რაში წაადგება ვლადიმერ პუტინს უკრაინასთან ომის ოფიციალურად გამოცხადება და მისცემს თუ არა ეს იმის საშუალებას, ომის მეორე ფაზის წაგების შემთხვევაში, რუსეთის მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ომი არა უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან წააგო.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ამერიკელ და დასავლელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს.
ამ დროისთვის, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები არის „სპეციალური ოპერაცია“, რომლის მთავარი მიზანია „დენაციფიკაცია“.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, დასავლეთში უკვე დიდი ხანია, პროგნოზირებენ, რომ პუტინი გამოიყენებს 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას უკრაინაში სამხედრო მიღწევებისა, ანდა საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამოსაცხადებლად.
„ვფიქრობ, ის ეცდება თავისი „სპეციალური ოპერაციიდან“ გადასვლას. ის ამზადებს ნიადაგს, რომ თქვას: „შეხედეთ, ეს ახლა არის ომი ნაცისტების წინააღმდეგ და მე მჭირდება მეტი ხალხი, მე მჭირდება მეტი რუსული საზარბაზნე ხორცი“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა გასულ კვირას, LBC რადიოს ეთერში.
ბენ უოლასის თქმით, მოულოდნელი არ იქნება, თუ 9 მაისს ვლადიმირ პუტინი გამოაცხადებს, რომ რუსეთი „მსოფლიო ნაცისტების წინააღმდეგ ომში იმყოფება“ და, რომ მას რუსი ხალხის მასობრივი მობილიზება სჭირდება.
დასავლეთი 9 მაისისთვის სხვა ვარიანტებად განიხილავს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ანექსიას, ოდესისკენ შეტევას ან მარიუპოლზე სრული კონტროლის გამოცხადებას. ამასთან, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი შესაძლოა, გეგმავდეს ხერსონის ანექსიასაც.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, არსებობს საფუძვლიანი მიზეზი იმის ვარაუდის, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ 9 მაისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ომის ოფიცალიურად გამოცხადება, სავარაუდოდ, იმისთვის სჭირდება, რომ ხვდება რეალურად, ომის მეორე ფაზასაც აგებს. ამიტომ უკრაინასთან „სპეცოპერაციის“ წაგებას, ომის წაგება ურჩევნია. თანაც მოსახლეობას ეტყვის, რომ მან ეს ბრძოლა არა უკრაინასთან, არამედ დასავლეთთან წააგო. გასამართლებელი საბუთი ექნება იმისთვის, რომ ქვეყანაში ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს. ხოლო თუ დასჭირდება ბირთვული იარაღიც გამოიყენოს.
„ეს არის ტექნიკის ომი, სადაც ბალისტიკური რაკეტები, დრონები და ა.შ. გამოიყენება. ცოცხალი ადამიანების ამ ომში გამოყენება, რომელთაც არანაირი სამხედრო გამოცდილება არა აქვთ, პუტინს ბევრს არაფერს მისცემს. სავარაუდოდ, ის ქვეყნის მასშტაბით სრულ მობილიზაციას გამოაცხადებს, თუმცა ეს დიდად არაფერში წაადგება. საქმე ისაა, რომ ის ხვდება, ბოლოს და ბოლოს, ომს აგებს. პუტინი ომის მეორე ფაზაშიც ჩაფლავდა. საქმე ასევე იმაშია, რომ ომის გამოცახდების შემთხვევაში პუტინი საერთაშორისო კონვენციის წესებში და კანონებში უნდა მოექცეს.
ამიტომ კონკრეტული იარაღების გამოყენებას, რომელიც კონვენციით აკრძალულია, ვეღარ შეძლებს. მთელი პასუხისმგებლობა პუტინზე და მის გარემოცვაზე გადადის. ამ კაცის ტვინამდე, როგორც იქნა უკვე დავიდა, რომ ომს აგებს. ამიტომ ახლა ფიქრობს, თუ აგებს ისე მაინც წააგოს, რომ მოსახლეობას რაღაცა შესაჭმელი მიუგდოს. სპეცოპერაციას ხომ არ წააგებს, ჯობია ომი წააგოს, თანაც არა უკრაინასთან, არამედ ნატოსთან და დასავლეთთან. გრძელვადიან პერსპექტივაში, მთელი რუსეთის მობილიზაციას გამოაცხადებს, რუსეთის კორეიზაციას ახდენს და მთელ ქვეყანას დასავლეთთან დაპირისპირებაში გადაიყვანს. ისედაც საზოგადოება უკვე შემზადებული ჰყავს და ამ ინფორმაციით კვებას, რომ ისინი ნატოსთან იბრძვიან და არა უკრაინასთან“, - ამბობს ბენდიანიშვილი.
მისივე თქმით, პუტინი თუკი ომს ოფიციალურად გამოაცახდებს, მთელს რუსეთს ჩრდილოეთ კოერად გადააქცევს. მას უფრო მეტი ბერკეტი ექნება იმისთვის, რომ მოსახლეობა გააკონტროლოს. ხელში საინფორმაციო ველი სრულად აიღოს. ინტერნეტი გათიშოს და მოსახლეობას, რომელიც მის წინააღმდეგ წავა, ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს. ზოგს ქვეყნიდან გააქცევს, ზოგს დაიჭერს და ზოგსაც მოკლავს. ახლაც იგივეს აკეთებს, მაგრამ ამისთვის ხელ-ფეხი კიდევ უფორ გახსნილი ექნება.
„ომი პუტინს უკვე საშუალებას მისცემს ქვეყნის შიდა სიტუაცია კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლოს. გაცილებით მკაცრად, ვიდრე ახლა აქვს. ინტერნეტს, სატელევიზიო ნებისმიერ სიხშირეებს უფრო კონტროლზე აიყვანს. ამით მთლიანად რუსულ საზოგადოებას დასავლეთთან დაპირისპირებაში გადაიყვანს. სამხედრო ექსპერტების აზრით, პუტინს შეტევითი ბრძოლისთვის რესურსი ამოეწურება. შემდეგ უკვე თავდაცვით ბრძოლაზე გადავა. ახლა ისევ ყველაფერი დამოკიდებული დასავლეთზეა. რა იარაღს მიაწვდის უკრაინას და მათ შეტევით ბრძოლას როგორ გააძლიერებს. დასავლეთი ამბობს, რომ უკარინა ყველა რუსმა ჯარისკაცმა უნდა დატოვოს. აქ საუბარი არა მხოლოდ დონბასსა და ლუგანსკზეა, არამედ ყირიმზეც. ყირიმი კი უკვე რუსეთის შემადგენლობაში შედის. ეს პუტინისთვის წარმოუდგენელი კრახია, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ ატომური იარაღი გამოიყენოს. ამიტომ ყველაფერი ახლა ომის მეორე ფაზის დასრულებაზე იქნება დამოკიდებული - სიტუაცია როგორ განვითარდება და საბოლოოდ რა სურათს მივიღებთ. არაა გამორიცხული ომი გაიყინოს, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შემთხვევაში მოხდა. თუმცა იქ შეტაკება და დაპირიპირება მაინც ხდება. ამიტომ ვნახოთ, წინასწარ დასკვნების გამოტანა რთულია“, - აცხადებს ბენდიანიშვილი.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ ეს სცენარი რუსების მიერ დიდი ხანია განიხილება. კაკაჩია for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინს ომის ოფილიალურად გამოცხადება ქვეყანაში მეტი ადამიანის მობილიზების საშუალებას მისცემს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მოსკოვში უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები და სამხედრო ანალიტიკოსები რუსეთის მიერ წარმოებული ომით უკმაყოფილოები არიან. ამიტომაც ისინი უკვე პირდაპირ ითხოვენ, რომ ქვეყანაში ომი გამოცხადდეს.
„რა თქმა უნდა, პუტინმა იმდენად ღრმად შეტოპა, რომ ის უკან ვეღარ დაიხევს, ამიტომაც მაქსიმალურად ყველა შანს გამოიყენებს იმისთვის, რომ ამ ომიდან რაღაც ხელჩასაჭიდი ნახოს. ომის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში, მოსახლეობას მასში მონაწილეობის მიღებას დაავალდებულებს. რუსეთს ასეთ შემთხვევაში ბევრი ხალხი ჰყავს და იარაღი, რაზეც თავს იკავებდა და რაც დარჩა, ეს გამოიყენოს. თუმცა, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ დასავლეთი უკრაინას ბოლომდე გვერდში დაუდგა, მისი რესურსებიც ნაკლები არაა. ამიტომ პუტინი ჩქარობს და ამ ომში მთელი რუსეთის ჩაბმას აპირებს“, - განაცხადა კაკაჩიამ.
მისივე თქმით, ფაქტია, პუტინი ომის მეორე ფაზასაც ვერ იგებს. ამიტომ მას შიში გაუჩნდა, რომ შესაძლოა, ამან რუსეთში ქვეყნის შიდა წრეებში პრობლემები შეუქმნას. მის წინააღმდეგ სამთავრობო წრეებში დაპირისპირება გამწვავდეს, ამიტომაც ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად მეტი ბერკეტი სჭირდება.
„ამავე დროს, მან უკვე ოფიციალურად უნდა გაამართლოს, რომ ეს ომი უკრაინასთან კი არა, უკვე დასავლეთთან აქვს. ამის მცდელობა კრემლში უკვე დიდი ხანია არის და პუტინს უნდა, რომ ეს გაასაღოს და ამაზე დაყრდნობით მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს. მას მოსახლეობაში მხარდაჭერა ჯერ კიდევ აქვს და ამით ისარგებლებს. რუსების უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი სუპერ სახელმწიფოს დაჩოქება დასავლეთს უნდა, ამიტომ სჯობს ბოლომდე მიაწვნენ.
რუს ხალხს ჰგონია, რომ ახლა პუტინი უკრაინას ელოლიავება და ყველა რესურსს არ იყენებს. ბოლო პერიდოში, თუნდაც ჟურნალისტების რიტორიკას თუ დავაკვირდებით, „ბრიტანეთი უნდა ჩავძიროთ“ და მსგავსი განცხადებები, უფრო აგრესიული დამოკიდებულებაა. ამიტომაც ჰგონიათ, რომ ახლა ომის გამოცხადების შემთხვევაში ყველა რესურსს ჩადებს“,-ამბობს კაკაჩია.
მისივე აზრით, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი პროპაგანდასაა აყოლილი და ჰგონიათ, რომ ომის გამოცხადება რაღაცას შეცვლის. აქ რუსეთის პრესტიჟის საკითხია, როგორც დიდი სახელმწიფოსი, მაგრამ სინამდვილეში, ის ხდება, რისი გაგონებაც მათ არ უნდათ, რომ ამ ომს რუსეთი, უბრალოდ, ვერ მოიგებს, რადგან დასავლეთი ამას არ დაუშვებს.
ბმული