დაბნეული ფიქრები სოფლის მეურნეობაზე

დაბნეული ფიქრები სოფლის მეურნეობაზე

დიდხანს ვფიქრობდი, რა სახით ჩამომეყალიბებინა ეს სათქმელი  ისე , რომ ყველაზე ბრაზიან ჩინოვნიკსაც კი ბოლომდე წაეკითხა და გაესიგრძეგანებინა ...

მოკლედ, სოფელსაც უჭირს და ქვეყანასაც . ახლა  კონკრეტულად:

ნაგავს მიაქვს აქაურობა, პოლიმერული მასალის ნარჩენებით აივსო გარემო(პოლიეთილენის თუ ცელოფნის პარკები, პოლიმერული ბოთლები, ერთჯერადი შპრიცები თუ შესაფუთი მასალები და ა.შ), საოჯახო ნარჩენებს თუ თავიდანვე არ დავახარისხებთ (რაც ჩვენთან კიდევ ვერ ვისწავლეთ), ის მერე უკვე მართლა ნაგვად იქცევა და ვერაფერში ვიყენებთ . ქაღალდი და ხის ნარჩენები ... მდფ თუ პლასტმასები ...

საშველი - პიროლიზის  ტექნოლოგიური წარმოება - ანუ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი წარმოება, რომელიც უჟანგბადო თერმული დამუშავებით ნარჩენებისგან გამოყოფს საწვავ გაზს (პიროლიზურ აირს), პროცესი ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, ვიდრე ნაგვის ღიად წვა, მოიხმარს საკუთარი გამოყოფილი საწვავის 20%-ს და დანარჩენი საწვავი აირი  შეიძლება გამოყენებულ იქნას სამომხმარებლო- საწარმოო ენერგო რესურსად.

ნახმარი საბურავები - ეკოკატასტროფაა, მითუმეტეს საქართველოში, სადაც მეორედი, თუ  ნაცვეთი საბურავების  სამარხია.

საშველი  -  მეორადი ნავთობის სახდელი წარმოება, ისევ პიროლიზური ტექნოლოგიით.

ჯავახეთის ზეგანზე , უჯარმის და გარეჯის ხრიოკებზე ეკალბარდისა და  ეკალწაბლას გარდა არაფერი მოდის, ბუჩქიც კი ვერ ამოდის, ისე ხრიოკია და გამოქარული იქაურობა. მზე ხრუკავს გარემოს .....

საშველი - ბიოდიზელის  დანადგარი დადგი. შე კაცო, იმ ეკალს ეთერზეთები აქვს, და თუ ქარის და მზის ელსადგურებს მიამატებ - იქცა წალკოტად იქაურობა! მზის ელ. ენერგია (სოლარ სისტემები), ევროპაში 1 ვატი ღირს 3 ევრო, არადა, სამხრეთ აზიიდან, მეათედ ფასში  შეიძლება აქტიური ნახევარგამტარული ელემენტების შემოტანა და თუ აქ რომელიმე საკონსტრუქტორო-საპროექტო დაამონტაჟებს საჭირო კონსტრუქციებად - მათი ფასი გახდება მესამედი. მსგავსი ალტერნატიული წყაროები მთელს ევროპას სუბსიდირებული აქვს. ეს სისტემა   ქარისა და წყლის მიკროსადგურებთან ერთად - სერიოზული ალტერნატიული სადგურები გაჩნდება.  არადა -  ხრიოკი, მზე, ქარი და წყალი ბევრგანაა საქართველოში. საქართველოში ის გამომგონებლებიც დარჩნენ, რომლებსაც მცირე დებეტის წყალზეც კი შეუძლიათ მოქნილი, გრძივი (და არა განივი ) ტროსული ტურბინების ჩაყენება. სხვათა შორის, გერმანელებმა გადაიღეს მათი პატენტები  შარშან...

საქართველოში ყველა რეგიონს უდგას საკვები ხილის და  ბოსტნეულის კონსერვაციის, დასაწყობების, ტრანსპორტირების და დაჩირვის პრობლემა.  უამრავი ხილი ლპება, დასაწყობებული ხილბოსტნეულიდან 30-40% ლპება და მათი გაწმენდა დამატებითი ხარჯია. თუნდაც ცერეცო - კამის ბიძაშვილი, მშრალი ყინვით ჩააქვთ უკრაინაში ქუთაისელებს, იქ ამუშავებენ ინფრაწითელი სხივებით და გააქვთ რუსეთსა თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროპაშიც ... დიდ ფულს შოულობენ. მაგას ვინ ჩივის - ხურმის ფხვნილი და შავი ქლიავის ჩირი - სტრატეგიული მასალაა. ხურმის ფხვნილი - როგორც ბიოდანამატი რძეში - გამოყავს რადიაქტიული ნივთიერებები, მაღალკალორიულია და ყუათიანი. ჯარისკაცებს,სპორტსმენებს, მოზარდებს, სპეცზონაში მომუშავეებს, პოლიარნიკებს, მფრინავებს  და სხვა ექსტრემ პირობებში მყოფთათვის - შეუცვლელია. დამატებით  - შარშან თურქებმა დაიწყეს მარტვილის რაიონში ხურმის ჩირის შესყიდვა (50 ტონა) და თურქეთის ბაზარზე გატანა, ინდივიდუალებს სასომხეთში გააქვთ ჩვენი ხურმის ჩირი... უარესი - ამბროლაურში ავსტრიელებმა ააგეს არა ამ დონის ტექნოლოგიის ქარხანა, სადაც აშრობენ გარეულ ვაშლს და გააქვთ ევროპაში 1 კგ - ერთ ევროდ. (ძალიან იაფია), მაგრამ ამ მაჟალოს ჩვენთან ღორსაც კი არ აჭმევენ...

საშველი : შეიქმნას ინფრაწითელი სხივებით საშრობი საწარმოო ხაზის ქარხანა. საქართველოს გარდა უკვე ყველა ქვეყანაში განვრცობილია ინფრაწითელი შრობის ტექნოლოგია.  20 წელია ჩამოტანილი მაქვს მცირე დანადგარი და ნიმუშებს ვაკეთებ, აქამდე საქართველოს ამისთვის არ ეცალა. ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას 60 გრადუსამდე ტემპერატურაზე გააუწყლოვნოს პროდუქცია (გადახურების გარეშე), სიღრმულად შეაშროს და გაამზადოს შესანახად, თან ამ პროცესში ბაქტერიებს ხოცავს ... ამ მეთოდით დამუშავებული პროდუქცია, პრაქტიკულად აღარ ლპება, ადვილად გაღივებადია და ვაკუუმ შეფუთვის შემთხვევაში ათეული წლების შემდგომ, წყალში დასველების შედეგად, ნატურალურად აღიდგენს პირველსაწყის თვისებებს, ხილიც და ბოსტნეულიც....        ამ ტექნოლოგიით გამოცხობილი ცხელი პურიც კი,  სრულად უწყინარია თვით კუჭის წყლულით დაავადებულთათვის, ვინაიდან სიღრმული ცხობა ხდება. სხვათა შორის, ხე-ტყის გადამუშავებაშიც  დიდი გამოყენება აქვს - დეფორმაციების გარეშე აშრობს მასალას. (ინფრაწითელი ტექნოლოგიები ზოგადად კი არის საქართველოში ცნობილი, მაგრამ ეფექტს იძლევა მხოლოდ ერთი ზონის სხივები, დანარჩენი სპექტრის გამოსხივება იწვევს გადახურებას). ამ ტიპის ინფრა-საშრობები საქართველოში არ გააჩნიათ თვით უცხოელებსაც კი.

ეს არის ის მოკლე ჩამონათვალი, რაც აგრარულ სფეროს ფრიად სჭირდება საქართველოს ყველა რეგიონში და რომელიც სხვა მეტნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში უკვე დანერგილიცაა.  

ზემოხსენებული ტექნოლოგიების საწარმოების გამართვის შესაძლებლობა შეიძლება განგვეხილა ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მესამე კომპონენტის (ანუ ერთ მილიონამდე სესხის) კონტექსტში, მით უმეტეს, როცა გამოცხადებულია ახალი , გადამამუშავებელი, ინოვაციური და ექსპორტზე ორიენტირებული 60 საწარმოს შექმნა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში მეორადი საწარმოო ხაზები (საშუალო საწარმოსათვის)  ოთხ მილიონ ევრომდე ღირს, შესაბამისი საწარმოს შექმნა საქართველოში უნდა განხილულიყო ზუსტად მესამე კომპონენტის, მინიმუმ მილიონ ლარამდე დაფინანსების ფარგლებში.

ვეცადეთ კიდეც და ინოვაციური ტექნოლოგიის, გადამამუშავებელი,  ექსპორტზე ორიენტირებული და  რამოდენიმე რეგიონის მომცველი პირველი პროექტი - დასავლეთში  ხილ-ბოსტნეულის ინფრასაშრობი საწარმოს შექმნის პერსპექტივით, წარვუდგინეთ დაანონსებულ ბანკებს. რა თქმა უნდა, წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები გვქონდა სხვა და სხვა სტრუქტურებთან. მოკლედ რომ ვთქვათ - ზოგიერთი ბანკი ფრიად გულისხმიერად მოგვეკიდა, აღიარეს კიდეც პროექტის პრიორიტეტულობა, მაგრამ  დაფინანსებაზე უარი გვეთქვა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ”ქართუ ბანკის” უარის მიზეზი - თურმე დასავლეთ საქართველოში ფილიალი არ ჰქონიათ და იმ რეგიონების პროექტებს ვერ მოემსახურებოდნენ). უარი გვეთქვა შემდგომ მიზეზთა გამო:

”სტარტ აფ”-ად ჩაგვითვალეს აგრო-სფეროში საქმიანობა;

გამოცდილების უქონლობა რეალიზაციაში;

ყველაზე მთავარი - უზრუნველყოფის არქონა.

რამდენადაც  ჩვენში ბანკის ფორმატიდან გამომდინარე ასეა თუ ისე, გასაგებია ზემორე მიზეზები,  ჩნდება შეკითხვები ამ პროექტის  ანონსთან - ”საქართველოს პრემიერ მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავაშეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელსაც დააფინანსებს  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდა განახორციელებს  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”    და  ”სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს  წარმოადგენს აღნიშნული რგოლების მეწარმეთა უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით”.

შეკითხვა პირველი - თუ ინოვაციური ტექნოლოგიაა პრიორიტეტი - ვიღაცამ პირველად ხომ უნდა შექმნას ეს ტექნოლოგია?! წარმომიდგენია ბილ გეითსი მსგავს პირობებში რომ  მოხვედრილიყო!..

შეკითხვა მეორე   -  ინოვაცია  ხომ იმისაა,  რომ სიახლეა, და ამ სფეროში გამოცდილება ნაკლებად შეიძლება გქონდეს? მით უმეტეს, საქართველოში ადგილობრივი მშრალი  ხილბოსტნეულის საწარმოო დონეზე დამზადებისა  და  რეალიზაციის გამოცდილება არ არსებობს. არის მხოლოდ  იმპორტირებული მშრალი ხილის  რეალიზატორი ორიოდე ფირმა. იმპორტირებული პროდუქტის ხარისხი ფრიად საეჭვოა, ხოლო ფასი - კატასტროფული.

შეკითხვა მესამე   -  მილიონიანი სესხის უზრუნველსაყოფად (მილიონს სესხის დამტკიცების შემთხვევაშიც კი ვერ მიიღებ, საკმაოდ დიდი თანხები ეჭრება მომსახურებისას), თითქმის ორი იმდენის კაპიტალი უნდა ჩაიდოს. მაგდენი რომ მქონდეს, ბანკს რატომ მივმართავდი ?

ეს შედეგი  მივიღეთ მეტნაკლებად ჩამოყალიბებულ პროექტთან დაკავშირებით. ახლა, წარმომიდგენია, რა „შერეკილებად” შეგვრაცხავდნენ ბიოგაზის, პიროლიზის და ალტერნატიული ენერგიების ავან პროექტი რომ წარგვედგინა, სადაც ვერც ნედლეულის, ვერც რეალიზაციის და ვერც თვითღირებებულების პარამეტრებს ვერ განსაზღვრავ!

საბოლოოდ  კი, ერთი ძირითადი  შეკითხვა რჩება - რას ემსახურება საბანკო  მექანიზმით  ამ ფინანსების ოპერირება ? ვისთვისაა ხელმისაწვდომი მსგავსი სესხები? ალბათ, იმ კომპანიებისთვის (ძირითადად - უცხოური ინვესტორების) რომლებიც ბაზარზე უკვე არსებობენ, და იაფი სესხით საბრუნავი კაპიტალის გაზრდა, ან წარმოების გაფართოება მათ შეეძლებათ. ხოლო სოფლის მეურნეობის შემორჩენილი კვალიფიციური მეურნეები იძულებულნი იქნებიან მიზერული ანაძღაურებისა საფასურად კვლავ მათ გაუწიონ მომსახურება. ყოველ შემთხვევაში, ამ პროექტით ”გლეხი ფერმერად” ვერ  იქცევა

ერთი საინტერესო გაანგარიშება -  თუკი ერთი გადამამუშავებელი საწარმოსთვის, პირობითად, საჭიროა  ერთი მილიონი ლარი და ეს თანხა ბანკმა უნდა გასცეს (პროექტის აქტუალობა და რენტაბელობაც ბანკმა უნდა განსაზღვროს), ხოლო 15% წლიური გადასახადი - ფონდმა თუ პროექტმა უნდა დაუფინანსოს, წელიწადში უხეში მიახლოებით, საპროცენტო განაკვეთის თანხა გამოდის 150 ათასი ლარი. შვიდწლიან პერიოდში (ამ ვადითაა განსაზღვრული შეღავათიანი სესხი) ფონდს მოუწევს არანაკლებ მილიონი ლარის გადახდა ბანკისთვის პროცენტის სახით ... ანუ ბანკი ამ პროექტით ღებულობს გარანტირებულ პროცენტს ერთი ერთზე მოგებით...  ბანკი თავის ძირსაც რომ ამოიღებს ფერმერისგან, თუ მეწარმისგან, ამაში ალბათ ეჭვს ვერ შევიტანთ.

ხოლო ფერმერი თუ მეწარმე, ამ შვიდი წლის განმავლობაში, სხვადასხვა რისკების გამო (უამინდობა, ინფლაცია, სხვადასხვა დაავადებები, ბაზრის კონიუნქტურის ცვლილება, ფორსმაჟორები... გვახსოვს, რომ ბანკებს, გაგანია ომის პერიოდშიც კი, ერთი თვეც არ ჩაუთვლიათ საპატიოდ) არაფრისგან არა არის დაზღვეული და წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება სახლ-კარიც გასაყიდი გაუხდეს...

2012 წელს ოფიციალურად გაცხადდა ბანკების პრობლემური  მოვალე 400 ათასი სუბიექტის არსებობა...  ვერ გავიგე - ბანკებისათვის მორიგი მსხვერპლთშეწირვა მზადდება?

კრიტიკა მაშინ არის კარგი, როდესაც ალტერნატივას სთავაზობ... მე როგორ მოვიქცეოდი?

პირველი და მარტივი - შესაბამისი  მართვისა და კონტროლის მექანიზმით, გავცემდი  საინტერესო პროექტებზე ამ მილიონს თითოეულზე, (რომელიც პროცენტების სახით ბანკს უნდა გადავუხადო) გრანტის, ან ნაწილობრივ გრანტის სახით და საწყის ეტაპზე (სტარტ-აფ) პირველად ბიძგს მივცემდი ახალ ტექნოლოგიებს. სამოციდან ნახევარმა პროექტმაც რომ გაამართლოს, დადებითი შედეგი ყველა ვარიანტში დადგება.

მეორე და ცოტა უფრო რთული - სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავავალებდი, ყველა რეგიონის არსებული და პოტენციური მონაცემების განსაზღვრას, ანუ რომელ რეგიონში რა სახის და რა რაოდენობის პროდუქციის წარმოებაა  შესაძლებელი და უფრო სტრატეგიული (სტატისტიკა სამინისტროს გააჩნია), შიდა და გარე ბაზრის  მოთხოვნისა და მიხედვით განვსაზღვრავდი პრიორიტეტებს, ტექნიკურ ჯგუფს შევადგენინებდი კონკრეტული რეგიონებისათვის შესაბამის სამეურნეო პროექტს (ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ანუ ალტერნატიული ენერგიების წყაროების ჩათვლით) და მხოლოდ ამის შემდეგ დავუდებდი ყოველი რეგიონის გლეხებს, ფერმერთა გაერთიანებებს თუ მეწარმეებს ამ პროექტებს და შევთავაზებდი შესაბამის დაფინანსებას (სესხის, გრანტის თუ ნახევრად გრანტის სახით). ძალიან სოციალისტურია ? მაგრამ სახელმწიფო რეგულაციები ყველა განვითარებულ ქვეყანაში აუცილებელიც არის, სახელმწიფო  არ ერევა კერძო ბიზნესში, ის მხოლოდ სტიმულს აძლევს პრიორიტეტულ სფეროებს, თავისუფალმა ბიზნესმა რაც უნდა ის აკეთოს, თუნდაც ამ პროექტს შემოუერთდეს.

ერთჯერადად, არასაბანკო საწყისი კაპიტალის შანსის გარეშე ვერც საშუალო ფენა გაჩნდება და ვერც გლეხი გადაიქცევა  ფერმერად.