაც ხარ, გახსოვდეს შენი ფესვები, ენა, კულტურა და იცოდე, რომ ჩვენთან ერთად შენ უფრო ძლიერი ხარ. ასე უფრო დიდი შანსია თანამედროვე სამყაროში საკუთარი კულტურის შენარჩუნების! გამარჯვების დღეს გილოცავთ!“
ფაშიზმზე გამარჯვების დღე უკრაინელებმაც აღნიშნეს და მეტად თავისებურადაც. 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის „ხოლოდნი იარ“-ის სამხედროებმა რუსებს 9 მაისს სპეციალური საჩუქარი მოუმზადეს. მათ უკრაინაში ომის დროს დამპყრობლებისთვის ჩამორთმეულ რუსულ ტანკებზე „აღლუმი“ გამართეს. ახლა ეს რუსული ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ დღეებში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში ეხმარება.
„მომავალში აღვნიშნავთ გამარჯვების დღეს. თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება. ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ ამისთვის. ამასობაში ჩვენ ვაწყობთ სამხედრო „აღლუმს“ დატყვევებულ რუსულ ტანკებზე“, - განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა.