საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქამდე უკრაინის მიმართ მწვავე განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებდა, თუმცა გერმანულ გამოცემა „დოიჩე ველთან“ სიჩუმე დაარღვია. ინტერვიუს დროს მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ უკრაინელები პარტნიორებისგან უფრო მეტს ითხოვენ, მათ შორის საქართველოსგან.
„უკრაინელები ზოგჯერ უფრო მეტს ითხოვენ პარტნიორებისგან, არა მარტო საქართველოსგან. უხეში სიტყვები გამოიყენეს სხვადასხვა პარტნიორის მიმართ, მათ შორის ბლინკენის მიმართ, როდესაც ის კიევში ჩადიოდა, უთხრეს: „ნუ წამოიღებთ შოკოლადებს, წამოიღეთ იარაღი“. მათ სურთ საქართველოსგანაც მიიღონ იარაღი, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურად უყურებს იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ამ ეტაპზე. გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე საუბრობს. ცხადია, სიფრთხილე გვმართებს, რადგან ბევრი შესაძლებლობა არ გვაქვს და არავინ იქნება მზად, საქართველოს მსგავსი გზით მხარი დაუჭიროს, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ჩვენი სოლიდარობის დონეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტის სიჩუმის დარღვევას ხსნის იმით, რომ უკრაინის მხრიდან ყოველგვარმა ზღვარგადასულმა ბრალდებებმა სალომე ზურაბიშვილს მოთმინების ფიალა აუვსო.
„სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ დიპლომატურად პასუხობს იმ უხეშ ბრალდებებს, რომელიც კიევიდან მოდის. მოთმინებასაც გარკვეული ზღვარი აქვს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერებს შორისაც კი. ეს დაუმსახურებელი კრიტიკა, რომელიც ყოველდღე ნიაღვარივით მოდის, ადრე თუ გვიან, დასრულდება. ამიტომ, პასუხი დიპლომატიურად უნდა გაეცეს, ისე, როგორც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გააკეთა“, - განაცხადა for.ge-თან საუბრსას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის მწვავე ინტერვიუ უკრაინის მაღალჩინოსნებს გულზე არ მოხვდებათ. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ისედაც გამწვავებული სიტუაცია, საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ ვეღარ გამწვავდება.
„საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად მაქსიმუმს აკეთებს და გააკეთებს. ეს პროცესი არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა და საჯაროდაც ამბობენ. უკრაინა ომშია, ამიტომ პრეზიდენტი ზელენსკი მაქსიმუმს ითხოვს, მაგრამ რა შესაძლებლობებიც არსებობს, იმით ეხმარება როგორც საქართველო, ასევე დასავლეთის ქვეყნები. არ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შემდეგ თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობა გამწვავდეს, რადგან ისედაც გამწვავებულია. ამის დამადასტურებელია ელჩის გაწვევა. ასევე, თითქმის ყოველდღე უკრაინელი ჩინოსნები დაუმსახურებლად გვლანძღავენ. ეს ყველაფერი გადაივლის. იმ თანაცხოვრებას და ურთიერთობას, რომელიც უკრაინასთან გვაქვს, ვერაფერი დააზიანებს. ომი დასრულდება და ურთიერთობებიც აღდგება, შეიძლება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.
ანალიტიკოს ზურა ქადაგიძის განცხადებით, უკრაინის მხრიდან წამოსული ბრალდებების ერთობლიობა გარკვეულ კანონზომიერებამდე მივიდა, ამიტომაც საჭირო გახდა მკაფიო გზავნილების გაკეთება, რომელიც პრეზიდენტმა ინტერვიუს დროსაც აღნიშნა.
„უკრაინის ხელისუფლება ყველანაირ პრაგმატულ სიტუაციას გასცდა და საქართველოს დადანაშაულება ღიად დაიწყო. მათი მხრიდან არაერთი შეცვლილი განცხადება ვნახეთ - ერთ დღეს საქართველოს, როგორც პარტნიორს აქებენ. მაგალითად, რადას თავმჯდომარე, მის კოლეგას შალვა პაპუაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი განცხადებიდან მეორე დღეს კი, ფრაქციის ხელმძღვანელი არახამია დაგვცინის და საპარლამენტო დელეგაციას აუგად მოიხსენიებს. მგონია, რომ პროცესი გარკვეულ კანონზომიერებამდე მივიდა. ამ პროცესებს ყველა ხედავს, მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც, ამიტომაც საჭირო გახდა მკაფიო გზავნილების გაკეთება - აქ მეორე ფრონტის ხაზი არ გაიხსნება. კარგია, რომ ამ ყველაფერს ინტერვიუს დროს მთავარსარდალიც ხაზს უსვამს“, - აღნიშნა for.ge-თან ანალიტიკოსმა.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ, უკრაინიდან მორიგი ბრალებები მოვისმინოთ, თუმცა შესაძლებელია, თავდასხმის ობიექტი სალომე ზურაბიშვილი არ იყოს.
„სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ზელენსკის მხრიდან რა გამოხმაურება ექნება, მეასეხარისხოვანია. აქ მთავარია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება თუ რას ფიქრობს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით - ხელისუფლებისა, რომელმაც ყველა პლატფორმაზე დაუჭირა მხარი უკრაინას. აქედან გამომდინარე, ცხელ გულზე ზელენსკი რას იტყვის, მნიშვნელოვანი არაა. ამ ინტერვიუს შემდეგ არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ბრალდებები წამოვიდეს, თუმცა შეიძლება ამ ბრალდებებში სალომე ზურაბიშვილი არ ფიგურირებდეს. ორი დღეა ჩუმად არიან, თუმცა ერთი კვირა ყოველდღე რაღაც ბრალდებებს ვისმენდით და ხვალ და ზეგ, შეიძლება ახალი აბსურდი გამოაცხონ. სამწუხაროა, როდესაც უკრაინის მაღალი იერარქიის პირებს ჰყავთ ისეთი გარემოცვა, სადაც ძალიან აბსურდულ რჩევებს აძლევენ“, - აღნიშნა ზურა ქადაგიძემ.
იქ არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად პრეზიდენტის აპარატის რამდენიმე წევრი საქართველოს მიმართ არასწორი ბრალდებებით არიან დაკავებულები.