„ნაცმოძრაობის“ მორიგი ინიციატივა - „თავდებობა სააკაშვილს“ ოპოზიციის მხრიდან უარყოფილია

„ნაცმოძრაობის“ მორიგი ინიციატივა - „თავდებობა სააკაშვილს“ ოპოზიციის მხრიდან უარყოფილია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ინიციატივით გამოდის, თავდებში დაუდგნენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის შემდეგ, ის ქვეყანაში დაბრუნდება და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება. აღნიშნულს გაემიჯნენ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მსგავს ინიციატივაში ჩართვის შესაძლებლობას. ახალი ინიციატივა ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში შეაფასეს და განაცხადეს, რომ ეს არის მორიგი მცდელობა, სააკაშვილმა თავი დააღწიოს საპატიმროს და აირიდოს ის სასჯელი, რომელიც კანონით ეკუთვნის.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა არაფერს შეცვლის და არც სამართლებრივად მიაჩნია სწორად.

„მე არ ვუერთდები ამ ინიციატივას, არაერთხელ გამისვამს ხაზი, რომ ყველა სივრცეში და ყველა დონეზე ვეთანხმები იმას, რომ ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ჯანმრთელობისთვის, მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ თავდებში დავუდგე და ხელი მოვაწერო ამ ინიციატივას, არ ვთვლი სწორად, ამიტომ არ ვუერთდები, არც სამართლებრივად არის ეს გამართლებული. „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვეთანხმები, რომ ის გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ საზღვარგარეთ, სახელმწიფომ მიიღოს ყველა ზომა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული, მაგრამ ამ ინიციატივას მე ხელს არ ვაწერ“, - განაცხადა სამნიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, ეს მოთხოვნა ვერ და არ დაკმაყოფილდება, თუმცა კონკრეტულ მიზანს ემსახურება. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები სააკაშვილს უნდა გაემიჯნონ.

„პატიმარს თავდებად დაუდგე, ცოტა უცნური მგონია. არც ის მგონია, რომ შესაბამისობაში იყოს კანონმდებლობასთან. უფრო შესაფერისი იქნება სასჯელის გადავადება მოხდეს, სანამ გამოჯანმრთელდება, მაგრამ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. ამიტომ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც კარგად იციან, რომ არანაირი რეალური შედეგი არ მოჰყვება. გათვლა არის, თუ რომელ წრეში გამოიწვევს მხარდაჭერას, თანაგრძნობას ან პოლიტიკური კაპიტალის გაზრდას. რაც შეეხება ოპოზიციას, გასაგებია, რომ არ უჭერენ მხარს. სოლიდარობა გამოუცხადონ, მაგრამ ისინი საერთოდ უნდა გაემიჯნონ მათ. წვრილმა პარტიებმა დროულად უნდა მოძებნონ ერთმანეთთან მისასვლელი გზები, თუ მათ უნდათ პოლიტიკურ ლანდშაფტში დარჩნენ და რაღაც სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდნენ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თვლის, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი არაადეკვატური ნაბიჯი. როგორც მან For.ge-ს განუცხადა, თუნცად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ, ის მაინც ვერ გამოვა ციხიდან.

„აბსოლუტურად არაადეკვატური მორიგი ნაბიჯია, როგორც სხვა წინა ნაბიჯები. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართული საზოგადოება იცნობს ათწლეულებია უკვე და ყველამ ვიცით, რომ მათ სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს. რეალობა არის, რომ სააკაშვილი ვერ ძლებს ციხეში და აქედან გამომდინარე, არის ცუდად, მეტი არაფერი ხდება და მოუწოდებს თავით თანაპარტიელებს, რომ როგორმე გაიყვანონ ციხიდან. ეს პოლიტიკური არარაობები, რაც მოიხარშება გუბაზ სანიკიძის და სხვების თავებში, იმას ახორციელებენ, თუმცა ეს რეალობას არ ცვლის. თუნდაც ჩაუდგნენ თავდებში, სააკაშვილი გარეთ ვერ და არ გამოვა“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

ამასთან, აღსანიშვნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევებისთვის გადასვლაზე თანხმობა გამოთქვა, თუმცა რამდენიმე პირობით - მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს, პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ „ემპათიადან“, დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს - ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს და ა.შ. თუმცა, მოგვიანებით სააკაშვილმა ყველა პირობა ერთზე დაიყვანა და თავმდგომად დედა მოითხოვა. მას ეს თხოვნა დაუკმაყოფილეს და სტატიის მომზადების დროისთვის მას უკვე ელოდებოდნენ კლინიკა „ვივამედში“.