„ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ „პოლიტიკური ქორწინება“ შესაძლოა, „გაყრით“ დასრულდეს. გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში არ სურთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ხილვა: „პარტია „საქართველოსთვის“ არ და ვერ შეუერთდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მოთხოვნას. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მის მიმართ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, ოღონდ ისე, რომ კითხვის ნიშნები ამ მართლმსაჯულების პროცესთან დაკავშირებით არ უნდა გაჩნდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილება ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს არ გაჰკვირვებია. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „პოლიტიკურ ქორწინებაში“კი იმყოფება, მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირველადი პოზიცია არ შეცვალა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთი ხმის დამატება სჭირდებოდა, მაგრამ გახარიას პარტიაში განაცხადეს, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას მხარს არ დაუჭერენ. მათ ეს პოზიცია თავიდანვე ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრემიერის გუნდი რამდენიმე საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკურ ქორწინებაში იმყოფება, პირველადი პოზიციის შეცვლით, შესაძლოა, გამოეწვიათ პოლიტიკური ზიანი არა მარტო მათ ამომრჩეველში, არამედ საზოგადოებაშიც. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში პირველადი პოზიცია არ შეეცვალათ“, - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
ზაალ ანჯაფარიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერის პარტიის გადაწყვეტილებამ შესაძლოა „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკური განქორწინება გამოიწვიოს.
„ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელი რამ მომხდარა, რაზედაც პროგნოზი წინასწარ ვერ კეთდებოდა. გამორიცხული არაა, რომ ამ პოზიციამ გავლენა მოახდინოს მათ ერთობლივ თანამშრომლობაზე. პირადად მე, ასეთ ვარიანტს არ გამოვრიცხავ“, - განუცხადა ანალიტიკოსმა for.ge.
ანალიტიკოსს ვახტანგ ძაბირაძეც პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოაბიტაციის არ სჯერა, ამიტომ ნათია მეზვრიშვილის განცხადება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ გაკვირვებია.
„გიორგი გახარიას პარტიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე საკრებულოში ჯამურად უმრავლესობა კი ჰყავთ, მაგრამ ეს კოაბიტაციას არ ნიშნავს. ნორმალურ საპარლამენტო მმართველობაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყოფილ პრემიერს ყოველგვარი პირობების გარეშე, საკუთარი მანდატები „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ მიეცა, მაშინ კი ბატონო, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ისინი კოაბიტაციაში არიან. როგორც გახსოვთ, გახარიამ ძალიან მარტივი პირობა წამოაყენა - კოალიციაში ვიქნები გნებავთ „ქართულ ოცნებასთან“, გნებავთ „ნაცმოძრაობასთან“ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი პარტიის წარმომადგენელი საკრებულოს თავმჯდომარე გახდებაო. მმართველი გუნდი ამ წინადადებაზე არ წავიდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ დათანხმდა. ამიტომ, იქ სადაც თანამშრომლობა შეიძლება, ითანამშრომლა, თუმცა სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მესმის, რომ ჩვენთვის უჩვეულოა, მაგრამ ზოგადად, ეს არის ძალიან ნორმალური პოლიტიკური პროცესი. სხვაგვარად პოლიტიკა არ კეთდება“, - განუცხადა ძაბირაძემ for.ge-ს.
ანალიტიკოსის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობისა თუ გათავისუფლების თემით, მხოლოდ და მხოლოდ მმართველ გუნდი და რადიკალურ ოპოზიცია სპეკულირებენ. მისივე თქმით, ორივე მხარეს აწყობს, რომ ქვეყანაში სხვა საკითხები გადაიფაროს.
„დღეს, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. აბა, ვის უნდა დაეკისროს?! პატიმრის ჯანმრთელობა პენიტენციურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს. გახარიას გუნდში აქვთ ეჭვი და ვიტყოდი, რომ მათი ეჭვი რეალურია. რაზე მაქვს საუბარი - ამ თემაზე „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, სააკაშვილის ჩართულობით სპეკულირებენ. მუდმივად მიდის ლაპარაკი ყოფილი პრეზიდენტის ხან შიმშილობაზე, ხან ჯანმრთელობის გაუარესებაზე, თითქოს სხვა თემა არ არსებობს. ადგეს ხელისუფლება და გამოაქვეყნოს თუ რა სჭირს ამ კაცს, ან რას სთავაზობენ, ან რაზე ამბობს უარს. ამით სპეკულაცია დასრულდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის მუდმივი განხილვით, „ქართული ოცნება“ სხვა თემების გადაფარვას ცდილობს. მათთვის ეს მომგებიანია, თუმცა მომგებიანია „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“, რადგან რიგგარეშე არჩევნებისთვის იბრძვის. ამიტომ, სულ უნდათ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საკითხი აქტუალური იყოს. თანაც მარტივი თემაა, არ უნდა ბევრი შრომა და ფიქრი. გამოხვალ და იტყვი, საწყალ სააკაშვილს ხვალ და ზეგ შეიძლება ცუდი რამ დაემართოს და იმ წამსვე ერთი ამბავი ატყდება. ამით კი იკვეთება საინტერესო რამ - პოლიტიკური პარტიები, ვინც თვლიან, რომ შესაძლოა, მომავალ არჩევნებზე ბლოკი დასჭირდეთ, რათა პარლამენტში მანდატები მიიღონ, ისინი აქტიურად „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერენ. ამაშია საქმე და ესაა მთელი უბედურება“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.