„მეჩვენება, აღმოვჩნდი ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში, ხოლო მთელი მსოფლიო უყურებს საინტერესო სიუჟეტს, განსხვავება ისაა, რომ ტკივილი, ტანჯვა, სიკვდილი... რეალურია“

„მეჩვენება, აღმოვჩნდი ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში, ხოლო მთელი მსოფლიო უყურებს საინტერესო სიუჟეტს, განსხვავება ისაა, რომ ტკივილი, ტანჯვა, სიკვდილი... რეალურია“

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს. დონბასის დე ფაქტო ხელისუფლებას კი მიმართავს, რომ ისევე როგორც 1945 წელს, ახლაც გამარჯვება მათკენ იქნება.

„დღეს ნაციზმმა კვლავ წამოყო თავი და ცდილობს დანერგოს თავისი ბარბაროსული, არაადამიანური წესები. ჩვენი წმინდა ვალია, არ დავუშვათ მათი იდეური შთამომავლების რევანში, ვინც დამარცხდა დიდ სამამულო ომში“, - წერს ვლადიმერ პუტინი მილოცვის ტექსტში.

სანამ ვლადიმერ პუტინი უკრაინელებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავის მისალოც წერილს ადგენდა, აშშ-მა მორიგი სანქციების პაკეტი გამოაცხადა. ახალი პაკეტის თანახმად, სანქციები მიმართულია სამი რუსული ტელევიზიისა და „გაზპრომბანკის“ ხელმძღვანელების წინააღმდეგ. სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვასაც.

როგორც ირკვევა, ეს არ არის სრული ბლოკირება. აშშ „გაზპრომბანკის“ აქტივებს არ ყინავს და „გაზპრომბანკთან“ რაიმე ტრანზაქციას არ კრძალავს, თუმცა რაზეც აშშ მიანიშნებს არის ის, რომ „გაზპრომბანკი“ უსაფრთხო თავშესაფარი არ არის და ამიტომ, სანქციებს უწესებს მათ ზოგიერთ აღმასრულებელ ხელმძღვანელს. სანქციების სიას დაემატა 8 ხელმძღვანელი „სბერბანკიდან“, რომელიც რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს. სანქციები ასევე მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მისი 10 შვილობილ კომპანიას დაუწესდება.

სანქციების პარალელურად, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავდება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინა უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე და ამ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ნატოს გენერალურიმა მდივანმა, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ უნდა იყოს წარმოებული.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით ვერ დაიცავს, უკრაინა უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე. ნატო არ ფლობს მონაცემებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, უკრაინაში რუსული შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ატომური არსენალი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა აყვანილი“, - ამბობს იენს სტოლტენბერგი.

რუსეთმა უკრაინაში ომი კიდევ უფრო გაამწვავა. რუსეთის სამიზნე ისევ მარიუპოლია. რამდენიმე დღეა მარიუპოლის დამცველები ევაკუაციას უშედეგოდ ითხოვენ. უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ხელმძღვანელი, სერგეი ვოლინა ამბობს, რომ „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები უკრაინის ერთგული რჩებიან.

„მეჩვენება, რომ აღმოვჩნდი ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში, სადაც ჩვენ სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ გადარჩენის ყველა შანსს და მთელი მსოფლიო უბრალოდ უყურებს საინტერესო სიუჟეტს. ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ფილმი არ არის და ჩვენ არ ვართ გამოგონილი პერსონაჟები, ეს არის რეალური ცხოვრება. ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლი, შიში, სიკვდილი - ყველაფერი რეალურია.

ჩვენმა მთავრობამ მარიუპოლის დაცვა ვერ მოახერხა. ჩვენ ველოდებით ხისტ ქმედებებს ცეცხლის რეალური შეწყვეტისთვის. ბევრი დაჭრილი სამხედრო გვყავს, რომელთა დასახმარებლადაც გავყვირით. აუცილებელია მათი დაუყოვნებლივი ევაკუაცია. ჩვენ აქ სიტყვებისთვის არ ვართ, ჩვენ აქ უკრაინელი ხალხისთვის ვართ, ვასრულებთ სამხედრო ვალდებულებას. ჩვენ არ გვჭირდება შექება, მაგრამ გვჭირდება სამართლიანობა და ყოველთვის ამას ვამბობთ. არაფერი გვაქვს დასამალი, ჩვენ ყოველთვის, ვიდრე ცოცხლები ვიქნებით, სამართლიანობისთვის ვიბრძოლებთ. იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ გავაგდოთ რუსი ოკუპანტები“, - აცხადებს სერგეი ვოლინა.