უკრაინის დაზვერვის მხრიდან არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, დიდი ბრიტანეთის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვის მსგავსი ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება, დიდ ბრიტანეთს არ აქვს. მარკ კლეიტონი, რომელსაც თავის წარსულ ცხოვრებაში უშუალო კონტაქტი ჰქონდა ბრიტანეთის სპეცსამსახურ „მი-6“-თან, ჯერ არ გამხდარა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს თავდასხმის ობიექტი.
დიდი ბრიტანეთის ელჩი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო თავის როლს ასრულებს სანქციების უპრეცედენტო პაკეტის დაცვაში, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ აამოქმედა.
„პირდაპირ პასუხს გაგცემთ - არა, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, რის გაკეთებასაც დიდი ბრიტანეთი, „დიდი შვიდეულის“, ევროკავშირის, ნატო-ს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ცდილობს, არის რუსეთისთვის მაქსიმალური საფასურის დაწესება და პუტინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის მათთვის საჭირო დაფინანსების წყაროების ჩამორთმევა ამ უკანონო ომის საწარმოებლად.
საქართველო თავის როლს ასრულებს ამ პაკეტში. მე გავეცანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და სპეკულაციებს ამის შესახებ, მაგრამ ასევე ყურადღებას გავამახვილებ ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე. რაც ვნახე, საქართველოს ეროვნული ბანკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების თავიდან აცილების ადგილად. ჩვენ ვნახეთ მართლაც სწრაფი ქმედება“, - აცხადებს მარკ კლეიტონი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ირწმუნებოდა, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ავლის მცდელობებსა და გზების ძიებაშია. უწყების ცნობით, მოსკოვი ცდილობს სხვა ქვეყნების საშუალებით შეამციროს სანქციების გავლენა და მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი გეგმავს პროდუქციის წარმოებას ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ და შემდეგ მათ ექსპორტს მესამე ქვეყნებში. უკრაინის მტკიცებით, ომის დაწყების შემდეგ ამ მიზნით ჩამოთვლილ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული. ტრადიციულად, უკრაინული მხარე ბრალდებებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უყენებს საქართველოს, რომელიც NDI-ის კველევის მიხედვით მესამე ადგილზეა უკრაინისთვის გაწეული დახმარების კუთხით.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის მხრიდან არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადებები ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას არ არგებს. როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც არანაირი მტკიცებულება ამ ბრალდებას არ მოჰყოლია.
„ვერ გეტყვით, რა არის მიზანი, მაგრამ ფაქტია, ეს არ ადგება უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტების ნდობას საქართველოში, რადგან ინფორმაცია აღმოჩნდა ტყუილი, ამ ინფორმაციასაც დამატებითი განმარტებები არ მოჰყვება. ეს აზიანებს უკრაინის სახელოსუფლებო ინსტიტუტების ნდობას საქართველოში და არა მხოლოდ საქართევლოში. ეს განცხადებები კეთდება საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად და შემდეგ, როდესაც ამის უკან არაფერი არ დგას, რა თქმა უნდა, ეს ნდობას ამცირებს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მარკ კლეიტონმა მკაფიოდ აღწერა ის, რაც სინამდვილეში ხდება. მისი თქმით, დიპლომატმა აბსოლუტურად ზუსტად, მკაფიოდ დააფიქსირა, ერთი მხრივ, თავისი პოზიცია და მეორე მხრივ, ძალიან მოკლედ, მკაფიოდ აღწერა ის, რაც სინამდვილეში ხდება.
„არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება, არსებობდეს ისეთი ფაქტების შესახებ, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ამ ქვეყანას და მეორე მხრივ, ბოროტ რაღაცებს აბრალებენ ხოლმე კონკრეტულ ხელისუფლებებს. ბოლო პერიოდში ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ არ იყო, თუმცა ჩვენ მიმართ განსაკუთრებით იყო ასეთი შეტევა. ბრიტანეთის ელჩმა ამას წერტილი დაუსვა, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში მოხდა. მისი მხრიდან იყო იმის განმარტება, რომ ბუნებრივად ვერ იარსებებს ინფორმაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადების საპასუხოდ, ალბათ, უკრაინის ოფიციალური პირების ბრიფინგზე უნდა მოგვესმინა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აღშფოთებას გამოთქვამდა გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურების მიკერძოებული და არაპროფესიული საქმიანობის გამო, რაც ბადებს სერიოზულ ეჭვებს მათი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის თაობაზე. თუმცა, მისი თქმით, ასეთი ბრიფინგის ჩატარებასაც ის გამბედაობა უნდა, რომელიც მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში გააჩნიათ.
„მეტსაც გეტყვით, ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ გადაუმოწმებელი მონაცემებით საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიან ელჩს თავის წარსულ ცხოვრებაში სულ უშუალო კონტაქტი ჰქონდა ბრიტანეთის სპეცსამსახურ „მი-6“-სთან. ასე რომ, ეს არ არის რიგითი დიპლომატის მოზომილი პოზიცია. ეს არის თავისი საქმის მცოდნის პროფესიონალის განცხადება.
რაც შეეხება ჩვენი არასამთავრობო სექტორის, ნაცოპოზიციის, ჟურნალისტების და ნაცაქტივისტების აი, ამ სირბილს, ისინი ხან ტრაილერებს დასდევენ, ხან სასწრაფო დახმარების მანქანებს და ალბათ, მონიტორინგს აწარმოებენ იმაზე საქართველო-რუსეთის საზღვარს ხომ არ კვეთენ ჯიშიანი ქართული ფუტკრები, რომლებიც იქ გადასვლით ამდიდრებენ რუსეთის ეკონომიკას ხარისხიანი თაფლით. ან, ხომ არ ხდება გუდაურის ეკოლოგიურად სუფთა ატმოსფეროს გადასვლა ჩრდილო ოსეთის დაბლობში“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის განცხადებით, ოპოზიციურ შიზოფრენიაში იძულებით არიან ჩართულები ისეთი ნორმალური და ჭკვიანი ადამიანებიც კი, როგორიც არის საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, რომელსაც ამ ფორმით მოუხდა ამ შიზოფრენიასთან გამკლავება.
„დიდი ბრიტანეთი ხვდება, რომ ის ბრალდებები და გამოუცხადებელი პოლიტიკური ომი, რომელსაც გარედან უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, შიგნიდან ეს არასამთავრობო სექტორი და რადიკალური ოპოზიცია აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ, არის სახიფათო, ძალიან მრავალი მავნებლობის მომტანი, რომელიც მართლა ქმნის იმის საფუძველს, რომ საქართველოში გაძლიერდეს ანტიდასავლური განწყობები, შემცირდეს საქართველოს დახმარება უკრაინის მიმართულებით, რაც ცუდი ნიშანი იქნება რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში და რაც დასავლეთისა და რუსეთის ომის კონტექსტშიც არ იქნება კარგი ნიშანი. ამ ყველაფერს აკვირდება ეს ჭკვიანი კაცი. მისი განცხადება იყო დროული და მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ტონალობა შეიცვალა და გერმანიის სახელმწიფოს ბოდიშიც მოუხადა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ეეჭვება, რომ უკრაინის ხელისუფლება აღიარებს დაშვებულ შეცდომებს და იტყვის, რომ შეეშალათ საქართველოსთან მიმართებაში.
„ამას არ ველოდები, რადგან იმდენად ბეჯითად მეორდება ერთი და იგივე უკრაინის მხრიდან და იმდენად ჩუმად არის უკრაინული მხარე იმ დროს, როდესაც საქართველო ითხოვს ხოლმე არგუმენტაციას. ე.ი. თვითონაც იციან, რომ არგუმენტაციის გარეშე ლაპარაკობენ და იციან, რომ სიმართლეს არ ლაპარაკობენ. რა დგას ამის უკან, ძნელი სათქმელია.
ვხედავთ, უკრაინული მხარე არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ თურქეთიდან დაწყებული ყველა ქვეყანას ეჩხუბება. ჩვენ, ქართველებს ის უპირატესობა გავქვს, რომ დღევანდელ უკრაინულ ელიტაში რამდენიმე ქართველია წარმოდგენილი, რომლებიც გარკვეულ კლიმატს ქმნიან. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება მათ ეკითება რა განცხადება უნდა გააკეთონ საქართველოს მიმართ.
მიზანი რა იქნება? - იგივე, რაც სხვა შემთხვევაში. ეჩხუბებიან სტრუქტურებს და სხვა ქვეყნებს, რომ აიძულონ გადადგან მათთვის სახიერო ნაბიჯი. საქართველოს შემთხვევაში ეს არის ომის დაწყება რუსეთთან. საქართველომ გააკეთოს განაცხადი, რომ უკრაინის მხარეს იჭერს, შეუტიოს აფხაზეთს და ცხინვალს, საპასუხოდ რუსეთს მოუწევს ჯარის საქართველოს მიმართულებით გადმოსროლა, უკრაინა ამით კმაყოფილი იქნება. აი, ეს არის უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.