„ბაიდენისთვის იდეალურია რუსეთის დაშლა, რადგან რუსეთში თუ არ შეიცვალა სახელმწიფოებრიობის კონსტრუქცია, ეს ხალხი ახალ პუტინს აირჩევს“

„ბაიდენისთვის იდეალურია რუსეთის დაშლა, რადგან რუსეთში თუ არ შეიცვალა სახელმწიფოებრიობის კონსტრუქცია, ეს ხალხი ახალ პუტინს აირჩევს“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთთან ბრძოლის ძირითადი მეთოდი არის ეკონომიკური სანქციები, რომელიც მის სრულ დაშლას და პრაქტიკულად, იარაღის გარეშე რუსეთის დამარცხებას გამოიწვევს. კერძოდ, რუსეთის დაშლა იმ ზომამდე, რომ მას მერე აღარ ჰქონდეს სხვა ქვეყნებზე აგრესიის განხორციელების არც სურვილი და არც შესაძლებლობა. მისი თქმით, ამ ხარისხით ეკონომიკური სანქციებით რუსეთის წელში გატეხვა არის უკვე დღევანდელი - მესამე მსოფლიო ომის თავისებურება, რომელიც ნაკლებად სისხლიანი იქნება.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

აშშ-ის პრეზიდეტმა 9 მაისს ხელი მოაწერა „ლენდ ლიზის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც აშშ უკრაინას დიდი რაოდენობით შეიარაღებას და საბრძოლო მასალას მიაწვდის. აქ საინტერესო სწორედ ის არის, რომ 9 მაისს მოაწერა ხელი, რითაც ამერიკა რეალურად ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვის ნაცისტებს რუსეთის სახით. როგორ ფიქრობთ, „ლენდ ლიზის“ მიღებით ვუახლოვდებით მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს და მისი ამოქმედება ნიშნავს რუსეთის დამარცხებას?

რამაზ საყვარელიძე: საკითხები, რასაც თქვენ მოუყარეთ თავი, ბევრ თემაზე გადის. გეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესოა, დოკუმენტს რატომ მოაწერა ხელი ამერიკის პრეზიდენტმა 9 მაისს. ამით, ნაწილობრივ მინიშნება იყო იმაზე, რომ ამერიკა ახლაც ებრძვის ნაცისტებს რუსეთის სახით. პრაქტიკულად, ეს სულისკვეთება უკვე არის მესამე მსოფლიო ომი, როდესაც არის რომელიღაცა ერთი ქვეყანა, რომელსაც პარტნიორები თითქმის არ ჰყავს და მთელი მსოფლიო მას უპირისპირდება. ახლაც იგივე სურათია, როგორც 40-იან წლებში და აი, ეს განაცხადა 9 მაისს ხელის მოწერით ბაიდენმა.

რაც შეეხება დაპირისპირების სიღრმეებს...

- მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერთან დაპირისპირება ბოლომდე იყო დაგეგმილი და გულისხმობდა, რომ ნაციზმი ფიზიკურად უნდა გაენადგურებინათ თავის ჰიტლერიანად. ამიტომ შევიდნენ ჯარები ბერლინში, აიღეს ყველა სახელისუფლებო შენობა, ჰიტლერის ბუნკერის ჩათვლით და ა.შ. ახლა ფიზიკური განადგურების ვერსია არ არის. ეს არსებითი განსხვავება არის.

რუსეთი რომც დამარცხდეს, ამის ქვეშ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ რუსეთს უკრაინა გარეკავს თავისი საზღვრებიდან, თორემ რუსეთის ტერიტორიაზე ფიზიკურად შეჭრას და მოსკოვზე შეტევას არავინ არ აპირებს. მით უმეტეს ყველამ კარგად იცის ისტორია. რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის არც ერთი შემთხვევა წარმატებით არ დამთავრებულა, დაუძლეველი ტერიტორიაა. ამიტომ, ბაიდენმა განაცხადა კიდეც, რომ ამ ბრძოლის ძირითადი მეთოდი არის ეკონომიკური სანქციები.

რაც თავისთავად უკრაინის მხარდაჭერას გულისხმობს?

- თავისთავად. უკრაინის თავისუფლება ერთ-ერთი ნაწილია მთელი ამ პროცესის - ისეთი ეკონომიკური სანქციები, რომელიც რუსეთის სრულ დაშლას გამოიწვევს და პრაქტიკულად, იარაღის გარეშე რუსეთის დამარცხებას. რუსეთის დაშლა იმ ზომამდე, რომ მას მერე აღარ ჰქონდეს სხვა ქვეყნებზე აგრესიის განხორციელების არც სურვილი და არც შესაძლებლობა. აი, ამ ხარისხით ეკონომიკური სანქციებით რუსეთის წელში გატეხვა არის უკვე დღევანდელი, მესამე მსოფლიო ომის თავისებურება. ანუ, ეს ომი ნაკლებად სისხლიანი იქნება.

სამწუხაროდ, სისხლისღვრა ვერ აირიდეს თავიდან, მაგრამ სხვა მხრივ, თვითონ რუსეთის დამარცხებისთვის ეს იქნება პრაქტიკულად უსისხლო ბრძოლა, ბრძოლა ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით. პოლიტიკურს იმიტომ ვამატებ, რომ ვხედავთ, რუსეთი განდევნეს სხვადასხვა ორგანიზაციიდან, უარს ამბობენ მასთან ურთიერთობაზე. ეს უშუალოდ ეკონომიკური არ არის, მაგრამ ისეთი პოლიტიკური ნაბიჯებია, რომელსაც დიდი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ამ თვალსაზრისით, „ლენდ ლიზი“ ძლიერი ინსტრუმენტია.

შეიძლება უფრო ძლიერიც იყოს, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს?

- რასაკვირველია. მეორე მსოფლიო ომში ამერიკა ეხმარებოდა საბჭოთა კავშირს და ნაწილობრივ ყველას, ვინც ჩართული იყო ანტიჰიტლერულ კოალიციაში. დღეს ამერიკა შეიარაღებით ეხმარება უკრაინას, მაგრამ დანარჩენი ეკონომიკური რესურსები და ნაბიჯები უკვე იქნება გადადგმული თვითონ რუსეთის წელში გასატეხად, როგორი ამოცანაც მეორე მსოფლიო ომში არ იყო. ამჟამინდელი ამოცანა არის უპრეცედენტო. რუსეთი ის ქვეყანაა, რომლის დასამარცხებლად გაერთიანდა მთელი მსოფლიო.

პუტინს იმედი ჰქონდა, რომ ვერ გაერთიანდებოდა მსოფლიო ასეთი ამოცანის გარშემო, მაგრამ არ გაუმართლა და ყველამ ნახა, რომ მთელი დასავლეთი გაერთიანდა ამ ბრძოლაში, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკადი იქნება „ლენდ ლიზი“. ამ ბრძოლას არა მარტო დასავლეთი, არამედ ნაწილობრივ აღმოსავლური ქვეყნებიც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით, მაგრამ მაინც უერთდებიან - ჩინეთი, ინდოეთი და ა.შ. იაპონიაზე არ არის ლაპარაკი, რომელიც თავიდანვე წამყვანი ანტიპუტინური ქვეყანა გახლდათ.

როგორც ჩანს, ბოლო რამდენიმე დღე გადაწყვეტს როგორ განვითარდება მოვლენები ფრონტის ხაზზე...

- სავარაუდოდ, იქამდე, სანამ უკრაინა მოახერხებს რუსებისგან თავის ტერიტორიის გაწმენდას, რაც უდაოდ საინტერესო იქნება. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, საინტერესოდ მეჩვენება შემდეგი რაუნდი - მოახერხებს თუ არა მსოფლიო ასეთი ეკონომიკური რაუნდებით რუსეთის დაშლას.

თქვენ როგორ ფიქრობთ? ვიცით, რომ 2014 წლის აგრესიის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ბიუჯეტი ისე გადაალაგა, რომ შეავსო რეზერვი, რასაც ვაკვირდებით, სანქციებმა ჯერ ხერხემალზე ვერ გადატეხა რუსეთი, მაგრამ აშკარად დაუზიანა. როგორ ფიქრობთ, ეს სანქციები გადატეხავს რუსეთს?

- ამ ეტაპზე საკმაოდ სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული იმ მხრივ, რომ თვითმფრინავს ვეღარ იყენებს. იმ ფირმებმა, ვისი თვითმფრინავითაც ესენი დაფრინავენ, მოითხოვეს საფრენი აპარატების უკან დაბრუნება. რუსეთმა არ დააბრუნა. ეს ნიშნავს, რომ სადაც დაფრინდება მათი თვითმფრინავი, იქ დააპატიმრებენ. ასეთი უამრავი დეტალია და მათ შორის ის, რომ ნაწილებს ვერ ყიდულობს რუსეთი. იმ ნაწილებს, რომელიც იმავე თვითმფრინავისთვისაც სჭირდება და შეიარაღებისთვისაც. ეს, რაც დღეს არის ცნობილი. ვამბობ იმ ეტაპის შესახებ, როდესაც სანქციები ჯერ მთელი სიმძლავრით არ ამუშავებულა. ჯერჯერობით მუშაობს რუსეთის რესურსები, რაც შენახული ჰქონდა და იმის ხარჯზეა ამჟამად რუსეთი და ამბობენ, რომ შემოდგომისთვის ის რესურსებიც გამოილევა და აი, მაშინ დაიწყება უკვე სანქციების ის ეტაპი, რომელსაც იგრძნობს ცალკეული მოქალაქეები - არა მარტო ბიზნესმენები და ოლიგარქები, არამედ ჩვეულებრივი რუსი მოქალაქეები, რაც უკვე სხვა ეტაპი იქნება და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანამ შემოდგომამდე მივა, პუტინმა უნდა მოახერხოს ხელისუფლების შენარჩუნება და მერე რა მოხდება სანახავია.

მილიარდები აქვთ დაკარგული იმ ბობოლა პირებს, რომლებსაც რუსეთში წასვლაც აქვთ აკრძალული, სანქციებია გამოცხადებული მათ წინააღმდეგ. პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა ამხელა დანაკარგებით დიდხანს ვერ გაძლებს. ალბათ, ამიტომ იკითხება პუტინთან შიში საკუთარი ელიტის მიმართ. აღლუმის წინ რამდენიმე დღე ამზადებდნენ პუტინის გამოსვლას და ხდებოდა ყველა ვარიანტის კონტროლი, იმიტომ რომ ეშინიათ მისი ლიკვიდაციის, რომ ამ დაინტერესებულმა ელიტამ არ დაიწყოს ნადირობა პუტინზე.

ეკონომიკური პრობლემის წინაშე მდგარი ელიტა პოლიტიკურად რამდენად საფრთხეა ვლადიმერ პუტინისთვის და ამით აიხსნება მისი დისტანცირება გუნდისგან?

- ისეთი ფიგურა, როგორიც სტალინი იყო უძლეველობის მხრივ, ადამიანი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი მოიგო, საბჭოთა კავშირი ააგო და ა.შ. როდესაც ელიტამ უკამყოფილება გამოხატა მის მიმართ, რადგან გაირკვა, რომ სტალინი ამ ელიტის დაჭერას აპირებდა, შეკრეს პირი და თვითონ სტალინი აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ - სისხლის ჩაქცევამ იმსხვერპლა. სტალინზე გაცილებით სუსტი ფიგურაა პუტინი და გაცილებით დიდია ის უკმაყოფილება, რომელიც მის პოლიტიკას მოსდევს მთელს მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში და მის გარემოცვაში.

ამიტომ რა მოხდება და რას მოიფიქრებს ეს გარემოცვა, ძნელი სათქმელია. მაგრამ ის, რომ ეს გარემოცვა უკვე ეძებს ასეთ გზებს, ამაზე ნამდვილად არის ლაპარაკი. საკმარისია პუტინის ეს წამოწყებული კამპანია უკრაინაში შეჩერდეს, გათავისუფლდეს უკრაინა რუსული ჯარებისგან, დაიწყება ლაპარაკი სანქციების შემსუბუქებაზე. თუმცა, მგონია, რომ ბაიდენის გეგმაა, რომ პუტინი ასე მალე არ გამოეცალოს ხელიდან. იმიტომ რომ ბაიდენისთვის მაინც იდეალური არის რუსეთის დაშლა. რუსეთი თუ არ დაიშალა და არ შეიცვალა სახელმწიფოებრიობის ის კონსტრუქცია, რომელიც დღეს რუსეთშია, ეს ხალხი ახალ პუტინს აირჩევს.

არის კი ახალი პუტინი?

- თუ ხალხის გემოვნებიდან ამოვალთ, ისინი აირჩევენ ისევ ასეთ პუტინს, რომელიც შიშის ზარს დასცემს მთელს მსოფლიოს და ეს უნდა რუსეთს. რუსეთს ძალიან უყვარს როდესაც მათი ეშინიათ. მიაჩნიათ, რომ თუ მათი ეშინიათ ე.ი. პატივს სცემენ. სხვა მექანიზმი მათ არ ესმით. ამიტომ დიდი შანსია, რომ ისევ აგრესულ პიროვნებისკენ წავა რუსეთი, აგრესიული პიროვნება კი შეიძლება უამრავი იყოს. მართალია, დღეს ოპოზიციური ველი მოსუფთავებულია, მაგრამ სამხედრო ელიტას შეუძლია ასეთი წარმოშვას, მათ შორის უშიშროებას.

ნუ დაგვავიწყდება, რომ პუტინი უშიშროების პირმშოა და ამ უშიშროებას შეუძლია ის მოიშოროს და ახალი პუტინი მოიყვანოს, რომელიც შეწყვეტს უკრაინის ომს და სანქციების გაგრძელების საფუძველს გამოაცლის დასავლეთს, რომელიც დიდი გამარჯვება იქნება რუსეთისთვის, რომელიც თავის თავსაც შეინარჩუნებს და ისევ ამ ხასიათით გააგრძელებს არსებობას.