„27 წელი იყო ციხეში ნელსონ მანდელა და ხალხმა პრეზიდენტად დასვა ამ შეუპოვრობისთვის - სააკაშვილი თუ ასეთი სუსტია, პოლიტიურ არენაზე გამოშვებას არ იმსახურებს“

„27 წელი იყო ციხეში ნელსონ მანდელა და ხალხმა პრეზიდენტად დასვა ამ შეუპოვრობისთვის - სააკაშვილი თუ ასეთი სუსტია, პოლიტიურ არენაზე გამოშვებას არ იმსახურებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა უნდა გამოიძიოს, ჩავარდა. პარლამენტის ოპოზიციური ფრთა მხარს არ უჭრეს ინიციატივას, რადგან არ სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში აწამეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არანაირი საფუძველი ასეთი კომისიის შექმნას არ აქვს.

„იანვრიდან არის ეს საკითხი დღის წესრიგში და არ გამოაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ ოპოზიციაში აქვთ საკმარისი რაოდენობა ხმების, თუ არის ეს სურვილი, უნდა დაარწმუნონ თავის კოლეგები, რომ კომისია შექმნან. საკითხის არგამოტანა ამას აჩვენებს, რომ იციან, მხარდამჭერები არ ჰყავთ. ჩაკარგული იყო დღის წესრიგში, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაწყვიტონ - ან უნდა ამოიღონ დღის წესრიგიდან, ან უნდა ჩამოყალიბდნენ რამენაირად ამ საკითხზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას ვერ ასაბუთებს. სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე წარმოებაში არ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და თქვა, რომ საქმის განხილვის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კომისიის შესაქმნელად ერთი ხმა აკლდებათ და გახარიას გუნდს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა გვაკლია საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას - კეთილი ინებოს და ჭეშმარიტების დადგენას შეუწყოს ხელი, წაადგება მას, ცოდვების ჩამოსარეცხადაც. მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად ყველა ბერკეტი იქნება გამოყენებული, მათ შორის საპარლამენტო ბერკეტები, აქციები და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, რათა მივაღწიოთ ერთ პატარა მიზანს - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, აქ მისი მკურნალობის შანსი არ არსებობს, რადგან ეს არ სურს ხელისუფლებას“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მოწოდების მიუხედავად, სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს გახარიას პარტია. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, თუ ვინმემ ხელი უნდა მოუწეროს მათ ამ კომისიის შექმნაზე, ეს არის კობახიძე. პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ამბობს, რომ კომისიის შექმნით, რეალური პრობლემები გადაიფარება, რაც „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

„ამ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ცოტა შეუთავსებელია და „ნაციონალური მოძრაობის“ თანმიმდევრულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, რადგან მათ კომისიის შექმნის არგუმენტად გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა მოჰყავთ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მათ შორის - სააკაშვილსაც, მაგრამ ეს არათანმიმდევრული და შეუთავსებელი არგუმენტია. არავის არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ სააკაშვილის ირგვლივ პროცესებით გადაფაროს რეალური დღის წესრიგი, პირველ რიგში, ეს ხელს აძლევს „ოცნებას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს ლევან იოსელიანს არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერდა. როგორც იოსელიანი აცხადებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი კი ქვეყნის 90%-ს არ აწუხებს და არ მიაჩნია სწორად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი -  „სააკაშვილი“ პარლამენტში უნდა იყოს მომავალი თვეების მანძილზეც.

„ისედაც სულ ამათზეა საუბარი და არ ვთვლით, რომ კიდევ მთლიანად პარლამენტი უნდა მოიცვას ამან. მე რომ გულწრფელად მჯეროდეს, რომ ვინმემ აწამა, ნამდვილად დავუჭერდი მხარს, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება პარტიის მიმართ არ განსაზღვრავს დანაშაულის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. თუ ადამიანი აწამეს, ვინც არ უნდა იყოს, დავუჭერდი მხარს.

ვერანაირი დასკვნა ვერ დაიდება და საერთოდ, ეს მათთვის კონტრპროდუქტიული იქნება და მეორე ამბავი არის ის, რომ რამდენი რამეა გამოსაძიებელი, რამდენი პრობლემაა, რამდენი უსამართლოდ ციხეში ნამყოფი ადამიანია, რამდენი ნაწამები ადამიანია და მათზე არავინ არ ლაპარაკობს. თუ ვლაპარაკობთ რაღაც გამოძიებაზე, მოდით, მაშინ ყველაფერი გამოვიძიოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამემტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს: „ჯანმრთელობის იმ მდგომარეობასა და გაუარესებაზე, რომელზეც სააკაშვილის გულშემატკივრები საუბრობენ, აქედან გამოსავალი არ არის ის, რაც მათ მიერ მოთხოვნის სახით არის წამოყენებული, მაგალითად უცხოეთში წაყვანა. პრობლემები, რომლებიც შეიძლება დავსახოთ როგორც პრობლემა სააკაშვილის ჯანმრთელობისა - მოწესრიგებადია, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაშივე. ამას სჭირდება, უბრალოდ, ნება და არა სიჯიუტე“.

უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქცენტი თვითდაზიანებაზე აქვს გაკეთებული, რათა მიყენებული ზიანით ციხიდან გათავისუფლდეს. მისი თქმით, სააკაშვილი თვითდაზიანებას თავს თუ დაანებებს, ასეთ შემთხვევაში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესი იქნება. დეპუტატი მოუწოდებს სააკაშვილის ოჯახის წევრებს, ექიმებსა და სახალხო დამცველს, რომ მიმართონ განცხადებით სააკაშვილს, რომ ექიმების მკურნალობასა და ჯანსაღი კვების კურსს დაყვეს.

„მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი მდგომარეობა მრავალმხრივ რთულია - მისმა შემოპარვამ, გარკვეულწილად, მისი პარტიაც მოულოდნელობის რეჟიმში ჩააგდო. ადამიანები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში არ გამოდიან. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანა რთულად შესასრულებელია.

იგივე დასავლეთის ქვეყნებისთვისაც გაუგებარია, მიხეილ სააკაშვილის ამ ნაბიჯების შემდეგ როგორ შეიძლება მოხდეს მისი პოლიტპატიმრად, სინდისის პატიმრად გამოცხადება თუ შეწყალება, მით უფრო, რომ სასამართლო პროცესებზე მუდმივად გამოდის ხელისუფლების შეცვლის არაკონსტიტუციური მოწოდებებით. როდესაც სააკაშვილის გასათავისუფლებლად სამართლებრივი და პოლიტიკური მხარე არ მუშაობს, იწყება სპეკულაციები ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მას ყველა ის სამედიცინო სერვისი მიეწოდება, რაც პატიმარს შეიძლება მიეწოდებოდეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ექიმების გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის თქმით, პროცესი, რომელიც სააკაშვილის თითქოსდა ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება დიდი ხანია გრძელდება და მომაბეზრებელიც კი გახდა საზოგადოებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესით დაინტერესებული არის ცალკე „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნებისთვის“ არის ეს მთლად ურიგო თემა. მედია საშუალებები ძირითადად გადართული არიან - რა და როგორ მოხდება? გამოუშვებენ, თუ გაიყვანენ ქვეყნიდან სააკაშვილს? მაგრამ საზოგადოებას ეს საკითხი არ აინტერესებს. ახლა, რა განვითარება ექნება ამ პროცესს, რთული და ძნელი სათქმელია, მაგრამ მგონია, რომ ოპოზიციისთვის უარეს ვარიანტში სააკაშვილი შესაძლებელია, ისევ გადაიყვანონ გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

როგორც ექიმებისგან მოვისმინეთ, ის თავად ამბობს უარს საკვების, ცილების და მედიკამენტების მიღებაზე. თუ თავად ამბობს უარს, მაშინ აქ რა შეიძლება ითქვას? გარემო შეიცვალოს? ანუ, ლაპარაკია იმაზე, რომ პროტესტი აქვს გარემოსთან მიმართებაში და მაშინ გამოდის, რომ შიმშილობა ალტერნატიული ვარიანტია. ეს ვარიანტიც ისე დასრულდება, როგორც წინა შიმშილობა. ამ პროცესს რომ რაღაცა მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვეს საზოგადოებაში, ეჭვი მეპარება. არ არის დღეს ის განწყობა მოსახლეობაში, რომ ასეთი პროცესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი კრიზისი შეიქმნას. არაფერი ასეთი არ ხდება. ამიტომ მგონია, რომ ეს პროცესიც ისე მშვიდობიანად ჩაივილის, როგორც მისმა წინა შიმშილობამ ჩაიარა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ფსიქოლოგი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ სასურველია შედგეს ექიმების ახალი ჯგუფი და ამ შემთხვევაში ეს ჯგუფი დაკომპლექტებული იყოს უცხოეთიდან მოწვეული ექიმებისგან, რომ წერტილი დაესვას სააკაშვილის ჯანმრთელობისა და შიმშილობის თემას.

„ერთხანს შიმშილობდა და ვნახეთ, შიმშილობის დროს ფაფას როგორ მიირთმევდა. ახლა არ შიმშილობს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ რაღაცებს არ იღებესო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ექიმები, რომლებიც ისე თავდადებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, გამოცხადებულიც კი აქვთ, რომ თუ სააკაშვილს არ დაუკმაყოფილდება რაღაცა მოთხოვნები, ჩვენ უარს ვიტყვით ავადმყოფების მიღებაზეო - ანუ, ჰიპოკრატეს ფიცსს გადააბიჯეს. ანალოგიური განცხადებები ახლაც ისმის.

ექიმიც ადამიანია და შეიძლება სიმპათია-ანტიპათია ჰქონდეს და შეიძლება ფანატიკური სიყვარული ჰქონდეს ვინმესი, ამისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი დასკვნები სანდო იქნება. უბრალოდ, თვითონ მათ შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ის ვერსია, რასაც ავითარებენ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, არის სწორი - რახან თვითონ არიან ტენდენციურები სააკაშვილის მიმართ“, - ამბობს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება ანორექსიას, რომელიც თითქოსდა განუვითარდა პატიმარ სააკაშვილს, როგორც საყვარელიძე აცხადებს, ბევრ შემთხვევაში ანორექსია არის ფსიქოგენური, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ციხეში კომფორტულად არ არის და ამიტომ ანორექსია დაეწყოო, ფსიქოლოგისთვის დამაჯერებელი არ არის.

„დავიჯეროთ, რომ ციხის შემადგელობაში მარტო სააკაშვილს აქვს საიმისო დისკომფორტი, რომ ანორექსია დაეწყო? ეს ხომ ციხეა! აღარ ვიხსენებ თვითონ სააკაშვილის პერიოდში როგორი იყო ეს ციხე, მაგრამ კომფორტის ადგილი ციხე არ არის. ამიტომ, ლაპარაკი იმაზე, რომ კომფორტულად არ არის და ანორექსია დაეწყოო, მეჩვენება, რომ არ არის დამაჯერებელი. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ანორექსიის თემაც კიდევ ცალკე თემაა და თავისი მიზეზები აქვს.

ანორექსიას ლოგიკური კავშირი აქვს იმ ადამიანის ფსიქოლოგიასთან, რომელსაც გახდომა უნდა და საჭმელს არ ჭამს. რატომ შეიძლება ანორექსია დაემართოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ახლა ციხეშია? - ეს ანორექსიაა, თუ შიმშილობა? ანუ, ეს დაავადებაა, თუ პიროვნების გადაწყვეტილება? შიმშილობის ფონზე შეიძლება რაღაცა სირთულეები გაუჩნდეს.

გავითვალისწინოთ მარტო სააკაშვილი ხომ არ ყოფილა ციხეში, 27 წელი იყო ციხეში ნელსონ მანდელა, რომელსაც არათუ რაღაცა დაავადებები დაემართა, არამედ გაკაჟდა. მისი ეს შუპოვრობა ხალხმა დააფასა და პრეზიდენტად დასვეს. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ცუდ სამსახურს უწევენ მისი ახლობლები, როცა უნდათ წარმოაჩინონ, რომ დასუსტდა და უძლურია, ე.ი. თუ სააკაშვილი ასეთი სუსტი არსებაა, პოლიტიურ არენაზე გამოშვებას არ იმსახურებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.