დასავლური მედია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ვლადიმერ ევტუშენკოვის მფარველობაში ადანაშაულებს. „რუსი ოლიგარქი, რომელიც ჰანთერ ბაიდენს შეხვდა, სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის, მაგრამ არა აშშ-ის მიერ“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ პორსტი“
„დეილი მეილის“ ინფორმაციით კი, აშშ-ს პრეზიდენტის შვილის და ევტუშენკოვის ნაცნობობა 2012 წლიდან იწყება, როდესაც ჯო ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. უმცროსი ბაიდენი და ევტუშენკოვი ერთამენთს მოსკოვში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ხვდებოდნენ, სადაც უძრავი ქონების ბიზნესის სფეროში თანამშრომლობდნენ.
გამოცემის ცნობით, 2020 წლის 23 სექტემბერს რესპუბლიკელმა სენატორებმაც განაცხადეს, რომ ჰანთერ ბაიდენს, ასევე, საეჭვო გარიგებები ჰქონდა იური ლუჟკოვის მეუღლესთან, რომელიც ევტუშენკოვის ცოლის დაა. 2018 წელს კონგრესის ორმა წევრმა შეერთებული შტატების სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებს მოუწოდა, გამოეძიებინათ ევტუშენკოვის შესახებ ბრალდებები, რომ მისი კომპანიები ჩართულნი იყვნენ ფართომასშტაბიან საინვესტიციო და სამშენებლო პროექტებში - რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ყირიმში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ბაიდენის ოჯახთან დაახლოებულ ბიზნესმენ, ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო აუდიოჩანაწერი. ფარული აუდიჩანაწერის გავრცელებას უკრაინიდან გამოხმაურება უმალვე მოჰყვა და დავით არახამიამ დასავლეთს ივანიშვილისთვის სანქციები დაწესება მოსთხოვა.
მართალია, უკრაინელი მაღალჩინოსნები ფარულ სატელეფონო ჩანაწერს მალევე გამოეხმაურნენ, მაგრამ ბაიდენის შვილისა და ევტუშენკოვის „მიჯნურობაზე“ რეაქცია არ ჰქონიათ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განმარტებით, საქართველოში და უკრაინაში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ისე უნდა შეეფუთათ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის პუტინთან ურთიერთობაში დაედანაშაულებინათ.
ანალიტიკოსი ასევე ევტუშენკოვისა და ბაიდენის შვილის ბიზნეს პარტნიორობის საინტერესო ამბავს ყვება. როგორც დავით ქართველიშვილმა for.ge-თან საუბრისას განაცხადა ჰანთერ ბაიდენი და რუს ოლიგარქი დრონებს აწვდიან რუსეთს, ხოლო შემდეგ პუტინი ამ დრონებს უკრაინაში ომისთვის იყენებს.
„ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორების ინფორმაცია ჩვენ არ გვაინტერესებს, რადიკალურ ოპოზიციას აინტერესებს. მათი მიზანი იყო, ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი ისე შეეფუთათ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პუტინთან ურთიერთობაში დაედანაშაულებინათ. ამიტომ ითხოვდნენ არახამია, პოდოლიაკი და ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილზე სანქციების განვრცობას.
ახლა, ბრიტანული და ამერიკული გამომცემლები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ევტუშენკოვი აშშ-ს მხრიდან სანქცირებული არაა. მეტიც, მისი უშუალო ბიზნენს პარტნიორია ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი, რომელიც მასთან შესახვედრად მოსკოვში არაერთხელ იმყოფებოდა - ომის მიმდინარეობის დროსაც კი მოსკოვში ჩაფრინდა. ეს ბიზნეს პარტნიორობა ეხება არა მაკარონის, ან წიწიბურათი ვაჭრობას, არამედ დრონების მოწოდებაზეა საუბარი რუსეთისთვის, რომელიც ამ დრონების მეშვეობით სამხედრო ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. აქედან ნორმალურ ადამიანს დაებადება კითხვა - ვინ არის ასაყვანი სანქციების ქვეშ - ბიძინა ივანიშვილი თუ ჯო ბაიდენის შვილი, ჰანთერ ბაიდენი?“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.
უკრაინელი მაღალჩინოსანი დავით არახამია, რომელიც ივანიშვილი-ევტუშენკოვის სატელეფონო ფარულ ჩანაწერს უმალვე გამოეხმაურა, ახლა დუმს. დუმილს ამჯობინებენ მისი უკრაინელი თანამოაზრეები. ანალიტიკოსი ამას იმით ხსნის, რომ უკრაინაში რუსი ოლიგარქსა და აშშ-ს პრეზიდენტის შვილის ბიზნესპარტნიორობის ამბავმა, უკრაინელი „ნაციონალები“ შოკში ჩააგდო.
„შოკში ჩავარდნენ და ამ შოკიდან გამოსვლა უჭირთ. რა უნდა თქვან - სიმართლე თუ საკუთარი პრინციპები დაიცვან? ის პრინციპები, რა ფეიკპრინციპებითაც ქართულ მხარესა და ბიძინა ივანიშვილს უდგებიან, იგივე პრინციპებით წინ აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახს აღუდგნენ? ამის გამბედაობა არ ჰყოფნით. რა ხიდის გაბმაც უნდოდათ ივანიშვილსა და პუტინს შორის, რათა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი სანქციების ქვეშ მიეყვანათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ეს კომბინაცია დაემსხვრათ. ამ ნამსხვრევებში სხედან ქართველი და უკრაინელი ნაცები და გამბედაობაც არ ჰყოფნით, რომ რაიმე ტიპის გამოხმაურება მოაყოლონ“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი-ევტუშენკოვის ფარული ჩანაწერი რუსების მხრიდან არის გავრცელებული, კონკრეტულად კი, რუსი მოქალაქისა და ბიზნესმენის კობა ნაყოფიას მიერ.
„ვის უნდა ჩაეწერა, ვინ არის დაინტერესებილი მხარე, ამაზე ჩვენ წინა ინტერვიუს დროს ვისაუბრეთ. ის ტექნიკური ინსტრუმენტი, ანუ ხიდი, რომლითაც აღიშნული ინფორმაცია არახამიადე მივიდა და არხამიიდან შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიამდე მივიდა, არის კობა ნაყოფია - რუსი ბიზნესმენი, რუსეთის მოქალაქე, რუსი ოლიგარქი, რომელიც დღეს იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე და არანაირი სანქცების თემა მასთან მიმართებაში უკრაინაში არავის აზრად არ მოსვლია“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
შესაძლებელია თუ არა საქართველოს მხარემ კობა ნაყოფიას მიმართ სანქციების დაწესება მოითხოვოს, ამ თემას ანალიტიკოსი ასე პასუხობს: „ საქართველოს მხარეს შეუძლია და ჩვენ ამას საექსპერტო დონეზე ყოველდღე ვაცხადებთ. საუბარი მიდის იმაზე, რომ საქართველოს ხელისფლების დონიდან ეს წინადადება უკრაინულ მხარეს უნდა მიეცეს, რათა აღნიშნული თემა წამოწიონ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების თავმოყარეობის ამბავი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მიმართ. თუ სანქციების სულისკვეთებას აყვებიან, ლოგიკურია, პირველი, ვინც მინიმუმ ქვეყნიდან უნდა გააძევონ, არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ ნაყოფიაა. არა მარტო ნაყოფია, ამ დღეებში უკრაინულ წყარებზე დაყრდნობით დავთვალე და გამოვაქვეყნე 26 საწარმო, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ოლიგარქები მართავენ. დღემდე უშვებენ პროდუქციას, ამ პროდუქციით ვაჭრობენ და ნავაჭრი თანხა შეაქვთ რუსეთის ფედერაციის ხაზინაში. უკრაინაში არავის აზრად არ მოსდის, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის დროს, ეს 26 რუსული ბიზნესი შეაჩეროს მაინც, ლაპარაკი აღარ არის სანქციების დაწესებაზე. ამითაც უკრაინა უხეშად არღვევს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების სულისკვთებას“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძეს დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კითხვა გაუჩნდა - თუკი უკრაინისთვის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მისაღებია, რატომ არის მიუღებელი აშშ-ს პრეზიდენტის შვილისთვის სანქციების დაწესება?
„ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფიგურაა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი შვილის ბიზნესპარტნიორს, ევტუშენკოვის მიმართ ამერიკას სანქციები დაწესებული არ აქვს. ერთი კონტრკითხვა მინდა დავსვა - რატომ დღემდე არ აქვს შეწყვეტილი თავად უკრაინას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები? ივანიშვილისა და ევტუშენკოვის საუბარი მხოლოდ პირადი მოკითხვით შემოიფარგლება და აშშ-ს პრეზიდენტის შვილი კი ბიზნესპარტნიორია. გამოდის, შერჩევითი სამართალს აქვს ადგილი. ივანიშვილისთვის დანაშაულია, აშშ-ს პრეზიდენტის შვილისთვის მისაღებია? ყველაზე დიდი უბედურება ჩვენთან ის არის, რომ ოპოზიცია კი არ გვყავს, არამედ გვყავს მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს ყოველ წამს ქვეყნის უბედურებაზე ხელის მოთბობას“, - აღნიშნა for.ge-თან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.
მისივე თქმით უკრაინა დღეს იმიტომ დუმს, რომ ომის ქვეყნის ხელისუფლებაში კურდღლები არიან.
„ესენი არიან კურდღლები. ვინმეს ჰგონია, რომ არახამია რამეს წარმოადგენს? ის არის მსოფლიოს უძლიერესი ძალების ერთი „შესტიორკა“. არახამიას რასაც დაუბაკუნებენ, იმას აკეთებს. ვინმეს ჰგონია, რომ აქაური და უკრაინელი ნაცები საქართველოს შემთხვევით ლანძღავენ? - არა“,- განაცხადა ანალიტიკოსმა.