უკრაინაში მიმდინარე საომარი დაპირისპირება კვლავ გრძელდება. რუსეთი დიდი მცდელობის მიუხედავად გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობის მიღწევას ვერ ახერხებს. ისე ჩანს, რომ აქტიური შეტაკებების მეორე ფაზა ბატონი პუტინისათვის კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდება. რა მოხდება მომავალში? ამაზე დღეს ზუსტ პასუხს ვერავინ გაგვცემს.
რამდენიმე დღეც და 9 მაისიც კარზე მოგვადგება, დღე, რომელსაც სრულიად მსოფლიო მოუთმენლად ელის. არის ვარაუდები, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინას ომს ოფიციალურად გამოუცხადებს და „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ისტორიის კუთვნილება გახდება. პუტინი რუსეთის მასშტაბით სრულ მობილიზაციას მოახდენს და დაუმარცხებელ უკრაინას ახალი ძალებით შეუტევს. არის ვერსია რომ 9 მაისს, „საზეიმო სიტყვით“ გამოსვლისას, „ვლადიმიროვიჩი“ მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობას დაუფარავად დაუპირისპირდება და უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გამო სამხედრო აგრესიით დაემუქრება.
რაც შეეხება უშუალოდ 9 მაისს, წინა წლებისაგან განსხვავებით, ამჟამად ნაკლები პომპეზურობით ჩატარდება. მას უცხო ქვეყნის არც ერთი ლიდერი არ დაესწრება. მოსკოვის წითელ მოედანზე დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობას 129 სამხედრო მანქანა და ათი ათასი ადამიანი, მათ შორის კაზაკები და „Юнармия“-ს წევრები მიიღებენ. წინა წლებში წითელ მოედანზე გამართულ ანალოგიურ საზეიმო მსვლელობებში, გაცილებით მეტ სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ვხვდებოდით.
უკრაინაში წარუმატებლობის პარალელურად ოფიციალური რუსეთი დასავლეთ სამყაროს უფრო და უფრო დაუფარავად ემუქრება.
„უკრაინისა და სხვა ქვეყნების იარაღით გატენვის ტენდენცია არის ის, რაც საფრთხეს უქმნის კონტინტენტის უსაფრთხოებას და იწვევს არასტაბილურობას“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
„დასავლეთის ქვეყნები ღიად მოუწოდებენ უკრაინას, შეუტიოს რუსეთის ტერიტორიას იმ იარაღის გამოყენებით, რომელსაც ისინი კიევს აწვდიან“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროების მსგავსი ქმედება რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ „უპასუხოდ არ დარჩება“.
უფრო მეტიც, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელმა „Russia-24“-მა აჩვენა სიმულაცია, თუ როგორ განახორციელებდა კრემლი ბირთვულ დარტყმას ევროპის სამ დედაქალაქზე. რუსული სატელევიზიო გადაცემის პროდიუსერებმა მაყურებელს აჩვენეს რუკა. ივარაუდეს, რომ რაკეტების გაშვება შეიძლება კალინინგრადიდან განხორციელდეს. აღმოჩნდა, რომ ბირთვული რაკეტა ბერლინამდე 106 წამში, პარიზში 200 წამში, ლონდონში 202 წამში ჩააღწევს და ყველაფერს გაანადგურებს. გადაცემაში „როდინას“ პარტიის ლიდერმა ალექსეი ჟურავლევმა იკითხა, რა მოხდებაო, თუ რუსეთი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ატომურ იარაღს გამოიყენებსო. პასუხმაც არ დააყოვნა: „ერთი „სარმატის“ რაკეტა და ბრიტანეთის კუნძულები აღარ იარსებებს“.
მსოფლიო უსაფრთხოების მდგომარეობას ერთი ფაქტორიც ამძიმებს. 6 მაისს ფინეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. 12 მაისს კი, დიდი ალბათობით, ნატოში გაწევრიანების სურვილს უკვე ოფიციალურად განაცხადებს. რუსეთმა უკრაინას ომი ძირითადად ნატოს გამო დაუწყო. ამ დროს, პეტერბურგიდან მეზობლად, სულ რაღაც 120 კმ-ში უკვე ნატოს ბლოკში შემავალი ახალი ქვეყანა ეყოლება. საინტერესოა რას მოიმოქმედებს ვლადიმირ პუტინი?
პუტინზე ჩამოვარდა სიტყვა და, ალბათ, დაგაინტერესებთ რა საერთოა „ვლადიმიროვიჩსა“ და ახლო წარსულში ცნობილ ჯგუფ „ბითლზს“ შორის. ერთ „ცნობილ“ ქალბატონს მოვუსმინოთ:
„ჩვენი პრეზიდენტი ხშირად გადის ხალხში, ის სახალხო პრეზიდენტია, მაგრამ ის, რაც ჩვენი მივლინებაში ყოფნისას ვნახე, არის შოკის მომგვრელი. ქალები ესეოდნენ, კიოდნენ, წიოდნენ, ასეთი რამ ყველა როკ-ვარსკვლავს შეშურდებოდა. მსგავსი მე „ბითლზის“ კონცერტზეც არ მინახავს. სხდომის წამყვანი ყვიროდა, ქალბატონებო და ბატონებო, დასხედით, შემდეგ კი მხოლოდ ქალებს მიმართავდა. ამის შემდეგ კიდევ იტყვიან, რომ პუტინი არავის უყვარს? ვინც ამას ამბობთ, გინახავთ, როგორი ისტერიკა ემართებათ ქალებს პუტინის დანახვაზე? ის კი გალანტურად უღიმის ყველას“, - განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.
მიუხედავად ასეთი „სიყვარულისა“, ერთგვარი „ტაიმ-აუტის“ შემდეგ რუსეთში „ანტიპუტინისტური“ გამოსვლები ნაკლები მასშტაბით, მაგრამ მაინც განახლდა.
პირველ მაისს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო მცირერიცხოვანი მანიფესტაციები ჩატარდა. რასაკვირველია, რუსული პოლიცია არ სთვლემდა და 45 ადამიანის დაკავება მოახერხა.
ამის გარდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სრულიად რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებზე არაერთი „შემთხვევითი“ ხანძარი გაჩნდა. საინტერესოა, რომ ამ ხანძრების პარალელურად ჩნდება სიმბოლოები „L“.
„L“ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიონის „რუსეთის თავისუფლების“ სიმბოლოა. ეს ლეგიონი დაკომპლექტებულია რუსეთის იმ მოქალაქეებისგან, რომელთა მიზანი პუტინის სამეფო ტახტიდან ჩამოგდებაა.
პუტინის წინააღმდეგ კვლავ ილაშქრებს „არაპატრიოტულად“ განწყობილი რუსი მუსიკოსების ერთი ნაწილი.
ცნობილმა რუსულმა როკ ჯგუფმა „ДДТ“-მ ქალაქ ტიუმენში, Z სიმბოლოთი გაფორმებულ დარბაზში კონცერტის გამართვაზე უარი თქვა. დარბაზში მუსიკოსებმა Z სიმბოლო შენიშნეს და გამოსვლის სხვა შენობაში გადატანა მოითხოვეს. ახალ ლოკაციაზე როკ ჯგუფს გამოსვლის უფლება არ მისცეს და კონცერტი ჩაიშალა.
„ტიუმენში უნდა დაგვეკრა, მაგრამ არ გამოვიდა. ერთმა ძალიან სიმპათიურმა ქალბატონმა უარი გვითხრა. ალბათ, იმიტომ აგვიკრძალეს გამოსვლა, რომ დარბაზის შეცვლა მოვითხოვეთ. სადაც უნდა გამოვსულიყავით უშველებელი Z ასო დაგვხვდა, იქ დაკვრაზე უარი ვთქვით, კონცერტის სხვაგან ჩატარების უფლება კი არ მოგვცეს“, – განაცხადა ჯგუფის ლიდერმა იური შევჩუკმა.
ცნობილი გახდა, რომ ამავე მიზეზით ქალაქ ომსკში კონცერტი გააუქმა მეორე პოპულარულმა რუსულმა ჯგუფმა „Би-2“. ამ შემთხვევაში სცენაზე უშველებელი ტრანსპარანტი „Za президента“ იყო ჩამოკიდებული. მუსიკოსებმა ამ ბანერის ჩამოხსნა მოითხოვეს. რასაკვირველია, უარი მიიღეს და კონცერტის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ტერიტორია დემონსტრაციულად დატოვეს.
პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ კვლავ გაილაშქრა ცნობილმა რუსმა მსახიობმა ლია ახეჯაკოვამ, რომელმაც კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსული აგრესიის შესახებ და ამჯერად რუსი ხალხის გულგრილობაზე გაამახვილა ყურადღება. მსახიობმა განაცხადა, რომ 16 წლის წინ პუტინს მისცა ხმა და ამას დღეს საშინლად ნანობს.
„უნდა გვესმოდეს, რომ ამ ომმა სამუდამოდ შეცვალა ორი ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობა და ის არასოდეს იქნება ისეთი, როგორც უწინ. ყველაზე მეტად რუს ხალხზე მწყდება გული, როგორ ხუჭავს თვალს ამ სამხეცეთზე, ისევ დადიან დისკოთეკებზე და სჯერათ, რომ მათი ბელადი პუტინი, წმინდანია“, – ამბობს 83 წლის ახეჯაკოვა.