რუსი ოლიგარქების მასიურ მკვლელობებს „გაზპრომის“ „ობშჩიაკიდან“ დაკარგულ თანხებს უკავშირებენ

რუსი ოლიგარქების მასიურ მკვლელობებს „გაზპრომის“ „ობშჩიაკიდან“ დაკარგულ თანხებს უკავშირებენ

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ერთი-მეორის მიყოლებით (ოჯახის წევრებთან ერთად), საეჭვო ვითარებაში დახოცილები იპოვეს. ყველა მათგანის მკვლელობის სქამე იდენტურია. გარდაცვლილი ოლიგარქების უმრავლესობა დაკავშირებულია „გაზპრომთან“ და როგორც აღვნიშნეთ, პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენდნენ.

დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს გარდაცვლილი ოლიგარქებზე ეჭვი გაუჩნდა, რომ ისინი დასავლეთთან თანამშრომლობდნენ. რეალურია თუ არა ეს ეჭვი, თუ პუტინის პარანოიას შეიძლება დაბრალდეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ოლიგარქების ასე მოკლე დროში გარდაცვალება შემთხვევითობისთვის ძალიან ბევრია. ანალიტიკოსები ამ საეჭვო მკვლელობებში „ეფესბეს“ კვალს ხედავენ.

პუტინის რეჟიმისთვის შეკვეთილი მკვლელობა რომ პრობლემას არ წარმოადგენს, ამას ადასტურებს ბრიტანული გამოძიება, რომლის მიხედვით 2006 წელს რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან რუსეთის მთავრობა იდგა და ეს მკვლელობა, სავარაუდოდ, ნებადართული იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და „ეფესბეს“ მაშინდელი ხელმძღვანელის, პატრუშევის მიერ. ლიტვინენკომ, რომელიც ხმამაღლა აკრიტიკებდა პუტინს, რუსეთი სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე დატოვა.

ასევე, 2018 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ბრიტანული გამოძიების ინფორმაციით, მათ მოწამვლაში რუსული დაზვერვის ორი აგენტია გარეული, რომლებიც სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის დღეს ქალაქ სოლსბერიში იმყოფებოდნენ. ამავე გამოძიების მტკიცებით, ამ საქმის უკან ვლადიმერ პუტინი იდგა.

რუსი ოლიგარქების საეჭვო გარდაცვალების საქმე ადასტურებს, რომ პუტინი ოპონენტების მოშორების ტრადიციულ ხელწერაზე უარს არ ამბობს. ამ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი იმდენად შორს წავიდა, რომ ოლიგარქებთან ერთად დახოცილი აღმოაჩინეს მათი ოჯახის წევრებიც.

  1. პოლიციამ „გაზპრომ ბანკის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ვლადისლავ ავაიევის, მისი მეუღლისა და ქალიშვილის ცხედარი მოსკოვში, საკუთარ სახლში ნახა. გარდაცვლილ ბიზნესმენს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის კვალი აღენიშნება. რუსული გამოძიება პირველად ვერსიად ეჭვიანობას ასახელებს და ამბობს, რომ ავაიევმა ჯერ მეუღლე და 13 წლის ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი იგივე იარაღით თავი მოიკლა. ცხედრები უფროსმა შვილმა, 26 წლის ანასტასიამ მას შემდეგ იპოვა, რაც ოჯახს ვეღარ დაუკავშირდა.
  2. რუსი ოლიგარქის, „ნოვატეკის“ ვიცე-პრეზიდენტის, სერგეი პროტოსენიას ცხედარი კი სამართალდამცველებმა ესპანეთში იპოვეს. გარდაცვლილები არიან ოლიგაქრის მეუღლე - ნატალია და 18 წლის ქალიშვილი მარია. გარდაცვლილები იპოვეს ესპანეთში, ოჯახის კუთვნილ სახლში. ესპანელი გამომძიებლები ახლა ცდილობენ გაარკვიონ, პროტოსენიას სიკვდილი იყო თუ არა ოჯახური მკვლელობა -თვითმკვლელობის შედეგი, თუ ორგანიზებული დანაშაული სხვა პირის მიერ.

საუბრობენ, რომ პროტოსენიას სახლში გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინეს - ბიზნესმენის ცოლ-შვილი სისხლში ცურავდნენ, ისინი ცივი იარაღით არიან გარდაცვლილები, თუმცა პროტოსენიაზე სისხლის ლაქები არ არის აღმოჩენილი. პროტოსენიას ქონება 440 მილიონ დოლარს შეადგენდა. ის ინჟინრად და ეკონომისტად მუშაობდა გაზის კომპანიებში მაღალ საფინანსო პოზიციებზე. გაზის გიგანტის Novatek-ის ვებსაიტის დაარქივებულ გვერდზე, რომელიც თარიღდება 2015 წლის მარტიდან, სერგეი პროტოსენია დასახელებულია კომპანიის თავმჯდომარის მოადგილედ.

  1. კიდევ ერთი ოლიგარქი, რომელიც პუტინის რეჟიმმა მოიშორა ვასილი მელნიკოვია, რომელიც მის ოჯახის წევრებთან ერთად ნიჟნი-ნევგოროდში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით ეს იყო თვითმკვლელობა. ოლიგაქრმა ჯერ ცოლი, შემდეგ 10 და 4 წლის ვაჟები დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მელნიკოვი ფლობდა კომპანია „მედსტომს“, რომელიც რუსეთში სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს ახორციელებდა.
  2. 28 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, საკუთარი სახლის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს უკრაინული წარმომავლობის ოლიგარქი მიხაილ უოდფორიდი.
  3. საკუთარი კოტეჯის ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს „გაზპრომის“ ფინანსური დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე ტიულიაკოვი. რუსული გამოძიება ამბობს, რომ ოლიგარქმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზზე წერდა.
  4. რუსეთში, ლენინსკის რაიონში საკუთარი კოტეჟის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს „გაზპრომის“ კიდევ ერთი აღმასრულებელი დირექტორი, ლეონიდ შულმანი.

გარდაცვლილი ოლიგარქების უმრავლესობა დაკავშირებულია „გაზპრომთან“ და პუტინის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - ეს არის თვითმკვლელობა, თუ წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა? ცხადია, რომ ოლიგარქებს ასე მარტივად არ კლავენ. თუ რუსული გამოძიების ვერსიას დავესესხებით და მათ ერთმანეთის მიყოლებით დახოცეს ოჯახის წევრები და შემდეგ თავი მოიკლეს, ამას სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამას მასიური სახე აქვს, ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება.

for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ოლიგარქების უმეტესობა დაკავშირებულია „გაზპრომთან“ და ძირითადად, ენერგეტიკულ ბიზნესთან. მისი თქმით, ეს სტრატეგიული დარგია რუსეთის ხელისუფლებისთვის და თვითონ პუტინისთვის და ითვლება, რომ იქიდან შემოსავალი არის ერთგვარი „ობშჩიაკი“.

„პრინციპში, ასეთი ქუჩის გაგებით იმართება რუსეთი. თანხები, რომელიც ენერგოსისტემიდან შემოდის, ეს არის გარკვეულწინად „ობშჩიაკის“ თანხა. როგორც ქურდულ სამყაროშია მიუღებელი „ობშჩიაკის“ თანხიდან ნებართვის გარეშე რამის აღება, რაც სერიოზულ შედეგებს იწვევს ქურდულ სამყაროში, იგივე მდგომარეობაა აქაც. დღეს, როდესაც ფინანსური რესურსები სასიცოცხლოდ სჭირდება რუსეთს, ირკვევა, რომ ძალიან ბევრი თანხაა გაფლანგული და დაკარგული.

ამას შეეწირა უკვე სხვა სფეროში და კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში ძალიან ბევრი გენერალი. მაქვს ყრუ ინფორმაცია, რომ რამდენიმემ თავი მოიკლა, მაგრამ თავი მოიკლა, თუ მოკლეს, ვერ გეტყვით. რამდენიმე მათგანი კი დაპატიმრებულია. მაგალითად, დაპატიმრებულია ისეთი სერიოზული ფიგურა, რომელიც პრაქტიკულად წარმართავდა პოსტსაბჭოთა სივრცეში რბილი ძალის ინპლემენტაციას - გენერალი ბესედა. ბესედას თუ დაიჭერდნენ, ეს ვერ წარმომედგინა, იმდენად ძლიერი ფიგურა იყო. რამდენადაც ვიცი, 20-მდე გენერალია დაპატიმრებული და ბევრია თანამდებობიდან განთავისუფლებული“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისი თქმით, ანალოგიური მდგომარეობაა ოლიგარქებთან დაკავშირებით. დღეს დაიწყო ანგარიშსწორება იმის მიხედვით, ვინ, რა კონკრეტული საქმე გააკეთა რუსეთის სიძლიერისთვის და ვინ რაში დახარჯა ფული.

„გაირკვა, რომ ბევრი ფულია მოპარული. გარდა ამისა, ზოგიერთ ოლიგარქთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი სხვა ქვეყნის და კერძოდ, მესამე ქვეყნის დამცველები იყვნენ - ანუ, აგენტურა იყვნენ. აქიდან გამომდინარე მიიღო ასეთი მასიური სახე ოლიგარქების სიკვდილიანობამ. ის, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად არის შექმნილი და მასობრივად სპესამსახურების ნამუშევარია, საქმეში ჩახედულ ადამიანებს ეჭვი არ ეპარებათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალეიშვილი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის როგორც რუსეთის ინტერესების ღალატს, ასევე შესაძლებელია, შიდა კონფლიქტი თვითონ „გაზპრომში“, რომელიც უკავშირდება პირობითად თანხების მითვისებას.

„გაუხსნელი დანაშულის შემთხვევაში სავსებით დასაშვები შეიძლება იყოს ვერსია, რომ ეს არის სადაზვერვო ინტერესების შესაბამისად განხორციელებული ქმედებები. სადაზვერვო სამსახურების ქმედებაში ყველაფერი ღრმად არის გაშიფრული და გადაფარული ისე, რომ მათი კვალი გამოძიებისთვის ძნელად გასაშიფრია.

ყველა მკვლელობა იდენტურია და მსგავსება კიდევ უფრო დიდ ეჭვს აღვივებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ოლიგარქებს ჰყავდათ სერიოზული დაცვის სამსახურები, ისინი აღჭურვული იყვნენ შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. შესაძლებელია, იმ პირებზე განხორციელდა შეღწევადობა სადაზვერვო სამსახურების მიერ, რომლებიც იცავდნენ ოლიგარქებს და იყვნენ მათი დაცვის ობიექტი და შესაბამისად, ისინიც კი იყვნენ ამაში გარეული. შეიძლება ამ მიზნისთვის სპეციალურად იყვნენ მომზადებული აგენტ-ლიკვიდატორები. ვფიქრობ, რომ აქ ადგილი გვაქვს გარკვეულ კოორდინირებულ მოქმედებასთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალეიშვილი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მასშტაბურმა სანქიების პოლიტიკამ და ეკონომიკურმა ემბარგომ რუსეთის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლებისგან გამოიწვია ერთგვარი შიში იმისა, რომ „გაზპრომის“ მიერ განხორციელებული გაზის ექსპორტმა შექმნა ე.წ. შავი სქემები და თანხები სხვა დანიშნულებისთვის იხარჯებოდა.

„სანქციების თემამ შეიძლება გამოავლინოს ბევრი დეტალი და ეს გახდეს ტრასფარანტული. „გაზპრომი“ ისეთ არაპროფილური ტიპის მიმართულებას აფინანსებდა, რომელიც მასთან არაფერ შუაში არ იყო. მაგალითად, იგივე მედია მიმართულება, სხვადასხვა ღონისძიებები, „ედინაია-რასიას“ სალაროს შევსება და ა.შ. რა გარანტიაა, რომ ეს ფულები არ მიდიოდა ასიმეტრიული სამხედრო ტიპის ხარჯების კუთხით? არ ხდებოდა იგივე დივერსიული ჯგუფების დაფინანსება, ან ტერორისტული ჯგუფების სალაროს შევსება? ბუნებრივია, ამის არანაირი გარანტია არ არსებობს“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

Aburjga Tasmanieli რა ვიცი, პეტროვმა და ბაშიროვმა (ფსბ-ს აგენტები?) ვერც მამა-შვილი სკრიპალები მოკლეს, მერე ფსბ-მ ნავალნიც კი ვერ გამოასალმა წუთისოფელს ( დასავლეთის ვერსია)?! ?! ახლა იმეცადინეს, მეთოდები დახვეწეს და მთელი ოჯახები ამოწყვიტეს, ისე რომ კვალსაც ვერავინ დაადგა?! რა ვიცი, რა ვიცი?....
2 წლის უკან