„სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს… ვინმე გაბრაზდება თუ არა, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა“

„სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს… ვინმე გაბრაზდება თუ არა, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა“

მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ გზები გაიყო. ექს-პრემიერის საპარლამენტო გუნდი, ყოფილი პრეზიდენთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს.

რატომ განუდგა ამ მხრივ რადიკალურ ოპოზიციას გახარიას გუნდი, ამ საკითხზე ვრცლად for.ge-თან „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი საუბრობს. როგორც მან ინტრვიუს დროს აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი რატომ არ დაუჭირეთ?

- ვინ მოახდინა კომისიის შექმნის საკითხის აქტუალიზაცია?-„ქართულმა ოცნებამ“, კონკრეტულად კი შალვა პაპუაშვილმა. მეორე ფაქტი - არის თუ არა კომისიის შექმნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაუდებლობის დახმარებასთან კავშირში? - აბსოლუტურად - არა. რატომ მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ კომისიის შემქნის აქტუალიზაცია და რა ინტერესი შესაძლოა ჰქონოდა ამ კომისიის ნაწილში?! - ერთადერთი ინტერესი შესაძლოა მმართველ გუნდს ჰქონოდა და ეს არის ის, რომ კომისიის მართვის უფლება ექნებოდა. თუ რაიმე დარღვევები გამოვლინდებოდა, კომისიის მუშაობისას არ დაუშვებდა, რომ ეს გამოკვეთილიყო. რასაც ამ სამი თვის განმავლობაში ვნახავთ არის ის, რომ მთელი მედიასაშუალებები ამაზე ისაუბრებდნენ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გადაიფარებოდა.

თქვენ ამბობთ მიზეზს, რის გამოც არ დაუჭირეთ მხარი, რადგან ინტერესი „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა. ეს რომ საპარლამენტო ოპოზიციას გაეჟღერებინა, მაშინ დაუჭერდით მხარს?

- მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია დააყენებდა ამ საკითხს თუ არა, მხარს არ დავუჭერდით. ასეთ მარტივ რამეს გეტყვით, ჩვენ რამდენიმე პოლიტპატიმარი გვყავს - გელა აბულაძე და მისი ოჯახის წევრები. წარმოიდგინეთ, ყოველ ჯერზე, როდესაც საკითხი პატიმრის უფლებების ნაწილს ეხება, ასეთი კომისიის შექმნა შედეგს გამოიღებს? - არა, რა თქმა უნდა, რადგან ამ ქვეყანაში ინსტიტუტების ჩანაცვლება ვერ მოხდება.

ასე თუ დადგა საკითხი, მაშინ ნებისმიერი პატიმარი მოითხოვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საავადმყოფოში გადაყვანას და აქვე გკითხავთ, თქვენი პარტიის მოსაზრება როგორია ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უნდა გადაიყვანონ თუ არა ის სამედიცინო დაწესებულებაში ?

- სწორად დასმული კითხვაა და ამას ვამბობ, რომ სხვებიც მითხოვენ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, თუ ამის საჭიროება არსებობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ვერ ხერხდება, აუცილებლად სახელმწიფომ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და სადაც მოახერხებს მის მკურნალობას, იქ უნდა გადაიყვანოს. მარტო სააკაშვილზე არ მაქვს საუბარი, სახელმწიფომ ნებისმიერ პატიმრის უფლებებზე უნდა იზრუნოს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მას ყველანაირ სამედიცინო დახმარებას უწევენ და ეს „ნაციონალური მოძრაობის“ „ახირებაა“, რომ ის ან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ, ან უცხოეთში გაგზავნონ სამკურნალოდ, ამაზე რას იტყვით?

- სამედიცინო საკითხია, მაგრამ ამ საკითხს როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ საკითხად ქმნიან. რა თქმა უნდა, ხელისუფლების უპასუხისმგებლობაა, როდესაც პოლიტიკურ სივრცეში თემის პოლიტიზირებას ხელს უწყობს. პირიქით, ისეთი ნაბიჯების გადადგმით არაფერს აკეთებს, რომ ამ მანიპულაციას წერტილი დაუსვას.

რაც შეეხება სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, მასთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის პოზიცია ცნობილია - ის ორ კონკრეტულ საკითხზეა მსჯავრდებული. აქედან ერთია გირგვლიანის საკითხი, რომელზედაც საერთაშორისო სასამართლოშიც კი განაჩენი გამოტანილია. შესაბამისად, ჩვენი პოზიციაა, რომ მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის სამართლებრივი პოზიცია.

თქვენი პარტიის პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გასაგებია. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ გამოიწვევს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაღიზიანებას იმ ფონზე, როდესაც თქვენ და აღნიშნული პარტია გარკვეულ საკრებულოებში ერთად ხართ?

- როდესაც საუბარი იყო, რომ ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავურიგდით, მაშინაც ვამბობდით, რომ ადგილი არანაირ გარიგებას არ ჰქონია. გარიგებას ადგილი რომ ჰქონოდა, ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ იტყოდა - თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა და საგამოძიებო კომისიას შემოუერთდითო. ჩვენ ეს ვალდებულება არ აგვიღია. ამიტომაც ვამბობ თამამად, რომ არანაირ გარიგებაში არ შევსულვართ. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გული მოუვათ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია. ვინმე გაბრაზდება თუ არა, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.