„რატომ არის სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებული? იმიტომ, რომ წინასწარ განზრახულად არ იღებს ცილოვან საკვებს, სავარაუდოდ, ალბათ, კონსულტაციას გადის ექიმებთან“

„რატომ არის სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებული? იმიტომ, რომ წინასწარ განზრახულად არ იღებს ცილოვან საკვებს, სავარაუდოდ, ალბათ, კონსულტაციას გადის ექიმებთან“

„რას ნიშნავს „ნაციონალების“ განცხადება, რომ რუსეთთან ომის აცილება არ არის მთლად მსხვერპლის ქცევაზე დამოკიდებული? აბა, რაზეა დამოკიდებული? თუკი შენ რუსეთის მიმართ აქტიური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებ, რაც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს უპასუხოდ დარჩება?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ქართველმა და უცხოელმა ცხელთავიანმა პოლიტიკოსებმა შეიძლება ახლა მაინც დაანებონ თავი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე საუბარს, რაც ამერიკის ელჩმა - კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინაში ყველამ უნდა შეწყვიტოს ურთიერთთავდასხმა, რადგან ეს მხოლოდ რუსეთს აძლევს სარგებელს? კელი დეგნანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო მოწყვლადია, რადგან აქ დგას რუსული ჯარი.

- არა მგონია, კელი დეგნანის განცხადების შემდეგ მეორე ფრონტის გახსნის მოსურნე ადამიანებმა პოზიცია შეცვალონ. ამერიკელებს უნდათ, საქართველოში სიტუაცია დამშვიდდეს და სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივიდეს, რისი პირველი ნიშნებიც უკვე ჩანს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირად ცდილობს, დაძაბოს სიტუაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის ციხიდან გამოყვანასთან დაკავშირებით. ეს არის კელი დეგნანის ერთგვარი პრევენციული განცხადება იმისთვის, რომ რაღაცნაირად აგრძნობინოს ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ აშშ-ს არ სურს საქართველოში იხილოს რაიმე სახის დესტაბილიზაცია, არეულობა, ქაოსი, აშშ არ დაუჭერს მხარს იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც იქნება ამის შემოქმედი. ყოველ შემთხვევაში, ასეთნაირად გავიგე კელი დეგნანის განცხადება. რაც შეეხება კელი დეგნანის ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მოწყვლადია, აქ დგას რუსული ჯარი, ცხადია, კელი დეგნანის გარეშეც ვიცით საქართველოს მოწყვლადობის შესახებ. თორემ საქართველო რომ არ ყოფილიყო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიცაა, შეიძლებოდა, უკრაინის მიმართულებით უფრო მეტი აქტივობაც გამოგვეჩინა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მოწყვლად მდგომარეობაშია სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური კუთხით, ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოებაზე, სიფრთხილეს იჩენს ამ საკითხთან მიმართებით. წესით, ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა ეს უნდა გაიგოს. აშშ-შიც და ევროპაშიც, მართალია, ხანდახან გვახსენებენ, რომ საქართველო უნდა დადგეს საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით, ან დიპლომატიურ შეხსენებებს გვიკეთებენ ღია თუ დახურულ შეხვედრებზე, მაგრამ არ შეიძლება, მათ არ ჰქონდეთ რეალური წარმოდგენა და სურათი, რა შეიძლება მოხდეს საქართველოში იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ უკრაინის მოთხოვნისამებრ, მეორე ფრონტს გავხსნით. შეიძლება, დასავლეთშიც ვიღაცას ეს სურდეს, იქაც არიან ქორები და ცხელი თავები, მაგრამ არიან საღად მოაზროვნენიც, რომლებიც რეალისტურად აფასებენ სიტუაციას.

რატომ უნდა სჭირდებოდეს ვინმეს, საქართველოში იხილოს მეორე მარიუპოლი, კრამატორსკი, ბუჩა, დანგრეული ქალაქები და მსხვერპლი? მაშინ თვითონ დასავლეთს მოუწევს დამატებითი დახმარების და რესურსების გაღება უკვე საქართველოს დასახმარებლად და დასაცავად. ეს მათთვის ზედმეტი თავის ტკივილია. ჯერ უკრაინის კრიზისს ვერ გამკლავებიან და არანაირად არ უნდა სურდეთ, საქართველოში რამენაირად სიტუაცია დაიძაბოს.

ქართველი ე.წ. ქორები ირწმუნებიან, რომ რუსეთთან ომის აცილება არ არის მთლად მსხვერპლის ქცევაზე დამოკიდებული.

- აბა, რაზეა დამოკიდებული? თუკი შენ რუსეთის მიმართ აქტიური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებ, რაც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს უპასუხოდ დარჩება?! აბსოლუტურად არარელევანტური და აბსურდული მოსაზრებაა „ნაციონალების“ სტილში. მე თქვენ გეტყვით, ამის უკან რა დგას, ამის უკან დგას ის, რომ მათ პრაქტიკულად ამოწურეს ყველა საშუალება, მოახდინონ ხალხის მობილიზაცია, გამოიყვანონ დიდი რაოდენობით მომიტინგეები და დაამხონ ხელისუფლება. ახლა უნდათ უკრაინის თემით სცადონ საზოგადოების მობილიზაცია და უკრაინის ფონზე მიაღწიონ პოლიტიკურ მიზანს, ანუ პოლიტიკურად ხელი მოითბონ უკრაინის ტრაგედიაზე. მათ ნახეს, რომ უკრაინის მხარდასაჭერ პირველ მიტინგზე გულწრფელად გამოვიდა ბევრი ხალხი, მიუხედავად მათი პოლიტიკური პრეფერენციებისა, „ნაციონალებმა“ რატომღაც ჩათვალეს, რომ იქ მისული ხალხი „ნაციონალების“ მხარდამჭერია და, თუ ისინი ამ პროცესს სტიმულაციას მისცემდნენ, ეს მათ იმის საშუალებას მისცემდა, შემდგომში საპროტესტო ტალღა აეზვირთებინათ, გაეზარდათ და მერე გადაეზარდათ რევოლუციებში.

ეს იმის ანალოგიურია, როგორც გავრილოვის ღამეს ჩათვალეს „ნაციონალებმა“, რომ რუსთაველზე საპროტესტოდ გასული ხალხი, უკლებლივ ყველანი, მათი მომხრეები იყვნენ?

- დიახ, მაშინაც ნახეს, რომ ახალგაზრდები მივიდნენ, ბევრი განაწყენებული ხალხი გავიდა გარეთ. თუ გახსოვთ, მაშინ საღამოს 11 საათამდე მიტინგი აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო და, როდესაც ამ მიტინგის მართვის სადავეები ხელში აიღო „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა ოპოზიციურმა პარტიამ, მერე რაც მოხდა, ყველამ ნახა.

სააკაშვილთან დაკავშირებით მისი ყოფილი თანამებრძოლი და მეგობარი კაკო ბობოხიძე ამბობს, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა „ნაცმოძრაობამ“, ცრუ მოლოდინმა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე ხალხი მას შეეგებებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ მკვდარი ლიდერი გაცილებით მომგებიანია „ნაცმოძრაობისთვის“. რეალურად, რა არის „ნაცმოძრაობის“ ინტერესი - მკვდარი ლიდერი?

- ზუსტად არ ვიცი, სააკაშვილი რით ხელმძღვანელობდა საქართველოში ჩამოსვლისას. ყველაფერი შეიძლება დავუშვათ, თუნდაც იგივე ცრუ მოლოდინი, რომ მას იმედი ჰქონდა, საქართველოში მომზადებული ნიადაგი დახვდებოდა, სახელმწიფო სტრუქტურებიდან მის მხარდასაჭერად ბევრი ადამიანი გადავიდოდა... ვინც ნახა მისი ვიდეო, რომელიც მან ჯერ კიდევ კონტეინერში ყოფნისას ჩაწერა, რომ თითქოს სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, ეს ნიშნავს, რომ წინასწარ მაინც იმზადებდა ალიბს და უკან დასახევ გზას იტოვებდა, მაგრამ ყველა ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ სათანადოდ ვერ შეაფასეს ამ ხელისუფლების შესაძლებლობები. სააკაშვილს ნამდვილად არ ეგონა, რომ მყისიერად დაიჭერდნენ, ანუ მას მისცეს საზღვრის გადმოკვეთის საშუალება, მისცეს საშუალება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სელფები და ვიდეო გადაეღო და ეს შემდგომ უკვე სასამართლოზე იქნა გამოყენებული მტკიცებულებად, რომ სააკაშვილმა რეალურად უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი. ყველა სასჯელიც რომ მოეხსნას და ყველაფერში გამართლდეს, მარტო საზღვრის უკანონოდ კვეთაზე, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ვერც სტრასბურგის სასამართლო და ვერც ვერანაირი ინსტანცია ამას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს, რადგან ეს ცალსახად კანონის დარღვევაა. რაც შეეხება იმას, რომ კაკო ბობოხიძე „ნაცმოძრაობას“ ადანაშაულებს სააკაშვილის მძიმე მდგომარეობამდე მიყვანაში, სააკაშვილი უკვე ბევრი ადამიანისთვის ერთგვარი გაჭრილი კარტია, ამას მოწმობს თუნდაც ის, რომ მის მხარდამჭერ მიტინგებზე ხალხის რაოდენობა არითმეტიკული პროგრესიით მცირდება, აღარ მიდის მის მხარდასაჭერად იმდენი ხალხი, რასაც ის ელოდა.

ე.წ. ანორექსიის, ანუ ნებაყოფლობითი შიმშილის თემამაც არ უშველა სააკაშვილს და მის მომხრეებში თანაგრძნობა არ გამოიწვია?

- ანორექსიის თემა კიდევ ცალკე საკითხია. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რატომ არის სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებული? იმიტომ, რომ ის წინასწარ განზრახულად, გამიზნულად არ იღებს ცილოვან საკვებს, უარს ამბობს კონკრეტულ მედიკამენტებზე, სავარაუდოდ, ალბათ, კონსულტაციას გადის ექიმებთან, სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს ისე, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მართლაც გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს. ახლა ცდილობენ, შექმნილი სიტუაციით ისარგებლონ და ამაზე ააგონ ნარატივი, თითქოს სააკაშვილი კვდება და საჭიროა მისი ციხიდან გაყვანა. ჩვენ ეს კინო ვნახეთ, როცა მან თავის დროზე შიმშილობა დაიწყო, როცა მისი ადვოკატები, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კომისია და მისი პირადი ექიმი აცხადებდნენ, რომ საათებიღა რჩებოდა სიცოცხლისთვის სააკაშვილს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, არაფერი არ მოხდა, დამთავრდა ამ აგორებული სკანდალის ერთი ციკლი და ახლა ჩვენ უკვე მოწმენი ვართ მეორე ციკლის.