პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობის საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა. თუმცა, ვიცით, რომ პარლამენტში ამ კომისიის შესაქმნელად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დეპუტატთა რაოდენობა და ხმები არ ჰყოფნის. სხვა შემთხვევაში, „ნაცებს“ საკანონმდებლო ორგანოში სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია აქამდე არა მხოლოდ შექმნილი, უკვე სამუშაო რეჟიმში ექნებოდა მოყვანილი.
ოპოზიციის ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს, რადგან ზოგს არ სჯერა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის და მას ტყუილში ადანაშაულებს.
აქვე გეტყვით, რომ მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წევრ ექიმებს მიმართავს და მოუწოდებს, მოინახულონ იგი და პირადად გააკეთონ დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მათ მხოლოდ საკუთარი სიმპტომების შესახებ გაესაუბრება და მიიღებს როგორც ექიმებს და არა როგორც პოლიტიკოსებს.
„მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე.
ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხადებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე.
პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ამ კომისიის შექმნას შესაძლოა, მხარი დაუჭირონ, რადგან მათ ხელს აძლევს დღის წესრიგში ტრიალებდეს ყოფილი პრეზიდენტის საკითხი და სხვა მნიშვნელოვანი თემები და ის პრობლემები, რაც საზოგადოებას აწუხებს, გადაიფაროს. ხელისუფლებას არ აწყობს, სხვა უფრო საკაცობრიო საკითხებზე მსჯელობა.
„სააკაშვილის პრობლემატიკა „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რადგან ყურადღება გადააქვს, არ გამიკვირდება, რომ „ოცნების“ წარმომადგენლების ნაწილმა ამ კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, დღეს საქართველოს მოსახლეობის დღის წესრიგი არა ყოფილი პრეზიდენტის საკითხი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. ბერდია სიჭინავას თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, საქართველოს პარლამენტი აქციოს ორგანოდ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს.
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და უცხოეთში სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნით ჩატარებულ აქციებში პარტია „მოქალაქეები“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთან, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აწამეს. მისივე თქმით, მოსახლეობის 90%-ს მიხეილ სააკაშვილის პრობლემები არ აწუხებს.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს ამ კომისიის შექმნა, რათა საერთაშოროსი საზოგადოებისთვის შექმნას იმიტაცია, რომ „ქართული ოცნება,“ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.
„ოცნებას“ შეიძლება აწყობდეს, რომ შექმნას იმიტაცია, ის დაინტერესებულია პოლიტიკური პატიმრის ჯანმრთელობით, ამასთან საერთაშოროსი საზოგადოების წინაშე მას ექნება სათქმელი, რომ მესამე პრეზიდენტთან ოპონირების მიუხედავად, მხარს უჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას.
„ნაცმოძრაობაში“ არის საუბარი, რომ შესაძლებელია, გარკვეული თანხმობა არსებობდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მიხელ სააკაშვილი გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, თუ ის ჩამოშორდება პოლიტიკურ საქმიანობას. „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა, აწყობდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ქართულ პოლიტიკაში, რადგან მისი ფიგურა განსაზღვრავს ხმების იმ რაოდენობას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების დროს იღებს“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ამ კომისიის შექმნაში მონაწილეობას მიიღებს, ამასაც მოჰყვება გარკვეული შეფასებები. მისი თქმით, დღეს მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან ისედაც ჩამოშორებულია.
„თუ „ქართული ოცნება“ ჩაერთო და შეიქმნა ასეთი კომისია, აუცილებელი მოჰყვება ამას შეფასებები, რატომ ჩაერთო და სააკაშვილი ახალი მიმართულებით გახდება სალაპარაკო თემა. რაც უფრო მეტად იქნება მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში სააკაშვილი, მით უფრო მეტად მოიგებს „ქართული ოცნება“ - ლოგიკა ამაზეა. სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომებით „ქართული ოცნება“ რჩება მოგებული.
ცინიკური დამოკიდებულება შეიძლება გაუჩნდეს ხელისუფლებას, ჩამოშორებული არ არის პოლიტიკიდან სააკაშვილი? ციხეშია და რას უშავებს? ციხეში მყოფი სააკაშვილის გამო რომ ძლიერი საპროტესტო ტალღა არსებობდეს, მაშინ კიდევ იფიქრებდა ხელისუფლება, რომ ურჩევნია სადმე სხაგან წავიდეს, მაგრამ 200 კაცამდეც ვერ აგროვებენ სააკაშვილის დამცველები და ციხეში მყოფი სააკაშვილი ხელისუფლებას დისკომფორტს ვერ უქმნის“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.