„ლენდ ლიზი“ ამოქმედდა - რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა იცვლება

„ლენდ ლიზი“ ამოქმედდა - რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა იცვლება

„ლენდ ლიზი“ - ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშშ ამარაგებდა მოკავშირეებს დიდი რაოდენობით შეიარაღებით, საბრძოლო მასალით, სამედიცინო საშუალებებით, სურსათითა და სტრატეგიული ნედლეულით. „ლენდ ლიზის“ პროგრამა აშშ-მა ერთხელ უკვე გამოიყენა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნების დასახმარებლად. „ლენდ ლიზის“ აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 1941 წელს დაამტკიცა და მას ხელი პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მოაწერა.

„ლენდ ლიზის“ მეშვეობით, აშშ-ს საშუალება ჰქონდა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ქვეყნებისთვის დახმარება რთული ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიეწოდებინა. პრეზიდენტ რუზველტის შემდეგ „ლენდ ლიზის“ ამოქმედებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების სწრაფი და გამარტივებული გზით, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიწოდებას ითვალისწინებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ ლიზის აქტი“, უკრაინის გარდა, შეიარაღების გამარტივებული წესით მიწოდებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც ითვალისწინებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2022-2023 ფისკალურ წლებში პრეზიდენტს შეუძლია, მისცეს ნებართვა აშშ-ის მთავრობას, დროებით სარგებლობაში ან იჯარით გადასცეს თავდაცვის საშუალებები უკრაინის მთავრობას ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ, რათა დაეხმაროს ამ ქვეყნებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში და მათი სამოქალაქო მოსახლობის დაცვაში, რუსეთის ძალების მხრიდან პოტენციური ინტერვენციისგან ან მიმდინარე აგრესიისგან.

მაშ ასე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალება ეძლევა, რომ უფრო ეფექტურად გაუგზავნოს უკრაინას იარაღი და სხვა მარაგები. „სამხედრო დახმარების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდება უმნიშვნელოვანესია უკრაინის შესაძლებლობისთვის, დაიცვას თავი პუტინის არაპროვოცირებული თავდასხმებისგან“, - აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ისევ ერთად გაიმარჯვებენ ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.

„მადლობელი ვართ ამერიკის პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში. „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში 7 ქვეყნიდან იარაღის მიწოდება 13-ჯერ განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა მისი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზისთვის ზიანის მიყენება დაიწყო, უფრო კონკრეტულად, რუსულ ჯარს უჭირს მაღალი სიზუსტის მქონე მართვადი საბრძოლო მასალის მარაგის შევსება.

ექსპერტი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ „ლენდ ლიზი“ არის სრულიად ახალი ეტაპი ამ ომში, რაც ძალიან სერიოზულ უპირატესობას აძლევს უკრაინას.

როგორც თენგიზ ფხალაძე ამბობს, ამ ომში რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 1, ან 2 თვეში დასრულდება. თვლის, რომ უფრო ხანგრძლივი პროცესია, გამომდინარე რუსეთის ხელისუფლების იმ არაადეკვატურობიდან, რასაც ვხედავთ. თუმცა, მისი თქმით, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ეს ვადები შემცირდეს.

„თუ გავიხსენებთ მეორე მსოფლიო ომის ისტორიას, ეს იყო ის ინიციატივა, რომელმაც რეალურად საბჭოთა კავშირს გაამარჯვებინა. ეს არის ის დახმარება, რომელიც მოიცავს ძალიან დიდ კომპლექსს - ფინანსურ რესურსებს და სამხედრო დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები აწვდიდა მოკავშირე ქვეყანას. ეს კონცეფცია იქნა გადმოღებული და დღეს ახალი „ლენდ-ლიზი“ არის უკრაინასთან მიმართებაში, რაც საშუალებას აძლევს აშშ-ს, რომ მიაწოდოს უკრაინას ის დახმარება, რაც მას სჭირდება ომის წარმატებით დასრულებისთვის.

ჩვენ თუ შევხედავთ იმას, რომ ომი 24 თებერვალს დაიწყო და დაახლოებით, 2 თვის თავზე „ლენდ-ლიზის“ კანონი იქნა მიღებული, ამ კონტექსტში დაგვიანებული არ არის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, დააგვიანა თუ არა დასავლეთმა რუსეთთან მიმართებაში, მაშინ კი, დააგვიანა, რადგან რუსეთთან მიმართებაში პასუხი ჯერ კიდევ 2008 წელს რომ გაეცა, მაშინ ჩვენ არ მივიღებთ ყველაფერ იმას, რაც მივიღეთ 2008 წლის მერე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-მა სწრაფად იმოქმედა“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზურაბ აგლაძის განცხადებით, „ლენდ ლიზის“ ამოქმედების მიზანია შეცვალოს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, რომ ყველანაირი ბიუროკრატიის გვერდის ავლით დროულად მოხდეს იმ შეიარაღების მიწოდება, რომელიც რეალურად სჭირდება უკრაინას ფრონტზე. მისი თქმით, „ლენდ ლიზი“ ომის ბედს რამდენიმე კვირაში, ან თვეში ვერ გადაწყვეტს, რადგან რუსეთის მარაგები ასე მალე არ ამოიწურება და შესაბამისად, პუტინი ასე მარტივად არ დათმობს პოზიციებს.

„რუსეთს ამოწურული აქვს შეტევითი პოზიცია. რაკეტებიც ამოწურვის პირას არის. რუსეთმა რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, მაინც წაგებულია. მათი წაგება არის დროის ფაქტორი. ერთადერთი რაც შეიძლება იყოს, ვიღაცამ შეიძლება იზრუნოს პუტინის სახის შენარჩუნებაზე, მაგრამ დრო რომ გავა, მაგაზეც არავინ იზრუნებს. ასე რომ, რუსეთის თემა დასრულებულია. თუმცა, იმდენად დაშინებულია პოსტსაბჭოური ხალხი რუსეთით, რომ აპელირებენ იმაზე, რომ რუსეთს იარაღი აქვს. არაფერიც არ აქვს და ვერაფერსაც ვერ იზამს.

რა უნდა ქნას? მობილიზაციასაც ვერ გამოაცხადებს. იმიტომ რომ მობილიზაციის გამოცხადებაც ასე მარტივი არ არის. მობილიზაციას რომ გამოაცხადებ, ასეთ შემთხვევაში შენ გჭირდება შეიარაღება, მაგალითად - თვითმფრინავები. მობილიზაციის გამოცხადებით პილოტების მომზადება ვერ მოხდება, მას წლები სჭირდება. გარდა ამისა, ამ სანქციების პირობებში ქარხნები ახალ თვითმფრინავებს ვერ გამოუშვებენ.

იგივე მდგომარეობაა გემებთან, ტანკებთან და სხვა ჯავშან მანქანებთან მიმართებაში. ფიზიკურად ვერ გამოუშვებენ. მობილიზაციას სჭირდება დიდი სამხედრო ინდუსტრია. ასე რომ, მობილიზაციის შანსიც არ აქვთ, რაც კარგად ესმის პუტინს. ამიტომ არ და ვერც გამოაცხადებს. დააკვირდით რა მოთხოვნებს აყენებს უკრაინა - უკვე ყირიმსაც ითხოვს. იმიტომ, რომ ამუშვდა „ლენდ ლიზი“ და შეიცვალა მათი მოთხოვნებიც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.