„სააკაშვილის პერსონა ძალიან საცოდავი სანახავია და აქციები გაიმართება არა მისი შეწყალების მოთხოვნით, არამედ მისი შეცოდების თხოვნით“

„სააკაშვილის პერსონა ძალიან საცოდავი სანახავია და აქციები გაიმართება არა მისი შეწყალების მოთხოვნით, არამედ მისი შეცოდების თხოვნით“

პარტიისგან და საკუთარი ელექტორატისგან მიტოვებული მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად ოჯახი აქტიურდება. ისინი ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით ოჯახმა 5 მაისს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან უკვე გამართა, 6 მაისს კი სააკაშვილის ოჯახი და თანამოაზრეები, სავარაუდოდ, რეგიონებში გასვლასაც გეგმავენ.

ამის პარალელურად, პარტიის შიგნით და პოლიტიკურ სპექტრში სააკაშვილის ირგვლივ დაპირისპირება მწვავდება. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩანოსვლას ნანობს. ის მოტყუებული აღმოჩნდა, რადგან, როგორც ჩანს, აიმედებდნენ, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მომხრეები მასობრივ აქციებს დაიწყებდნენ, რევოლუციის გზით კი ციხიდანაც გამოვიდოდა და ხელისუფლებაშიც დაბრუნდებოდა. თუმცა არც ერთი მოხდა და არც მეორე. ამიტომ სააკაშვილს დეპრესია დაეწყო და ციხიდან სასწრაფოდ ყველა ხერხით დახსნას ითხოვს.

თაკო ჩარკვიანი კი ნიკა მელიას სააკაშვილის ციხიდან დახსნის სტრატეგიას უწუნებს და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს. მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მელიამ ვერ ივარგა და ექს-პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლების პროცესი სისრულეში ამიტომაც ვერ მოიყვანა.

თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს კიდევ ერთ ბრალს უყენებს, მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ნაცვლად პროცესი მიაძინა.

დღეს მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ბრალი წაუყენა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებენ მისი ყოფილი წევრებიც. „ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა.

კრიტიკოსებმა პასუხი აქციიდან მიიღეს და განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გადაყვანის მთავარი გზა საერთაშორისო პარტნიორებთან მიდის, რომლებთანაც მათი თავმჯდომარე აქტიურ კომუნიკაციაშია.

მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში, თავად ჩაერთვება შურისძიებაში. უგულავას თქმით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებული სიტუაცია გაცნობიერებული.

„სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათიათასობით ადამიანი. ფიზიკურ შურისძიებაზეა საუბარი. მოკლავენ პრეზიდენტს - ამაზე პასუხს არ მოსთხოვს სახელმწიფო და მოსთხოვს ხალხი. დიახ, შუა საუკუნეებში ვართ?! წუთითაც არ ვიხევ უკან, პირდაპირ გეუბნებით! კაცს კლავენ და ლოყებდაბერილი ვოლსკი გვეუბნება, თავის თავს დააბრალოსო. აი, ვინ ვის დააბრალებს, მერე ვნახავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის გააქტიურება გასაკვირი არ არის და მოვლენების განვითარებას რომ მივყვეთ, ალბათ, ლოგიკურიც არის. გამომდინარე იქიდან, რომ პარტიამ ვერც ერთი რეალური მოძრაობის აგორება ვერ შეძლო და საკუთარი ელექტორატის გამოყვანასაც კი ვერ ახერხებს, მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, სხვა გზა არ დარჩათ, თუ არა ოჯახის გააქტიურება.

„სხვადასხვა ჯგუფების, პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების მცდელობა იყო, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გარკვეული მოძრაობა დაეწყოთ, თუმცა ამან არ გაამართლა, რადგან საზოგადოებისთვის მაინც აღიქმებოდა, რომ ეს პოლიტიკური პროცესი იყო. ამიტომაც ოჯახის ამ აქტიურობაში ჩართვა ბოლო კოზირია, რომლითაც რაღაცა ყურადღების მიქცევას შეეცდებიან. რა თქმა უნდა, ოჯახის გულწრფელობაში ეჭვი არავის ეპარება, ამიტომაც ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში ეს უფრო მეტ სოლიდარობას გააჩენს.

თუმცა სიმართლე რომ ვთქვა, ეს თემა ქართულ პოლიტიკურ ველზე იმდენად მოძველდა თუ გაცვდა, რომ არ მგონია ამ მცდელობებმა რაიმე შედეგი გამოიღოს - საპროტესტო აქციებმა შეძლოს, საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, სააკშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. რაც შეეხება „ნაციონალების“ მიერ დაანონსებულ აქციებს, ახალი არ არის და ეს არც არავის უკვირს და აშინებს. ამ საპროტესტო აქციებზე, არც ბევრი ხალხი გამოდის დ არც პერმანენტული ხასიათი აქვს. მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილის თემა ახალი იყო და შიმშილობის გამო დამძიმდა, ხალხის ქუჩაში გამოყვანა ვერ შეძლეს. მას შემდეგ, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით, სააკაშვილთან დაკავშირებით რეალურად არაფერი შეცვლილა“, - აცხადებს ძაბირაძე.

რა არის მიზეზი რის გამოც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი ელექტორატიც კი ვეღარ გამოჰყავს სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით და იძულებულია ოჯახი, რომ ამ პროცესებში ჩაერთოს? რატომ გაუფერულდა სააკაშვილის პერსონა პოლიტიკურად მისსავე ამომრჩეველში? - ძაბირაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა რამდენიმე ისეთი შეცდომა დაუშვა, რამაც მისი რეიტინგი და მის მიმართ ინტერესი საზოგადოების დიდ ნაწილს დააკარგვინა.

„პირველ რიგში, შეცდომა სააკაშვილმა მაშინ დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი აქციები დაიწყებოდა და მას აქ ხალხი სრულიად სხვა განწყობით დახვდებოდა. არ მოხდა პოლიტიკურად სწორი ანალიზის გაკეთება და სააკაშვილს ფუჭი იმედები შეუქმნეს, თუ თავად შეიქმნა, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფატალური შეცდომა აქ დაუშვა. მთელი ათი წელი, ყველაფრიდან ჩანდა, რომ საზოგადობა მის მიმართ ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებით არ იყო. არჩევნებში მხარდაჭერა არ ნიშნავს იმას, რომ საპროტესტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ერთია, რომ ადამიანი მხარდასაჭერად არჩევნებზე მიდის და მეორეა, მას აქვს თუ არა პროტესტის განწყობა და უნდა თუ არა ქუჩაში დგომა.

ენმ-ის მხარდამჭერების 10%-იც კი ქუჩაში რომ გამოვიდეს და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვოს, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან გარდატეხას შეიტანს. როგორც ვხედავთ, ქუჩის პროტესტისთვის ეს რაოდენობაც კი მზად არ არის. როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ სააკაშვილი დააპატიმრეს, ამას სპონტანური საპროტესტო აქცია არ მოჰყვა, ამან საზოგადოების განწყობა უკვე ნათლად აჩვენა. ეს არის ყველაზე ზუსტი დიაგნოზი. გავრილოვი როგორც კი სავარძელში ჩაჯდა, საზოგადოების ესევე სპონტანური პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებას თუკი პორტესტი აქვს, მას პოლიტიკური სპექტრის მიერ მობილიზება არ სჭირდება“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, თავად სააკაშვილს იმიჯი შეელახა. მისდამი მოლოდინი გაცილებით დიდი იყო. საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ მისი ქვეყანაში დაბრუნება პოლიტიკურ სურათს რადიკალურად შეცვლიდა. ამ მოლოდინმა კი არ გაამართლა. სააკაშვილის სასამართლოებზე სრულიად არაადეკვატურ განცახდებებს აკეთებდა. ერთიდაიგივეს იმეორებდა და საერთოდ აღმოჩნდა, რომ რეალობას მოწყვეტილია. ახლა მისი პერსონა ძალიან საცოდავი სანახავია. აქციები უფრო გაიმართება არა სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, არამედ მისი შეცოდების თხოვნით.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მას რაღაცის შეცვლა შეეძლო, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ის ქვეყანაში არაჟნების კონტეინერით შემოიპარა. ანაჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკო ქვეყანაში პირდაპირ და ღიად ჩავიდა, ამიტომაც მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება პირიქით შეიცვალა.

„როცა სააკაშვილი დააპატიმრეს, მოლოდინი არსებობდა, რომ ციხესთან ასი ათასამდე ადამიანი მივარდებოდა და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. სასამართლო პროცესებზე კი მისმა განცხადებებმა პოლიტიკურად სრული ფიასკო განიცადა. ხალხი უკვე მის სასამართლო სხდომებზეც აღარ მიდს. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ სააკაშვილის, როგორც ლიდერის აქტუალობა თანდათნობით იკარგება. ახლა სააკაშვილის გვერდით ვინც დარჩნენ, ის ადამიანები არიან, რომლებიც მისგან რაღაცით დავალებულები არიან. სააკაშვილის, როგორც ლიდერის აღქმა საზოგადოებაში დაეცა, ამის ინდიკატორი ისაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ლამის ყველა სოფელში და ქალაქში ადგილობრივი კომიტეტების დაარსებას აპირებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგანაც მოსახლეობაში მხარდაჭერა ვერ ნახეს. რაც შეეხება პარტიაში არეულობას, არ მგონია სააკაშვილმა პარტიაზე კონტროლი დაკარგა, უბრალოდ, პარტიაში კონკრეტული ჯგუფი არსებობს, რომელიც შესაძლოა, ფიქრობს, რომ სააკაშვილი აღარ წარმოადგენს პარტიის მთავარ ძალას, თუმცა ასეთი ცოტა მგონია“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, რაც შეეხება სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას და ამ საკითხში ოჯახის აქტიურობას ეს პირველი შემთხვევა არ არის. ანჯაფარიძე გასულ წელს სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლას იხსენებს. მაშინ ალასანიამ პარტიას კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა და მთავარ დამნაშავედ ნიკა მელია იგულისხმებოდა.

„ალასანიას განცხადების შემდეგ, სააკაშვილის მოთხოვნით წინასაახალწლოდ 250 კაციანი შიმშილობის აქტი გამოცხადდა. თუმცა შემდეგ მიხვდნენ, რომ ამ აქტით უკუეფექტს მიიღებდნენ. ამის შემდეგ კი, უკვე, დიდი ალბათობით, ოჯახის ზეწოლით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები ხდება. ნიკა მელია ნომინალური თავმჯდომარე ხდება და პარტიის ლიდერშიპში ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლების თემას, ნომერ პირველ ამოცანად აყენებენ.

როცა ოჯახმა ახლა კიდევ დაინახა, რომ სააკაშვილის თემა რაღაცნაირად მინავლდა, გადაწყვიტეს, რომ პარტია ისევ შეეფუცხუნებინათ და ეს თემა წამოეწიათ. მელიამ როგორც კი დაინახა თავისი მდგომარეობა როგორი მოწყვლადი იყო, იქით სალომე ზურაბიშვილს წაუყენა ულტიმატუმი შეწყალებაზე და ცდილობს ოჯახის მოთხოვნებიდან არ ამოვარდეს. მათი მიზანი ახლა ისაა, რომ ერთი მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიიქციონ და მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით საზოგადოების. თუმცა ერთიც და მეორეც ნაკლებად მოსალოდნელი მგონია“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ჯარჯი კანონზომიერია ის, რასაც ვხედავთ
2 წლის უკან
trampi მივმართავთ ევროკავშირის მაკონტროლებელ ორგანოებს, გუანტანამოს ციხეში დაფიქსირებული საგანგაშო ვითარება საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული პროცესების ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ

კაცური კაცი!!!!
2 წლის უკან