საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური და რეალური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საკითხით და პრობლემით ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი დაიღალა. ამის ფონზე, დღეს „გირჩი“ ღიად ალაპარაკდა „ნაცმოძრაობის“ დაშლაზე და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივის გახსნის შესაძლებლობაზე.
ამასთან, „გირჩი“ საუბრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ვითომ შიმშილობისა და ცუდად ყოფნის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვების შემთხვევაში, ის შესაძლოა, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს, რაც ორ მხარეს შორის ერთგვარი გარიგება იქნება. შესაბამისად, ეს შესაძლოა, იყოს საფუძველი იმისა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართლაც დაიშალოს.
„შიმშილობა, აქციები, ეს ყველაფერი გვინახავს, მაგრამ არსებობს უფრო რადიკალური ნაბიჯები, რომლებიც გადასადგმელია“, - ასე ეხმიანება „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციებს.
მისი თქმით, რადიკალური ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა.
„ამ შემთხვევაში ქაოსი დაიწყება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ყველა პოლიტიკური ძალისთვის გაჩნდება შანსი. ეს შანსი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისთვისაც. ეს შანსი არის „ქართული ოცნებისთვის“ მტრის ხატის - „ნაციონალური მოძრაობის“ წართმევა. ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ იყენებენ როგორც ინსტრუმენტს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არჩევნების მოსაგებად.
ამ პირობებში „ქართული ოცნება“ არ ყოფილა, როცა მას არ ჰყავდა მტრის ხატად „ნაციონალური მოძრაობა“, ის ყველა არჩევნებს ამით იგებდა, მოდით, ვცადოთ, ერთხელ მაინც ჩავატაროთ არჩევნები, სადაც „ქართულ ოცნებას“ ასეთი მტრის ხატი არ აქვს და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში თავის 5 ნომრით არ მონაწილეობს. ეს ხომ აქამდე არ გვიცდია. თქვენ ნუ გგონიათ მტრის ხატები ქუჩაში ყრია, მის შექმნას სჭირდება მუშაობა. მტრის ხატი შეიქმნა არა ციდან და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, არამედ იმ წარსულიდან რაც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა. შემდეგ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ამ იდეის გაძლიერებაში უამრავი ფული, რესურსი ჩაისხა. ამიტომ თქვენ რომ მოინდომოთ, ხვალ ჩვენგან შექმნათ მტრის ხატი, ასე მარტივად არ გამოვა“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს არსებულ ვითარებაში, „ნაცმოძრაობის“ დაშლის შანსი არ არსებობს, თუმცა ამ პარტიის გავლენა და რეიტინგი საგრძნობლად არის შემცირებული. რაც შეეხება ქვეყანაში მესამე ძალის ფორმირების შესაძლებლობას, მეტრეველმა განაცხადა, რომ საქართველოში მეორე და მესამე პარტიას შორის რეიტინგი იმდენად განსხვავდება, მესამე ძალის ფორმირების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას მივესალმები, უბრალოდ, ამ ეტაპზე ეს ნაკლებად რეალისტური მგონია. „ნაციონალური მოძრაობა“ საგრძნობლად დასუსტებულია, ეს აისახება მათი პროტესტის ტალღაზეც. რამდენიმე ასეული ადამიანის გარდა, ვერავის მობილიზებას ვერ ახდენენ, თუმცა, მთლიანად „ნაცმოძრაობის“ დაშლა ახლა შეუძლებელი მგონია.
რაც შეეხება მესამე ძალას, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ გაქრობაზე, სხვა პარტიებმა უნდა იმუშაონ გაცილებით სერიოზულად, რომ „ნაცმოძრაობას“ თუ სხვა პარტიებს წაართვან ხმები. ეს არის ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი. ორივე პარტიის - „ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ მიმართ უკმაყოფილება მაღალია, თუმცა, როდესაც არჩევნებზე მიდის ხალხი, მაინც ყოველთვის მათკენ ხდება გადახრა. შესაბამისად, დომინაციას აგრძელებენ ქართულ პოლიტიკურ ბაზაზე. მესამე ძალის ფორმირებისთვის საჭიროა შრომა და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა. იმდენად დიდია მეორე და მესამე პარტიას შორის პროცენტული რაოდენობა, დღეს საუბარი მძლავრ, მესამე ძალაზე სამწუხაროდ, არასერიოზული მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე დადებითი. მისი თქმით, მესამე ძალის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ იმუშაოს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე, როგორიც არის ეკონომიკური თემები.
„ყველა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არის წამოსული, მათ შორის „გირჩის“ ლიდერები. ეს პარტია საქართველოში მეორე ძალაა, მოსწონს ვინმეს თუ არა. ქვეყნის პრობლემა ყოველთვის ხელისუფლებაა და დღეს კი „ქართული ოცნება“, რადგან ის მართავს ქვეყანას და სიტუაციას.
„ნაციონალურ მოძრაობის“ უარყოფითი რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე დადებითი. ამიტომ, ის ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში. მესამე ძალის არჩევის შესაძლებლობა ქვეყანაში არ არის, შესაბამისად, ხალხი აძლევს ხმას იმას, ვინც ხელისუფლებაშია. შანსი იმისა, რომ მომავალ არჩევნებზეც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, მაღალია.
მესამე ძალის ფორმირებისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაიწყონ საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე მსჯელობა. უნდა ისაუბრონ გამოწვევებზე, როგორ აპირებენ სიღარიბის დაძლევას. ამისთვის ეკონომიკური პროექტებია საჭირო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.