უკრაინაში ომის შემდეგ საბჭოთა იმპერიის აღდგენის მოსურნე რუსეთს ის ქვეყნებიც შემოეცლება, რომლებიც იძულებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსკოვმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალა. თუკი რუსეთი აქამდე უფრთხოდა ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით, ამიერიდან ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების შემდეგ ნატო უფრო მეტად მიუახლოვდება რუსეთის საზღვრებს. გამორიცხული არაა, ირლანდიაც დაადგეს ფინეთ-შვედეთის გზას, ნეიტრალიტეტზე უარი თქვას და ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. მით უმეტეს, რომ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად განაცხადა, „ნეიტრალური რომ ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ დაცული ხარ“.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთს და შვედეთს, სურვილის შემთხვევაში, სამხედრო ალიანსში გაწევრიანება სწრაფად შეუძლიათ.
ფინეთს და შვედეთს კრემლი უკვე დაემუქრა ამ სურვილისთვის, მედვედევი ზომების მიღებაზე ალაპარაკდა, მაგრამ კრემლის მუქარა არაფერს ცვლის.
დღეს ლაპარაკობენ, რომ ფინეთისა და შვედეთის განწყობაზე უკრაინის ომმა იმოქმედა. სინამდვილეში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩნდათ ამ ქვეყნებს ნატოს მიმართ ლტოლვა.
2009 წელს შვედეთის და ფინეთის მთავრობებმა პირველად განიხილეს საკუთარი ქვეყნების ნატოში ერთდროულად გაწევრიანების შესაძლებლობა. 2013 წელს ინტენსიური დებატები გაიმართა ორივე ჩრდილოურ ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ პროცესს ბიძგი მისცა შვედი გენერლის-გორანსონის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ომის შემთხვევაში, შვედეთი მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში დაიცავდა თავს. შვედი გენერლის ნათქვამი ფინეთსაც გადასწვდა, ფინეთშიც დაიწყეს დებატები, რომ ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1300-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს, რამდენ ხანს შეაჩერებდა მზარდი მილიტარიზაციით დაკავებულ რუსეთს?!
აგვისტოს ომი, ყირიმში შეჭრა, ბოლო წვეთი კი ბუჩა იყო და ნეიტრალური ფინეთიც ნეიტრალიტეტიდან გამოფხიზლდა. ფინეთმა დაასკვნა, რომ აღარ სჭირდება ურთიერთობა რუს ტერორისტებსა და სერიულ მატყუარებთან.
უკრაინის ომმა ბევრს ფინეთის ზამთრის ომი გაახსენა. მაშინაც უმიზეზოდ დაესხა რუსეთი თავს ფინეთს, მაშინაც ითხოვდა ფინეთი საზღვარგარეთიდან დახმარებას, შეიარაღებას, ჯარს, ამუნიციას, მაგრამ ამაოდ. 105 დღე გაძლო ფინეთმა მარტოდმარტო რუსეთის პირისპირ, რაც ისტორიაში შევიდა, როგორც „დიდების 105 დღე“, მაგრამ საბჭოთა კავშირთან სამშვიდობო მოლაპარაკება ტერიტორიების დათმობად დაუჯდა. უკრაინას ამ მხრივ გაუმართლა, მას აძლევენ შეიარაღებას, ფინანსურ დახმარებას. დღეს ფინელებიც კი უარს ამბობენ ფინლანდიზაციაზე და თვლიან, რომ ფინლანდიზაციის ცნება საბჭოთა კავშირთან ერთად დასამარდა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ფინეთის საზღვართან სარაკეტო შეიარაღების განლაგება დაიწყო. ის, რომ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების სურვილი რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქციას გამოიწვევდა, ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ ფიზიკურად რუსეთი ვერც ვერაფერს გააკეთებს ახლა, უკრაინის კატასტროფის ფონზე. რუსეთის რესურსები და ძალები პრაქტიკულად უკვე ნულზეა და ამიტომ ვერაფერს დაუშავებს ფინეთს და შვედეთს, მით უმეტეს, თუ ამ ორი სახელმწიფოს უკან ისეთი ორგანიზაცია დადგება, როგორიცაა ნატო.
შეიძლება თუ არა შეუქცევადი პროცესი დაიწყოს ევროპაში და სხვა ნეიტრალურმა ქვეყნებმაც, მათ შორის, ირლანდიამ, მოინდომონ ნატოში გაწევრიანება? ამის შესახებ ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ძნელი სათქმელია, რადგან კიდევ რჩება ნეიტრალური სახელმწიფოები ევროპაში, ირლანდიის გარდა ნეიტრალურია ავსტრიაც და სხვა სახელმწიფოებიც.
„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ნეიტრალური სახელმწიფო მოინდომებს ნატოში გაწევრიანებას. შვედეთს და ფინეთს რუსეთის სიახლოვის გამო აქვთ ის პრობლემები, რომლებიც აქვთ. სხვებს ნაკლებად აწუხებთ ეს პრობლემები, ამიტომ ყველაფერი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს ქვეყნის და მისი საზოგადოების არჩევანის მიხედვით. ასე რომ, მედვედევის მუქარა არაფრის მომცემია. მედვედევის მსგავს ფიგურებს, პრაქტიკულად, ყავლი გაუვიდათ და შეუძლიათ, აღარ ინერვიულონ მსოფლიოს მოწყობაზე, მათ არავინ არაფერს ეკითხება ამგვარ საკითხებზე“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.