საქართველოს შემდეგ, უკრაინამ აგრესიული და მუქარის ტონი ევროკავშირისკენ მიმართა.
„თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენს მოტყუებას ცდილობს და ჩვენ ამის გადაყლაპვას არ ვაპირებთ“, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ფრანგულ გამომცემლობა Financial Times მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კულებას განცხადებას არადიპლომატიურს უწოდებს საგარეო საქმეთა ურთიერთობის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა უკრანის თავდაცვის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ომის ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს აგრესიული ტონი ჩამოუყალიბდათ.
„როდესაც ომის პირობებში ევროპა უკრაინას მნიშვნელოვნად ეხმარება, ამის ფონზე დმიტრი კულებას განცხადება, არადიპლომატიურია. ვფიქრობ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ცოტა ხისტი მიდგომაა. ბოლო პერიოდში უკრაინის მაღალჩინოსნებს აგრესიული სტილი ჩამოუყალიბდათ და ეს კარგი არაა. სავარაუდოდ, დასავლეთიდან შესაბამისი მითითებები იქნება, რომ ასე არ გააგრძელონ. მარტო კანდიდატობის საკითხი ხომ არ არის, ბოლო-ბოლო ევროპამ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მილიარდზე მეტი დახარჯა და პატარა საქმე არაა. ამიტომ ჯობია, ევროპის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge-ს და იქვე განმარტავს, რომ უკრაინის მაღალჩინოსნებს ბოლო პერიოდში თუ რატომ აქვთ აგრესიული განწყობა. ანალიტიკოსი ასევე დასძენს, რომ გარკვეულწილად, მათ აგრესიას შესაძლოა, ომის ფონზე გამართლებაც ჰქონდეს.
„გასაგებია, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. გარკვეულწილად, თავისი წყენაც აქვთ და ეს იხსნება იმით, რომ ამ ხნის განმავლობაში ევროპა რუსეთს ფულით ამარაგებდა. უკრაინაში ასე წარმოუდგენიათ - ყირიმის ანექსიის შემდეგ, ევროპას რუსეთის გაძლიერება უნდა შეეწყვიტა. შეიძლება დღეს უკრაინის მხრიდან გაკეთებულ აგრესიულ განცხადებებს გამართლებაც ჰქონდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დიპლომატიურად სწორი არაა. თუ აგრესიის გამოვლენას გააგრძელებენ, ევროპელებს ამდენი ფულის დახარჯვა აღარ მოუნდებათ. მე ამ ქმედებას არ ვუწონებ, თუმცა თავისი გასამართლებელი არგუმენტები აქვთ და ამას ასე ავხსნი - რუსეთმა ამდენი იარაღი რომ გამოუშვა და სიძლიერე შეიქმნა, ეს ევროპის ფულით გააკეთა. გარკვეული სიმართლის ნაპერწკალი ამაში არის. ამიტომ, აქვთ ასეთი წყენა, მაგრამ კონტროლის დაკარგვა არ შეიძლება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
კახა გოგოლაშვილის აზრით, არაფორალური შეხვედრები გაიმართება, მოლაპარაკება შედგება და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ასეთ მწვავე განცხადებას ევროპა პასუხს გასცემს.
„ვფიქრობ, არაფორმალური შეხვედრები გაიმართება და აგრძნობინებენ, თუ ევროკავშირზე თავდასხმას გააგძელებენ, მაშინ ასეთ მასშტაბის მხარდაჭერას ვეღარ მიიღებენ. ყოფილა შემთხვევები, რომ უკრაინის ხელისუფლებას გადაუმლაშებია და შემდეგ უკან დაუხევია. ამის მაგალითია გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტზე უარის თქმა. ახლა კი მესიჯი გაუგზავნეს და უკრაინაში ელიან“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის მიმართ მწვავე განცხადებების მიუხედავად უკრაინის დაფინანსება არ შეწყდება.
„საკითხი ასე დგას- რუსეთი თუ იმარჯვებს, ე.ი. პრაქტიკულად, მთელს მსოფლიოს საფრთხე ემუქრება. უკრაინას დახმარებას თუ არ გაუწევენ, რუსეთი გაიმარჯვებს. ევროპამ უკრაინას დახმარება რომ შეუჩეროს, ამ შემთხვევაში თავად მოუწვეს ომი. ეს უკრაინაში კარგდ იციან და ამიტომ გათამამდნენ“, - განუცხადა for.ge-ს კახა გოგოლაშვილმა.
დიმიტრი კულებას განცხადებას მუქარის ტონად ვერ აღიქვამს, ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე.
„კულებას განცხადებას მუქარას ნამდვილად ვერ დავარქმევ. დღევანდელ დღეს რუსეთმა რა პოლიტიკური საფრთხეებიც შექმნა, ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს იმედი უკრაინას არ უნდა გაუცრუვდეს“, - აღნიშნა ფხალაძემ for.ge-თან საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინას აქვს სერიზული შანსი, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ანალიტიკოსის აზრით, აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა, ევროპის დიდმა ქვეყნებმა თანახმობა განაცხადონ, ხოლო პრობლემა სწორედ პატარა სახელმწიფოებმა შექმნან.
„მარტივად არაფერი ხდება. იცით, რომ გადაწყვეტილებას ევროკავშირის თითოეული ქვეყანა იღებს, ამიტომ ყველა სახელმწიფოსთან სამუშაოა. აღნიშნულ საკითხზე გერმანიის ბუნდესტანგმა ნათლად დაადასტურა თავისი პოზიცა. კანცლერისგან ჯერ კომენტარი არ ყოფილა, მაგრამ ალბათ, მხარდაჭერა იქნება. გამორიცხული არაა წინააღმდეგები პატარა ქვეყნები წავიდნენ. ყველასთან მუშაობაა საჭირო. ცნობილია, რომ ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ავსტრიას. შეიძლება 99% მომხრე იყოს და იმ ერთმა პროცენტმა გააფუჭოს საქმე“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
თუ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, იძიებს თუ არა შურს რუსეთი იმ ევროპის ქვეყნებზე, რომლებიც რუსული ენერგომომხმარებლები არიან, ანალიტიკოსი ამ საკითხს ასე აფასებს: „დღეს უკვე ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ევროპელებმა ძალიან ნათლად დაინახეს, რომ რუსული ენერგეტიკული მარყუშისგან უნდა გათავისუფლდნენ. გუშინ, ურსულა ფონ დერ ლაიენს სერიოზული მოლაპარაკებები ჰქონდა და ამ მოლაპარაკებების პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა - უნგრეთის დაყოლიება ხდება, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგო გამოცხადდეს. ანუ, დღეს ევროკავშირი ნათლად ხედავს, თუ რა საფრთხე შეუქმნა მას რუსულმა ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებამ. ევროკაშირმა უკრაინას სტატუსი რომ მიანიჭოს და ამან რაიმე პრობლემა შექმნას, ეს თემა აღარ მუშაობს“, - განუცხადა for.ge-ს ანალიტიკოსმა.