„უკრაინელებმა რომ თქვან, ოღონდ ახლა ბრძოლა შეწყდეს და ყველაფერზე თანახმანი ვართო, ეს დაუჯერებელია. როდესაც ომს არ აგებ, ნებისმიერ დათმობაზე წასვლა უგუნურება იქნება. რუსები კი აუცილებლად დასვამენ კითხვას, უღირთ თუ არა პუტინის მიერ წამოწყებული, წაგებული ფიასკო ომი, რომელშიც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე.
აზოვსტალში მძიმე ბრძოლებია და, როგორც აზოვსტალის დამცველები ამბობენ, რა დატვირთვაც ისრაელისთვის ჰქონდა მასადას ციხესიმაგრეს, ისეთივე დატვირთვა აქვს მათთვის აზოვსტალს. სადამდე გაახანგრძლივებს პუტინი საომარ მანევრებს? ის აპირებდა, 9 მაისამდე გაეწელა პროცესი, რომ წითელ მოედანზე პომპეზურად ჩაეტარებინა ის ტანკები, რომელზეც მთელი მსოფლიო იცინის, თუ 9 მაისის შემდეგაც გაგრძელდება საომარი მდგომარეობა?
- პუტინს შეიძლება სურდეს, ომი გაგრძელდეს მაქსიმალურად დიდხანს, სანამ არ იქნება გამარჯვება, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა შესაძლებლობა. რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, ომი ხანგრძლივი დროით გააგრძელოს, თუნდაც იმიტომ რომ პუტინი ხელისუფლებაში მოსულია იმ ლოგიკით და იმ საფუძველზე დაყრდნობით, რომ 90-იანი წლებში არსებული ეკონომიკური გაჭირვება, რომელიც რუსეთმა ნახა, სწორედ მან გადაალახინა რუს ხალხს. თუკი რუსები ახლა მაშინდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარეს მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, პლუს ამას დაემატება სამხედრო მარცხი და ეს იქნება მარცხების სერია, რომელსაც ახლა უკრაინაში ვხედავთ, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება ვერ იქნება ისე თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და ბევრ კომპრომისზე წასვლა მოუწევს.
თუკი მართლაც დამარცხებების სერია ელის რუსებს, რაში დააჯერებს რუს ხალხს კრემლი? დამარცხებას გამარჯვებად წარმოუსახავს?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, თუ რას შეასყიდებს რუს ხალხს ვლადიმერ პუტინი. ამ შემთხვევაში, მათ ხერსონის გარდა ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს. მათი მცდელობა, რომ მარიუპოლი გადაეფარათ, გამოიხატა იმაშიც, რომ პუტინმა თქვა, ჩვენ აზოვსტალს არ ვუტევთ, რადგან იქ მშვიდობიანი მოსახლეობააო, თუმცა ფარულად უტევენ რუსები აზოვსტალს, რადგან აქვთ ასეთი მიდგომა, თუკი აიღებენ აზოვსტალს, ბოლოს და ბოლოს, იტყვიან, აი, ხომ ხედავთ, ავიღეთ „აზოვსტალი“, ხოლო, თუკი ვერ აიღეს ეს ობიექტი, მაშინ იტყვიან, ჩვენ „აზოვსტალისთვის“ საერთოდ არც შეგვიტევიაო. შესაბამისად, პუტინი ცდილობს, ერთგვარად შექმნას შესყიდების მექანიზმი რუსული საზოგადოებისთვის და თქვას, ჩვენ ამ ომით მოვიგეთ, ეს ბრძოლა იყო სამართლიანი იმიტომ რომ რუსიფიკაციის პროცესი, უფრო სწორად, რუსული მსოფლიოს პროცესი გადავარჩინეთ, რაც აბსოლუტური ტყუილი იქნება. სამწუხაროდ, ამის დაჯერების ალბათობა რუსულ საზოგადოებაში ძალიან მაღალია.
რუსეთის ქმედება უკრაინელთა გატეხვაზეა გათვლილი. თუკი 9 მაისის შემდეგაც რუსებმა არ გაიყვანეს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, სადამდე შეიძლება ეყოთ უკრაინელებს საბრძოლო განწყობა? აქ იარაღის მიწოდებას არ ვგულისხმობ.
- პირადად მე მგონია, რაც არ უნდა სცადონ რუსებმა, თუკი არ მოხდა 9 მაისს ან მას მერე რუსეთის მთელი არმიის გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან, ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უკრაინა არ გაჩერდება. აღარ არის ეს ყველაფერი დამოკიდებული რუსეთზე, რუსეთმა ხვალვე რომ გააჩეროს საბრძოლო ოპერაცია, უკრაინა არ გაჩერდება, რადგან უკრაინას თავისი სამიზნეები აქვს. უკრაინის სამიზნე, სულ ცოტა, 23 თებერვლის პოზიციებამდე დაბრუნება უნდა იყოს. ეს ყველაზე მინიმუმია, ისიც კი მეეჭვება, ამ შემთხვევაშიც კი გაჩერდეს უკრაინა.
პუტინს უკვე უწინასწარმეტყველებენ, რომ მისი ხრიკები მოსკოვის დაბომბვით შეიძლება დასრულდეს. უკვე ვხედავთ პარტიზანული ომის ნიშნებს, მასობრივ ხანძრებს რუსეთში, იქით გადადიან კონტრშეტევაზე უკრაინელები და ეს იმით აიხსნება, რომ საბრძოლო აზარტში არიან შესულნი?
- ეს ჩვეულებრივი ომია და უკრაინულ საზოგადოებას, მათ შორის, სამხედროებს, არ აქვთ განცდა, რომ ისინი ომს აგებენ. სამართლიანად რომ ვთქვათ, უკრაინელები ომს მართლაც არ აგებენ. როდესაც ომს არ აგებ, ნებისმიერ დათმობაზე შენი მხრიდან წასვლა უგუნურება იქნება, უკრაინელები ამ დათმობაზე არ წავლენ. ყველაზე კარგ შემთხვევაში, შეიძლება მათ სტატუს-კვოსთან დაკავშირებით მოლაპარაკება წამოიწყონ, ამას პირობითად ვამბობ, რადგან ესეც საეჭვოა, მაგრამ ის, რომ უკრაინელებმა თქვან, ოღონდ ახლა ბრძოლა შეწყდეს და ყველაფერზე თანახმანი ვართო, ეს დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. უბრალოდ, რუსეთის ხელისუფლება შეეცდება, იპოვოს ისეთი კომპრომისული ნაბიჯი, პირველ რიგში, თავისთვის, რომ რუსულ საზოგადოებას ეს კარგად შეასყიდოს. ვფიქრობ, პარტიზანული ომი მოსკოვამდე არ ჩავა, საბრძოლო მოქმედებებიც მოსკოვში არ გაიმართება, მაგრამ რუსულმა სამხედრო ობიექტებმა ნამდვილად იწვნიეს მარცხი და ეს საბრძოლო ობიექტების ირგვლივ მცხოვრებლებმა კარგად დაინახეს, თუ რას ნიშნავს ომი, რომელსაც რუსეთი ვერ იგებს. რუსეთის მოსახლეობასაც კომფორტულად ცხოვრება სურს, მათ სურთ „ინსტაგრამის“, „ფეისბუკის“, „ტვიტერის“ გამოყენება. ამ ყველაფერს თუ მოაკლებენ და შეუზღუდავენ, რუსები დასვამენ კითხვას, უღირთ თუ არა პუტინის მიერ წამოწყებული, წაგებული ფიასკო ომი, რომელშიც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება?!