მეტროსადგურ ”ავლაბრის” უკანა მხრიდან, სამების საკათედრო ტაძრისკენ ორი ქუჩა შედის - ცენტრალური (რომელიც პირდაპირ ტაძართან მიდის) და შედარებით უფრო ვიწრო. თუ დევიდ ჰეთევეის ფართოდ რეკლამირებული და სპორტის სასახლეში გამართული ქადაგებების დღეებში სამებაში იყავით, ამ ორივე ქუჩაზე აუცილებლად წააწყდებოდით ძალიან გაბრაზებულ მრევლს - აუცილებლად აღმოჩნდებოდით მათი საუბრის უნებლიე მოწმე ან მონაწილე.
მრევლი აღაშფოთა არა იმდენად იმან, რომ ასეთი ღონიძიება გაიმართა, არამედ უფრო იმან, რომ სარეკლამო რგოლში არაფერი იყო ნათქვამი ქადაგების, თუ რაიმე ტიპის რელიგიური ღონისძიების შესახებ. ასევე, არც იმაზე, რომ ამ ყველაფერს არაფერი ჰქონდა საერთო მართლმადიდებლობასთან.
წინა კვირა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ”ბებერი ევროპა” დაინტერესდა ჩვენით ძალიან და საქართველოში დიდი სტუმრიანობა იყო. ყველა, ვინც გვესტუმრა, ყველა ევროპელი მაღალჩინოსანი, ხაზგასმით ამბობდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. ამის უპირველეს და ერთ-ერთ მთავარ ნიშნად, მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების დაცულობა სახელდებოდა.
დაირღვა თუ არა ზემოთხსენებული ფაქტებითა და სარეკლამო რგოლით მართლმადიდებელი უმრავლესობის უფლებები? არის თუ არა მედია დაცული საქართველოში და საერთოდ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, დემოკრატიულობის პრობლემებთან დაკავშირებით? ამ თემების შესახებ ”პრესა.გე” ადვოკატს, უფლებათადამცველს, გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.
იმ სარეკლამო რგოლით რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ტრიალებდა, მე მეგონა, რომ სპორტის სასახლეში დოკუმენტური ფილმის ჩვენება იქნებოდა - ”ქრისტიანული მოღვაწე, დევიდ ჰეთევეის შესახებ”. ნათქვამი იყო ისიც, რომ ჩვენებას ფილმის მთავარი გმირიც და ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართებოდა. თუმცა, თუ არაფერი მეშლება და თუ ზუსტად მახსოვს, არაფერი იყო თქმული იმის შესახებ, რომ ჩვენების შემდეგ ქადაგებაც გაიმართებოდა. იყო თუ არა ასეთი სარეკლამო რგოლის - როდესაც მასში ზუსტად არ იყო ნათქვამი ის რაც მოხდებოდა - განთავსება ტრადიციული ქრისტიანობის მიმდევართა უფლებების დარღვევა? და მეორე, არის თუ არა ეს, პროზელიტიზმი?
-თქვენ ორი პრობლემა დააყენეთ: რეკლამასთან დაკავშირებით და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით....
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მრევლი გააღიზიანა არა თავად ქადაგების, ღონისძიების ფაქტმა, არამედ იმან, რომ არ იყო სრული ინფორმაცია. ამის გამო, მრევლმა თავი მოტყუებულად ჩათვალა...
-გასაგებია. არსებობს კანონმდებლობაში ცრუ რეკლამის ცნება. ანუ რეკლამა, რომელიც რეკლამირებას არ უწევს იმას რაც არის სინმადვილეში, ანუ ატყუებს ხალხს. მე სამწუხაროდ, ეს რეკლამები პირადად არ მინახავს - რაიონში ვიყავი ეს დღეები. თუმცა, თუ ეს მართლაც ასე იყო, რომ სხვა რაღაცას უწევდნენ რეკლამას და სხვა რაღაც დაახვდრეს, სამართლებრივად, სამოქალაქო წესით უნდა შეიტანონ სარჩელი.
სამართლებრივად, განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ცრუ რეკლამისთვის, ანტირეკლამისა და ხალხის მოტყუებისთვის. ზეპირად არ მახსოვს უფრო მკაცრი სასჯელი არის თუ არა გათვალისწინებული ამისტვის, მაგრამ ნადვილად მახსოვს, რომ ფულად სანქციებს და ჯარიმებს ითვალისწინებს. ასე რომ თუ მართლაც იყო ის რაც რეალურად არ ყოფილა და ხალხი მოატყუეს, ეს ადამიანები სამართლებრივადაც შეიძლება დაისაჯონ.
საქმე ისაა, რომ კლიპი საკმაოდ ეშმაკურად იყო გაკეთებული... იყო ნათქვამი, რომ იქნებოდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ფილმი აჩვენეს; იყო ნათქვამი, რომ ჩვენებას დაესწრება ადამიანი რომლის შესახებაცაა ეს ფილმი და ის მართლაც დაესწრო... თუ მეხსიერება არ მღალატობს და თუ სწორად მახსოვს, ვგონებ, იქ მხოლოდ სიტყვა ”ქადაგება” ანუ რაიმე ტიპის სასულიერო ქმედებები არ ყოფილა ნახსენები...
-პრინციპში, ეს ნიუანსებია, რომლებიც კონკრეტულად უნდა განიხილოს სასამართლომ და იქ დაადგინოს რა იყო ტყუილი, რა - მართალი. ასე რომ ვინც მოტყუებულად თვლის თავს, შეუძლია ამაზე პასუხი სამართლებრივი გზით მოძებნოს.
რაც შეეხება პროზელიტიზმსა და მართლმადიდებლების უფლებების შელახვას. აქ ორი მომენტია. თუ ვთქვათ, ამ ადამიანებს მიანიჭეს ის უფლება რაც მანამდე არ მიანიჭეს მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლებს, ეს ცხადია, არის მათი უფლებების შელახვა. მე არ ვიცი მოითხოვა თუ არა მართლამდიდებელმა მრევლმა ოდესმე სპორტის სასახლის დათმობა და უთხრეს თუ არა მათ უარი ამაზე. მაგალითისთვის გაგახსენებთ, ”ეროვნული ფორუმის” შემთხვევას. გუბაზ სანიკიძე ამბობდა, რომ მათ არ დაუთმეს სპორტის სასახლე რაღაც პოლიტიკური აქციის ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში, ნათლად შეიძლება ითქვას, რომ ამ პოლიტიკური პარტიის ინტერესები შეილახა.
პროზელიტიზმთან დაკავშირებით... ეს საკითხი ძალიან მკაფიოდაა გამიჯნული. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში არის შეტანილი, რომ გაფორმებულია ხელშეკრულება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. მართალია, მართლმადიდებლობა არ არის სახელმწიფო რელიგიად აღიარებული, მაგრამ ამ დოკუმენტის მიხედვით, აღიარებულია, რომ მას გარკვეული უპირატესობა ენიჭება.
მიუხედავად ამისა, თუ იურიდიულად, უფლებათადაცვით დონეზე, არ დამტკიცდება, რომ მართლაც შეილახა მართლმადიდებელთა კონკრეტული უფლებები და თან, შეილახა ძალადობრივი გზით, ძნელია ასე გადაჭრით იმის თქმა, რომ მაინცდამაინც შეილახა მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები თუ ინტერესები. თუ ვთქვათ, არ მივიდნენ მართლმადიდებელთა სახლებთან, ტაძრებთან და იქ არ დაიწყეს რაღაც აგრესიული ქმედებები...
მოგეხსენებათ, პროზელიტიზმი არის მოსყიდვის ან იძულების გზით ხალხის სხვა სარწმუნოებაზე მოქცევა. ანუ მათ ქმედებებში უნდა ფიგურირებდეს ან მოსყიდვის ან ძალადობის ნიშნები. ამიტომ, კონკრეტული შემთხვევების შესაბამისი შესწავლის გარეშე, ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია.
მედიაში რა მდგომარეობაც არის, ყველაზე კარგად ჟურნალისტებმა ვიცით, მაგრამ მცირე პროგრესი მაინც თუ შეინიშნება ზოგადად უფლებათადაცვით და მათ შორის, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით?
-შემიძლია გითხრათ, რომ პროგრესი მხოლოდ იმ მეთოდების დახვეწაში შეინიშნება რომლებითაც ხელისუფლება დემოკრატიის - მათ შორის, მედიის - შეზღუდვას ცდილობს. ხელისუფლებამ ეს მეთოდები იმდენად დახვეწა, რომ შეზღუდვა ძლიერდება, მაგრამ თან ფასადურად ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს პირიქით, ეს ყველაფერი დემოკრატიის განმტკიცებისკენაა მიმართული. და ჩვენი, ადვოკატების მაგალითზე მოგახსენებთ.
გამოვიდა სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის ბრძანება. შესავალში წერია, რომ ეს ბრძანება გამოდის იმისათვის რათა ადვოკატებს თანაბარი პირობები მიეცეთ, რომ უკეთესად მუშაობის საშუალება ჰქონდეთ... მოკლედ, ამ შესავლით ისე გამოდის, რომ ხელისუფლება და კონკრეტულად ეს სამინისტრო მოწოდებულია, ადვოკატებს ოაზისი შეგვიქმნას.
ამ ბრძანების პირველი სამი მუხლი არაფერია, ლაი-ლაი... აი, მეოთხე მუხლში კი წერია, რომ ადვოკატებს ციხეში ერთხელ შესვლით ორი მსჯავრდებულის, ორი დასაცავი პირის ერთად ნახვა ეკრძალებათ. ანუ თუ მეორე პატიმართანაც გჭირდება შეხვედრა, უნდა გამოხვიდე, ხელახლა ჩადგე რიგში და ა.შ. ყველა ადვოკატი აღშფოთებულია ამით, რადგან ეს ძალიან გვირთულებს მუშაობას. არადა, ამ ბრძანებაში ისეა ყველაფერი შეფუთული, თითქოს ეს ჩვენზე ზრუნვის გამო გააკეთეს. ეს არამარტო ჩვენი, არამედ, პატიმრების უფლებების დარღვევაც არის და ამაზე ჩვენ უკვე მივმართეთ პრემიერ-მინისტრს.
ეს კონკრეტული შემთხვევა დამახასიათებელი მაგალითია იმისა, რომ ყოველთვის, დემოკრატიული ნორმების შეზღუდვა იფუთება ისე, თითქოს, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს ყველაფერი თანდათან სულ უფრო და უფრო დახვეწილ ნორმებს იღებს. ისევე როგორც, საარჩევნო გაყალბები. ნახეთ, რომ წელს ეს ნაკლებად გამოჩნდა არადა, ამ არჩევნების დროსაც მეტი თუ არა, ნაკლები გაყალბება არ ყოფილა.
ერთადერთი დადებითი ის არის, რომ დასავლეთი - ევროპა, ამერიკა - და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები არარც ტყუვდებიან და აღარც, თავს იტყუებენ. განსხვავებით, ადრინდელი პერიოდისა, როდესაც თავის დროზე მათ ბუში დემოკრატიის შუქურას უწოდებდა.
და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით როგორია მდგომარეობა?
-დავიწყოთ იმით, რომ ისევ, ელექტრონული, ტელემედიის პროპაგანდისტული მანქანა მიმართულია - ვგულისხმობ ე.წ. ნაციონალურ არხებს - ხელისუფლების პოზიციების განმტკიცებისკენ და არა, თანასწორობის დაცვისა თუ ობიექტური რეალობის წარმოჩენისკენ.
წეღანაც გითხარით, რაიონში ვიყავი-მეთქი და ეს ყველაფერი იქ უფრო კარგად ჩანს. მოგეხსენებათ, იქ არ აჩვენებს ”კავკასიას” თუ ”მაესტროს”. მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი, კომუნიოსტური პრპოპაგანდა აღწევს იმ ადამიანებამდე. ამის გამო, როდესაც მათ რაღაცას უხსნი, ისინი პირდაღებულები გიყურებენ იმდენად გაუთვითცნობიერებლები არიან ამ კომუნისტური პროპაგანდისგან.
რაც შეეხება მედიის დაცულობას? და განსაკუთრებით, რეგიონალური და თბილისელი მწერალი მედიის საკითხი მაინტერესებს. ჩვენ, არ ვართ რა საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, ჩვენზე დარტყმა უფრო ადვილია, რადგან ეს არ გამოიწვევს საერთო-სახალხო აღშფოთებას ანუ იმას, რისიც ეშინია ხელისუფლებას. ჩვენი დაცვის თვალსაზრისით თუ გაუმჯობესდა რამე?
-ვფიქრობ, რომ არა. თქვენ რეგიონული მედია ახსენეთ. იგივე გელა მთივლიშვილი და საბა წიწიკაშვილი გორიდან თუ კახეთიდან, ნანა ფაჟავა - სამეგრელოდან... ისინი არიან რეგიონული მედიის ყველაზე ცნობადი სახეები, მაგრამ მათ მიმართაც კი როგორი აგრესია და როგორი დამოკიდებულებაცაა, ყველა ვხედავთ. არადა, ისინი ე.წ. ცნობადი სახეები არიან.
თქვენ მართალი ბრძანდებით, როდესაც ჟურნალისტი არ არის ე.წ. ცნობადი სახე, რასაკვირველია, მის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედების გახორციელება ბევრად უფრო ადვილია. აქედან გამომდინარე, ალბათ ისევ უფლებადამცველებმა, თვითონ ჟურნალისტებმა - ყველამ, ვისაც რაიმე შეხება აქვს უფლებათადაცვის საქმიანობასთან - ერთობლივად უნდა იაქტიურონ. დღეს, მაქსიმალურიო აქტიურობისა და ამ გზით თავის დაცვის გარდა, სხვა გზა არ არსებობს.
აქტიურობაში ვგულისხმობ არამარტო ამ ყველაფრის ქართულ საზოგადოებამდე მიტანას არამედ, საერთაშორისო საზოგადოებამდე მიტანასაც. დღეს, ფაქტობრივად, უცხოელებია თავდაცვის ერთადერთი იარაღი, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ზეგავლენა ჩვენს ხელისუფლებაზე. ამიტომაც ცდილობენ ისინი ასე დაჟინებით მათ მოტყუებას.
ქვეყნის შიგნით ხელისუფელაბს არავის რიდი არა აქვს და ეს დაამტკიცა არამარტო ოპოზიციის უნიათობამ და თავმოუბმელობამ არამედ, ამის შედეგად, საზოგადოებაში გაჩენილმა ნიჰილიზმმაც. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, უფლედამცველებს მთავარი აქცენტი საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე გვაქვს გადატანილი. სწორედ იქ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ხელისუფლების რეალური სახე.
ჩვენ, მედია თუ ვართ კანონმორჩილი? ცხადია, არ ვგულისხმობ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიას - ეს სულ სხვა თემაა. მაინტერსებს პრესა, თავისუფალი ტელე და რადიო ეთერი თუ არის კანონმორჩილი?
-კანონების დარღვევა ისეთი რამაა, რომ ნებისმიერმა შეიძლება დაარღვიოს კანონი: ჟურნალისტმაც, მინისტრმაც, ადვოკატმაც...
მე ამ შემთხვევაში, ტენდენცია მაინტერესებს...
-დიახ, გასგებია. რაც შეეხება ტენდენციას და მთლიანად მედიის წარმომადგენელთა მხრიდან კანონის დარღვევას, მე მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ. ცალკეული შემთხვევები, ვიმეორებ, ნებისმიერ სფეროში შეიძლება იყოს. თუმცა ასე, მასობრივად რომ მედია კანონს არღვევდეს, მე ასეთ ტენდენციას ვერ ვხედავ. ხოლო თუ მაინც არსებობს რაიმე კანონის დარღვევის ერთეული შემთხვევა, არის კანონი პრსის თავისუფლების სესახებ და ნებისმიერს შეუძლია ამის მიხედვით, სასამრთლოში უჩივლოს. მე რაღაც ასეთი შემთხვევა არ მახსენდება.
ბეჭდვით მედიაში გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც ერთი ჟურნალისტი ერთდროულად, ორი-სამი ქართული მედიასაშუალებისთვის წერს. სადღაც - ნამდვილი სახელით და გვარით, სხვაგან - ფსევდონიმით. ეს, კანონის დარღვევაა? თუ მსგავს საკითხებს ყოველი კონკრეტული მედიასაშუალების შიდაგანაწესი არეგულირებს?
-დიახ, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, არსებობს მედიასაშუალების მფლობელსა და ჟურნალისტს შორის შეთანხმება, კონტრაქტი, ხელშეკრულება. და ეს ურთიერთობები სწორედ ამით რეგულირდება. მათ შორის ისიც, ფსევდონიმით უნდა წეროს და არ გაიშიფროს ეს ჟურნალისტი თუ პირიქით. ანუ რასაც ჩაწერ იმ ხელშეკრულებაში, ყველაფერი კანონიერი იქნება. ნუ, ცხადია თუ ეს პირდაპირ არ ეწინააღმდეგება კანონს.
ვერ გეტყვით რომ ეს კანონს ეწინაღმდეგება. ყველაფერს ისევ კონკრეტული ხელშეკრულება განსაზღვრავს. სეიზლება რედაქტორმა აუკრძალოს ვთქვათ, თავის ჟურნალისტს სხვა გაზეთისთვის ფსევდონიმით წერა. თუ ამაზე ხელი მოაწერა ჟურნალისტმა და მაინც დაწერა, მხოლოდ ამ სემტხვევაშია კანონის დარღვევა.
და კიდევ ერთი შემთხვევა, ხომ არ არღვევს ხოლმე იგივე მწერალი მედია და დამოუკიდებელი ტელეკომპანიები კანონს, როდესაც ამა თუ იმ დაპატიმრებასთან დაკავშირებით, გამოთქვამენ ვარუდს, რომ ამ დაკავებას შესაძლოა, პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს? ასეთი ვარუდის გამოთქმა ხომ არის კანონის დარღვევა?
-არა რა თქმა უნდა. ვარაუდის გამოთქმა ემყარება კონკრეტულ ფაქტებს - რატომ ვარაუდობენ. ვთქვათ, ვიღაც უცნობი რომ დაიჭირონ ქუჩაში და მასზე თქვას ჟურნალისტმა, რომ ეს არის პოლიტიკური დაპატიმრება, უნდა მიაყოლოს დასაბუთება - რატომ ფიქრობს ის ასე. თუ არ მიაყოლა, ეს იქნება მისი დაბალი პროფესიონალიზმის მაჩვენებელი და ის უბრალოდ გამაიმუნდება.
ახლახანს დააკავეს ნავერიანი სვანეთში, ქალბატონი, საკრებულოს დეპუტატი ალიანსიდან. როდესაც ჟურნალისტი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს არის პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრება, რა თქმა უნდა, მას აქვს ასეთი ვარაუდის საფუძველი. თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის კრიმინალი, იმათაც მიაჩნიათ, რომ ეს ჯერ-ჯერობით ვარაუდია რადგან უნდა წავიდეს გამოძიება და ბოლოს, სასამართლოზე უნდა დამტკიცდეს არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. ასე რომ ვარაუდის გამოთქმა არანაირად არ ზღუდავს და ეს არ არის კანონის დარღვევა ჟურნალისტის მხრიდან.