ანალიტიკოსებს ლეგიტიმური კითხვა უჩნდებათ - 63 ქვეყანა სხვადასხვა ფორმით ეხმარება უკრაინას და ამ დროს ერთ რუსეთს ვერ აჩერებენ. რუსეთს იმედი ჰქონდა, ჩინეთთან მაინც გამონახავდა საერთო ენას, მაგრამ ჩინეთი მოულოდნელად განუდგა რუსეთს.
ომის დაწყებამდე ჩინეთი მხარს უჭერდა პუტინს. სი ძინპინი ირწმუნებოდა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობას საზღვრები არ ჰქონდა. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩინეთი რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობს. ჩინეთი არც მალავს, რომ უკრაინაში სიტუაცია ისეთია, როგორსაც არ ისურვებდა, რომ ხედავდეს. ამის გამო ჩინეთმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიასთანაც შეწყვიტა ურთიერთობა.
ერთადერთი მოკავშირის განდგომის მიუხედავად, პუტინი არ გატყდა. რა განაპირობებს რუსეთის მედეგობას? ამდენი დანაკარგის მიუხედავად, რატომ არ ამბობს ეს ქვეყანა უარს იარაღის ჟღარუნზე? ნუთუ 63 ქვეყანამ ერთად ვერ უნდა შეძლოს მარტოდმყოფი რუსეთის დამარცხება-განეიტრალება? რატომ გრძელდება ბრძოლა ამდენ ხანს და რატომ მოაქვს ყოველდღიური მსხვერპლი უკრაინელებისთვის?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ 63 ქვეყანა ვერ ერევა რუსეთს, რაც მრავალი მიზეზით აიხსნება. ერთია ის, რაზედაც დგას დღეს ნატოს შეიარაღება, ანუ ის პოლიტიკა, რომელიც ლიბერალებმა მთელ მსოფლიოში აწარმოეს, რომ ქალი ქალი არ არის, კაცი კაცი არ არის, ქალი კაცია და კაცი ქალია. ეს ნიშნავს, რომ ასეთ საზოგადოებაში გაზრდილი ხალხი მეომრად და ჯარისკაცად არ გამოდგება. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს უფლებები უნდა შეელახოთ, მაგრამ ასეთი პოლიტიკა, რაც მათ აწარმოეს, ასეთი პროპაგანდა, რომ ლგბტ-ობა არის პანაცეა, ასეთ შედეგს იღებს - დღეს ნატო ჯარის გარეშეა, მათ აქვთ მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობა.
„დღეს ნატოს რეალურად არ ჰყავს ცოცხალი ძალა, რომელიც შეძლებს, იომოს და დაუპირისპირდეს ისეთ ქვეყანას, რომელიც ასეთ ლიბერალურ პოლიტიკას არ აპიარებდა, რომ ქალი კაცია და პირიქით. ამით რუსეთმა მოიგო. კარგს აკეთებს, თუ ცუდს რუსეთი, ეს ცალკე თემაა, მაგრამ დასავლური ვითომც ლიბერალური პოლიტიკა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა ევროპას. დღეს ამას იმკიან ნატოს წევრი ქვეყნებიც და მთლიანად დასავლეთი, რომელიც მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობებითაა ომში ჩაბმული რუსეთის წინააღმდეგ და საამისო ფიზიკური შესაძლებლობები არ აქვს.
მეორე პრობლემაა ის, რომ თვითონ ომები არ ხდება შემთხვევით და არ ხდება დიდი პოლიტიკის, გარიგების და კულუარული შეთანხმების გარეშე. ჩვეულებრივ მოკვდავთ არავინ გვეტყვის, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ეს იციან მათ, ვინც ომის დაწყების და დამთავრების გადაწყვეტილებებს იღებს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც უკრაინაში ომი ამდენ ხანს ჭიანურდება და არ სრულდება. რა შედეგითაც ეს ომი დასრულდება, ესეც იქნება დიდი პოლიტიკის, გარიგების შედეგი და არა რეალობის ამსახველი შედეგი. ეს იქნება მსოფლიოს ახალი გადანაწილება. იქნება ეს რუსეთის გამარჯვება, თუ უკრაინის გამარჯვება, ეს ყველაფერი ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებით მოხდება“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მანვე განმარტა, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი, ვერც ერთი ქვეყანა ამით მოგებული ვერ დარჩება, ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა. მით უმეტეს, უკრაინა, სულ რომ გავიდეს დონბასიდან რუსეთი და თქვას, რაც დაპყრობილი გვქონდა, ისიც თქვენი იყოსო, უკრაინა მაინც წაგებული იქნება, რადგან განადგურდა მთელი უკრაინა, მიწასთან გასწორდა, ლტოლვილია მოსახლეობის 1/3. აქედან გამომდინარე, ნანა კაკაბაძეს აინტერესებს, რა გამარჯვებაზეა საუბარი? ასეთი ტრაგედიები რითი უნდა გაბათილდეს? მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად გამოკვეთილია, უკრაინას მოუწევს იმ ულტიმატუმებზე დათანხმება, რასაც რუსეთი სთავაზობს. ასეთ შემთხვევაში, იურიდიული პასუხისმგებლობა მოუწევს ზელენსკისაც და მთელ იმ შემადგენლობასაც, რომელიც დღეს რუსეთთან ერთად საქართველოსაც უცხადებს პოლიტიკურ ომს. მათაც მოუწევთ იურიდიული პასუხისმგებლობა იმ შედეგზე, რა შედეგიც დააყენეს უკრაინაში.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი გიორგი კობერიძე სულაც არ ფიქრობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დარაზმული ქვეყნები ვერაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ რუსეთს ბრძოლის სურვილი გაუნელდეს. პირიქით, რუსეთს ბევრ რამეს დააკარგვინებენ ეს ქვეყნები. რეალურად, რუსეთის ხელისუფლება და რუსული სამხედრო ნაწილები პირველად გატყდნენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ისინი მათი სახელმწიფოს და იმპერიის ბუნებრივ ნაწილად თვლიდნენ.
„საუბარია იმაზე, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსები დამოუკიდებელ სივრცედ არ აღიქვამდნენ. უკრაინაში რაც ხდება, ეს არის მოვლენა, სადაც რუსეთმა ცხვირი წაიმტვრია. ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, ყველაფერი წინ არის და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. ეს ის რუსეთია, რომელიც საკუთარ მოსახლეობას არაფრით ინდობს და მზად არის, თუ საჭირო იქნება, ასი ათასობით ადამიანი შესწიროს თავის მიზნებს, სწორედ ამიტომ არის მასთან ბრძოლა ძალიან რთული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ომი მართლაც შეიწირავს ასი ათასობით ადამიანს, ვინაიდან, საბოლოო ჯამში, რუსეთში მცხოვრებ მოსახლეობას კომფორტულად ცხოვრება უნდა“,-აცხადებს გიორგი კობერიძე for.ge-სთან საუბრისას.