„მე ექიმების ოჯახიდან ვარ, ჩემი ძმაც ქირურგია, დედა გინეკოლოგი მყავდა საბჭოთა პერიოდში, მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ექიმებთან, მაგრამ მსგავსი რამ, რაც ე.წ. ექიმებმა ჩაიდინეს, ვერ წარმომიდგენია, ოდესმე თავისი პროფესიის პატივისმცემელ მედიკოსებს ჩაედინოთ. „ნაც-ექიმები“ პოლიტიკაში გადაიჭრნენ, ალბათ, მიშას მამის წვლილია იმაში, რომ ამ ექიმებზე მოახდინეს, ერთი მხრივ, ზეწოლა და, მეორე მხრივ, დააინტერესეს სხვა რამით“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
ცალკეული ექიმები ჰიპოკრატეს ფიცის დაცვის მაგივრად, მიშას ერთგულების ფიცის დაცვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. თავდაპირველად სააკაშვილის პირადი ექიმი - ნიკოლოზ ყიფშიძე იძახდა, რომ მიშა არაფრით არ წავიდოდა გლდანის ციხის საავადმყოფოში, ახლა კი ჩანაცვლების პრინციპით სხვა ექიმები აპელირებენ ანორექსიის დიაგნოზით. რა ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში, როდესაც ანორექსია ან ნებისმიერი სხვა დაავადება სჭირდათ პატიმრებს? სად იყვნენ ეს ექიმები და, თუ ახსენდებოდათ იმ ადამიანთა ბედი, რომლებიც ციხეებში მორიგეობით იძინებენ, რადგან ერთ კამერაში უამრავი პატიმარი იყო შეყრილი?
- ის, რაც ამ ვითომ ე.წ. ექიმებმა ჩაიდინეს, ეს მხოლოდ ამორალური საქციელი კი არ არის, არამედ ეს არის დანაშაული, რადგან ეს ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ პროფესიას ღალატობენ. ალბათ, მიშას მამის წვლილია იმაში, რომ ამ ექიმებზე მოახდინეს, ერთი მხრივ, ზეწოლა და, მეორე მხრივ, დააინტერესეს სხვა რამით, რის გამოც ეს ხალხი გამოვიდა დღეს და ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს დანაშაულია, რადგან ამ ექიმებმა ზუსტად იციან, რომ ლაპარაკობენ ტყუილს, როგორც ძალადობასთან დაკავშირებით, ისე, ზოგადად, სააკაშვილთან დაკავშირებით რა სიტუაციასაც ექიმები აღწერენ, ესეც ტყუილია. ეს ყველაფერი ამ ექიმებმა იციან, მაგრამ მიზანმიმართულად ჩადიან ამას ანგარების გამო. მე ექიმების ოჯახიდან ვარ, ჩემი ძმაც ქირურგია, დედა გინეკოლოგი მყავდა საბჭოთა პერიოდში, 5 საავადმყოფოს მთავარი ექიმები ჩემი ბიძაშვილები იყვნენ. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ექიმებთან, დიდ პატივს ვცემ მათ, ძალიან მიყვარს, მაგრამ მსგავსი რამ, რაც ამ ექიმებმა ჩაიდინეს, ვერ წარმომიდგენია, ოდესმე თავისი პროფესიის პატივისმცემელ მედიკოსებს ჩაედინოთ. ეს „ექიმები“ პოლიტიკაში გადაიჭრნენ, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ წევრებად მოგვევლინენ თავიანთი განცხადებებით. თქვენ დასვით კითხვა, რა ხდებოდა მიშა სააკაშვილის დროს, როგორ ექცეოდნენ ავადმყოფ პატიმრებს მედიკოსები? სააკაშვილის დროს როგორც პატიმართა რაოდენობით, ისე პატიმართა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ვიყავით. ეს თავისთავად ლაპარაკობს იმაზე, რა ხდებოდა მიშას დროს, მაგრამ რამდენიმე დეტალს მინდა შევეხო. პატიმრებს უფლება არ ჰქონდათ, საერთოდ ექიმი მოეთხოვათ. კბილის ტკივილის, თავის ტკივილის, ცემის და წამების შემდგომ გამოწვეული ტკივილების გამო უბრალო გამაყუჩებელი რომ მოეთხოვათ, სპეცნაზი შედიოდა და ორ იმდენს ურტყამდა ამ ადამიანებს, ათ იმდენ ტკივილს მიაყენებდა. აქედან გამომდინარე, პატიმრები წამალს აღარ ითხოვდნენ და ტკივილს ისე იტანდნენ, ამ ყველაფერს არც ამჟღავნებდნენ, კიდევ უფრო მეტი ტკივილი რომ არ მიეღოთ. ამ სისტემის და რეჟიმის შემოქმედი სააკაშვილი დღეს ასეთ ულტიმატუმებს უყენებს ხელისუფლებას, რომელიც, ჯერ ერთი, კანონით არ ეკუთვნის, მეორეც, კანონითაც რომ ეკუთვნოდეს, როცა თვითონ ასეთ რეჟიმში ამყოფებდა პატიმრებს... ზუსტად იცის, მის დროს რასაც უშვებოდნენ ციხეში მყოფ ადამიანებს, ჩემზე მეტიც იცის, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნება, თითქოს არაფერი იცოდა ამის შესახებ. გადასარევად იცოდა, კადრებსაც უყურებდა, რას უშვებოდნენ პატიმრებს, თვალთვალისა და მიყურადებისას პირადი ცხოვრების, ინტიმური ხასიათის ამსახველ კადრებსაც უყურებდა სააკაშვილი და მისი ხროვა, ლორთქიფანიძის მიერ ჩამოყალიბებული ბანდა. ყველაფერ უბედურების შემოქმედი კაცი რომ დღეს კიდევ ულტიმატუმს უყენებს ხელისუფლებას და ამუნათებს, ეს თავხედობის კულმინაციაა.
სააკაშვილის შემთხვევა უნიკალური გამონაკლისია იმ მხრივაც, როცა საზოგადოებას არ აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტის ბედი, განსხვავებით, სხვა პრეზიდენტებისგან. ეს რით არის გამოწვეული?
- დანარჩენი საზოგადოება, რომლებიც არ არიან „ნაცისტები“, ამას უყურებს, როგორც გიჟის ბოდვას სააკაშვილის მხრიდან, ან როგორც ნაძირლის მიერ ჩადენილ ქმედებას, რომელზეც არ თვლიან, რომ პასუხი უნდა გასცენ. ადამიანები ფიქრობენ, რომ სააკაშვილი ასეთი მოცემულობაა და სხვას რას უნდა ელოდონ მისგან? აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ფიქრობს, რომ თავისიანები გვერდით უდგანან, ხოლო დანარჩენი საზოგადოება გაჩუმებულია და ამიტომაც გასდის ეს უზნეობა. იმას კი არ ითვალისწინებს, რატომ არის საზოგადოება გაჩუმებული, რადგან ხალხმა იცის, ვინც არის სააკაშვილი, რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, რომ ის არაადამიანია. სააკაშვილს არც ის აინტერესებდა, რა მდგომარეობაში ჩააგდო თავისი პოლიტიკით ქვეყანა, ქვების გროვას უწოდებდა იმას, რაც დაკარგა 2008 წლის ომში. ცდილობდა, ახალი ტიპის ქართველი შეექმნა და ჩარეცხილებად მიიჩნევდა საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ასე უყურებს დღესაც ჩვენს საზოგადოებას, რამე კი არ შეცვლილა მის მენტალობაში. ასე რომ, სააკაშვილი სარგებლობს იმით, რომ თავისი სექტა მის გვერდით დგას, დანარჩენი საზოგადოება კი გაჩუმებულია.
თქვენ ნაცექიმებად მოიხსენიებთ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, თენგიზ წულაძეს და სხვებს და მიიჩნევთ, რომ ჰიპოკრატეს ფიცი განურჩევლად ყველა ავადმყოფის მიმართ ერთნაირ მიდგომას მოითხოვს.
- დიახ, ისინი არც დაინტერესებულან სხვა პატიმრების ბედით, რომლებიც გაცილებით უარეს პირობებში არიან. ისინი ინტერესდებიან მხოლოდ სააკაშვილით, ვის მიმართაც აქვთ ინტერესი. რა ინტერესები აქვთ, საკუთარ გულში ჩაიხედონ და საკუთარ სინდისს ჰკითხონ, თუ გააჩნიათ ასეთი რამ.
არის ასეთი მოსაზრება, რომ ხომ არ ჯობდა, სააკაშვილი, როგორც ზედმეტი თავის ტკივილი, უცხოეთში გაეშვათ, ოღონდ იმ დათქმით, რომ საქართველოს შიდა საკითხებში არ ჩაერეოდა. ხოლო, თუ მაინც ვერ შეელეოდა ქართულ პოლიტიკას, სოლიდური ფინანსური ვალდებულება უნდა დაკისრებოდა მას.
- ეს ძალიან დიდი უზნეობა იქნება, რადგან ციხეებში უამრავი ადამიანია, რომელიც გადაიხდის ფულს იმაში, რომ არ ჩაერთვება პოლიტიკაში და მაშინ გაუშვან ციხიდან. რას ჰქვია სააკაშვილი არ ჩაერთვება პოლიტიკაში, გადაიხდის ფულს და გავა გარეთ? მან ფული იმაში უნდა გადაიხადოს, რომ ქვეყანა გაძარცვა და არა იმაში, რომ ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერთვება. მან გაძარცვა ჩვენი ქვეყანა, მილიარდები გაიტანა აქედან, ეს ყველაფერი უნდა გამოიძიონ და უკან დააბრუნებინონ და არა ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდა. ჯერ ის თანხები დააბრუნოს, რაც მან და მისმა ხროვამ მოიპარა და გაიტანა ქვეყნიდან. რაც შეეხება მის პატიმრობას, ამაზე მინიმალური, სიმბოლური, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის დამამცირებელი სასჯელი აქვს მისჯილი ამხელა სიმბოლურ - სააკაშვილს, ეს შეირგოს და ნება იბოძოს, ბოლო წუთამდე მოიხადოს სასჯელი, რომელიც სასამართლომ განუსაზღვრა და კიდევ განუსაზღვრავს. რაც არ უნდა დაემატოს მის სასჯელს, შეკრებითობის პრინციპით მაინც აღარ ხდება სასჯელის მოხდა საქართველოში. თვითონ რომ ასამართლებდა ხალხს ერთი ქვაბის სახურავის ქურდობის გამო 16-17 წელს, ან უვადო პატიმრობას უსჯიდა, ეს დრო აღარ არის. ხალხმა ასეთი აბსურდული სასჯელები მოიხადა და სააკაშვილმა არ უნდა აგოს პასუხი მარტო იმისთვის, რომ ასეთი ელემენტარული დანაშაულებისთვის ხალხს ათეულობით წლები მოახდევინა ციხეში, წამებისა და ღირსების შემლახავ პირობებში? თვითონ იყო პასუხისმგებელი ადამიანის უფლებებზე, კონსტიტუციური ვალდებულება ჰქონდა ადამიანის უფლებებზე და ამ დროს ასეთი საშინელი სისტემის „ვერხუშკაში“ იყო.
სააკაშვილის ძმებს პატრიარქის ჩართვა უნდათ ამ საკითხში. რამდენად სწორია, პატრიარქის შეწუხება სააკაშვილის თემით, რადგან პატრიარქს ყველაზე კარგად ახსოვს, რა ხდებოდა მიშას დროს ციხეებში, უწმინდესი თავად ნახულობდა და თანაუგრძნობდა პოლიტპატიმრებს და საკუთარ სამოსსაც უტოვებდა ნაწამებ ადამიანებს. ძალით რატომ ახვევენ თავს პატრიარქს სააკაშვილის საკითხს?
- სხვათა შორის, მიშა სააკაშვილის შემოქმედებაა პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებული ყველა ბინძური კამპანია, მის დროს, თუ მის შემდეგ. ეკლესიის წინააღმდეგ რა შტურმიც მიმდინარეობს დღეს, ეს ყველაფერი სააკაშვილის სახელს უკავშირდება. სააკაშვილს და მის ხალხს პატრიარქი სჭირდებათ და ახსენდებათ მაშინ, როცა მისი გამოყენება უნდათ. პატრიარქი საკმაოდ გონიერი და ბრძენი ადამიანია, მიუხედავად მისი პრობლემური ჯანმრთელობისა, გონება აბსოლუტურად საღი აქვს, მასზე დგას არა მარტო მართლმადიდებლური ეკლესია, არამედ ქართული სახელმწიფო. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, პატრიარქი არასდროს არ მიიღებს ისეთ უღირს გადაწყვეტილებას, რომელიც გულს ატკენს ქართველ ერს და რომელიც არ იქნება ღირსეული საქართველოსთვის. ზუსტად ვიცი, პატრიარქი არაფერში არ შეცდება და იდგება იქ, სადაც მისი ერის და ქვეყნის ინტერესებია. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის გამოყენება ამ ბინძურმა ადამიანებმა შეძლონ თავიანთ სასარგებლოდ.