„ადრე თუ გვიან, რუსეთის რესურსები ამოიწურება, მაგრამ ამერიკის რესურსები ამოუწურავია“

„ადრე თუ გვიან, რუსეთის რესურსები ამოიწურება, მაგრამ ამერიკის რესურსები ამოუწურავია“

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას რაიმე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი არ უთქვამს - ასე აფასებს საქართველოში ანალიტიკოსთა ნაწილი პუტინის განცხადებებს, რომელიც ორი დღის წინ გააკეთა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკა დღეს უკვე შედარებით შერბილებულია და ბოლო პერიოდში, მსოფლიოს არც ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება. ეს ყველაფერი კი მიანიშნებს, რომ 9 მაისს გამართული ე.წ. საზეიმო აღლუმი უფრო დამარცხების ერთგვარ აღიარებას ჰგავდა.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ პუტინმა არ ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მოლოდინი რეალურად არსებობდა. ასევე, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აღარ საუბრობს დასავლეთის მუქარის შედეგად. თანაც, დასავლეთმა ღიად გააფრთხილა, რომ ამ შემთხვევაში ბირთვული თავდასხმის ობიექტი უშუალოდ პუტინი გახდება.

ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არ წავა, რადგან „ის გიჟი არ არის“. მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო რუსეთს დაუპირისპირდება და ეს კარგად იცის პუტინმა.

„რუსეთისთვის, პროგრამა მინიმუმად იქცა ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებში დაბრუნება და სამხრეთი უკრაინის დაკავება. სანამ პუტინი ამ მიზანს არ მიაღწევს, ის ომს არ შეწყვეტს. შეიძლება დამარცხდეს, მაგრამ შეწყვეტით, ის ომს არ შეწყვეტს. მეორე მხრივ, უკრაინისთვისაც შეუძლებელია ამ პირობებზე დათანხმება.

გამორიცხულია, პუტინმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რადგან ის გიჟი არ არის. მან მშვენივრად იცის, რამხელა შოკი იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კიდევ მოხდეს ბირთვული იარაღის გამოყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტისადმი ნეიტრალურად განწყობილი ყველა ქვეყანა ანტირუსული გახდება. პუტინისთვისაც მარცხია ახლა დაზავება. ადრე თუ გვიან, რუსეთის რესურსები ამოიწურება, მაგრამ ამერიკის რესურსები ამოუწურავია“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ პუტინმა, თავისი აგრესიული რიტორიკით ოდნავ უკან დაიხია. როგორც მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რუსეთის საქმეები კარგად არ მიდის და ამაზე მიანიშნებს რუსეთში ჩატარებული აღლუმიც.

„რაიმე ლოგიკის ძებნა პუტინის საქციელში რთული საქმეა, მაგრამ ზოგიერთი რამ შეიძლება დავასკვნათ - ფაქტია, რომ პუტინმა აგრესიული რიტორიკით ცოტათი უკან დაიხია. გასაგებია, ეს სწორედ იმის ბრალია, რომ ის საქმეები, რომელიც მან უკრაინაში დაატრიალა, ისე ვერ მიდის, როგორც ფიქრობდა ან სურდა. ამიტომ ამას „გამარჯვების ზეიმი“ პირობითაც ერქვა. ყველა სხვა განზომილებით, ეს იყო დამარცხებული მხედართმთავრის მიერ ჩატარებული აღლუმი. ეს მის გამოსვლასაც ეტყობოდა. როგორც ჩანს, კრემლშიც იმის შეგნება, რომ საქმე კარგად არ არის, ფეხს იკიდებს.

„ლენდ-ლიზის“ განხორციელება ნამდვილად იქნება გადამწყვეტი. ეს ძალიან სწრაფად არ დაამთვრებს ომს, მაგრამ ამ პროცესში გარდამტეხი იქნება. უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ დათმობას არ აპირებენ და შეუძლიათ საკადრისი პასუხის გაცემა“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

პუტინის განმარტებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში რუსეთმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების გაფორმებისა და სამართლიანი დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა როგორც კრემლის ლიდერი აღნიშნავს, ნატო-ს ქვეყნებმა არ გაიგეს მისი მოწოდება.

„გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! სამშობლოს დაცვა, როდესაც წყდებოდა მისი ბედი, ყოველთვის წმინდა იყო. გულწრფელი პატრიოტიზმის ასეთი გრძნობით მტერს ებრძოდნენ მოსკოვთან და ლენინგრადთან, კიევთან და მინსკთან, სტალინგრადთან და კურსკთან, სევასტოპოლთან და ხარკოვთან. ასეა ახლაც, ამ დღეებში თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობაა მათი ხსოვნის დაცვა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს. ამიტომ, საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით. სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის.

გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ გაგვეფორმებინა უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, რუსეთი მოუწოდებდა დასავლეთს სამართლიანი დიალოგისა და გონივრული კომპრომისული გადაწყვეტის ძიებისკენ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით. ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა, ნატო-ს ქვეყნებმა არ მოისურვეს ჩვენი გაგონება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ ჰქონდა სრულიად განსხვავებული გეგმები და ჩვენ ამას ვხედავდით. ღიად მიმდინარეობდა დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება, ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრა, მათ შორის - ყირიმში. კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენაზე. ნატო-მ დაიწყო აქტიური სამხედრო მოცვა ჩვენს სიახლოვეს მდებარე ტერიტორიების, აქედან გამომდინარე, იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, მათ შორის, უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება ნეო-ნაცისტებთან, ბანდეროველებთან, ვისზეც აშშ-მ და მისმა კომპანიონებმა დადეს ფსონი, იქნებოდა გარდაუვალი. ვიმეორებ, ჩვენ ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყო მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, მიმდინარეობდა ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება ნატო-ს ქვეყნებიდან, საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.